"გრანთ თორნთონის" მარწმუნებელი ძალა

Forbes Georgia ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მარწმუნებელს, კომპანია “გრანთ თორნთონის” მმართველ პარტნიორს, ვახტანგ ცაბაძეს ესაუბრა.

მზარდი კონკურენციისა და გლობალიზაციის პირობებში, როცა კომპანიები აქტიურად აფართოებენ საქმიანობას მსოფლიო ბაზარზე, ინვესტორებისა და ბიზნესის მფლობელთა ნდობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა საერთაშორისო ზრდის შესაძლებლობების, საფონდო ბირჟაზე გასვლისა და ფინანსების ალტერნატიული გზით მოძიების საქმეში.

2018 წლის 1 ოქტომბრამდე ფინანსური ანგარიშგების გასაჯაროება მოეთხოვა პირველი და მეორე კატეგორიისა და საზოგადოებრივი დაინტერესების მქონე პირების დაახლოებით 600-700 იურიდიულ ერთეულს, ხოლო 2019 წლის 1 ოქტომბრამდე საჯაროობის საზღვრის გადაკვეთა მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს მოუწევთ - დაახლოებით 83 ათას იურიდიულ ერთეულს. ბუღალტერიისა და აუდიტის დარგში მიმდინარე ეს ცვლილებები, თავისი მასშტაბურობით, ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა, თუმცა ნებისმიერი ეკონომიკური რეფორმა ორ ჭრილში განიხილება: რამდენად კარგი ხარისხისაა რეგულაციური ჩარჩო და რამდენად კარგად ხდება აღნიშნული რეგულაციური ჩარჩოს აღსრულება. ხარისხიანი რეგულაციის ქონას მხოლოდ და მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუკი მისი რეალობამდე მიტანაც ასევე ხარისხიანად არის უზრუნველყოფილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორივე მათგანი – რეგულაციის ხარისხიც და მისი აღსრულების დონეც – აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა რეფორმის წარმატებულად მიჩნევისთვის. მხოლოდ მათ ერთობლიობას შეუძლია, რეფორმა წარმატებულად აქციოს.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი მიზნად ისახავს გონივრული რწმუნების მოპოვებას იმის თაობაზე, რომ ანგარიშგება არ შეიცავს არსებით უზუსტობებს და ყველა ასპექტში სამართლიანად წარმოადგენს ინფორმაციას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის, ფინანსური შედეგებისა და ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ. სრულ და ზუსტ ფინანსურ ინფორმაციას კი აუდიტორული კომპანია მომხმარებლებს მხოლოდ აუდიტის ჩატარების შემდეგ სთავაზობს, რაც ნდობის გამყარების საფუძველია. თუ რამდენად კარგი ხარისხისაა საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის ივნისში ამოქმედებული “საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ”, ამ და კიდევ სხვა მნიშვნელოვან თემებზე, Forbes Georgia ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მარწმუნებელს, კომპანია “გრანთ თორნთონის” მმართველ პარტნიორს, ვახტანგ ცაბაძეს ესაუბრა.

რა გიტაცებთ ყველაზე მეტად თქვენს საქმიანობაში?

აუდიტი ძალიან საინტერესო სფეროა. ეს არ არის მხოლოდ რიცხვებთან მუშაობა და ანგარიში, აუდიტი ადამიანებთან, კომპანიებთან მუშაობაა, ურთიერთობაა, სადაც შენ გაქვს შესაძლებლობა, რომ ბიზნესს პროცესების დალაგებაში დაეხმარო. მენეჯმენტისათვის ვწერთ რეკომენდაციებს, როგორ გააუმჯობესონ საქმიანობის პროცესები, გამოასწორონ ხარვეზები. რაც, ვფიქრობ, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია. მოკლედ რომ ვთქვათ, აუდიტი არის მარწმუნებელი საქმიანობა, აუდიტორი კი არის ადამიანი, პროფესიონალი, რომელიც თავისი მომსახურებით, აუდიტის ჩატარების შედეგად, უზრუნველყოფს დამატებით რწმუნებას, მხარდაჭერას ფინანსური ანგარიშგების საიმედოობაზე. ეს არის აუდიტის ძირითადი ამოცანა, მიზანი და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც შენ ამ როლს ასრულებ. ძალიან სასიამოვნოა იმის განცდა, თუ რამხელა მნიშვნელობა გაქვს მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის.

როდის და რატომ დაინტერესდა საერთაშორისო აუდიტორული კომპანია “გრანთ თორნთონი” საქართველოს ბაზრით?

“გრანთ თორნთონის” ისტორია 1900-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს და უკავშირდება 1924 წელს ჩიკაგოში ალექსანდერ გრანტის მიერ დაარსებულ კომპანიას (Alexander Grant & Co), რომელიც 1904 წელს დიდ ბრიტანეთში დაარსებულ ფირმა თორნთონ ბეიკერს (Thornton Baker) 1980-იან წლებში შეუერთდა და გლობალურ ორგანიზაციად – Grant Thornton–ად ჩამოყალიბდა. ეს ორგანიზაცია დღეს ერთ- ერთი უმსხვილესი ბიზნესის საკონსულტაციო და აუდიტორული ქსელია მთელ მსოფლიოში. საქართველოში “გრანთ თორნთონი” იურიდიულად 2005 წლიდან დაფუძნდა, თუმცა 1998 წლიდან სომხეთის “გრანთ თორნთონი” საქართველოში მსოფლიო ბანკის დაფინანსებული დიდი ინფრა- სტრუქტურული პროექტების აუდიტებს ატარებდა. პირველი შეხებაც ამ კომპანიასთან სწორედ იმ პერიოდში მქონდა. 2002 წელს სხვა აუდიტორულ კომპანიაში ვმუშაობდი, რომელიც “გრანთ თორნთონთან” რამდენიმე მსხვილ პროექტთან დაკავშირებით თანამშრომლობდა, როგორც ადგილობრივი გუნდი. შემდეგ, თუ სწორად მახსოვს, 2003 წელს, მეთოდოლოგიის გასაცნობად და იქიდან გამოცდილების ჩამოსატანად “გრანთ თორნთონის” ერევნის ოფისში გამგზავნეს, სადაც რეალურად პირველად მქონდა შეხება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მეთოდოლოგიასთან, პირველად წავიკითხე კომპანიის რეალური აუდიტის მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო, ვნახე სტანდარტული სამუშაო დოკუმენტაცია და ფაილები, ვნახე სპეციალიზებული აუდიტორული სოფტი და ამ ყველაფერმა მაშინ, 15 წლის წინ, ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ამ პროფესიამ კიდევ უფრო მეტად დამაინტერესა. ამის შემდეგ სხვა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაშიც ვიმუშავე რამდენიმე წელი, შიდა აუდიტორადაც ვიმუშავე და ეს გამოცდილებაც მნიშვნელოვანი იყო. 2016 წლის მარტიდან კი აქაურ “გრანთ თორნთონს” შევუერთდი როგორც პარტნიორი, რაც 15 წლის წინ, როდესაც პირველად მქონდა ამ კომპანიასთან შეხება, ჩემთვის მხოლოდ ოცნება იყო.

2019 წლის მონაცემებით, ქართულ ბაზარზე ჩვენი კომპანია ერთ- ერთი ლიდერია. “გრანთ თორნთონი”, SARAS-ისათვის (ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური) წარდგენილი შემოსავლების მონაცემებით, მე-7 ადგილს იკავებს. ჩვენი კომპანია არის ერთ- ერთი იმ 13 კომპანიას შორის, რომელთაც ზედამხედველობის სამსახურის მიერ მინიჭებული აქვს უფლება, ჩაატაროს საზოგადოებრივი დაინტერესების პირთა (სდპ) აუდიტი. სულ ქართულ ბაზარზე აუდიტორული კომპანიების რიცხვი 250 -ზე მეტია.

როგორ განვითარდა ბოლო სამი წლის მანძილზე კომპანია და რაში ხედავთ პირადად თქვენს წვლილს?

ვფიქრობ, ბოლო სამი წლის მანძილზე კომპანიის ცნობადობა გაიზარდა. ამ პერიოდში კომპანია გაიზარდა რაოდენობრივადაც, დღეს უფრო მეტი ადამიანი ვმუშაობთ “გრანთ თორნთონში” და, რა თქმა უნდა, შემოსავლების მხრივაც გავიზარდეთ. ეს ყველაფერი კი გუნდის თითოეული წევრის ხარისხიანი მუშაობის შედეგია. ჩემი მთავარი როლი ალბათ გუნდის ერთიანობის უზრუნველყოფაა, ორიენტირება ხარისხზე და პროფესიონალიზმზე. ერთ- ერთი მიღწევაა ალბათ ისიც, რომ “გრანთ თორნთონმა” ხარისხის კონტროლი გაიარა და, როგორც აღვნიშნე, იმ 13 კომპანიას შორის მოვხვდით, რომელთაც ყველა ზომის კომპანიის აუდიტის ჩატარების უფლება აქვთ, მათ შორის – საზოგადოების დაინტერესების პირთა აუდიტის ჩატარების უფლებაც. ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი  კომპანია ერთ- ერთი ყველაზე კარგი ადგილია სამუშაოდ ახალგაზრდა პროფესიონალებისათვის. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, ვიზრუნოთ თანამშრომელთა განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე და თანამშრომლებს სრულად ვუფინანსებთ მათ პროფესიასთან დაკავშირებულ ყველანაირ სასწავლო კურსებს, იქნება ეს ACCA-ს პროგრამა თუ რომელიმე სხვა უფრო მოკლევადიანი კურსები, რომლებსაც ბუღალტერთა ფედერაცია, ფინანსთა სამინისტროს აკადემია თუ სხვა პროფესიული ინსტიტუციები ატარებენ. ჩვენი თანამშრომლები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას Grant Thornton IFRS Academy-ს მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ ტრენინგებში – შარშან ჩვენი თანამშრომლები ასეთ ტრენინგებზე იყვნენ იტალიაში, წინა წელს – გერმანიაში და ვფიქრობთ, მომავალში ეს პრაქტიკა გაგრძელდება და კიდევ მეტ თანამშრომელს ექნება ასეთი შესაძლებლობა. ვცდილობთ, ოფისიც გვქონდეს თანამედროვე და ისეთი, სადაც თანამშრომლებს მოსვლა და მუშაობა ესიამოვნებათ. ჩვენს ერთ- ერთ შეხვედრების ოთახში შეხვედრების მაგიდის როლს პინგ- პონგის მაგიდა ასრულებს, რომელსაც რეალურად აქტიურად იყენებენ თანამშრომლები მისი პირდაპირი დანიშნულებით - პინგ- პონგის სათამაშოდ. რა თქმა უნდა, როდესაც დრო აქვთ ამისთვის.

2018 წლის 1 ოქტომბერი იყო თარიღი, როცა პირველად მოეთხოვებოდათ პირველ და მეორე კატეგორიის საწარმოებს ანგარიშგებების წარდგენა. როგორ წარიმართა ეს პროცესი, რამდენად დროულად წარადგინეს ანგარიშები კომპანიებმა და თუ გვაქვს რიცხვი, რამდენი დაჯარიმდა, ან რამდენი იყო უკვე დაჯარიმებული?

ზუსტად დაჯარიმებულების რიცხვზე არ ვფლობ ინფორმაციას, თუმცა არ მგონია, ძალიან ბევრი იყოს. ეს იყო პირველი წელი და ალბათ არავის ჰქონდა მოლოდინი, რომ ყველა კომპანიის ფინანსური ანგარიშგება პირველი ოქტომბრისთვის სრულად იქნებოდა წარდგენილი. თუმცა პირველი წლის კვალობაზე ვიტყოდი, რომ წარმატებული იყო.

თქვენი აზრით, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ჯარიმები, როგორც სანქცია?

ჩემი აზრით, ჯარიმა არ არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც ყველა კომპანიას აიძულებ ანგარიშგების წარდგენას. მაქსიმალური ჯარიმა პირველი კატეგორიის საწარმოსა და სდპ-სათვის 10 ათასი ლარია (რაც სამსახურის წერილობითი გაფრთხილების შეუსრულებლობის ან/ და პასუხისმგებლობის დაკისრებიდან 1 თვის ვადაში შესაბამისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა გაორმაგდეს), ჩვენ კი ვლაპარაკობთ ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც ასობით მილიონი აქვთ შემოსავალი. თუ კომპანიის კეთილი ნება არ არის ანგარიშგების წარდგენა, მას ჯარიმის თანხის გადახდა შეიძლება უღირდეს კიდეც. ზოგადად, არ ვფიქრობ, რომ ჯარიმა უნდა იყოს მთავარი ინსტრუმენტი კანონის მოთხოვნების შესრულებისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, რაღაც სანქციის არსებობა საჭიროა. რამდენადაც მე ვხედავ, ზედამხედველობის სამსახურის მიდგომაც უფრო პარტნიორულია და უფრო მხარდაჭერაზე და განათლებაზე ორიენტირებული, ვიდრე ხისტად ჯარიმებზე, რაც, ვფიქრობ, სწორია.

საწარმოები კატეგორიების მიხედვით ზუსტად არ არის აღრიცხული – მაშინ, რამდენად ეფექტიანია სისტემა? თავად კომპანიებმა უნდა მიაკუთვნონ თავი ამა თუ იმ კატეგორიას თუ მათ ვინმე აღრიცხავს? თუ საწარმოების რაღაც ნაწილი ამ აღრიცხვის მიღმა რჩება?

კომპანიები თვითონვე მიაკუთვნებენ თავიანთ თავს კატეგორიებს. კატეგორიის გაგება ზედამხედველობის სამსახურის საიტზე არსებული კალკულატორის მეშვეობითაა შესაძლებელი. შეიყვანთ კომპანიის შემოსავლებს, აქტივებსა და თანამშრომელთა რაოდენობას, კალკულატორი კი გამოგითვლით, თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით. თუმცა, როგორ ახერხებს ზედამხედველობის სამსახური ამ კომპანიების აღრიცხვას, ან, მაგალითად, თუ მეორე კატეგორიის რომელიმე კომპანიამ 2018 წლის 1 ოქტომბრამდე არ წარადგინა ანგარიშგება, ამას როგორ მიხვდება ზედამხედველობის სამსახური, ჩემთვის უცნობია.

მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებმა უნდა წარადგინონ ანალოგიური დოკუმენტაცია, მათი რიცხვი თითქმის 60 000-მდეა. როგორ მიდის ეს პროცესი, “გრანთ თორნთონი” რამდენად აქტიურია ამ მიმართულებით და რა სერვისებს სთავაზობს ამ კატეგორიის საწარმოებს?

ფინანსური ანგარიშგების მომზადება წლევანდელ 1 ოქტომბერს ყველას უწევს. ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს არა მარტო აუდიტს, არამედ ფინანსური ანგარიშგების მომზადებას, შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, ე.წ. კომპილაციურ გარიგებებს, როდესაც აუდიტს არ ვატარებთ, მაგრამ ვეხმარებით ბიზნესებს, როგორც მათი ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტი. შემდგომ კომპანიები ამ ანგარიშგებას უკვე ზედამხედველობის სამსახურს წარუდგენენ.

ეს ნაწილი რომ შევაჯამოთ: რას ხედავთ დღეს ბუღალტერიისა და აუდიტის რეფორმის მთავარ გამოწვევად და რა არის “გრანთ თორნთონის” ხედვა ზოგადად – როგორ უნდა განვითარდეს ფინანსური ანგარიშგების რეგულირება და აუდიტი?

ჩვენს ქვეყანაში აუდიტის ისტორია ცოტა უცნაურად და, ჩემი აზრით, არასწორად დაიწყო. 90-იან წლებში აუდიტი ყველა კომპანიისათვის სავალდებულო იყო, რაც არ იყო გამოწვეული რეალური საჭიროებით და, შესაბამისად, არ იყო ბუნებრივი და სწორი მიდგომა. აქ ცოტა თეორიაში უნდა წავიდე და უნდა ვთქვა, რომ აუდიტის საჭიროება ჩნდება მაშინ, როდესაც კომპანიის მფლობელებისა და მენეჯმენტის გაყოფა ხდება. ამ დროს კომპანიის  მფლობელებს უჩნდებათ ბუნებრივი საჭიროება, რომ დამოუკიდებელი პროფესიონალების დახმარებით გადაამოწმონ და დაადასტურონ იმ ფინანსური ინფორმაციის (ანგარიშგების) სისწორე, რასაც მათ მათი დაქირავებული დირექტორები უმზადებენ და წარუდგენენ. სწორედ იმიტომ, რომ ეს ბუნებრივი საჭიროება არ არსებობდა, და აგრეთვე იმ პერიოდის ზოგადი გარემოს გავლენითაც, სავალდებულო აუდიტი მაშინდელ ტექდათვალიერებას ჰგავდა, როცა გარკვეული თანხის სანაცვლოდ მანქანის საქარე მინაზე მისაკრავ ტექდათვალიერების იარლიყს ისე აიღებდი, დამთვალიერებელი შენს მანქანას ზედაც არ შეხედავდა. ალბათ ახსოვს ხალხს, რომ, მაგალითად, სადარბაზოს შესასვლელთან შეგეძლოთ გენახათ აბრა წარწერით: “თარგმნა, ქსეროქსი, სურათის გადაღება, ბუღალტერია, აუდიტი”. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად მოქმედებდა აუდიტის პროფესიის რეპუტაციაზე და მის მთავარ იდეას და საფუძველს, რაც არის ფინანსური ინფორმაციის მომხმარებლების მხრიდან ნდობა აუდიტორისადმი, სრულიად არ შეესაბამებოდა. ეს დამოკიდებულება, ვფიქრობ, დროთა განმავლობაში შეიცვალა. ვფიქრობ, ყველა კომპანიისთვის სავალდებულო აუდიტის მოთხოვნის გაუქმება სწორი იყო და, რადგანაც ამის შემდეგ აუდიტის ჩატარება მხოლოდ კომპანიის ნებაზე და საჭიროებაზე იყო დამოკიდებული, ამან აუდიტის პროფესიის აღქმაზე დადებითი გავლენა იქონია და ნელ- ნელა წავედით პროფესიის იმიჯის გამოსწორებისკენ, რაც დღეს ნამდვილად შეუდარებლად უკეთეს დონეზეა. ვფიქრობ, დღესაც აუდიტი სავალდებულო უნდა იყოს მხოლოდ ისეთ კომპანიებში, რომლებიც რეალურად საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს წარმოადგენენ, ანუ იმ კომპანიებისათვის, რომელთა კარგად თუ ცუდად ყოფნა (ფინანსურად) საზოგადოების დიდ ნაწილზე ახდენს გავლენას. ასეთია, მაგალითად, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ფინანსური მომსახურების სექტორი. ხოლო სავალდებულო აუდიტის დაკისრება ისეთ კომპანიებზე, რომლებსაც ერთი თუ ორი დამფუძნებელი და მმართველი ჰყავთ და რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებაზე არა აქვთ, ჩემი აზრით, ზედმეტია და არ არის რაიმე სარგებლის მომტანი. მიმაჩნია, რომ უფრო სწორი იქნება, სავალდებულო აუდიტი არა შემოსავლისა თუ სხვა ფინანსური მონაცემების მიხედვით, არამედ საქმიანობის სექტორების მიხედვით განისაზღვროს, ანუ იმის მიხედვით, თუ რა გავლენა აქვს კომპანიის საქმიანობას და მის ფინანსურ სიჯანსაღეს ქვეყნის ეკონომიკაზე და მთლიანად საზოგადოებაზე. მე ვფიქრობ, რომ სდპ-ებად უნდა აღიარდეს ბიზნესის სხვა სექტორებიც, გარდა ფინანსურისა. ასეთია, მაგალითად, ჯანდაცვა, განათლება, ენერგეტიკა, კომუნიკაციები და ამ სექტორებში მოქმედ კომპანიებს უნდა მოეთხოვოს სავალდებულო აუდიტის ჩატარება. რა თქმა უნდა, ყველას, ვისაც აქვს სურვილი, უნდა შეეძლოს საკუთარი ინიციატივით ჩაატაროს საკუთარი ფინანსური ანგარიშგების აუდიტი.

ზუსტად იმავეს ვიტყოდი ფინანსური ანგარიშგებების გასაჯაროების აუცილებლობაზეც - ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ ფინანსური ანგარიშგებები საჯარო იყოს მხოლოდ სდპ-ებისათვის, ხოლო ყველა სხვა სექტორის კომპანიებმა ფინანსური ანგარიშგება წარუდგინონ SARAS-ს, მაგრამ არ იყვნენ ვალდებულნი, რომ ეს ანგარიშგებები საჯარო გახადონ. ასეთ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ანგარიშგებებზე დაფუძნებით ყველანაირი ანალიზის ჩატარების საშუალება სამსახურს კვლავ შეუნარჩუნდება და, მეორე მხრივ, აღარ იქნება ბიზნესის მხრიდან ის წუხილი, რაც ამჟამად ხშირად გვესმის მათგან ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნის გამო.

დაბოლოს, Forbes-ის რეიტინგები - რას გულისხმობს Forbes-თან პარტნიორობა და რა გეგმები გაქვთ მომავალში?

როცა ამხელა რეპუტაციისა და სახელის მქონე გამოცემასთან თანამშრომლობ, იმის გარდა, რომ ძალიან კარგი საიმიჯოა “გრანთ თორნთონისთვის”, ასევე ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესია. ეს იყო პირველი ერთობლივად მომზადებული რეიტინგი ჩვენთვის საქართველოში, თუმცა Forbes-ი და Grant Thornton-ი სხვა ქვეყნებში უკვე თანამშრომლობენ. მოგეხსენებათ, რეიტინგი სულ ახლახან გამოქვეყნდა და ჩვენს კლიენტებში დიდი ინტერესი უკვე გამოიწვია. ძალიან ბევრ კომპანიას გული დაწყდა რეიტინგში ვერმოხვედრის გამო, ვინც მოხვდა, მათ ნაწილს კიდევ უფრო დაწინაურება და მაღალი პოზიციების დაკავება სურთ. ამ რეიტინგების თემა თქვენს წინა კითხვასაც გარკვეულწილად ეხმიანება - Forbes-ისა და “გრანთ თორნთონის” რეიტინგები ერთგვარი წახალისებაა კომპანიებისთვის, რათა თავიანთი ანგარიშგებები გამოაქვეყნონ, იმისდამიუხედავად, სავალდებულო იქნება თუ არა ეს კანონის მიხედვით. შეიძლება ითქვას, რომ რეიტინგების მომზადებით და გამოქვეყნებით ფინანსურ გამჭვირვალობას ვუწყობთ ხელს და სტიმულს ვაძლევთ კომპანიებს, ანგარიშგების აუდიტი ჩაატარონ და ინფორმაცია საჯარო გახადონ. საინტერესოა რეიტინგის პირველი ათეულის შემადგენლობა - აქ მოხვდნენ კომპანიები, რომლებიც საქმიანობენ ენერგეტიკაში, ჯანდაცვასა და ფარმაციაში, კავშირგაბმულობაში, ასევე “ჰაიდელბერგიც”, რომელიც თვითონ კი გადამმუშავებელი წარმოების სექტორის კომპანიაა, თუმცა გარკვეულწილად სამშენებლო ბიზნესსაც ასახავს, რადგან ეს ის კომპანიაა, რომელიც მნიშვნელოვან პროექტებს აწვდის ცემენტსა და ბეტონს. ვფიქრობ, ეს რეიტინგი არის იმპულსი კომპანიებისთვის, რომ კიდევ უფრო წინ წავიდნენ, ხოლო ინვესტორებისათვის - კარგი ანალიტიკის წყარო იმის დასანახად, თუ რა ბიზნესებია ჩვენს ქვეყანაში მოწინავე პოზიციებზე. ეს არის შეკუმშულ ფორმაში მიწოდებული ძალიან კარგი ინფორმაცია ანალიტიკისათვის, რომ დაინახო, რა ხდება ქვეყანაში, რა სექტორია წამყვანი და იცნობდე ქვეყნის ნახევარი ეკონომიკის შემქმნელ კომპანიებს.

ჩვენ Forbes-თან აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას და ყოველწლიურად მსგავს რეიტინგებს შევთავაზებთ მკითხველს. თანამშრომლობა მხოლოდ ამით არ ამოიწურება, კიდევ ძალიან ბევრ სიახლეს გპირდებით, თუმცა ამას ამჯერად სიურპრიზად დავტოვებთ.

ჩვენ გირჩევთ

საღი აზრის წინასწარმეტყველი

საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები

საღი აზრის წინასწარმეტყველი

საღი აზრის წინასწარმეტყველი

წინა სტატია

საქსტატი: 2018 წელს საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები შემცირდა
30 მაისი, 2019

შემდეგი სტატია

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 5.1 პროცენტით გაიზარდა
31 მაისი, 2019
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
აფრიკის კონტინენტის 11 ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა
მსოფლიო | მაი, 27, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა