მილიონობით გადარჩენილი სიცოცხლე: ბილ გეიტსის ახალი ვაქცინა!

ჩადის რესპუბლიკა - დიქტატურა შუაგულ უდაბნოში, Forbes-ის რეიტინგის შეფასებით, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებულ სახელმწიფო. აქ ბილ გეიტსის ნახვა, სხვა თუ არაფერი, უბრალოდ... გასაკვირია. დიახ, კადაფის მიერ გამოწვრთნილი ჩადის პრეზიდენტ გენერალ იდრის დების გვერდით, სექტემბერში, ბილ გეიტსი იდგა. „დავდიოდით და ბავშვებს პოლიომიელიტის წამლებს ვურიგებდით",- ამბობს გეიტსი, - „მე მას რამდენიმე მოსაზრება გავუზიარე ამ კამპანიის უფრო ეფექტიანად წარსამართავად".

ვერაფერს იტყვი, განსხვავებული მიდგომაა - არ ჰგავს პოლ ალენისას, ალბუკერკის რომელიღაც მოტელში რომ ზის და აანალიზებს, როგორ ამახინჯებს მედია ინფორმაციას, არც უორენ ბაფეტის თეორიებს ფილანთროპიის მომავალზე. დასახული გეგმის განსახორციელებლად გეიტსი ავაზაკებთანაც კი არ თაკილობს დიპლომატიურ ურთიერთობას. „წარმატების საზომი - ბავშვების დაცვა და მათი სიცოცხლის გადარჩენაა, რაც ყიდვა-გაყიდვის საქმისგან განსხვავდება, მაგრამ ზოგიერთი კანონზომიერება საერთოა. თანაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ამბიციური მიზნები დაისახოს და მათთან გამკლავებით დატკბეს", - ამბობს გეიტსი.

დააკვირდით მის სიტყვებს: „საზომი", „კანონზომიერება", „მიზნები". გეიტსი ახორციელებს კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ, 6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ფილანთროპიულ პროექტს ისეთ ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად, როგორიცაა ჩუტყვავილა, B-ჰეპატიტი, როტავირუსი, შიდსი... და ამავდროულად, ის არასდროს საუბრობს ინდივიდებზე, ცალკეულ პიროვნებებზე.

სწორედ ეს არის მისი საქმიანობის დედააზრი. გეიტსი ლაკონიურად და თავშეკავებულად საუბრობს ინდოეთსა თუ აფრიკაში ნანახ ბავშვებზე: „მე და მელინდამ საკმაო დრო გავატარეთ ამ ბავშვებთან ერთად, ვუყურებდით მათ ტანჯვას: ისინი კვდებოდნენ". მაგრამ როგორც კი იგი ციფრებს მიადგება, მეტყველების მანერაც მაშინვე ეცვლება: ციფრების ზრდასთან ერთად, იზრდება საუბრის სიჩქარე და ტონალობა. „23-ცენტიანი ვაქცინა", - ამბობს გეიტსი, - „და შენ აღარასოდეს დაგემართება ჩუტყვავილა - დაავადება, რომელიც ყოველ წელს მილიონ-ნახევარ ადამიანს კლავდა. დღეისთვის კი გარდაცვლილთა რაოდენობა 300 ათასამდე შემცირდა". ვაქცინების ასეთი გაიაფებით გეიტსი მსოფლიო ჯანდაცვის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩასაწერ საქმეს აკეთებს, თუმცა მისი ინიციალების გარდა, ბლანკებზე სხვა სახელებიც ჩნდება - ნობელის პრემიის ლაურეატ ჯონ ენდერსის და მალარიის ახალი ვაქცინის შემქმნელი ჯო კოენისა, რომლებიც გეიტსის წყალობით გამდიდრდნენ.

დამეთანხმებით, უცნაური ისტორიული მოვლენაა: ამერიკის უმდიდრესი ადამიანი (პლანეტის უმდიდრესიც იქნებოდა, ამდენი ფული რომ არ დაეხარჯა) ახალგაზრდულ ჟინს ინარჩუნებს (სულ ახლახან გახდა 56 წლის) და მთელ თავის ენერგიას ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ მიმართავს. იმედი გამიცრუვდება, თუ მომდევნო 25 წელიწადში 80%-ით ვერ შევამცირებ სიკვდილიანობას", - ამბობს მილიარდერი, - „ წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ სამუშაო საათებში, უბრალოდ, ვზარმაცობთ".

როდესაც გეიტსებთან ერთად ზიხარ და შეჰყურებ ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის კიდევ ერთ, 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ახლად აშენებულ კამპუსს აუზებითა და შუშის ულამაზესი შენობებით, ხედავ ნათელ მომავალს, რომელშიც ტკივილი და ტანჯვა უკან იხევს. ამასთან, დაუვიწყარი შთაბეჭდილებას მიიღებ, როცა იმის მცირე ნაწილს მაინც გაიგებ, რაც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მეოცნებე ბიზნესმენის თავში ხდება. როცა აკვირდები, როგორ უკირკიტებენ ბილი და მისი მეუღლე ზოგადსაკაცობრიო პრობლემას, უფრო ადვილად შეგიძლია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შექმნა ამ ადამიანმა Microsoft-ი. მექანიკის გენიოსი მეთოდურად უმკლავდება ყველა ამოცანას. არა აქვს მნიშვნელობა, პრობლემა კონკრეტულია თუ ზოგადი. გეიტსის შემყურე, ხედავ, როგორ შეიძლება ფული და ძალაუფლება - როგორც პირდაპირი, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობით - კაცობრიობის სასიკეთოდ მაქსიმალურად გამოიყენო.

მალთუსის თეორიის ამოყირავება

ბილ გეიტსი დაავადების აღმოფხვრას გაბედული კონცეფციით გეგმავს: მას ეჭვი შეაქვს ტომას მალთუსის დემოგრაფიულ თეორიაში, რომელიც ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში დომინირებდა. მალთუსის თეორიის მიხედვით, პლანეტის მოსახლეობის ზრდა გარდაუვალია, ხოლო ამ მატების თანამდევი ეფექტი სიღარიბის ზრდაა.

ბილ და მელინდა გეიტსები ამ კონცეფციაზე 1993 წლიდან ფიქრობდნენ, ჯერ კიდევ ფონდის დაარსებამდე. დაქორწინებამდე ერთი თვით ადრე ისინი აფრიკაში იყვნენ, საფარიზე, უნდოდათ ფაუნას დაკვირვებოდნენ. „შენ მიდიხარ ცხოველების საყურებლად, მიდიხარ სავანის სანახავად - ეს სასწაულია", - იხსენებს მელინდა. თუმცა ამის სანაცვლოდ წყვილი კლასიკური მალთუსიანური ამოცანის წინაშე აღმოჩნდა: „რატომ დადის ის ქალი ბავშვით მუცელში, კიდევ ერთი ბავშვით ზურგზე და ტომრებით თავზე?" გეიტსებს არ გააჩნდათ 200-წლიანი დოგმის დაუყოვნებლივ უარყოფის მიზეზი. „ჩვენ ვიცით, თუ როგორ დავეხმაროთ სოფლის მეურნეობას, მაგრამ არა ამხელა მასშტაბებით", - ამბობს ბილი. - „უმუშევრობა, არასტაბილური მდგომარეობა, განათლების სისტემა და მოსახლეობის სიმჭიდროვე ამ პრობლემის გადაჭრას კიდევ უფრო ართულებს".

ამგვარად, 1997 წელს, როდესაც ბილი და მელინდა პირველად ჩაებნენ ჯანდაცვის საკითხების მოგვარებაში (მათივე სახელობის ფონდი ორი წლით გვიან შეიქმნა) პირველი მიზანი იყო შობადობის პრობლემის მოგვარება და ჯონ ჰოპკინსის მცდელობის - განვითარებად ქვეყნებში კომპიუტერის მეშვეობით კონტრაცეფციის შესახებ ქალთა ინფორმირების - დაფინანსება. ლოგიკა ნოვატორული იყო - ისეთი, ბილ გეიტსს რომ შეეფერება. ჯანდაცვა = რესურსები ÷ ადამიანები. და რადგან რესურსები, როგორც გეიტსმა სწორად შეაფასა, შეზღუდულია, ამოცანის ამოხსნის პროცესი მოსახლეობის კონტროლზე გადის. ამდენად, მხოლოდ ვაქცინაცია გეიტსს უაზროდ მიაჩნდა: „რა აზრი აქვს ბავშვის ვაქცინით გადარჩენას მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში, სადაც შიმშილი და სამოქალაქო ომი მძვინვარებს?!" ეს ძალზე წააგავდა გეიტსის მიერ შემუშავებულ მრავალმილიარდიან საგანმანათლებლო რეფორმის ფორმულას, სადაც შემდეგი განლაგება იყო: წარმატება=პედაგოგები ÷ სტუდენტები. მცირე ზომის კლასებში პედაგოგები გაცილებით მეტ ყურადღებას მიაქცევდნენ მოსწავლეებს და მეტი ნიჭიერი ბავშვი გამოიჩენდა თავს.

მართალია, გეიტსს ელეგანტური გადაწყვეტილებები უყვარს, მაგრამ უდიდესი მიღწევები მისი შეუპოვრობისა და სიტუაციაში სწრაფი ადაპტირების უნარის შედეგია. სამი ვერსია დასჭირდა Windows-ის წარმატების მიღწევამდე, თან გახსოვთ ალბათ Xbox-ის ჩავარდნა მილიარდები რომ დაუჯდა. გეიტსს, როცა შედეგები არ ჩანს, სტრატეგიის სწრაფი შეცვლის არ ეშინია. განათლების პრობლემის გადაჭრისას მსგავს ვითარებაში აღმოჩნდა და მიდგომა შეცვალა: სტუდენტის საუკეთესო შედეგს არა ჯგუფების მოცულობა, არამედ კვალიფიცირებული პედაგოგი განაპირობებს. დიდძალი ქონების დახარჯვის მიუხედავად, გეიტსმა შეცვალა სტრატეგია.

საზოგადოების ჯანდაცვის პრობლემებზე ზრუნვა გეიტსის ოჯახმა ადრე დაიწყო. ბილის მამამ „მართებულ სამედიცინო ტექნოლოგიათა პროგრამის" (PATH) წარმომადგენელთათვის ვახშამი მოაწყო სიეტლის უმდიდრეს Columbia Tower Club-ში, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა შობადობის თემაზე ითათბირეს. სხვა საკითხებთან ერთად PATH-ში განიხილეს, თუ როგორ ესწავლებინათ პრეზერვატივის ჩინელი მწარმოებლებისათვის ბაზარზე გატანამდე საქონლის ტესტირება. გეიტსი განაცვიფრა მისთვის აქამდე უცნობმა სტატისტიკურმა მონაცემებმა, რომელთა მიხედვით, როდესაც სიკვდილიანობა ეცემა, თურმე შობადობაც კლებულობს და დემოგრაფიული პრობლემები სტაბილურდება. „ყველაფერი საღი აზრის წინააღმდეგ ხდება. მშობლების უმეტესობას დიდი ოჯახის ყოლის სურვილის გამო კი არ უნდა მერვე შვილის გაჩენა, არამედ იმიტომ, რომ წინასწარ იცის - ბევრი შვილი მოუკვდება. როდესაც მშობელმა იცის, რომ მისი შვილი გაიზრდება და იცხოვრებს, მას ბუნებრივად ეკარგება ბევრი შვილის გაჩენის სურვილი", - ამბობს მელინდა.

გეიტსმაც მდგომარეობა 180 გრადუსით შემოაბრუნა. შობადობის შემცირების ნაცვლად, მან მილიარდების დახარჯვა უკვე დაბადებული ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად დაიწყო. „ჩვენ ფართო მასშტაბით გავშალეთ ვაქცინაციის პროექტი, როცა მის მნიშვნელობაში დავრწმუნდით", - ამბობს გეიტსი.

ჯადოსნური იარაღი ჯანდაცვაში ინტერვენციისთვის

მას კლინიკებსა და ექიმებზე კონცენტრირება შეეძლო, მაგრამ სხვა გზა აირჩია. „ჯადოსნური იარაღი ჯანდაცვაში ინტერვენციისთვის არის ვაქცინა, რომლის წარმოებაც შეიძლება იაფი იყოს. თუმცა ჩვენ ვიცოდით, ამისთვის მხოლოდ ფული არ არის საკმარისი. აგრეთვე საჭიროა დრო, ენერგია, ლობი", - ამბობს ბილი. მელინდა, ყველა ფილანთროპიულ წამოწყებაში გეიტსის განუყრელი თანაშემწე, იქვე ამატებს: „რისი დაფინანსებით მიიღებთ ყველაზე დიდ შედეგს? სათანადო ფინანსური რესურსების არსებობის შემთხვევაში, რა სფეროში ინვესტირებით შეგიძლიათ იხსნათ ყველაზე მეტი სიცოცხლე?"

გეიტსმა ტოლი არ დაუდო თვით ჯონ დ. როკფელერსაც, რომელმაც „როკფელერის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის" წყალობით საუკუნის ვირუსოლოგიაში ბევრ უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შეუწყო ხელი. გეიტსმა შეცვალა კაცობრიობის მიდგომა ვაქცინაციისადმი, რომელიც ჯერ კიდევ ათი წლის წინ არაპოპულარული იყო აუტიზმის შიშის გამო. ეს შიში დღეისათვის სრულიად გაქარწყლებულია. გეიტსის პირველი შენატანი ვაქცინაციის პროექტში შეადგენდა 100 მილიონ აშშ დოლარს - თანხა გადაეცა გაეროს, პროექტს PATH-ი ხელმძღვანელობდა. პირველი პროექტი ითვალისწინებდა ბავშვების ვაქცინაციას. ამ ძღვენის გაცემის აღსანიშნავად ბილმა და მელინდამ წვეულება გამართეს ვაშინგტონის ტბასთან 66 ათას კვ.მ ფართობზე აშენებულ სახლში. წვეულებაზე ვაქცინაციის ცნობილი ექსპერტები იყვნენ მოწვეული. როდესაც გეიტსმა კითხვით მიმართა თავის სტუმრებს: „რას გააკეთებდით, მეტი ფული რომ გქონდეთ?" დარბაზი ახალი იდეებით გაიჟღინთა. სწორედ მაშინ გადაწყვიტა ბილმა მნიშვნელოვნად გაეზარდა ქველმოქმედებისთვის დახარჯული თანხა და 1999 წელს 21 მილიარდი აშშ დოლარის დეპოზიტით მსოფლიოში ყველაზე დიდი საქველმოქმედო ფონდი - ბილ და მელინდა გეიტსების სახელობის ფონდი შექმნა. დღეისათვის თანხამ 36 მილიარდ დოლარს მიაღწია, საიდანაც 25 მილიარდი გაცემულია.

ვაქცინაციის „სასწაულმოქმედმა პროექტმა" მრავალი ახალი თავსატეხი გააჩინა. გეიტსი ბავშვების გადარჩენას კვლევების წახალისებით ცდილობდა. იგი გადაწვდა მენინგიტისა და მალარიის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროექტებსაც. ამავდროულად, განვითარებად ქვეყნებში ვაქცინის ეფექტიანობის შესანარჩუნებლად შექმნა ე.წ. „მაცივრის ქსელი" - ვაქცინის სათანადო პირობებში შენახვისა და დისტრიბუციისათვის. მაგრამ პროექტის განხორციელებისას გეიტსი ბაზრის თანამდევ მუდმივ პრობლემას წააწყდა: როგორ უნდა დაეინტერესებინა და წაეხალისებინა Merck-ი, Pfizer-ი, GlaxoSmithKline-ი და სხვა ფარმაკოლოგიური გიგანტები, გამოეშვათ ძვირად ღირებული ვაქცინები იმ ბავშვებისთვის, რომელთაც წამალი ყველაზე მეტად სჭირდებათ, მაგრამ მათი შეძენისთვის საჭირო ფული არა აქვთ? გეიტსი დარწმუნდა, რომ პასუხი ერთია: ადამ სმიტის უხილავი ხელი ოდნავ მაინც უნდა შეფერადდეს, რათა ახლად შექმნილ ბაზარს ხელგაშლილობის მაგალითი დაუსახოს.

სწორედ ეს არის ძალაუფლების ყველაზე სწორი განსაზღვრება: შეგწევდეს უნარი არა მარტო გადაჭრა პრობლემა, არამედ მის აღმოსაფხვრელად მდგრადი ბაზარი შექმნა. „არავინ იყო, ვისაც თუნდაც ჩეკს გამოვუწერდი", - იხსენებს გეიტსი იმ პერიოდს, როდესაც მზად იყო ვაქცინის მილიარდობით დოზა შეეძინა. 1980-იან წლებში Unicef-მა საზოგადოებრივ ფონდებსა და სხვა დამხმარე ორგანიზაციებთან მოლაპარაკების საშუალებით მოახერხა პოლიომიელიტის, დიფტერიის, შავი ჭირისა და სხვა დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინირებული ბავშვების რაოდენობის სამჯერ გაზრდა და ზემოხსენებული ორგანიზაციების ათასობით თანამშრომლის პროცესში ჩართვა. მაგრამ ეს მცდელობა, პრობლემის უკიდეგანობის გამო, ისევ ზღვაში წვეთად ჩანდა. შეერთებულ შტატებში გამოგონებული ახალი მედიკამენტები 15-20 წლის დაგვიანებით აღწევდნენ ტანზანიელ და ნიკარაგუელ ბავშვებამდე. „ამ დაავადებებით სიკვდილის საშიშროება 50-ჯერ მაღალია ღარიბი ბავშვებისთვის, ვიდრე მათთვის, ვინც შეძლებულ ოჯახში ცხოვრობს!" - ამბობს გეიტსი. მის ხმაში სიმკაცრე იგრძნობა.

ბილი მიხვდა, რომ პირველი აუცილებელი და გადამწყვეტი ნაბიჯი საზოგადოებრივსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება იყო. საზოგადოებრივ სექტორთან მიმართებაში საკითხი სწრაფად გადაიჭრა გეიტსის ჩეკების წიგნაკით. წარსულში მცდელობები უშედეგო იყო და საქმე ყოვნდებოდა სახსრების ნაკლებობისა და ორგანიზაციებს შორის შეზღუდული რესურსის გადანაწილებისთვის დავის გამო. კერძო სექტორის გამოჭერა კი უფრო ძნელი გამოდგა. წამლების წარმოებასთან შედარებით ვაქცინის წარმოება გაცილებით რთული და ძვირია. ფარმაკოლოგიური კომპანიები, რომელთაც სურდათ ჩაეტარებინათ ბავშვების იმუნიზაცია, ვთქვათ, ავღანეთში, მოთხოვნის მასშტაბებისა და დანახარჯების შეფარდებისას მეტად რთული არჩევნის წინაშე აღმოჩნდნენ: ჰუმანურობა თუ მოგება.

1999 წელს, გამოსავლის საპოვნელად, ბილ გეიტსი იტალიის ქალაქ ბელაჯიოს ეწვია, Unicef-თან, მსოფლიო ბანკთან, გაეროსთან, სხვადასხვა ფარმაკოლოგიურ და ჰუმანიტარულ ორგანიზაციასთან ერთად. ვიზიტი ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის (GAVI Alliance) ჩამოყალიბებით დასრულდა. ალიანსის საძირკველში გეიტსმა 2,5 მილიარდი აშშ დოლარი ჩაატანა. მისი მტკიცე ნებითა და „მაგარი ბიჭობით" Microsoft-მა მტრებს, პირველ რიგში აშშ-ის ანტიმონოპოლიურ რეგულატორებს, შიშის ზარი დასცა. „ბილი წააგავდა პოკერის მოთამაშეს, რომელიც მაგიდაზე იმხელა ფსონს ჩამოვიდა, რომ გარშემო ყველა დააფრთხო", - ამბობს სეტ ბერკლი, გეიტსის ფონდის შიდსის ვაქცინაციის პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად GAVI-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე.

ვაქცინის ფასის შემცირება

GAVI-მ ორი სხვადასხვა მიმართულება შეიმუშავა. პირველი - შესყიდვა: იგი აიძულებდა განვითარებად ქვეყნებს თანადაფინანსების საფუძველზე განეხორციელებინათ ვაქცინაციის პროგრამა თუნდაც ნომინალური ღირებულებით - 20 ცენტი თითო დოზა; და მეორე - ანგარიშვალდებულება: ალიანსი მოითხოვდა გამჭვირვალე რეგისტრაციას, დასტურად იმისა, რომ ვაქცინა ადრესატამდე მიდის და მიზანმიმართულად იხარჯება. კონკურენციის გასამძაფრებლად, მომარაგების გასაზრდელად და ფასების დასაგდებად GAVI-მ ხელშეკრულება გააფორმა ისეთი განვითარებადი ქვეყნების ფარმაკოლოგიურ კომპანიებთან, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი.

უკუგების პროცესი დინამიკურად წარიმართა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 40%-ით დაეცა ფასი სტანდარტულ ხუთმიკრობიან აცრაზე, მათ შორის დიფტერიაზე, ტეტანუსსა და ყივანახველაზე. 68%-ით შემცირდა ღვიძლის კიბოს გამომწვევი B-ჰეპატიტის ვაქცინის ფასი. ამგვარად, ვაქცინაციის საშუალება მილიონობით ბავშვს მიეცა. GlaxoSmith¬Kline-ის მიერ წარმოებული პრეპარატი Rotarix-ი, რომელიც დიარეისა და საბოლოოდ სიკვდილის გამომწვევი როტავირუსის პრევენციისათვის გამოიყენება, 102-დან 2,5 დოლარამდე გაიაფდა. ახალგამოჩეკილი ინდური ფირმა Bharat Biotech-ი ფასის 1 დოლარამდე დაწევას აპირებს.
GAVI კიდევ უფრო შორს წავიდა ისეთი უახლესი და ძვირად ღირებული ვაქცინის გაიაფებით, როგორიცაა Pfizer-ის მიერ წარმოებული პნევმონიის საწინააღმდეგო, მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ვაქცინა Prevnar-ი. GAVI-სგან გარკვეული დოზის შესყიდვის გარანტიით ფარმაკოლოგიური კომპანია წარმოების მოცულობას ზრდის. GAVI გარანტირებულად იხდის უმაღლეს ფასს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ამჟამად Prevnar-ი შეერთებულ შტატებში114 დოლარად იყიდება, მაგრამ მისი ფასი 3,50 დოლარამდე დაიკლებს. გეიტსი და მისი მეგობრები უნაზღაურებენ კომპანიას ფასთა სხვაობით გამოწვეულ დანაკარგს. პნევმოკოკალისა და როტავირუსის ვაქცინით 250 მილიონი ბავშვის უზრუნველსაყოფად GAVI-მ 3 მილიარდ დოლარზე მეტი გამოსტყუა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს (მათ შორის დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიისა და შეერთებული შტატების), გეიტსმაც ჩააგდო კალათში 1 მილიარდი და საჭირო თანხაც შეგროვდა. შედეგები შთამბეჭდავია: 3,4 მილიონი ადამიანი გადაურჩა ღვიძლის სიმსივნის გამომწვევი B-ჰეპატიტისგან სიკვდილს, 1,2 მილიონი - ჩუტყვავილისგან; 560 ათასი - Hib-ბაქტერიისგან; 474 ათასი - ყივანახველისგან; კიდევ 140 ათასი ყვითელ ციებ-ცხელებას, 30 ათასი კი პოლიომიელიტს გადაჰყვებოდა. ბოლო წლებში განხორციელებული ახალი ინიციატივებით ბილ გეიტსის კამპანიამ კიდევ 8 ათასი სიცოცხლე იხსნა პნევმონიითა და დიარეით სიკვდილისგან.

„მე ვნახე დედები, რომლებსაც ბავშვები ასაცრელად რვა საათი ფეხით მოჰყავდათ იმ იმედით, რომ იმ დღეს გაუმართლებდათ და ვაქცინა იქნებოდა", - ამბობს მელინდა. იანვარში, კენიის სოფლის საავადმყოფოში სტუმრობისას მელინდამ ნახა პნევმონიით დაავადებული ბავშვები, რომელთაც ერთი, საერთო ჟანგბადის ნიღაბი ჰქონდათ: „ისინი, უბრალოდ, რიგრიგობით სუნთქავდნენ", - გვიყვება მელინდა. სულ მალე, გეიტსების ფონდის დახმარებით, საავადმყოფოში სურათი შეიცვალა: ბავშვები იმ ახალი ვაქცინის რიგში იდგნენ, რომელიც რადიკალურად შეამცირებდა პნევმონიით დაავადების საშიშროებას.

დღესდღეობით გეიტსის მხედველობის არეში კაცობრიობის ორი უდიდესი სენია: პოლიომიელიტი და კოღოს ნაკბენით გამოწვეული დაავადება - მალარია, რომელიც ყოველწლიურად 250 მილიონ ადამიანს ემართება და 800 ათასს იწირავს. გეიტსს უკვე დახარჯული აქვს 200 მილიონი დოლარი Glaxo-ს მიერ წარმოებულ ვაქცინაზე. ბოლო კვლევების თანახმად, შესაძლებელი გახდება ინფიცირებულთა რაოდენობის განახევრება. გეიტსი პოლიომიელიტის საერთოდ ამოძირკვას გეგმავს და თუ მისი მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდება, ყვავილის შემდეგ პოლიომიელიტი იქნება მეორე დაავადება პლანეტაზე, რომელიც მთლიანად გაქრება.

გეიტსის როლი თანდათან იზრდება. მის მიერ შექმნილი სისტემის გამართული მუშაობისათვის ბილს ჯანდაცვის მსოფლიო ელჩის როლის შესრულება უწევს. მისი პიროვნების წონადობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მმართველები ვალდებულნი არიან დაუბრკოლებლად მიიღონ გეიტსი - როგორც ჩვენი სტატიის დასაწყისში მოვყევით ჩადის რესპუბლიკის პრეზიდენტთან დაკავშირებით. ბავშვების აცრის პროცესში გადაღებული ფოტო ქვეყნის მმართველს საზოგადოების ყურადღების ცენტრში აქცევს და ავალდებულებს, მომავალშიც უზრუნველყოს მსგავსი სამედიცინო დახმარება. „მე არ ვიტყოდი, რომ [მათი] დარწმუნება მიხდება - მე, უბრალოდ, ვახსენებ მათ", - ამბობს ბილი და იმის პაროდიას აკეთებს, თუ როგორი ანტიპათიით ხვდებიან მას ქვეყნების ლიდერები: „ოოო, ისევ ეს კაცი! აპირებს ჩამოვიდეს ჩემს ქვეყანაში და დაიწყოს გაუთავებელი საუბრები ვაქცინაციის, ვაქცინაციისა და ისევ ვაქცინაციის შესახებ და თუ როგორ ვებრძოლოთ პოლიომიელიტს და რომ ჩვენ იმ რამდენიმე ქვეყნის ჩამონათვალში შევდივართ, სადაც ჯერ კიდევ გადასაჭრელია პოლიომიელიტის პრობლემა და რომ ჩვენ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი გვაქვს!"

საზოგადოების სამუდამოდ შეცვლა

ინტერნეტბლოგები კვლავინდებურად აჭრელებულია ვებსაიტებითა და პოსტებით: „მე მძულს ბილ გეიტსი". მას ადანაშაულებენ გადასახადებისთვის თავის არიდებაში (რადგან სიეტლმა უსასყიდლოდ გადასცა მიწის ნაკვეთი ახალი კამპუსის ასაშენებლად), ვაქცინაციით აუტიზმის გავრცელებაში (რაც დღეისათვის უკვე მცდარ თეორიად ითვლება) და თავის ფონდში მესიის როლის თამაშში. ზოგიერთი ექიმი მას ბრალს სდებს ვაქცინებზე „ჩაციკლვასა" და სხვა სამედიცინო დახმარების უარყოფაში. ზოგის აზრით, იგი სამარცხვინო ბოძზეა გასაკრავი თავისი ანტიქრისტეს ტექნოლოგიებისათვის, ზოგისთვის კი ის სასტიკი მონოპოლისტია, რომელიც ინოვაციებს ახრჩობს. ზოგი ფიქრობს, რომ მისი ხელგაშლილობა „უფრო „გონისმიერია, ვიდრე გულისმიერი". სამაგიეროდ, იმ წრეში, სადაც ესმით, თუ რა შრომას სწევს გეიტსი, იგი წმიდანადაა შერაცხული. „ძლიერი ლობი, რომელიც განვითარებად ქვეყნებში მილიონობით ბავშვის სიცოცხლეს იცავს", - ასე ახასიათებს მას ედრინ ოსვალდი, Novartis-ის ვაქცინაციის განყოფილების ხელმძღვანელი. გეიტსის თანამოაზრე და ყვავილის განადგურებაში უდიდესი წვლილის მქონე უილიამ ფოგი დასძენს: „ჩვენ ვერასოდეს ვიოცნებებდით იმაზე, რაც ბოლო ათწლეულში მოხდა. ეს სამუდამოდ შეცვლის ჩვენს საზოგადოებას".
თავის მხრივ, მილიარდერი ყურადღებას არ აქცევს მის წინაშე სხვების პირმოთნეობას. როდესაც გეიტსს ვუთხარი, ფოგმა შეგადარათ ჩუტყვავილას, ყბაყურასა და სხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინის მკვლევარ მაურის ჰილემანს-მეთქი, ის გაწითლდა: „ჰო, ჰილემანმა თითქმის მიაღწია მიზანს, მხედველობაში მაქვს მისი ლაბორატორია მერკში. მათ ნამდვილად დიდი შრომა გასწიეს".

მაგრამ გეიტსმაც გასწია დიდი შრომა, რომელიც არ უკავშირდება ლაბორატორიულ სამუშაოს. მან პრობლემის გადასაჭრელად მთელი ინდუსტრია შექმნა.

როდესაც გეიტსს ვთხოვე შეეფასებინა საკუთარი თავი და ეთქვა, თუ რომელი სფერო მიაჩნდა უფრო მნიშვნელოვნად - კომპიუტერული პროგრამები თუ ვაქცინაცია - მან გამომთვლელი მანქანასავით სწრაფად მომცა პასუხი: „მე ვიტყოდი, რომ საკმაოდ ძნელია შედარება. სიცოცხლის გადარჩენის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ვაქცინაციასთან ვერაფერი მივა"... ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ დაამატა „ორივე, ვაქცინაციაც და პერსონალური კომპიუტერიც, ერთ სიმაღლეზეა საზოგადოებრივი ინტერესებისა და მათ გარშემო წარმოებული საბრძოლო კამპანიების თვალსაზრისით". მიმიკა ქედმაღლური იყო, თუმცა გეიტსის ხმაში ოდნავადაც არ შეინიშნებოდა ტრაბახა ადამიანის ტონი. მან ცივი და მკაცრი ხმით გამოთქვა ის, რაც ფაქტია.

 

წინა სტატია

ვირუსებთან მებრძოლი რაინდი კომპანია Pfizer მომდევნო წარმატებულ გასროლას ამზადებს
20 იანვარი, 2012

შემდეგი სტატია

მილიარდერთა უნივერსიტეტი
23 იანვარი, 2012
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა