ლარის გაუფასურების შედეგები

ბოლო ოთხ თვეში, 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის მარტამდე, საქართველოს ეროვნული ვალუტის – ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 24%-ით გაუფასურდა. ხელისუფლების წევრებმაც კი ვალუტის ასეთი დონით გაუფასურება “სავალუტო კრიზისად” მოიხსენიეს.

საქართველოს ეკონომიკის დოლარიზაციის დონე მაღალია, შესაბამისად, დოლარის მიმართ ლარის გაუფასურებას დიდი გავლენა აქვს სხვადასხვა ეკონომიკურ პროცესზე და მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების 60% აშშ დოლარშია. ამასთან, დოლარში განთავსებული დეპოზიტები ძირითადად ვადიანი დეპოზიტებია, ხოლო ლარში განთავსებული დეპოზიტები მიმდინარე ანგარიშებზე ნაშთები და მოთხოვნამდე დეპოზიტებია. რადგან გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი ბანკებს ძირითადად დოლარში აქვთ, ამიტომ გრძელვადიანი სესხების გაცემაც უმეტესწილად დოლარში უწევთ. საბანკო სექტორის მიერ სესხების 63% დოლარშია გაცემული.

2015 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 43 მილიონი ლარით (17%) გაიზარდა, აქედან 32.5 მილიონი დოლარში გაცემულ სესხებზე მოდის. ეს ფაქტი უჩვენებს, რომ ლარის გაუფასურების შედეგად დებიტორებს გაუჭირდათ ვალდებულებების მომსახურება. მაგალითად, 2014 წლის იანვარში 500 დოლარის სესხის ეკვივალენტი თუ 875 ლარი იყო, მარტში 1100 ლარამდე გაიზარდა. სავალუტო კრიზისის გავლენის შესარბილებლად, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა დოლარში აღებული სესხების ლარში გადატანა დაიწყეს, თუმცა ამ პროცესს თან ერთვის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რაც ლარში გასაცემი სესხების საპროცენტო განაკვეთების ზრდას იწვევს.

დოლარიზაციის კოეფიციენტი 3%-იანი პუნქტით გაიზარდა იანვარში, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარის გაუფასურების ტენდენციის გამო მოსახლეობამ დეპოზიტების ლარიდან დოლარში გადატანა დაიწყო. ეს პროცესი კიდევ უფრო ზრდიდა ლარის კურსზე ზეწოლას.

“სავალუტო კრიზისის” ყველაზე ცუდი განვითარება შეიძლება იყოს სავალო კრიზი, როდესაც დებიტორებს აღარ შეუძლიათ ვალებს მოემსახურონ. ამ შემთხვევაში დგება კომპანიების გაკოტრების, წარმოების შეჩერების ეტაპი, რაც საბანკო სექტორსაც ძალიან აზიანებს და მძიმე ეკონომიკური კრიზისით სრულდება. ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად თებერვლის ბოლოს (როდესაც ლარის კურსმა 2.35-ს მიაღწია) ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეხვდა კომერციული ბანკების მმართველებს, ხოლო მთავრობის წევრები შეხვდნენ დიდი ბიზნესის წარმომადგენლებს. ბანკებისადმი თხოვნა იყო, დახმარებოდნენ კლიენტებს სესხების დაფარვაში, სესხებზე ვადების ზრდისა და დოლარში გაცემული სესხების ლარში გადაყვანის გზით.

კომერციული ბანკების ინტერესშიც შედის, რომ მათი კლიენტები არ გაკოტრდნენ და სესხის დაფარვა შეძლონ. შესაბამისად, ბანკებმა სწრაფადვე გამოაცხადეს სხვადასხვა შეღავათი ლარში სესხის მქონე პირებისათვის. სესხების ლარში გადატანამ, ერთი მხრივ, შეამცირა მოთხოვნა დოლარზე და, მეორე მხრივ, გაზარდა მოთხოვნა ლარზე, რამაც შეამცირა კურსის კიდევ უფრო გაუფასურების რისკები. თუმცა, რადგან ბანკებს საკრედიტო რესურსი ძირითადად დოლარში აქვთ, ეს პროცესი დიდხანს ვერ გაგრძელდება და მნიშვნელოვანია, მოიხსნას კურსის გაუფასურების მიმართულებით სხვა ფაქტორებით განპირობებული ზეწოლა.

საქართველოში უძრავი ქონებითა და ავტომობილებით ვაჭრობა დოლარში მიმდინარეობს, რადგან გრძელვადიანი აქტივების რეალიზაციის დროს მოსახლეობა დოლარს უფრო ენდობა, ვიდრე ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობას შემოსავალი ძირითადად ლარში აქვს, კურსის გაუფასურებამ უძრავი ქონებისა და ავტომობილების რეალიზაციის შემცირება გამოიწვია.

საქართველოში საქონლისა და მომსახურების იმპორტი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 65%-ს შეადგენს, ხოლო შიდა მოხმარების 70%-ს. იანვარ-თებერვალში ინფლაციის დონე (0.4%) მაღალი არ ყოფილა, თუმცა მარტიდან ლარის კურსის გაუფასურებამ იმპორტირებულ პროდუქციაზე დაიწყო ასახვა. არაოფიციალური მონაცემებით, იმპორტირებულ სურსათზე ფასები 10%-ზე მეტად გაიზარდა. ინფლაციის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ამცირებს ნავთობპროდუქტებზე შემცირებული ფასები. მარტიდან იურიდიული პირებისთვის უნდა გაძვირებულიყო გაზის საფასური, მაგრამ მთავრობამ 2 თვით გაზის საფასურის ნაწილობრივი სუბსიდირება განახორციელა და გაძვირება მაისამდე გადაავადა. აღნიშნული სუბსიდია სახელმწიფოს 15 მილიონი ლარი უჯდება.

საქართველოს სახელმწიფო ვალის 73%-ს (4.1 მილიარდი დოლარი) საგარეო სახელმწიფო ვალი შეადგენს. საგარეო ვალი საქართველოს ძირითადად დოლარსა და ევროში აქვს. შესაბამისად, ლარის გაუფასურება ზრდის საგარეო ვალის ტვირთს. 2014 წლის ნოემბრიდან 2015 წლის თებერვლის ბოლომდე დოლარში გამოსახული საქართველოს საგარეო სახელმწიფო ვალი არ გაზრდილა, მაგრამ ვალუტის კურსის გაუფასურების გამო ლარში გამოხატული საგარეო სახელმწიფო ვალი 1.4 მილიარდი ლარით გაიზარდა და მშპ-ის 30% შეადგინა (8.8 მილიარდი ლარი). სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავალი ლარში აქვს, შესაბამისად, საგარეო ვალის მომსახურებისას დოლარის შესყიდვა სჭირდება. საგარეო ვალის ტვირთი ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების პირდაპირპროპორციულად იზრდება.

გარდა ზემოთ აღწერილი პროცესებისა, ეროვნული კურსის მაღალმა მერყეობამ გაზარდა ქვეყნის სავალუტო რისკები, რაც აზიანებს მაკროეკონომიკურ გარემოს და ქვეყანაში ინვესტირების რისკს ზრდის. ასევე აღსანიშნავია, რომ ლარის კურსის გაუფასურების შეჩერების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის ვალუტის ოფიციალური რეზერვები 200 მილიონი დოლარით შემცირდა. რეზერვების შემცირება ასევე ცუდად მოქმედებს ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე.

კურსის გაუფასურებისა და ინფლაციური პროცესების შესაჩერებლად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკაც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპზე. ეს მაჩვენებელი მიმდინარე წლის იანვარში 0.5%- მდე შემცირდა. 2015 წლის ეკონომიკური ზრდის წლიური პროგნოზი მთავრობამ 5%-დან 2%-მდე შეამცირა. შესაბამისად, ლარის გაუფასურების ერთ-ერთ უარყოფით შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ კურსის სტაბილურობისთვის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის უარყოფითი გავლენა ეკონომიკის ზრდაზე. აღნიშნულ პროცესს შედეგად მოჰყვება პროდუქტებზე მოთხოვნის (მოხმარების) შემცირება. გამართლებულია ფინანსური სტაბილურობისთვის გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ნაბიჯებს საკუთარი ფასი აქვს მოსახლეობისთვის.

ლარის კურსის გაუფასურების დადებითი შედეგი შეიძლება იყოს საგარეო სავაჭრო პირობების ხელშეწყობა. რადგან საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები მნიშვნელოვნად გაუფასურდა, ლარის კურსის ძველ ნიშნულზე დარჩენის შემთხვევაში, გაძვირდებოდა ქართული პროდუქციის ექსპორტი და გაიაფდებოდა უცხოური პროდუქციის საქართველოში იმპორტი. ეს კიდევ უფრო გაზრდიდა საქართველოს საქონლით საგარეო ვაჭრობის უარყოფით ბალანსს, რომელმაც 2014 წელს 5.7 მილიარდ დოლარს მიაღწია და ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა. მიმდინარე წლის იანვრიდან საქართველოში პროდუქციის იმპორტმა იკლო და მიმდინარე წლის თებერვალში წინა წლის თებერვალთან შედარებით 3.5%-ით შემცირდა, თუმცა ჯერჯერობით კლებას განაგრძობს ექსპორტიც, რომელიც თებერვალში 23%-ით შემცირდა.

სწორედ სავაჭრო პირობებზე გავლენა იგულისხმება, როდესაც საუბარია მცურავი გაცვლითი სავალუტო კურსის სტაბილიზატორის როლზე. კურსის ცვლილება უნდა დაეხმაროს ქვეყანას საგარეო სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებასა და ვალუტის შემოდინება- გადინების დაბალანსებაში. ამ ეფექტის მისაღწევად საჭიროა, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის ფასები მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს და ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები მეტად აღარ გაუფასურდეს.

რომ შევაჯამოთ, ასეთი სურათი გვაქვს: ლარის გაუფასურებამ გაზარდა ინფლაციის დონე, გააძვირა როგორც ფიზიკური და იურიდიული პირების სესხის მომსახურება, ასევე საგარეო სახელმწიფო ვალის მომსახურება და ამავე დროს შეამცირა მოსახლეობის შემოსავლები, დააზიანა ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა. აღნიშნულ გარემოებას მთავრობამ “სავალუტო კრიზისი” უწოდა და კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე მუშაობა დაიწყო, რომელიც უახლოეს თვეებში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას, პრივატიზაციის დაჩქარებას, ექსპორტის წახალისებას, მოგების გადასახადის შემცირებას, გამკაცრებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას გულისხმობს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის მინისტრის მიერ გაჟღერებული ანტიკრიზისული გეგმა ნამდვილად არის ორიენტირებული ქვეყანაში უცხოური ვალუტის მოზიდვაზე და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე. მთავრობამ ორი წლის დაგვიანებით დაიწყო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი რეალური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე საუბარი.

რამდენიმე ობიექტის პრივატიზება უკვე განხორციელდა, რის შედეგადაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მოაკლდა უფუნქციო ან ზარალიანი ობიექტების შენახვის ხარჯი და მეორე მხრივ, მოვიზიდეთ ინვესტიცია.

იგეგმება მოგების გადასახადის გაუქმება რეინვესტირებულ მოგებაზე, რაც ასევე გაზრდის ინვესტირების მოტივაციას. სახელმწიფო ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით კი მთავრობამ აღიარა, რომ ბიუროკრატიული ხარჯი ეკონომიურად არ იყო დაგეგმილი. მთავრობის ხარჯების შემცირება უნდა იყოს იმ ზომით, რომელიც საკმარისი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად (2015 წლის ბიუჯეტი 1.2 მილიარდი ლარის დეფიციტით დაიგეგმა), რაც განაპირობებს დეფიციტის უარყოფითი ზეწოლის შემსუბუქებას მონეტარულ პოლიტიკაზე (ფულის მასაზე), ლარის კურსზე, ინფლაციის დონესა და საპროცენტო განაკვეთებზე.

ლარის კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ხელისუფლებას მოუწია იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც გამართლებული და ეფექტიანი იქნებოდა ერთი ან ორი წლის წინაც. მეტიც, ეს ღონისძიებები რომ ადრიანად გატარებულიყო, თუნდაც გასული წლის ნოემბრიდან, როცა ლარის გაუფასურების პირველი ნიშნები გამოჩნდა, ლარის კურსი უფრო ნაკლებად გაუფასურდებოდა და ეკონომიკური ზრდის ტემპიც შედარებით მაღალი იქნებოდა.

კრიზისული სიტუაციის გამო ხელისუფლებამ გადაწყვიტა მეტი აქცენტი გააკეთოს ეკონომიკურ თავისუფლებაზე, ეკონომიკაში სახელმწიფოს როლის შემცირებაზე, კერძო სექტორისადმი ნდობაზე და ზოგადად, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე. თუ მთავრობა ამ ნაბიჯებს მხოლოდ კრიზისიდან გამოსვლის გეგმად არ მიიჩნევს და ზოგად, გრძელვადიან ეკონომიკურ სტრატეგიად აქცევს, საქართველო შეძლებს სასურველ ეკონომიკური განვითარების ტემპს დაუბრუნდეს, რაც საბოლოოდ არა მარტო ლარის კურსის სტაბილურობაზე აისახება, არამედ ბევრი სხვა სოციალურ- ეკონომიკური პრობლემის დაძლევას შეუწყობს ხელს.

წინა სტატია

არსებული სიტუაციისადმი მომხმარებელთა ნდობა გაუარესდა
08 აპრილი, 2015

შემდეგი სტატია

მარტში უცხოური ვალუტის რეზერვები 25 მილიონი დოლარით შემცირდა
07 აპრილი, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა