საქართველო-რუმინეთის 300 - წლიანი ურთიერთობები

2019 წლის 9 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა. ამ თამაშს ერთი თავისებურება ახასიათებდა: იგი საქართველო-რუმინეთის ურთიერთობების 300 წლისთავს ეძღვნებოდა.

რაგბიში საქართველოს უპირატესობა რუმინეთზე შემდგარი ფაქტია, რასაც ვერ ვიტყვით ეკონომიკაზე. 2017 წელს რუმინეთის მთლიანმა შიდა პროდუქტმა ერთ სულ მოსახლეზე 11 ათას აშშ დოლარამდე შეადგინა (მიმდინარე აშშ დოლარი), ხოლო საქართველოში ეს მაჩვენებელი 4 ათასი აშშ დოლარი იყო, ანუ საქართველოს ეკონომიკა თითქმის 3-ჯერ მეტი უნდა იყოსიმისათვის, რომ რუმინეთის შემოსავლების დონეს დაეწიოს. მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით კი ერთ სულ რუმინელზე ეკონომიკის წილი 27 ათას დოლარამდეა, ხოლო ქართველზე 11 ათასამდე, ანუ 2,5-ჯერ ნაკლები (The World Bank Data, 2019).

საქართველო-რუმინეთის ურთიერთობები 2017 წელს ნამდვილად არ დაწყებულა. ამ ორი ქვეყნის წარსული, განსაკუთრებით ისტორიული გამოწვევების თვალსაზრისით, ერთმანეთის მსგავსია. საგულისხმოა, რომ ორივე ერის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება მართლმადიდებლობას. როგორც საქართველოს, ისე რუმინეთის ნაციონალური კულტურები სწორედ აღმოსავლეთქრისტიანული ეკლესიის გავლენით ჩამოყალიბდა. რელიგია აღმოჩნდა ის ძლიერი ისტორიული ხიდი, რომელმაც რუმინეთი და საქართველო 300 წლის წინ დააკავშირა. 1650 წელს ქართლში დაბადებული ანდრია, შემდგომში ანთიმოზ ივერიელად წოდებული, 1691 წელს ვლახეთის მაშინდელმა მმართველმა თავისი ტიპოგრაფიის ხელმძღვანელად დანიშნა ქალაქ ბუქარესტში, ხოლო 1708 წელს იგი უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტად აკურთხეს და რუმინელების წინაშე მისი განსაკუთრებული ღვაწლის გამო 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. თუმცა მისი ფართო საეკლესიო, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოღვაწეობა მაშინდელი რუმინეთის ფარგლებს საგრძნობლად სცდებოდა. ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის ინიციატივით, სწორედ ანთიმოზ ივერიელის მოწაფემ მოაწყო პირველი ქართული სტამბა თბილისში 1708-1709 წლებში.სწორედ ამ ისტორიულ კავშირებს ეძღვნება 300-წლიანი ურთიერთობების აღნიშვნა 2019 წელს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუმინეთს აპრილში ეწვია. ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კუთხითაც, ვინაიდან ამჟამად ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა რუმინეთია. სწორედ რუმინეთის ევროპული გზა აღმოჩნდა ის ისტორიული ბედი თუ არჩევანი, რომლის გამოც საქართველოსა და რუმინეთის განვითარებას შორის დიდი სხვაობაა, თორემ 1990 წელს ორივე ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის წილი თანაბარი იყო და იგი დაახლოებით 1600 აშშ დოლარს შეადგენდა (მიმდინარე აშშ დოლარი).

დამოუკიდებლობის პირველი წლები ორივე ქვეყნისთვის რთული იყო.  მიუხედავად ევროპასთან ახლო გეოგრაფიული მდებარეობისა და ისტორიულ-კულტურული კავშირებისა, რუმინეთის წინაშე მწვავედ დადგა საბჭოთა ეკონომიკის ჩამოშლისა და ტერიტორიულ-ეთნიკური კონფლიქტების საფრთხეები. ხუთწლიანი ვარდნის შემდეგ 1995 წელს რუმინეთის ერთ სულ მოსახლეზე მშპ ძველ, 1990 წლის ნიშნულს - 1600 აშშ დოლარს დაუბრუნდა, ხოლო საქართველო ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისს განიცდიდა და ეს მაჩვენებელი საქართველოში 600 დოლარამდე დაეცა. ის, რასაც რუმინეთში ხუთი წელი დასჭირდა, საქართველოში 2005 წლამდე გრძელდებოდა - 15 წელი ნაცვლად ხუთისა. რუმინელებისგან განსხვავებით, ქართველებმა ვერ შევძელით ტერიტორიულ-ეთნიკური კონფლიქტებისა და პროვოკაციების თავიდან აცილება. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ შიდა ტერიტორიული კონფლიქტებისა და სამოქალაქო დაპირისპირების გეოგრაფიული ლოკალურობის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის ნგრევამ საერთო ეროვნული სახე მიიღო.

1990 წლისათვის ყოფილი საბჭოთა და სოციალისტური რესპუბლიკების ეკონომიკები სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. 80-იანი წლებიდან მოყოლებული პრაქტიკულად ყველა ინდუსტრია სოფლის მეურნეობის ჩათვლით მნიშვნელოვან სირთულეებს განიცდიდა მათი საერთო ჩამორჩენისა და რეინვესტირების მუდმივი სიმცირის გამო. 1990 წლისათვის ქარხნების უმეტესობა სრულ ან საგრძნობ გადაიარაღებას საჭიროებდა, ხოლო ამისათვის მილიარდობით ინვესტიციები იყო საჭირო, რასაც სამოქალაქო დაპირისპირება ხელს ვერ შეუწყობდა. ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ნაწილმა შედარებით სწრაფად მოახერხა ამ სირთულეების დაძლევა, ასეთები იყვნენ პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ა.შ. სხვა ქვეყნებში პროცესი უფრო მეტად გაიწელა, მათ შორის უნგრეთშიც, რუმინეთშიც, ბულგარეთსა და სხვაგან; ხშირად პრივატიზება ღია კორუფციულ ინტერესებს ემსახურებოდა ან საერთოდ არ ხორციელდებოდა განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ყოფილი მმართველები კი მკაცრად დასაჯეს, მაგრამ ხელისუფლება ისევ რებრენდირებულმა კომუნისტურმა პარტიებმა შეინარჩუნეს.  საქართველოს შემთხვევა ყველასთან, მათ შორის უშუალო მეზობლებთან შედარებითაც კი უნიკალურია იმ ღრმა და ყოვლისმომცველი ნგრევის გამო, რაც ჩვენ ჩვენს თავს მოვუწყვეთ. რეალურად, საქართველოს ეკონომიკა აგურ-აგურ დაიშალა, ჯართად დაიჭრა და გაიყიდა.

2007 წელს რუმინეთი ევროკავშირში შევიდა, რაც დადებითად აისახა მის ეკონომიკაზე, თუმცა რუმინული ეკონომიკა უკვე 2002 წლიდან წარმატებით ვითარდებოდა. როდესაც რუმინეთი 2008 წელს ევროკავშირში გაწევრიანების წლისთავს ზეიმობდა, საქართველო მორიგ სამხედრო კონფლიქტში - რუსეთ-საქართველოს ომში ჩაება. საინტერესოა, რომ ეს ომი ბუქარესტის სახელს უკავშირდებოდა. 1708 წელს ბუქარესტიდან საქართველოში განათლების, “ნოუ-ჰაუს” ტრანსფერი განხორციელდა. 2008 წელს კი ბუქარესტი სხვაგვარად ჩაიწერა საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, სწორედ იქ 2008 წლის 3 აპრილს გამართული ნატოს სამიტის გადაწყვეტილება გახდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ერთ-ერთი მოტივატორი.

ამის მიუხედავად, 2003-2012 წლებში საქართველოს ზრდის ტემპები 1,5 – 2-ჯერ უსწრებდა რუმინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპებს, რასაც რუმინეთისა და საქართველოს ეკონომიკებს შორის არსებული სხვაობის შემცირება მოჰყვა პირველად 1990 წლიდან, თუმცა ეს წარმატება დიდხანს არ გაგრძელდა.

2012 წლიდან რუმინეთმა ისევ მოიპოვა უპირატესობა საქართველოზე და განსაკუთრებით 2015 წლიდან მისი ეკონომიკა გაცილებით დინამიკურად ვითარდება. რეალობა ამგვარია, რომ თუ საქართველო ვერ მოახერხებს, განვითარდეს უფრო სწრაფად, ვიდრე რუმინეთი, ის ვერასდროს დაეწევა ცხოვრების დონით სხვა ევროპულ ქვეყნებს, რომელთა განვითარების დონეც ასე გვიზიდავს და იზიდავს ჩვენს თანამოქალაქეებს. საქმე ისაა, რომ რუმინეთი თავად გახლავთ ევროკავშირის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა, უფრო სწორედ კი მასზე ღარიბი ევროპულ გაერთიანებაში მხოლოდ ბულგარეთია.

გასულ თვეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ “საქართველოს პოტენციური ეკონომიკური ზრდა 5%-ია. ამ მაჩვენებლის 5%-დან 5.5%-მდე შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საშუალოვადიან 3-5-წლიან პერიოდში, იმ ეკონომიკური გამოწვევების საპასუხოდ, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას”. ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევები ყველა ქვეყანას გააჩნია, მაგრამ მათი “პასუხი” ვერ გახდება ქვეყნის სწრაფი განვითარების საწინდარი, ხოლო პოტენციალი შექმნილ რესურსებსა და შესაძლებლობებს ემყარება, ანუ ის შეიძლება შეიცვალოს.

საგულისხმოა, რომ რაგბის თამაში საქართველოს უხსოვარ დროს არ დაუწყია და ის ჩვენთვის უფრო ახალი სპორტის სახეობაა, ვიდრე თუნდაც ფეხბურთი, მაგრამ ჩვენ მას ვთამაშობთ და თან კარგად. სწორედ ასევე არის შესაძლებელი შეიქმნას სხვა დამატებითი ეკონომიკური განვითარების საფუძვლები, ისეთი, როგორიც, მაგალითად, ტურიზმია, რომელიც ერთი “ახირებიდან” ყველას ინდუსტრიად იქცა, განხორციელდეს ისეთი მსხვილი პროექტები, რომლებიც სრულიად ახალ მუხტს შესძენენ ჩვენს ეკონომიკას, როგორიცაა ანაკლია; შეიცვალოს მიდგომა მასიური ეკონომიკური პროცესებისადმი, რათა მათგან ქვეყანამ დამატებითი სარგებლის მიღება შეძლოს, როგორიცაა მაგ. ურბანიზაცია და ასე შემდეგ.

ასეთ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ როგორც პოტენციური ზრდის შენარჩუნებას, ისე ზრდის ახალი პოტენციალის ათვისებასაც და ეს არა სასურველი სცენარი, არამედ ეგზისტენციალური ამოცანაა. თუ საქართველოს განვითარება იმგვარად წარიმართა, როგორც ვითარდებიან უკვე დასახელებული აღმოსავლეთევროპული ქვეყნები, მაშინ ახლავე შევეგუოთ იმ აზრს, რომ ერთადერთი, რაშიც მათ მოვუგებთ ხოლმე, ისევ რაგბი იქნება და ესეც დიდხანს ვერ შენარჩუნდება.

ჩვენ გირჩევთ

ბალტიკური გამოცდილება ქართულ ბაზარზე

საქართველოს საბანკო სექტორის ძირითადი პარამეტრები

ბალტიკური გამოცდილება ქართულ ბაზარზე

ბალტიკური გამოცდილება ქართულ ბაზარზე

წინა სტატია

თამბაქოს ტრანსფორმირება რეგულირებულ გარემოში
17 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

ბოლო ორ წელში მიკროსაფინანსოების რაოდენობა 30-ით შემცირდა
17 ივლისი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა