ფულის გათეთრების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

ფულის გათეთრების შესახებ კანონში ცვლილებები შედის

ანგარიშვალდებულ პირთა სიას ემატება დაზღვევის/გადაზღვევის ბროკერი, საადვოკატო ბიურო და სერტიფიცირებული ბუღალტერი.

საქართველოს მოქმედი “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ”, კანონი 2003 წელს იქნა მიღებული და მას შემდეგ მასში ცვლილება არ შესულა. 

ახალი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა ადგენს მისი მოქმედების სფეროს, აგრეთვე მოიცავს ტერმინთა განმარტებას და ანგარიშვალდებულ პირთა და ზედამხედველ ორგანოთა ჩამონათვალს. 

ანგარიშვალდებულ პირთა სიას, ემატება დაზღვევის/გადაზღვევის ბროკერი, საადვოკატო ბიურო და სერტიფიცირებული ბუღალტერი. 

ახალი ანგარიშვალდებული პირების ზედამხედველ ორგანოებად განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (დაზღვევის/გადაზღვევის ბროკერი), საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (საადვოკატო ბიურო) და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება (სერტიფიცირებული ბუღალტერი). 

კანონპროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი მთავარი სიახლე უკავშირდება პრევენციული ღონისძიებების გატარების საფუძვლებს. აღნიშნული ღონისძიებები დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ტარდება, თუ ანგარიშვალდებულ პირთან დადებული გარიგება აღემატება გარკვეულ თანხას, ხოლო კანონპროექტით შემოთავაზებულია საქმიანი ურთიერთობის გამიჯვნა ერთჯერადი გარიგებისგან. კერძოდ, საქმიანი ურთიერთობის დამყარებისას პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი ურთიერთობის ფარგლებში დადებული ან შესრულებული გარიგებების თუ ოპერაციების თანხის ოდენობის მიუხედავად.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *