რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა თანამედროვე სატრანსპორტო სისტემები.

საერთაშორისო ვაჭრობის ტვირთბრუნვის ნახევარზე მეტი საზღვაო ტრანსპორტზე მოდის. საზღვაოს შემდეგ ყველაზე მაღალი მოთხოვნა საავიაციო და საგზაო ტრანსპორტზეა.

საქართველოსთვის საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების განვითარება და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში მეტად ინტეგრირება სრულიად რეალური პერსპექტივაა. ამას პირველ რიგში ქვეყნის მდებარეობა უწყობს ხელს, განსაკუთრებით – ზღვის სანაპირო, რასაც ემატება საქართველოს ლიბერალური ვაჭრობის რეჟიმი და საკმაოდ თავისუფალი სავიზო რეჟიმი. საქართველო საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაციით მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. ეს ძირითადად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებითაა განპირობებული.

თუმცა საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების განვითარებისთვის, მარტივად რომ ვთქვათ, ბევრი ფულის შოვისთვის, მხოლოდ კარგი მდებარეობა და თავისუფალი ვაჭრობისა და მიმოსვლის რეჟიმი საკმარისი არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც თავისი ხარისხითა და მასშტაბით ჯერ კიდევ შორსაა სასურველისგან.

მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით საქართველო შესწავლილ 137 ქვეყანას შორის 74-ე ადგილს იკავებს. უმაღლესი 7 ქულიდან საქართველომ 3.5 ქულა მიიღო. საქართველოს უსწრებს ეკონომიკურად დაბალგანვითარებული ქვეყნებიც, მაგალითად, შრი-ლანკა, პაკისტანი, რუანდა, გამბია, კენია და ვიეტნამი. ცალკე აღებული სააავტომობილო გზების ხარისხით საქართველო 82-ზე, რკინიგზით 39-ზე, ხოლო საზღვაო პორტებით და აეროპორტებით 69-ე ადგილზეა.

საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაბალკონკურენტუნარიანობა უკვე აისახა სექტორის შედეგებზე. 2018 წელს საქართველოს საერთაშორისო ტრანსპორტით მომსახურების დეფიციტმა 288 მლნ დოლარი შეადგინა. გასულ წელს საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურებით საქართველომ 968 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, მაგრამ 1,256 მლნ დოლარი საქართველოს რეზიდენტებმა სხვა ქვეყნების ტრანსპორტით მომსახურებაში გადაიხადეს.

საერთაშორისო ტრანსპორტის შემოსავლები და გასავლები საქართველოს საგადასახდელო ბალანსშია ასახული, რომელსაც ეროვნული ბანკი 1995 წლიდან აქვეყნებს. 1995 წლიდან 2014 წლამდე, 1996 და 2008 წლის გარდა, საქართველოს საერთაშორისო ტრანსპორტით მომსახურების ბალანსი ყოველთვის დადებითი იყო, წლიურად საშუალოდ 56 მლნ დოლარით. მაქსიმალური დადებითი ბალანსი 2010 წელს გვქონდა – 140 მლნ დოლარი. ბოლო ოთხი წელია, საქართველოს საერთაშორისო ტრანსპორტით მომსახურების ბალანსი უარყოფითია და ამასთან, დეფიციტი წლიდან წლამდე იზრდება. 2015 წელს -7.5 მლნ დოლარი იყო, 2018 წელს კი -288 მლნ დოლარი. რატომ გახდა საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო ბალანსი უარყოფითი? ამ კითხვას ცალსახა პასუხი აქვს – საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და კომპანიების განვითარება ჩამორჩა საერთაშორისო ვაჭრობის, ტრანზიტისა და ტურიზმის ზრდას.

საგადასახდელო ბალანსი საშუალებას გვაძლევს, დეტალურად ვნახოთ, 2018 წელს ტრანსპორტით საერთაშორისო მომსახურება რატომ დასრულდა $288-მილიონიანი უარყოფითი ბალანსით. სატრანსპორტო მომსახურება სამ ძირითად კატეგორიად იყოფა: მგზავრების გადაყვანა, ფრახტი (ტვირთის გადატანა) და სხვა, სადაც შედის მილსადენი ტრანსპორტი, ჩატვირთვა-გადმოტვირთვისა და სხვა მომსახურებები.

2018 წელს საქართველოს სამგზავრო მომსახურებაში 140 მლნ დოლარის უარყოფითი ბალანსი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 4 წელიწადში სამგზავრო მომსახურებიდან შემოსავალი გაიზარდა, გასავალი (საქართველოს რეზიდენტების გადახდები სხვა ქვეყნების რეზიდენტებისთვის) უფრო სწრაფად იზრდებოდა და უარყოფითი ბალანსი თითქმის გაორმაგდა.

ფრახტი საქართველოს ყველაზე „წაგებიანი“ მომსახურებაა. 2018 წელს ფრახტის უარყოფითმა ბალანსმა 327 მლნ დოლარი შეადგინა. მგზავრების გადაყვანისგან განსხვავებით, ფრახტიდან საქართველოს შემოსავლები მცირდება. 2014 წელს 552 მლნ დოლარი იყო, ხოლო 2018 წელს 17%-ით ნაკლები, 458 მლნ დოლარი. გასავალი კი პირიქით, 23%-ით გაიზარდა.

საქართველოს 179 მლნ დოლარის დადებითი ბალანსი აქვს სხვა სატრანსპორტო მომსახურებებში, რაც ძირითადად მილსადენი ტრანსპორტით არის განპირობებული. საქართველოზე გამავალმა ნავთობისა და გაზის საერთაშორისო მილსადენებმა 2018 წელს ქვეყანას 304 მლნ დოლარის შემოსავალი მოუტანა. 2000 წლიდან 2018 წლის ჩათვლით საერთაშორისო მილსადენი ტრანსპორტიდან საქართველომ 3.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ტრანსპორტის სახეობების მიხედვით შემდეგი სურათია: ყველაზე მაღალი უარყოფითი ბალანსი საგზაო ტრანსპორტშია – 297 მლნ დოლარი. შემდეგ საზღვაო ტრანსპორტში – 183 მლნ დოლარი. დადებითი ბალანსი მხოლოდ მილსადენ ტრანსპორტში გვაქვს, საიდანაც მხოლოდ შემოსავალი გვაქვს, გასავალი არ გვაქვს. 2014-2018 წლებში საზღვაო ტრანსპორტიდან შემოსავლები 18%-ით შემცირდა, გასავალი კი თითქმის არ შეცვლილა. საჰაერო ტრანსპორტიდან შემოსავალი 48%-ით გაიზარდა, თუმცა გასავალი 60%-ითაა გაზრდილი. რკინიგზის ტრანსპორტიდან შემოსავალი 62%-ით შემცირდა, როცა გასავალი 129%-ით გაიზარდა. საგზაო ტრანსპორტიდან შემოსავალი 38%-ით, ხოლო გასავალი 33%-ით გაიზარდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროც აქვეყნებს ტრანსპორტის სტატისტიკას, როგორც მგზავრთა გადაყვანის, ასევე ტვირთის გადაზიდვის, თუმცა ამ შემთხვევაში შიდა მგზავრობა და ტვირთის გადაზიდვა გამიჯნული არ არის საერთაშორისო ოპერაციებისგან. მიუხედავად ამისა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც საინტერესოა და ძირითად ტენდენციებს ასახავს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს 41.1 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა საქართველოში, რაც 2016-2017 წლების მაჩვენებლებზე ნაკლებია. 2019 წლის იანვარ-თებერვალში 5.6 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე 0.1 მლნ ტონით მეტია.

2018 წელს, 2016 წელთან შედარებით, 14%-ით შემცირდა საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთის წონა და ჯამში 15.1 ტონა შეადგინა. 2019 წლის პირველი ორი თვის მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლის ტოლია. თუმცა კონტეინერების რაოდენობის მხრივ 2018 წელს 2016 წელთან შედარებით 38%-იანი ზრდაა. 16%-იანი ზრდაა 2019 წლის იანვარ-თებერვალში.

მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკის, ტვირთბრუნვისა და ტურიზმის ზრდის პარალელურად საერთაშორისო სატრანსპორტო მომსახურების უარყოფითი ბალანსი იზრდება, მაშინ როცა მაღალი პოტენციალი გვაქვს, სატრანსპორტო მომსახურებით ქვეყნის შემოსავლები იზრდებოდეს. ყველაზე მაღალი დეფიციტი ტვირთის გადატანის მომსახურებაში გვაქვს – 327 მლნ დოლარი. საერთაშორისო ტვირთების ძირითადი მიმღები და გამგზავნი საზღვაო პორტებია. 2018 წელს ცალკე აღებული საზღვაო ფრახტის უარყოფითი ბალანსი 306 მლნ დოლარი იყო. ეს აშკარად მიანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პორტების განვითარება და მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, რომელიც უკვე დაწყებულია და პრობლემების წინაშე დგას. ასევე გამოიკვეთა სარკინიგზო ტრანსპორტით საერთაშორისო მომსახურების შედეგების გაუარესება: 2015 წელს თუ 68 მლნ დოლარის დადებითი ბალანსი გვქონდა, 2018 წელი უკვე 75 მლნ დოლარის უარყოფითი ბალანსით დავასრულეთ.

სტატიის სათაურში დასმულ კითხვაზე ყველაზე ოპტიმისტური პასუხი კი შემდეგია: 2018 წელს 288 მლნ დოლარი დაგვიჯდა, 2015-2018 წლებში კი ჯამში 461 მლნ დოლარი.

ჩვენ გირჩევთ

აპრილში ფულადი გზავნილები 10 პროცენტით გაიზარდა

აუდიტორული ფირმები იურიდიულ ბაზარზე

აპრილში ფულადი გზავნილები 10 პროცენტით გაიზარდა

აპრილში ფულადი გზავნილები 10 პროცენტით გაიზარდა

წინა სტატია

1700 foreign suppliers - participating in State procurement tenders in Georgia
17 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

1700 yabancı tedarikçi - Gürcü ihalelerine hangi ülke temsilcileri katılıyorlar
17 მაისი, 2019
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
მთავრობის ზარალიანი ბიზნესი
რეიტინგი | მაი, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა