ინტერვიუ Microsoft საქართველოს გენერალურ დირექტორთან

მარტის დასაწყისში საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის სალიცენზიო შეთანხება გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაწესებულებები კომპანიის ლიცენზირებულ პროდუქციას გამოიყენებენ. ლიცენზიების საერთო ღირებულება, დღგ-ის გათვალისწინებით, დაახლოებით $19.3 მილიონია.

საქართველოში საავტორო უფლებების კუთხით საგანგაშო მდგომარეობის შესახებ საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აღნიშნა, რომ მემორანდუმის გაფორმება ხელს შეუწყობს და განვითარების მეტ საშუალებას მისცემს კერძო ბიზნესს, რათა შეაღწიოს იმ ქვეყნებში, სადაც ავტორიზაციის გარეშე პროგრამების გამოყენება არასამართლიან კონკურენციასთან არის გაიგივებული.

 სახელმწიფოს საზრუნავი ნამდვილად აქვს. ასოცირების ხელშეკრულებასთან ერთად, დღის წესრიგში დგება დასავლურ სტანდარტებთან სინქრონიზების აუცილებლობა, საავტორო უფლებების საკითხი კი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემურია სხვა გამოწვევებს შორის: მართალია, პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირება სხვა განვითარებად ქვეყნებშიც გაცილებით დიდი პროპორციით გვხვდება, ვიდრე ამერიკაში ან დასავლეთ ევროპაში, მაგრამ საქართველო გამორჩეული ნიმუშია: ინტელექტუალური საკუთრების მეკობრეობის “საპატიო” რეიტინგში ქვეყანა მსოფლიო ლიდერის პოზიციებს წლების განმავლობაში არ თმობდა (მხოლოდ ორი წლის წინ მივეცით ნება ზიმბაბვეს, მეორე ადგილზე გადავენაცვლებინეთ).

რეიტინგის ბოლო ადგილებზე მყოფი ქვეყნების – აშშ- ის, იაპონიის, ლუქსემბურგის – მაჩვენებელს (20%) საქართველოს მაჩვენებელი (91-93%) მინიმუმ 4.5-ჯერ აღემატება. არალეგალური კოპირების გამო, პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიები საქართველოში დაახლოებით $50 მილიონს კარგავენ, ხოლო თავად ქვეყანა კარგავს შანსს, აღმოჩნდეს უფრო მდგრადი კიბერშეტევების წინააღმდეგ და ამავდროულად, კომპიუტერული ტექნიკის მწარმოებლები ექსკლუზიურად ქართული ბაზრით დააინტერესოს.

IDC-ის კვლევის მიხედვით, პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური კოპირების პრობლემასთან ბრძოლის არსებული ტემპებით, განვითარებადი ქვეყნები (ჯამურად 69%) განვითარებულების მაჩვენებელს (26%) მხოლოდ 2050 წლისათვის მიაღწევენ, თუმცა, ჩანს, სახელმწიფოსა და კერძო კომერციულ კომპანიებთან თანამშრომლობით, Microsoft-ის ქართული ოფისი ცდილობს საქართველო მეკობრეების შავი სიიდან გაცილებით სწრაფად ამოაგდოს. პროგრესი მემორანდუმის ხელმოწერითაც აშკარაა: მხოლოდ საჯარო სექტორსა და იმ კომპანიებში, სადაც წილი სახელმწიფოსაც გააჩნია, პერსონალური კომპიუტერების რაოდენობა ქვეყანაში არსებული საერთო რაოდენობის დაახლოებით მესამედს შეადგენს. მესამედი მხოლოდ პირველი ნაბიჯია. დავით ასათიანს, Microsoft საქართველოს გენერალურ დირექტორს, განზრახული აქვს, სასიკეთო ძვრები არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ ყველა სხვა დონეზეც თანაბრად მოახდინოს.

საფრთხეებით დავიწყოთ: რა ხიფათს შეიცავს არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობა?

პასუხი კომპლექსურია. მთავარია, გავითვალისწინოთ, რა აუდიტორიაზეა საუბარი. კერძო მომხმარებელს თავისი რისკები აქვს – მაგალითად, ინფორმაციის დაკარგვა ლეპტოპიდან ან პერსონალურ კომპიუტერიდან, ინფორმაციის მოპარვა. არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფა, საერთოდ, უფრო ფართოდ “უხსნის კარს” ჰაკერებს, რომლებსაც კომპიუტერში შეღწევა სურთ.

როცა ვსაუბრობთ დიდ, კომერციულ, ან სახელმწიფო ორგანიზაციებზე, სადაც ბევრი ერთდროულად მომუშავე კომპიუტერია, რისკი მატულობს, რადგან მათ ქსელებში განთავსებული ინფორმაცია ბევრად მნიშვნელოვანი და ღირებულია. ამ კატეგორიის ინფორმაციის დაკარგვამ შეიძლება გაცილებით მასშტაბური პრობლემები გამოიწვიოს, ვიდრე ეს კერძო მომხმარებლის შემთხვევაში მოხდებოდა. შეგიძლიათ კონკრეტული პრეცედენტები გაიხსენოთ?

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ პრეცედენტები გაცილებით მეტია, ვიდრე ვიცით ჩვენ ან მედიამ. იმ კომერციულ ორგანიზაციას, რომელსაც ეს შეემთხვევა, როგორც წესი, არ სურს ამბის გახმაურება გასაგები მიზეზების გამო.

შეგვიძლია გავიხსენოთ 2008 წლის ომის პერიოდი, როდესაც ბევრი ბანკის, აგრეთვე სამინისტროებისა და პრეზიდენტის აპარატის ვებსაიტები დაიბლოკა. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გამო არ მომხდარა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, ასე ადვილად რატომაც შეაღწიეს ქსელში, იყო პროგრამული უზრუნველყოფის არალეგალური ასლების გავრცელებული მოხმარება.

კომერციული ორგანიზაციების თემაზე რომ შევჩერდეთ – არსებობს რაიმე გეგმა და მეთოდოლოგია, რომლებიც კომპანიებს Microsoft-ის პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებულ ვერსიებზე გადართვას აიძულებენ?

ამ კითხვაზე პასუხიც რამდენიმე კომპონენტისაგან შედგება. ქვეყნებში, სადაც ინტელექტუალური საკუთრება კარგად არის დაცული – მაგალითად, ამერიკა, იაპონია და ა.შ. – თავად ბიზნესს აქვს სხვანაირი წარმოდგენა, როგორ ემუშაოს ვენდორებს, Microsoft-ს ან სხვას, და გეგმაში ჩადოს საფრთხეების მინიმუმამდე დაყვანა. საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამაზე ფულის დახარჯვა ჯერჯერობით არ სურთ – ფიქრობენ, რომ ამის დრო არ მოსულა: არ იციან საფრთხის შესახებ და წარმოდგენა, თუ რა შეიძლება მოხდეს და რა – არა, საკმაოდ ზოგადი აქვთ.

ჩვენი კომპანია იყენებს ე.წ. “ნდობის მოდელს”. ვურჩევთ და ვაფრთხილებთ კლიენტებს საფრთხეების შესახებ, მაგრამ მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ ამ საფრთხეების განეიტრალება. ჩვენ არ გვწამს, რომ დაძალებით გაკეთებული საქმე – საქმეა. თანამშრომლობა საუკეთესო გზაა, დაძალებას კი ისეთივე კარგი შედეგი არ მოჰყვება. 4 წელია, რაც Microsoft-ის საქართველოს ოფისი გაიხსნა. ყველა იმ ორგანიზაციას მივმართეთ, სადაც ჩვენს არალიცენზირებულ პროდუქტებს იყენებდნენ, და ვურჩიეთ, ლეგალიზაციითა და ლიცენზირებით საფრთხეები შეემცირებინათ. აგრეთვე შევთავაზეთ ჩვენი კონსულტანტების მომსახურება როგორც საქართველოდან, ისევე უცხოეთიდან.

კომპანიებზე მეტად პრობლემურია, ალბათ, უშუალოდ მომხმარებლებთან მუშაობა. როგორ აპირებთ, დაარწმუნოთ ლოკალური მომხმარებლები, გადმოერთონ ლიცენზირებულ პროდუქციაზე, როდესაც “პირატული” ვერსია უფრო იაფფასიანი, რენტაბელური გამოსავალია?

iPhone-ი არ არის იაფფასიანი, მაგრამ მასზე დიდი მოთხოვნაა, ისევე როგორც ძვირად ღირებულ მანქანებზე. ჩვენს კულტურაში შესამჩნევია “ძვირი მანქანისა” და “უკეთესად ჩაცმის” არქეტიპი. “რენტაბელური” ნახევრად ფსიქოლოგიური მომენტია, ნახევრად მართლა ის ცნება, რომ რაღაცაში ნაკლებ ფულს იხდი. ყველა ქვეყანაში პრობლემა იხსნება მხოლოდ მაშინ, როდესაც სახელმწიფო მუშაობს კერძო სექტორთან და, ამ შემთხვევაში, თუ კერძო მომხმარებელზეა საუბარი – რიტეილერებთან, იმისთვის, რომ როდესაც ისინი ყიდიან ტექნიკას, მას ლეგალური და გამართული ოპერაციული სისტემა მოჰყვებოდეს.

ჩვენ, როგორც კომპანიას, არ გვაქვს მიზანი, კარდაკარ ვიაროთ და ამგვარად დავარწმუნოთ მომხმარებლები, იქონიონ ლეგალური პროგრამული უზრუნველყოფა, მაგრამ ყველა საცალო გადამყიდველი სწორ შეთავაზებას რომ აკეთებდეს, უმრავლეს შემთხვევაში, კერძო მომხმარებელი ცოტათი მეტ ფულს გადაიხდის და შესაბამისად, დაცულიც იქნება.

ადვილად შესამჩნევია, რომ ხსენებული რიტეილერები ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვის თვალსაზრისით “სცოდავენ”. შემიძლია პირადი მაგალითიც მოვიყვანო. შევიძინე SonyVaio, რომელსაც “შემთხვევით” მოჰყვებოდა ლიცენზირებული Windows 8, მაგრამ უკრაინული ვერსია. ეს გარკვეულ დისკომფორტს მიქმნიდა და იძულებული ვიყავი “პირატული” ვერსია დამეყენებინა.

შესაძლებელია თუ არა რიტეილერების დავალდებულება რამენაირი ფორმით, რომ კომპიუტერული ტექნოლოგია, რომლითაც ისინი ვაჭრობენ, არ იყოს აპრიორი გამიზნული “პირატული” პროგრამული უზრუნველყოფისთვის?

ხსენებული მაგალითი ნიშანდობლივია. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში მეკობრეობის დონე მაღალია, მწარმოებელს ქვეყანა დიდ ბაზრად არ მიაჩნია. მაგალითად, მწარმოებელი რომ უშვებს 100 ათას კომპიუტერს, რომლებიც ჩვენს რეგიონში უნდა გავრცელდეს, ის, ძალიან მარტივი გათვლით, ამბობს: ამ 100 ათასზე მე რომ დავაყენო, ვთქვათ, 30 ათასი უკრაინული ვერსია და 70 ათასი რუსული ვერსია, ეს არის ჩემი ორი ყველაზე დიდი ბაზარი, სადაც პროდუქციას შევიტან. საქართველოში თუ ვინმეს უნდა ჩემი პროდუქცია იყიდოს, იყიდოს ამ პოპულაციიდან. მხოლოდ საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილ კომპიუტერებს არ გამოვუშვებ.

ეს მეკობრეობის მაღალი სიხშირის გამო ხდება, რისი პირდაპირი შედეგიცაა, რომ კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანიები ქვეყანას საკმარის ყურადღებას არ უთმობენ.

ჩაკეტილი წრე გამოდის – მწარმოებლებს არ აწყობთ, რადგან მეკობრეობის დონე მაღალია, ხოლო რიტეილერები მეკობრეობას უწყობენ ხელს, რადგან მწარმოებლებს არ აწყობთ. როგორ ხედავთ თქვენს როლს ამ – დავარქვათ “მანკიერი” – სისტემის დანგრევაში?

საქართველოში საკმაოდ ხისტი კანონი არსებობს, რომელიც ინტელექტუალურ საკუთრებას იცავს. ეს კანონი მაშინ მიიღეს, როდესაც საქართველო უერთდებოდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, 1999 წელს. კანონი დარღვევის პირველ ფაქტზე ჯარიმას ითვალისწინებს, მეორეზე – უფრო მსხვილ ჯარიმას, მესამე ფაქტზე კი უკვე კრიმინალურ ბრალდებას.

მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია იძულება, რომ კანონი დაცული იყოს. ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ სახელმწიფოს, როგორ აღასრულოს კანონი, ისე, რომ მკაცრად არავინ დაისაჯოს – ადამიანის ციხეში ჩასმა არავის აწყობს – მაგრამ სახელმწიფოს ძალისხმევის გარეშე პრობლემა სამუდამოდ დარჩება.

პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის კუთხით “საგანგაშო მდგომარეობაა”. თქვენ, როგორც მსოფლიოს წამყვან კომპანიას, რომელიც მნიშვნელოვნად ზარალდება არალეგალური კოპირებით, ალბათ გქონდათ კონსულტაციები მთავრობასთან. თქვენი აზრით, რაიმენაირი სავაჭრო რეგულაციების შემოღება ეფექტიანი გზა იქნება სახელმწიფოს მხრიდან საავტორო უფლებების დარღვევის აღსაკვეთად? კანონი უკვე არსებობს, მაგრამ, ჩანს, აღსრულებაშია პრობლემა...

არა მგონია, სავაჭრო რეგულაციები პანაცეა იყოს. რიტეილერებმა იციან, რა გაყიდონ და როგორ მოხდეს ფასწარმოება – ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მიუხედავად ქსელის განვითარების ხარისხისა და იმისა, თუ რომელი ლოგოტიპით აქვს პერანგი დამშვენებული გამყიდველს, ის არის ყველაზე მგრძნობიარე კერძო მომხმარებლის მოთხოვნის მიმართ. საუბარი იმდენად ქსელების პროფესიულ განვითარებაზე არაა, რამდენადაც სახელმწიფოს წილ ყურადღებაზე – რა ხდება ლეგალურად და რა – არა. ამას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე პრეცედენტი ან სულაც მხოლოდ ერთი გაფრთხილება. კიდევ ერთხელ ვიტყვი, სანამ სახელმწიფო არ გადადგამს ნაბიჯებს კანონის უგულებელმყოფი ხარვეზების აღსაკვეთად – იქნება ეს ფინანსური პოლიცია, თუ რაიმე სხვა

ორგანო – რიტეილერი ყოველთვის ყველაზე ხელსაყრელ გზებს გამოიყენებს გაყიდვების გასაზრდელად.

თქვენ ახლახან გააფორმეთ მემორანდუმი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დაწესებულებები Microsoft- ის მხოლოდ ლიცენზირებულ პროდუქციას მოიხმარენ. ხსენებული პროცედურის დროს თუ მიიღეთ სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის დაპირება, რომ გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები კანონის მკაცრად დაცვის მიმართულებითაც?

მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ ყველა საჯარო პირს (მათი რიცხვი 30-40 ათასს შორის მერყეობს) ექნება ლეგალური პროგრამული უზრუნველყოფა. მხოლოდ ოპერაციულ სისტემაზე არ ვსაუბრობ – ამაში შედიც Office-ის პროგრამებიც, სერვერებიც, მათთან წვდომა და სხვა ბევრი პროდუქტი. ეს არის ნათელი მინიშნება ჩვენი საზოგადოებისადმი, რომ ვინაიდან სახელმწიფომ ასეთ რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში დახარჯა საკმაოდ დიდი თანხა, ძვრები აბსოლუტურად ყველა დონეზე იქნება.

ჩვენი პირველი და უმთავრესი მიმართულებაა კომერციული ორგანიზაციები. ზოგადად, რას ნიშნავს კომერცია? – იმას, რომ ვიღაცა აკეთებს გარკვეულ პროდუქტს ან სერვისს, რომელსაც გარკვეული მარჟით მიჰყიდის კერძო მომხმარებელს. როდესაც ამ პროცესში იყენებენ პროდუქტს, რომელშიც თავად არ აქვთ საფასური გადახდილი, ეს არის ყველაზე ხისტი დარღვევა. ასე კერძო მომხმარებლებიც იქცევიან, მაგრამ როდესაც ადამიანი რამეს მხოლოდ თავისთვის იყენებს, საავტორო უფლებების დარღვევა გაცილებით რბილია, ვიდრე როდესაც იმის დახმარებით, რაც შენი არ არის, ქმნი პროდუქტს და მოგებიანად ყიდი მას. ამიტომ კომერციული ორგანიზაციებისთვის – რა სიდიდისაც არ უნდა იყვნენ ისინი – ხმის მიწვდენა ჩვენი პრიორიტეტია.

ანუ მემორანდუმი ერთგვარი ჟესტიცაა სახელმწიფოს მხრიდან... მემორანდუმი ითვალისწინებს რამდენიმე რამეს: Microsoft-ი (მხოლოდ საქართველოს ოფისზე არ არის საუბარი) დაეხმარება სახელმწიფოს IT პროფესიონალებისა და დეველოპერების განვითარებაში. არის ხელსაყრელ ფასში პროფესიონალური საკონსულტაციო სერვისების მოწოდების კომპონენტიც. სახელმწიფოსგან ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ რამდენიმე პუნქტს, მაგრამ ყველა ეს პუნქტი მიდის იქამდე, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან: საქართველოში ჩამოყალიბებული სისტემა – მიუღებელია. მხოლოდ 2 წლის წინ დავკარგეთ პირველი ადგილი მსოფლიოში მეკობრეობის კუთხით. ზიმბაბვემ გაგვასწრო. მე, როგორც ქართველს, ნამდვილად არ მინდა ამ ლიგაში ვიყო. სიტუაცია მხოლოდ

მაშინ გამოსწორდება, როცა სახელმწიფო ამას საჯაროდ გამოაცხადებს და გარკვეულ ზომებსაც მიიღებს საავტორო უფლებების დარღვევის აღსაკვეთად.

გაქვთ თუ არა მიახლოებული მონაცემები, საქართველოში მოხმარებული Microsoft-ის პროდუქციის რა წილი მოდის სახელმწიფო, და რა წილი – კერძო სექტორზე?

2010 წლამდე საქართველოში კომპიუტერებს უფრო იყენებდნენ, ვიდრე სხვა მოწყობილობებს – ტაბლეტებს, სმარტფონებს და ა.შ. მაშინ გამოყენებული კომპიუტერების რაოდენობაზე საუბარი შეგვეძლო, როგორც მოწყობილობების მთლიან ეკოსისტემაზე. თქვენ კარგად იცით, ბოლო წლების განმავლობაში სმარტფონებმა და ტაბლეტებმა დიდი წვლილი შეიტანეს ამ ეკოსისტემის გაზრდაში, ამიტომ რასაც გიპასუხებთ, უფრო პერსონალურ კომპიუტერს შეეხება, ვიდრე სხვა მოწყობილობებს.

ჩვენი მონაცემებით, პერსონალური კომპიუტერების დაახლოებით 30-40% გამოიყენება ან საჯარო სექტორში, ან ირიბად საჯარო სექტორში, – კომერციულ კომპანიებში – რომლის გარკვეული წილი სახელმწიფოს ეკუთვნის, მაგალითად, რკინიგზა, ფოსტა...

ზუსტი კვლევა არ არსებობს, თუმცა სავარაუდო სტატისტიკა ასეთია: 30-40% არის საჯარო სფერო, ან მასთან დაკავშირებული ხალხი, ამდენივე კომერციული ორგანიზაცია და დარჩენილი 20- 30% – კერძო მომხმარებელი. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა საჯარო პირი და ისინიც, ვინც კომერციულ ორგანიზაციებში მუშაობენ, ამავდროულად კერძო მომხმარებლებიც არიან.

შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტული რიცხვი, “პირატული” უზრუნველყოფის გამო, წელიწადში დაახლოებით რამდენ მილიონს კარგავს Microsoft-ი საქართველოში და რამდენ მილიარდს – მსოფლიოში?

2 წელიწადში ერთხელ IDC-ის მიერ ტარდება კვლევა Business Software Alliance-ის დაკვეთით. შარშან საქართველოში არალეგალური ასლების გამოყენება შეადგენდა 90-91%-ს. ეს თანხობრივად დაახლოებით $50 მილიონით გამოისახება. რა თქმა უნდა, ამაში მხოლოდ Microsoft-ის პროდუქცია არ იგულისხმება, მაგრამ, როგორც ყველამ ვიცით, Microsoft-ის წილი პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე უდიდესია. შესაბამისად, თანხის მინიმუმ 80% Microsoft-ის დანაკარგია. რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას, მაგალითად, რამდენიმე წლის წინ Microsoft-ი იმდენივეს კარგავდა მეკობრეობის გამო, რამხელა ბრუნვაც ჰქონდა.

შეგვიძლია გამოვყოთ, რომელი ინდუსტრიები უფრთხილდებიან საკუთარ ინფორმაციას ყველაზე მეტად საქართველოში?

საბანკო სექტორი, ტელეკომები, დაზღვევის სფერო და ა.შ. ლიცენზირებულ პროდუქციას მოიხმარს. ჩვენ რამდენიმეწლიანი მუშაობა გვაერთიანებს. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ეს ნაბიჯი მთავრობამდე გადადგა. სამწუხაროდ, რჩება საკმაოდ ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც თავს არიდებენ პრობლემის გაცნობიერებას.

პროგრამული უზრუნველყოფის გაიაფებას აპირებთ?

იცით, გაიაფება იმდენად არა, რამდენადაც სხვა ცნებები: აპრილიდან გვექნება სპეციალური შეთავაზებები; გარკვეული პერიოდის განმავლობაში პროდუქტები, რომლებიც კომპანიებს, საკუთარი სპეციფიკიდან გამომდინარე ,ყველაზე მეტად სჭირდებათ, შეუძლიათ შეიძინონ უფრო ნაკლები თანხით. დროში შეზღუდული შეთავაზება შეგვიძლია დავარქვათ.

გავიმეორებ, ჩვენ გვესმის ამ მწარმოებლების პრობლემები, გვესმის, რომ ფულის დახარჯვა ყველანაირ სიტუაციაში რთულია – არა აქვს მნიშვნელობა, შარშანწინ, როცა ეკონომიკური კრიზისი არ იყო თუ ახლა, როდესაც ამის ნიშნები გამოიკვეთა. მაგრამ, ვთვლი, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტი: Microsoft-იც და სხვა პროგრამების მწარმოებლებიც ხარჯავენ ფულს, უამრავი ადამიანი შრომობს და ქმნის ინტელექტუალურ საკუთრებას, რათა დაეხმაროს სხვას. ნებისმიერი კომპანია, რომელიც იყენებს ჩვენს პროდუქტს, ამისგან უამრავ სარგებელს იღებს – ისინი გზავნიან ელექტრონულ ფოსტას, ადგენენ ბიუჯეტს, აკეთებენ პრეზენტაციებს... ამიტომ იმ ცნებას, რომ Microsoft-ს ფული უნდა გადაუხადო და ეს ძვირი ღირს, უნდა შევხედოთ სხვა კუთხით. ამ გადასახადის წყალობით შესაძლებლობა გეძლევა აწარმოო წარმატებული ბიზნესი და მიიღო შემოსავალი. გადასახადი, რომელსაც ინტელექტუალურ საკუთრებაში იხდი, უკან გიბრუნდება და ახალი დივიდენდები მოაქვს.

ოთხი წლის წინ შემოხვედით საქართველოში. შეგიძლიათ შეადაროთ მაშინდელი და ახლანდელი სამუშაო გარემო?

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრმა ბიზნესმენმა, ბევრმა საჯარო პირმა, ბევრმა მომხმარებელმა ჩვენი მესიჯი მიიღო და ეთიკურად ეწევა საკუთარ საქმიანობას. ეს მხოლოდ Microsoft-ს როდი ეხება. ბილ გეიტსმა დიდი ხნის წინ მოხდენილად და ლაკონიურად ჩამოაყალიბა პროგრამული უზრუნველყოფის უმთავრესი მიღწევა – იგი ინტელექტუალურად აძლიერებს ხალხს და განავრცობს მათი მოქმედების არეალს. პროგრამული უზრუნველყოფა საუკუნის კვინტესენციურ იდეათაგანია, რომლის გარეშე კაცობრიობის მომავალი უკვე წარმოუდგენელია. ამ მომავლის კონტურები კი უამრავი ადამიანის თავდადებულმა შრომამ მოხაზა. ძლიერი ადამიანები და ძლიერი ორგანიზაციები პირველ რიგში სწორედ შრომასა და ამ შრომით გამომუშავებულ საკუთრებას აფასებენ. ეს ეხება ცალკეულ მომხმარებელსაც, კომპანიასაც და სახელმწიფოსაც. დაძალება არ არის ჩვენს გეგმაში. შეიძლება იყოს ერთეული შემთხვევები, როდესაც დაძალება საჭიროა, რადგან ყველა სხვა ალტერნატივა ამოწურულია, მაგრამ ჩვენ სხვა გზით გვსურს, მივაღწიოთ საწადელს – გვინდა შევძლოთ, კორპორაციულ სექტორსაც და ხალხსაც ავუმაღლოთ ცნობიერება და მივახვედროთ – რასაც მოიხმარენ, იმაში გადახდა ხარჯი კი არა, ინვესტიციაა საკუთარ მომავალში.

(ფოტო: ხათუნა ხუციშვილი).

წინა სტატია

საქართველოდან ყველაზე მეტი სტუდენტი სასწავლებლად გერმანიაში მიდის
08 აპრილი, 2015

შემდეგი სტატია

მარტში საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 2.2%-ით შემცირდა
09 აპრილი, 2015
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა