მონაცემთა დამზღვევი

ოსტინ მაკქორდი დიდ ფულს პატარა ბიზნესებისთვის გონების სიმშვიდის მიყიდვით აკეთებს: მაკქორდი მათ იმედს აძლევს, რომ მონაცემების კარგვის კატასტროფას თავიდან აიცილებენ.

ოსტინ მაკქორდი თხევადი აზოტის ჭიქას გვთავაზობს, რომელსაც ბოლი ასდის. “ჩაყავით თითი ამაში. უცებ აორთქლდება”. ვუჯერებთ და ასეც ხდება. “ნაყინის მოსამზადებლად ცისტერნა ვიყიდეთ. საერთოდ, ყველანაირ უცნაურ, შემთხვევით რაღაცებს ვაკეთებთ: რამდენიმე კომპიუტერი გავყინეთ – ისინი უბრალოდ დაიმტვრა”. მაკქორდი თავის თხევად აზოტს იატაკზე აქცევს და “გიქის” (ტექნოლოგიებზე გადარეული ადამიანი) სამოთხედ ქცეული ოფისის დანარჩენი ნაწილის სანახავად მიგვიძღვება: ტაიმზ-სკვერის სტილის LED-ეკრანიანი კედელი Super Nintendo ტურნირებისთვის, თვითნაკეთი დრონების კოლექცია და იაპონური საძილე სავარძლები (“კომფორტული ერთი ადამიანისთვის, მაგრამ მეტისმეტად პატარა ორისთვის”).

ტექნოლოგიური ყოყოჩობის მიუხედავად, მონაცემთა დაზღვევის კომპანია Datto-ს 29 წლის აღმასრულებელი დირექტორი სილიკონის ველის ბრწყინვალებისგან შორსაა – 3,000 მილის მანძილზე. Datto, რომლის სათავო ოფისიც უფერულ საოფისე პარკში, ნორუოლკში, კონექტიკუტში მდებარეობს, ინფორმაციის აღდგენის მოსაწყენ ბიზნესში მოღვაწეობს. Amazon Web Services-ი ციფრული ღრუბლის საშუალებით ნებისმიერი ზომის ბიზნესს იაფად სთავაზობს ისეთ კომპიუტერულ სიმძლავრეს, როგორის “გადაყლაპვასაც” ისინი შეძლებენ. Datto-ს სააბონენტო მომსახურებაც მსგავსი პრინციპით მუშაობს: ის ნებისმიერი კომპანიის ქსელს, მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მყისიერად აღადგენს. თუ Snapchat-ებისა და WhatsApp-ების ხმაურიანი სახელი ასეულობით მილიონი მომხმარებლის მოზიდვას ემყარება, მაკქორდი ჩუმად აკეთებს იმავეს შემოსავლებთან მიმართებით. ვიდეოთამაშების გვერდზე განლაგებული ეკრანები ყოველდღიური გაყიდვების მაჩვენებლებს ცენტების სიზუსტით აჩვენებს. 2014-ში მაკქორდმა $100 მილიონამდე მოგება მიიღო – 32-ჯერ მეტი, ვიდრე 2010-ში. დღეს Datto-ს 400-ზე მეტი თანამშრომელი 5 მილიონ კლიენტს ემსახურება, მათ შორის – გრენლანდიაში მყოფებსაც.

Datto-ს შემჩნევა მსხვილმა კომპანიებმაც დაიწყეს. 2013 წლის დასაწყისში, უსაფრთხოების კომპანიამ – მაკქორდი არ ამხელს, რომელმა – ბიზნესის გამოსასყიდად $100 მილიონი შესთავაზა. მაკქორდმა, რომელიც მაშინ Datto-ს 100%-ს ფლობდა, თავი შეიკავა – მას საქმე დასრულებული არ ჰქონდა. ამის ნაცვლად მან 2013-ის შემოდგომაზე $25 მილიონი მოიძია General Catalyst Partners-ისგან. შედეგად საქმეში პოლ საგანი (Akamai-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) და სტივი ჰეროდი (Vmware-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) ჩაერთვნენ, რომ მოუწესრიგებელ Datto-ს მილიარდდოლარიან ბიზნესად ქცევაში დახმარებოდნენ. “ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ დიდებს შორის უდიდესები – Symantec-ი, HP-ი, EMC-ი, – ამბობს მაკქორდი. – ჩვენ ეზოთერულები და გიჟები ვართ, მაგრამ ჩვენი მიზანიც ესაა”.

მაკქორდმა ამ ყველაფერს მცირე ბიზნესებისთვის (იურიდიული კომპანიები, საინჟინრო მაღაზიები, სტომატოლოგიური კლინიკები) მონაცემთა დაზღვევის ისეთი “ტყვიაგამძლე” სერვისის მიწოდებით მიაღწია, რომელიც მხოლოდ დიდი კორპორაციებისთვის იყო ხელმისაწვდომი. Datto-ს მიერ აგებულ ტექნიკასა და პროგრამულ უზრუნველყოფას შეუძლია კომპანიის მთელი IT-სისტემის ასლი ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გააკეთოს. რადგანაც სისტემა კლიენტის ოფისსა და ციფრულ ღრუბელში მდებარეობს, კომპანიას ასლის გაკეთება და სისტემის გაშვება ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია: ერთადერთი პირობა – ინტერნეტკავშირია. Datto ღირებულებაზე კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ მონაცემების ერთი ტერაბაიტის მომსახურება თვეში დაახლოებით $350 ღირს, $2,800-ის წინასწარი გადახდით. 2011-ში, როდესაც მასიურმა ტორნადომ ჯოპლინი დააქცია მისურიში, Datto-მ მყისიერად აღადგინა ადგილობრივი საავადმყოფოების წვდომა სამედიცინო ჩანაწერებზე. მას შემდეგ, რაც ქარიშხალმა სენდიმ ნიუ- იორკში საინვესტიციო ჰეჯ- ფონდი Richmond Hill-ი დატბორა, Datto-მ ის ბაზარზე წუთებში დააბრუნა. “ოსტინმა უთხრა პატარა კომპანიებს: ‘უბრალოდ სააბონენტო თანხა გადამიხადეთ და სირთულეებს მე მივხედავ’, – ამბობს პოლ საგანი. – მან მიმართა ბაზარს, რომელთანაც მანამდე არავის ულაპარაკია”. მაკქორდი ყოველთვის რთული იყო. საშუალო სკოლაში, ნიუტონში, კონექტიკუტში, ის რიუბ გოლდბერგის მანქანებს აგებდა (ხელსაწყოები, რომლებიც მიზანმიმართულად რთულად ასრულებს მარტივ ფუნქციებს). უნივერსიტეტში ის ვიდეორედაქტირების პროგრამებითა და იმ ტელევიზორების შეკეთებით იყო დაკავებული, რომლებსაც ქალაქის ნაგავსაყრელზე პოულობდა. მაკქორდი როჩესტერის ტექნოლოგიის ინსტიტუტში ელექტროინჟინერიას სწავლობდა, მაგრამ საგანი მეტისმეტად მარტივი მოეჩვენა და ბიოინფორმატიკაზე გადაერთო, რაც კომპიუტერული მეცნიერებისა და ბიოლოგიის ნაზავს წარმოადგენს.

2007 წლის ზაფხულში მაკქორდმა მონაცემთა დაზღვევის საკუთარი მოწყობილობების აგება დაიწყო – მამამისის საინჟინრო კომპანიის სარდაფში Linksys-ის პლატებს ადუღებდა და პროგრამებს წერდა. 2008 წლის სტატიამ Gizmodo-ში პირველი კლიენტები მოიზიდა. შემდეგ მაკქორდმა ააგო სისტემა, რომელიც ორ კომპიუტერს შორის მონაცემების სინქრონირების საშუალებას იძლეოდა (წარმოიდგინეთ Dropbox-ი ღრუბლის გარეშე). მან მოიპოვა $80,000 საკრედიტო ბარათზე სესხის სახით, რითაც ლას- ვეგასის დიდ სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე (CES) ორი ჯიხური იყიდა. Best Buy-ს დისტრიბუტორმა 2,000 მოწყობილობა შეუკვეთა, ფაქტურით. მაკქორდი მათ ჯერ კიდევ ხელით აგებდა, და ვალებში იძირებოდა. “მე არ მეძინა. მკერდში ტკივილებს ვგრძნობდი... მეგონა, რომ გულის პრობლემა მქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემს თავში ხდებოდა”, – ამბობს ის.

ვერ შეძლო რა დაკვეთის შესრულება, მაკქორდმა უბრალოდ შეწყვიტა სამომხმარებლო ბაზარზე წარმატების დევნა და ისეთი ბიზნეს- პროდუქტის ძიება დაიწყო, რომლითაც მრავალჯერად ფულად მოგებას ნახავდა. მან იპოვა Zenith InfoTech-ის ბექაპ- სისტემა, რომელიც Windows-ზე მუშაობდა, და შექმნა უკეთესი ვერსია, რომელიც Linux-ს იყენებდა. მილიონობით მცირე ბიზნესისთვის მარკეტინგი ჩახლართული საქმეა, ასე რომ მაკქორდი ახალი პროდუქტის გასაღებაში რამდენიმე გადამყიდველს დაეყრდნო. 2009 წლის ბოლოსთვის ის თვიური გაყიდვებით $70,000-ს აკეთებდა და 2010-სთვის ჯამურ $3 მილიონს მიაღწია.

ამის შემდეგ უბედურება ეწვია. მაკქორდმა გამოუშვა ახალი პროდუქტი, Aurora, რომელსაც გაფუჭებული სისტემების დაახლოებით ერთ საათში აღდგენა შეეძლო. ის მშვენივრად მუშაობდა ახალ კომპიუტერებზე, მაგრამ ძველებზე ირეოდა. ყოველი გაყიდვა კლიენტების მომსახურების კუთხით პრობლემას ქმნიდა. მას ახალი პროდუქტის ნულიდან შექმნა მოუწია, პარალელურად ნაკლოვან სისტემებს ყიდდა, რათა ხარჯები დაეფარა. რამდენიმე თვეში მან Siris-ი გამოუშვა, რომელმაც აღდგენის დრო ექვს წამამდე შეამცირა. კლიენტებმა, რომლებმაც ცუდი სისტემა იყიდეს, უფასო განახლება მიიღეს. გაყიდვებმა 2011-ში $9 მილიონს მიაღწია, 2012-ში – $25 მილიონს.

$100 მილიონად გამოსყიდვის წინადადება მაკქორდმა 2013-ში მიიღო. ეს წინააღმდეგობრივი სიტუაცია იყო. “საკმაოდ ნათელი იყო, რომ ისინი კომპანიის დაშლას გეგმავდნენ. მე არ მინდოდა მენახა გაშვებული ხალხი... უარი ვთქვი. მე მქონდა იშვიათი შესაძლებლობა, და სასაცილო იქნებოდა, ამ გზას ბოლომდე არ გავყოლოდი”, – ამბობს მაკქორდი.

 ეს გზა მონაცემთა დაზღვევის ახალი ფორმების დევნას ნიშნავს. დეკემბერში მაკქორდმა შეიძინა Backupify – სტარტაპი კემბრიჯში, მასაჩუსეტსში, რომელიც მონაცემებს ღრუბლის ისეთ აპლიკაციებში აზღვევს, როგორიცაა Salesforce-ი და Google Apps-ი. “არაა აუცილებელი Snapchat-ი შექმნა, რომ გახდე მილიარდერი, – ამბობს მაკქორდი. – ამის მაგივრად გაჰყევი შენს პროდუქტს, გააკეთე ის 30%-ით უკეთ, გაყიდე 10%-ით იაფად და ააგე არაჩვეულებრივად ღირებული ბიზნესი”.

წინა სტატია

17 აპრილი, 2015

შემდეგი სტატია

ჰილტონიზებული ბათუმი
20 აპრილი, 2015
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა