ბალტიკური გამოცდილება ქართულ ბაზარზე

ბალტიკური გამოცდილება ქართულ ბაზარზე

გთავაზობთ ინტერვიუს Baltic Investment Group-ის აღმასრულებელ მენეჯერთან, ვიგანტას ზენკევიჩუსთან.

დეველოპერული ბაზრის ზრდასთან ერთად მომხმარებლებისა და რეგულატორების მოთხოვნებიც ფორმირებას განიცდის და მაქსიმალური უსაფრთხოებისკენ, ეკომეგობრული გარემოსა და ენერგოეფექტიანობისკენ იხრება. ამისათვის ზოგ შემთხვევაში დიდი ფინანსური რესურსები, ზოგჯერ კი – ცოტაოდენი ნების ქონაა საჭირო. Baltic Investment Group-ს ორივე აქვს. პირველი პროექტი საქართველოში – Namai Vake ამის ნიმუშია.

უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ კომპანიით და მისი მენეჯმენტით. რა საქმიანობისთვის და როდის ჩამოყალიბდა Baltic investment group-ი საქართველოში?

ლიეტუვური კაპიტალით Baltic Investment Group-ი საქართველოში 2014 წელს დაფუძნდა. კომპანიის შექმნის მიზანს თავიდანვე დეველოპერული პროექტების განვითარება წარმოადგენდა. რაც შემეხება მე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახლავართ, დამფუძნებელი კი, ჩემი მეგობარი, წარმატებული ლიეტუველი ბიზნესმენია, მისი ბიზნესსაქმიანობის ძირითადი მიმართულება ხის მასალების წარმოება და მათი იმპორტ- ექსპორტია, კომპანიის სახელწოდება კი Praslas-ია. სწორედ Praslas Group-ში შემავალი 16 კომპანიიდან ერთ- ერთია BI Group-ი. საქართველოს ბაზარზე შემოვედით როგორც ფინანსური ინვესტორები, მიმდინარე სამშენებლო პროექტისთვის დავიქირავეთ არქიტექტორები და ინჟინრები ლიეტუვიდან, კონსტრუქტორები, გეოლოგები, ჰიდროლოგები და გეოდეზისტები კი საქართველოდან. ამას გარდა შევქმენით საკუთარი სამშენებლო კომპანია, რომელიც პრინციპში გენერალური კონტრაქტორის როლშია. ჩვენ საქართველოს ბაზარზე არა მხოლოდ ევროპული ხარისხის პროდუქციისა და სერვისის დანერგვა გვინდა პრემიუმ-სეგმენტში, არამედ საკუთარი გამოცდილებისა და ფილოსოფიის გაზიარებაც გვსურს ქვეყნისთვის. ასევე სურვილი გვაქვს, რომ დეველოპერულ სექტორში უფრო ფართო ხედვა ვაჩვენოთ, თუნდაც სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით.

ინვესტიციის მოცულობაზეც მინდა გკითხოთ. რა ოდენობის ინვესტიცია ჩადო კომპანიამ პირველი პროექტის განხორციელებისთვის?

პროექტის საბოლოოო ინვესტიციის მოცულობის თქმა ამ ეტაპზე ნამდვილად გამიჭირდება, მანამდე ვიდრე საბოლოო ხე არ დაირგვება კომპლექსში, თუმცა პროექტის დასასრულს სრული ინვესტიცია დაახლოებით 8 მილიონ დოლარს მიაღწევს.

რატომ გადაწყვიტეთ, რომ ინვესტიცია სწორედ საქართველოში განგეხორციელებინათ? საინვესტიციო გარემომ მოგხიბლათ თუ იყო სხვა ფაქტორებიც?

კომპანიის დამფუძნებელში საქართველომ დადებითი ემოციები გამოიწვია. თუ არ ვცდები, პარიზში ვიყავი, როდესაც დამფუძნებელი მირეკავდა საქართველოდან, აბსოლუტურ ეიფორიაში იყო და მითხრა, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა გაგვეკეთებინა რაიმე. ეს იყო გულწრფელი ემოციები.

აქ თანაბრად მიმზიდველია ბუნება და ადამიანების კეთილგანწყობა. ის განსაკუთრებით მოხიბლა ჩვენი ახალი მეგობრების სწრაფვამ პროგრესისა და განვითარებისკენ. ამან შთაგვაგონა გავმხდარიყავით ამ პროცესის მონაწილეები და შემოგვეთავაზებინა საქართველოსთვის ის რაც გვაქვს და ყველაზე უკეთესად გამოგვდის – ჩვენი ბიზნეს გამოცდილება და ევროპული ხარისხის პროდუქტი.

ამას გარდა, 2014 წელს დეველოპერული სექტორი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ზრდის მაჩვენებლებიც დამაკმაყოფილებელი იყო საქართველოში და მიუხედავად აღნიშნულ სექტორში ძალიან ბევრი მოთამაშისა, დღემდე ეს ინდუსტრია პროგრესირებს, მოთხოვნაც მზარდია. აქვე ვიტყვი, რომ სამშენებლო რეგულაციები, რომლებიც ქვეყანაში ამოქმედდა, ჩვენ არამც და არამც არ გვა შინებს, მეტიც, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ხელსაც გვაძლევს, რადგან პროექტს სრულად ევროპული სტანდარტების დაცვით ვაშენებთ, იმ სტანდარტებით, რითაც ლიეტუვაში ვხელმძღვანელობთ. ის ცვლილებები, რომლებიც ამ სექტორში მიმდინარეობს, სასიკეთოდ შეცვლის ვითარებას ბაზარზე.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ბაზარზე შემოსვლა თქვენი განვითარების სტრატეგიის ნაწილი იყო?

თუ Praslas-ის ბიზნესპორტფოლიოს გადახედავთ, ნახავთ, რომ კომპანიას ფილიალები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქვს. საქართველოში ჩავატარეთ დეველოპერული ბაზრის კვლევა, რამაც ცხადყო, რომ ბაზარი მზარდი და განვითარებადია. თუ რატომ თბილისში, ამაზეც მაქვს პასუხი. დეველოპერულ ბიზნესში დედაქალაქი ყოველთვის უფრო რენტაბელურია, ასეა თუ ისე, ყველა მაინც დედაქალაქისკენ ილტვის, თუმცა სამომავლო გაფართოებისთვის, ცხადია, სხვა ქალაქების ათვისებასაც არ გამოვრიცხავთ.

სახელწოდება თქვენს პროექტს უდავოდ ჟღერადი და საინტერესო აქვს, „ნამაი ვაკე“ – რას უკავშირდება აღნიშნული დასახელება და როგორია ზოგადად პროექტის კონცეფცია?

„ნამაი“ ლიეტუვურ ენაზე სახლს ნიშნავს. „სახლი ვაკეში“ – ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც 71 ბინას აერთიანებს. მშენებლობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს და პროექტი 2020 წლის ივნისში დასრულდება. გაყიდვები ამ წლის აგვისტოში დაიწყება. ბინებს ე.წ. მწვანე კარკასის სტადიაზე გავყიდით. რადგანაც ეს პირველი პროექტია საქართველოში და კომპანიას აქვს მისი დასრულებისთვის საჭირო კაპიტალი, წინასწარი გაყიდვები არ დაგვიწყია. გვინდა, რომ პოტენციურ მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება ნახოს არქიტექტურის კონტურები, თავად შეაფასოს არქიტექტურული გადაწყვეტილებები. ასე მათ უფრო გაუმარტივდებათ გადაწყვეტილების მიღება.

რა სტადიაზე ჩაბარდებათ მყიდველებს საცხოვრებელი ბინები?

ბინა რომელსაც ჩვენი მომხმარებელი მიიღებს მზად იქნება საბოლოო მოპირკეთებისთვის – შეღებვისთვის, კაფელის ფილებით მოსაპირკეთებლად, სანათების, სანტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დასამონტაჟებლად. იმუშავებს ცენტრალური დათბუნების და გამაგრილებელი სისტემები – ყველაზე ეფექტური საინჟინრო გადაწყვეტილებები ინდივიდუალური რეგულირებითა და აღრიცხვით თითოეული ბინისთვის. რასაც გამოვყოფდი არის იატაკქვეშ დამონტაჟებული გათბობის სისტემა, რაც იძლევა ბინების თანაბრად და ეკონომიურად გათბობის საშუალებას. რადიატორების არარსებობა კი მეტ თავისუფლებას მისცემს მომხმარებელს ინტერიერის დაგეგმვისას. ცენტრალური ქვაბი და გამაგრილებელი აგრეგატები განლაგებული იქნება კორპუსსების სახურავებზე, რაც აგვარიდებს ხმაურს აივნებსა და შიდა ეზოში, და ასევე შეინარჩუნებს ფასადების მაქსიმალურად ესთეტიურ გარეგნულ მხარეს. ხმაურის თემას გავაგრძელებ და გეტყვით, რომ ოთახების ტიხრები და სართულების გამყოფი კედლები ხმის იზოლაციით იქნება უზრუნველყოფილი, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ხმის გამტარიანობას. სხვა უპირატესობებს რაც შეეხება, ბინის ფასში გათვალისწინებული იქნება ერთი ან ორი საპარკინგე ადგილი ბინის ფართიდან გამომდინარე. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ სადგომის გვერდით მოეწყობა დახურული ინდივიდუალური საკუჭნაოც, რომელიც ასევე ბინის ფასში იქნება გათვალისწინებული.

არის თუ არა ნაფიქრი კომპლექსის ენერგოეფექტიანობის კუთხით?

შენობების ენერგოეფექტიანობა ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. ჩვენ გავთვალეთ ყველაფერი – კედლები დათბუნებულია ახალი თაობის UNULIN PIR მასალებით, რომლის 80მმ-იანი ფენის სითბური კოეფიციენტი უთანაბრდება Rockwoll-ის პროდუქტის 150მმ-იანი ფენის კოეფიციენტს (სითბური კოეფიციენტის შერწყმა პემზის ბლოკთან და მაღალი ხარისხის ალუმინის ფანჯრებთან Reyners-ის პროფილებითა და მზისგან დამცავი ფაქტორით, გვაძლევს ევროპული ბ კლასის ენერგოეფექტიანობას). ამაში უშუალოდ მონაწილეობს გაგრილებისა და გათბობის ეკონომიური ცენტრალური სისტემებიც, ინდივიდუალური რეგულირების საშუალებით ყველა ბინასა და ოთახშიც კი. ისინი უზრუნველყოფილია ავტომატიზირებული აღრიცხვიანობის ფუნქციით თითოეული ბინისთვის. კორპუსების სახურავზე დამონტაჟებული მზის პანელები თავისუფლად გასწვდება და ეყოფა კორპუსების ელექტრომომარაგებას როგორც ლიფტის კუთხით, ასევე შიდა განათებების თვალსაზრისით. სიმძლავრე 60 კილოვატამდეა განსაზღვრული, რაც წელიწადში დაახლოებით 80 000 კილოვატ/ საათამდე ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ იმ გადაწყვეტილებით, რომ არც ერთ კორპუსში ბუნებრივი აირი არ იქნება ხელმისაწვდომი, რაც, თავის მხრივ, ხომ კარგად გესმით, რომ სხვადასხვა რისკს მინიმუმამდე შეამცირებს. სანაცვლოდ ჩვენს მცხოვრებლებს საჩუქრად გადავცემთ ინდუქციურ ელექტროქურებს, დამატებით კი სპეციალურად ასეთი ქურებისთვის განკუთვნილ ქვაბსაც ვუსახსოვრებთ, რადგან ასეთი ტექნიკა შესაბამის აღჭურვილობას საჭიროებს. ერთი სიტყვით ჩვენ ვაძლევთ მომხმარებლებს ქალაქში ყველაზე დაბალი კომუნალური გადახადების გარანტიას.

ინტერვიუს განმავლობაში თქვენ აპელირებთ ხარისხზე, ამიტომ დეტალურად მოგვიყევეთ, რას გულისხმობთ ხარისხიან მშენებლობაში, ეკომეგობრულ და უსაფრთხო კომპლექსში?

როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ვგულისხმობთ სამ მთავარ მომენტს – პროექტული გადაწყვეტილებები, რომელიც მოიცავს არქიტექტურას, კონსტრუქციას და ინჟინერულ ბადეს, ასევე სამშენებლო მასალების შერჩევას და სამუშაოების შესრულების უმაღლეს ხარისხს. ნამაი ვაკეს თითოეული კვ/მ იმდენად მოსახერხებლად არის განაწილებული კომპლექსში, რომ ეს უდავოდ ქმნის კომფორტს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მოსაპირკეთებელი მასალები NAMAI VAKE-სთვის შერჩეულია ევროპელი მომწოდებლებისგან იტალიიდან, ბელგიიდან და საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვიდან და სხვა ქვეყნებიდან. ჩვენი პროექტი არა მარტო ეკოლოგიურ გარემოშია, არამედ თვითონ მასალაც ნატურალური და ეკოლოგიურია. მაგალითად, ტერასები უმაღლესი ხარისხის, მაღალტექნოლოგიურად დამუშავებული ხით იქნება მოპირკეთებული, ეს ჯანსაღი და ამავდროულად კომფორტისთვის განკუთვნილი გადაწყვეტილებაა. მარტო აივნების გასწვრივ დაახლოებით 600-მდე მცენარეს დავრგავთ. ეს იქნება ხეები, დეკორატიული ბუჩქები, ყვავილები. კომპლექსს ეყოლება თავისი მებაღე, ტეროტორიაზე კი განთავსებული იქნება ავტომატური საირიგაციო სისტემები.

როგორც ჩანს, დეველოპერული ინდუსტრია მაინც სიახლეს წარმოადგენს კომპანიისთვის და მისი დამფუძნებლებისთვის. გუნდზე და მის პროფესიონალიზმზე რას გვეტყვით, ეს ხომ მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხია?

პროექტის ავტორმა ბიზნესსაქმიანობა ხის მასალების წარმოებითა და იმპორტ- ექსპორტით დაიწყო, შემდეგ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიაში შევიდა, მას შემდეგ ლოგისტიკის სფეროში და ა.შ. თუ გაქვს ფი ნანსური კაპიტალი და მკაფიო ბიზნესხედვა, პროფესიონალების შემოკრება და კვალიფიციური გუნდის ჩამოყალიბება არასდროს არის შეუძლებელი. გუნდის ფორმირება ისე მოხდა, რომ, მაგალითად, მშენებლობის ხელმძღვანელი ლიეტუველია, არქიტექტორები და ინჟინრებიც ლიეტუველები არიან, კონსტრუქტორი და გეოლოგები კი – ქართველები. ქართველი და ლიეტუველი სპეციალისტების ამ სინერგიით ძალიან ბევრის მიღწევა შეგვიძლია.

თავად აღნიშნეთ, რომ დეველოპერული ბაზარი მზარდია და, შესაბამისად, კონკურენციაც მატულობს სფეროში. კონკურენტულ უპირატესობად რას გამოყოფდით თქვენს პროექტში?

ცხადია, ბაზარზე ძალიან ბევრი მოთამაშეა, თუმცა მნიშვნელობა აქვს სეგმენტს. ჩვენს სეგმენტში ანუ პრემიუმ-სეგმენტში მოთამაშე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თუნდაც ეკონომ-სეგმენტში. მაგრამ კონკურენცია აქაც საკმაოდ მაღალია. ჩვენი პროექტი პირველ რიგში გამორჩეული იქნება არქიტექტურის განსაკუთრებული სტილითა და სამუშაოს შესრულების ხარისხით. სხვა საკვანძო უპირატესობებია: ენერგო ეფექტიანობა, ხმის იზოლაცია ბინებში, ბინების მაქსიმალურად მოსახერხებელი დაგეგმარება, დიდი ტერასები და აივნები, ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტილებები. ზოგიეთ სახლს თავისი კერძო აუზი ექნება. პროქტში გათვალისწინებულია ცალკე საპარკინგე ადგილი სტუმრებისთვის. კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა ფუნქციონალური სავარჯიშო დარბაზი თავის საბავშვო კუთხით და ბევრი სხვა. ერთ- ერთ მნიშვნელოვან უპირატესობად პროექტის საოცარ ლოკაციას გამოვყოფდი. ის მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მაგრამ ამავდროულად ვაკის რაიონის ერთ- ერთ ყველაზე მწვანე ნაწილში, კუს ტბიდან 600 მეტრში.

ვფიქრობ, მოკლე მონახაზი მაინც გექნებათ სამომავლო გეგმების საქართველოს ბაზარზე.

გეგმა ბევრი გვაქვს, თუმცა პირველ რიგში გვინდა, რომ ქართულ ბაზარზე თავი დავიმკვიდროთ როგორც გამორჩეული არქიტექტურისა და მაღალი ევროპული ხარისხის მქონე კომპანიამ. ზოგადად ვფიქრობ, რომ თუ გინდა, დეველოპერული ბიზნესი წარმატებული იყოს, ის ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განავითარო, კონკრეტული სტრატეგიისა და პორტფოლიოს მიხედვით. ჩვენ პირველ პროექტს ვუყურებთ არა როგორც მაქსიმალური მოგების ნახვის შესაძლებლობას, არამედ როგორც სახელისა და რეპუტაციის მოპოვების შესაძლებლობას ისევ და ისევ ჩვენი ხარისხით.  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *