კომისია: სამაუწყებლო შემოსავლები სტაბილურია და ის არ შემცირებულა

კომისია: სამაუწყებლო შემოსავლები სტაბილურია და ის არ შემცირებულა

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია Forbes-ის მასალას ეხმაურება. კერძოდ, კომისიაში განმარტავენ, რომ  სამაუწყებლო შემოსავლები სტაბილურია და ის არ შემცირებულა. განცხადებაში ვკითხულობთ:

„გამოცემამ „ფორბსი“ და სააგენტომ bm.ge ტელევიზიების შემოსავლების შესახებ გამოაქვეყნეს სტატია სათაურით -„სატელევიზიო შემოსავლები შემცირდა“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული სამაუწყებლო შემოსავლების შესახებ 2018 წლის მონაცემები, მედიასაშუალებას არასწორად და ფაქტობრივი შეცდომებით აქვს გამოყენებული. კომისიამ მიმართა მედიასაშუალებების  ხელმძღვანელს და შეცდომების გასწორება მოთხოვა, თუმცა მოთხოვნა მათი მხრიდან გაზიარებული არ იქნა.  აქედან გამომდინარე, აუცილებლად მიგვაჩნია კიდევ ერთხელ საზოგადოებას დეტალურად მივაწოდოთ ინფორმაცია  2018 წლის სამაუწყებლო შემოსავლების შესახებ.

პირველი – უხეში დარღვევა და არასწორი ინფორმაცია გახლავთ ის, რომ სტატიაში   მედიასაშუალებამ სატელევიზიო შემოსავლებში შეიყვანა არასამაუწყებლო შემოსავლები. კერძოდ, მათ  სამაუწყებლო შემოსავლებს მიაკუთვნეს  ისეთი ტიპის შემოსავლები, რომელიც მოიცავს მაგ: ტექნიკის,  ავეჯის და სხვა მსგავსი ინვენტარის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს. მსგავსი ტიპის ინვენტარის რეალიზაციას,   კავშირი არ აქვს სამაუწყებლო შემოსავლებთან. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიტიკურ ვებ-გვერდზე მკაფიოდ არის მითითებული შემოსავლების სახეობები, მათ შორის, ცალკე არის გამოყოფილი არასამაუწყებლო შემოსავლების ველი. სამწუხაროდ, გამოცემამ არ გაითვალისწინა და მკითხველს არ მიაწოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მათ სტატიაში წარმოდგენილი სატელევიზიო შემოსავალები მოიცავდა არასამაუწყებლო შემოსავლებსაც. საგულისხმოა, რომ სამაუწყებლო შემოსავლების დათვლისას, კომისიის მსგავსად, იმავე პრინციპით ხელმძღვანელობენ ევროპული ქვეყნებიც. 

მეორე – სტატიაში ვკითხულობთ – „2018 წელს საქართველოში მოქმედმა ტელეარხებმა ჯამში 137.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც 2017 წლის მონაცემს 9.4 მლნ ლარით ჩამოუვარდება“ – აღნიშნული მონაცემებიც არასწორად არის წარმოდგენილი, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნეთ, მასში შეყვანილია არასამაუწყებლო შემოსავლები. რეალურად 2018 წელს საქართველოში მოქმედი ტელეარხების  სამაუწყებლო შემოსავალი ჯამში 135,650,527.06 მლნ ლარი იყო,  რაც 2017 წელთან  შედარებით, 7,661,663.13 ლარით მეტია. სტატიაში და მის სათაურშიც ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ სატელევიზიო შემოსავლები შემცირდა, ამის დასადასტურებლად  კი, მედიასაშუალება არასამაუწყებლო შემოსავლებს იყენებს. გამოცემას ბუნებრივია შეეძლო ამ მონაცემების გამოყენება, მაგრამ არა ისე, რომ მომხმარებელი შეცდომაში შეეყვანა და არასამაუწყებლო შემოსავლები სატელევიზიო შემოსავლებად წარმოეჩინა.

მესამე – სტატიაში ვკითხულობთ, რომ ტელევიზიების შემოსავლები 16,9 მლნ ლარითაა შემცირებული. ისევე, როგორც წინა შემთხვევაში, მონაცემები აქაც  არასწორად არის წარმოდგენილი. 16 მილიონი ლარი,  რომელიც მათ   სატელევიზიო შემოსავლებში შეიყვანეს და კლებად წარმოაჩინეს,  მთლიანად ტელეკომპანია GDS-ის მიერ აპარატურის გაყიდვიდან მიღებული არასამაუწყებლო შემოსავალია, რომელიც სამაუწყებლო შემოსავალს არ წარმოადგენს.

მეოთხე – სტატიაში წერია –  „რაც შეეხება სპონსორობიდან და რეკლამიდან მიღებულ შემოსავლებს, ამ გზით საქართველოში მოქმედმა ტელეარხებმა ჯამში 67.2 მლნ ლარი მიიღეს, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 1.9 მლნ ლარით ჩამოუვარდება“. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა,  თუ მედია საშუალება მიზნად ისახავდა სარეკლამო ბაზრისა და შესაბამისი შემოსავლების ანალიზს, რატომ მიუთითებს სარეკლამო შემოსავლების მხოლოდ ორ კომპონენტზე, მაშინ, როდესაც სარეკლამო შემოსავლებში – რეკლამა, სპონსორობა, პროდუქტის განთავსება, განცხადებები და ტელეშოფინგი შედის. საერთაშორისო პრაქტიკით სწორედ ამ მონაცემების მიხედვით ითვლება სარეკლამო შემოსავლები, რაც   მკაფიოდ არის განმარტებული  ევრო დირექტივაშიც.

რეალურად,  2018 წლის ტელემაუწყებლების ჯამური სარეკლამო შემოსავალი 75,262,955.32 ლარი იყო, 2017 წელს კი 75,421,094.65 ლარი,  ფაქტობრივად 2018 წლის სარეკლამო შემოსავლები იმავე ნიშნულზეა და სხვაობა მხოლოდ 0.2%-ია.

აქედან გამომდინარე, მონაცემები, რომელიც მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია  მოყვანილი არასწორია – ვინაიდან, მთლიანი სამაუწყებლო შემოსავლების ნაწილში, მაუწყებლებს 7,661,663.13 ლარი ზრდა აქვთ, ხოლო სარეკლამო შემოსავლების ნაწილში 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 0.2% ია სხვაობა.  შესაბამისად, სტატიის სათაური და შინაარსი აცდენილია რეალურ სურათს, რადგან ყველა პარამეტრით, 2018 წელს 2017 წელთან შედარებით, სამაუწყებლო ბაზარზე სტაბილური მდგომარეობაა და ის არ შემცირებულა.

კომუნიკაციების კომისია სამაუწყებლო შემოსავლების ანალიზის შედეგად, აცხადებს, რომ სამაუწყებლო ბაზარი სტაბილურია. ინფორმაციისთვის,  2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე 8% -იანი ზრდა დაფიქსირდა. 2019 წლის პირველ კვარტალში, სატელევიზიო მაუწყებლებმა 12,686,428.19 ლარის შემოსავალი მიიღეს, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 11,789,995.20  ლარი იყო. აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი არ მცირდება და ის ძირითადად ერთ ნიშნულზე ფიქსირდება.  ბოლო კვლევებით, ანალოგიური ტენდენციაა ევროპის ქვეყნებშიც, გამომდინარე იქედან, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში ყოველდღიურად ვითარდება ციფრული მედია და სარეკლამო თანხები ტრადიციულ მედიიდან ახალ მედიაში მიდის. კომისიას მოუწოდებს მაუწყებლებს, რომ ფეხი აუწყონ ახალ გამოწვევებს და განავითარონ ციფრული პლატფორმები”, – ნათქვამია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *