"საპარტნიორო ფონდის" საქმიანობა: დასრულებული და მიმდინარე პროექტების მიმოხილვა

"საპარტნიორო ფონდის" საქმიანობა: დასრულებული და მიმდინარე პროექტების მიმოხილვა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ’’ სს “საპარტნიორო ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტები შეისწავლა.

“საპარტნიორო ფონდი” 2011 წელს დაარსებული სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია, რომელიც სრულად სახელმწიფო საკუთრებაშია. “ფონდის” პორტფელში არსებული პროექტების ჯამური ღირებულება 2.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება, საიდანაც “ფონდის” ინვესტიციების წილი 330 მლნ დოლარია.

“ფონდის” საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება: ა) აქტივების მართვა და ბ) საინვესტიციო საქმიანობა. “საპარტნიორო ფონდის” შემოსავლების ძირითად ნაწილს ხუთი სახელმწიფო კომპანიის აქტივები წარმოადგენს.

2014-2017 წლებში “ფონდის” აქტივები 16%-ით გაიზარდა, კაპიტალი კი 13%-ით შემცირდა. 2017 წელი “ფონდმა” 482 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, 2014-2017 წლების ჯამური ზარალი კი 528 მლნ ლარი იყო. 2017 წლის ზარალით დასრულება “საქართველოს რკინიგზისა“ და “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქტივების გაუფასურების ხარჯმა – 633 მლნ ლარმა განაპირობა.

2017 წელს “ფონდმა” მის აქტივებში შემავალი კომპანიებიდან დივიდენდის სახით 27.3 მლნ ლარი მიიღო, ხოლო 2016 წელს – 12.7 მლნ ლარი. “ფონდი” დივიდენდს მაშინ იღებს, როდესაც ბენეფიციარ კომპანიას მოგება რჩება.

ვინაიდან “ფონდის” შემოსავლის ძირითადი წყარო რამდენიმე სახელმწიფო საწარმოს აქტივები და მის მიერ დაფინანსებული პროექტებიდან მიღებული დივიდენდებია, “ფონდის” ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური და არაპროგნოზირებადია, ეს კი “ფონდს” მეტწილად სესხებზე დამოკიდებულს ხდის.

2019 წლის მონაცემებით, “ფონდის” მიერ მხარდაჭერილი 14 პროექტი არის დასრულებული, ხოლო 5 პროექტი მიმდინარეა. არასამთავრობოს მონაცემებით, კი ამ პროექტებიდან რამდენიმე შესაძლო კორუფციის კუთხით გარკვეულ კითხვებს აჩენს.
“საპარტნიორო ფონდის” მხარდაჭერილ ორ პროექტს – ქართული სანაშენე ღორის ფერმა და კერამიკული აგურის ქარხანა – საერთო ბენეფიციარი ჰყავს. კერძოდ, ვასილ ბაბლუანი ორივე პროექტში მონაწილე კომპანიებში ფლობს წილს. გარდა ამისა, ამ ორი პროექტის ბენეფიციარ კომპანიებთან სხვადასხვა გზით დაკავშირებულმა პირებმა 2013-2018 წლებში “ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 200 000 ლარამდე შესწირეს.

“საპარტნირო ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტის კიდევ ერთი ბენეფიციარი – შპს “იტონგ კავკასუსი“ პარლამენტის წევრთან – ივლიანე წულაიასთან არის დაკავშირებული. წულაია და მისი ბიზნეს პარტნიორები სახელისუფლებო პოლიტიკური ჯგუფის მსხვილი დონორები არიან. კერძოდ, მათ 2016-2018 წლებში “ქართულ ოცნებასა” და სალომე ზურაბიშვილს ჯამში 700 000 ლარზე მეტი შესწირეს.

“”საპარტნიორო ფონდის” სტაბილური საინვესტიციო საქმიანობისთვის, საჭიროა მისი დაფინანსება მდგრადი და პროგნოზირებადი იყოს. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, “ფონდი” არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფო კომპანიების მოგებაზე და გარკვეულ ზღვრებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მას გამოეყოს ფიქსირებული დაფინანსება. ამ გზით “ფონდის” საქმიანობაზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებაც იქნება შესაძლებელი. “საპარტნიორო ფონდის” მიერ დაფინანსებული პროექტების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით დამატებითი რეგულაციები უნდა იქნას შემოღებული. კერძოდ, უმჯობესი იქნება, თუ კანონის დონეზე აიკრძალება “საპარტნიორო ფონდის” სახსრების ისეთ იურიდიულ პირებზე გაცემა, რომლებიც რეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონაში, ასევე, იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი“, – განმარტავენ არასამთავრობოში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *