ბიზნეს ასოციაცია: მზად ვართ, გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რათა შემსუბუქდეს ნეგატიური ეფექტი ეკონომიკაზე

ბიზნეს ასოციაცია: მზად ვართ, გადავდგათ ყველა ნაბიჯი, რათა შემსუბუქდეს ნეგატიური ეფექტი ეკონომიკაზე

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, რომელიც სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ბოლო დროს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ასოციაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მისი წევრი კომპანიები მზად არიან ხელისუფლებასთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო კომუნიკაციით შემუშავდეს ეფექტური სამოქმედო გეგმა, რომლითაც ქვეყანა დაძლევს მოკლევადიან გამოწვევებს.

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების იმ გულწრფელ და სამართლიან პროტესტს, რაც რუსეთის ფედერაციის დუმის წარმომადგენლების მიერ ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უმაღლესი თანამდებობის პირის ადგილის დაკავებას მოჰყვა. ამავდროულად, ასოციაციის წევრები, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა თანამემამულე შეწუხებული ვართ იმ ტრაგიკული მოვლენებით, რაც 20 ივნისის საღამოს რუსთაველის გამზირზე განვითარდა. ბუნებრივია, ყველასათვის მძიმე სანახავი იყო დასისხლიანებული და დასახიჩრებული ახალგაზრდების, შეურაცხყოფილი და ნაცემი ჟურნალისტებისა თუ პოლიციელების ხილვა.

ამასთან, თბილისში განვითარებული მოვლენების ფონზე რეალობასთან შეუსაბამოდ გვეჩვენება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის რეაქცია და გადაწყვეტილება საავიაციო მიმოსვლის შეწყვეტისა და რუსი ტურისტების საქართველოში მოგზაურობისას სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების შექმნის შესახებ. ასევე არ გამოვრიცხავთ რუსეთის ფედერაციაში ქართული პროდუქციის ექსპორტის დროებით შეზღუდვას, მათ შორის, ქართული ღვინის საწინააღმდეგოდ გარკვეულ ქმედებებს. ასეთი ტიპის ნაბიჯები დამატებით პრობლემებს გააჩენს ქვეყნებს შორის ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ ურთიერთობებში და ორმხრივად დამაზიანებელი იქნება რიგითი მოქალაქეებისთვის.
საქართველო და ქართველი ხალხი მუდამ გამოირჩეოდა ტოლერანტობითა და სტუმარმასპინძლობით და ყოველთვის მივესალმებით რუსეთის ფედერაციისა თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც პატივს სცემს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს. სრულიად ნათელია, რომ რუს ტურისტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ საქართველოში სტუმრობისას და დარწმუნებული ვართ, რომ მიმდინარე პროცესები მშვიდობიანად ჩაივლის და ტურისტული ნაკადები რუსეთის ფედერაციიდან გაგრძელდება.

ამასთან, საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიები აცნობიერებენ იმ მოკლევადიან ეკონომიკურ სირთულეებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა. შესაბამისად, მზად ვართ, გადავდგათ ყველა საჭირო ნაბიჯი რათა მაქსიმალურად შემსუბუქდეს ამ ქმედებების ნეგატიური ეფექტი ქართულ ეკონომიკასა და ბიზნესზე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს ხელისუფლებასთან და ყველა სხვა დაინტერესებულ მხარესთან მჭიდრო კომუნიკაციით შემუშავდეს ეფექტური სამოქმედო გეგმა, რითაც დარწმუნებული ვართ ჩვენი ქვეყანა დაძლევს ამ მოკლევადიან გამოწვევებს”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *