"მოერიდეთ აქციებს", "არ ჩახვიდეთ პანკისში" - რაზე აფრთხილებენ საგარეო უწყებები თავის მოქალაქეებს

სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია მსოფლიოს ქვეყნებში მოგზაურობაზე. კერძოდ, ოფიციალური უწყებები თავის მოქალაქეებს კონკრეტულ ქვეყანაში გამგზავრებამდე გარკვეულ რჩევებს აძლევენ.

ზოგიერთი ქვეყნის საგარეო უწყების დახასიათება მხოლოდ ზოგადი სახისაა, თუმცა მაგალითად ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები საკუთარ მოქალაქეებს თითოეულ ქვეყანაზე დეტალურ აღწერას აწვდიან.

ბუნებრივია, რომ ყველა ქვეყნის საგარეო უწყება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ საქართველოში მოგზაურობისას არ გადავიდნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე თავი შეიკავონ ე.წ. საზღვრისპირა ტერიტორიებზე მოგზაურობისგან.

თუმცა, გარდა ამისა, ასე მაგალითად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ პანკისის ხეობისგანაც. მიზეზად სახელდება პოტენციური სამოქალაქო არეულობა და უსაფრთხოების ნორმები. საგარეო უწყების ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ საელჩოს თანამშრომლებისთვისაც არსებობს გარკვეული შეზღუდვები აღნიშნულ რეგიონში მოგზაურობისას.

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებას მიაღწია საზღვრისპირა რეგიონებში ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, ამერიკის მოქალაქეებს მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, - ვკითხულობთ უწყების ინფორმაციაში, სადაც აღნიშნულია, რომ რეგიონში წარსულში ადგილი ჰქონდა ISIS-ში რეკრუტირებას, ასევე დადასტურდა ზოგიერთი ცნობილი ტერორისტის კავშირი პანკისის ხეობასთან.

ღამით მგზავრობის შემთხვევაში აშშ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ იქონიონ კერძო ავტომობილი, ან იმგზავრონ მხოლოდ ლიცენზირებული ტაქსით ან ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რომელსაც უსაფრთხოების ღვედები აქვს.

აშშ LGBTI მოქალაქეებსაც აფრთხილებს: "LGBTI პირები წარსულში გამხდარან თავდასხმის ობიექტები“.

აშშ-ს საგარეო უწყება მიუთითებს, რომ დიდი ქალაქების გარდა, საქართველოში შეზღუდულია სამედიცინო პუნქტების რაოდენობა.
დახასიათებაში ნახსენებია ქართული სანელებლები, სადაც ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა.

კიდევ ერთ გაფრთხილებას ვხვდებით საავტომობილო გზებთან დაკავშირებითაც. "საგზაო და სატრანსპორტო პირობების გათვალისწინებით ღამით მგზავრობა განსაკუთრებით საშიშია, რადგან გზებზე ხშირად არ გხვდებათ განათება, საავტომობილო გზაზე შეხვდებით პირუტყვს. აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს ქალაქ გარეთ ღამით მგზავრობა აკრძალული აქვთ. მძღოლები საქართველოში ხშირად არღვევენ საგზაო წესებს“.

საგარეო უწყებები მოქალაქეებს საქართველოში მიმდინარე დემონტრაციებზეც აფრთხილებენ. ასე მაგალითად, აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს თავი აარიდონ იმ ადგილებს, სადაც საპროტესტო აქციები იმართება. "მშვიდობიანი დემონტრაციაც კი შესაძლოა გადაიქცეს ძალადობრივ სიტუაციაში, ისე რომ ეს ვერ შეამჩნიოთ წინასწარ“.

რაც შეეხება ბრიტანეთის საგარეო უწყებას, ის თავის მოქალაქეებს მხოლოდ აცნობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 20 ივნისის შემდეგ პარლამენტთან პროტესტი გრძელდება და ურჩევს მოქალაქეებს თავი შეიკავონ იმ ადგილებისგან, სადაც მასშტაბური დემონსტრაციებია.
ბრიტანეთის უწყება აღნიშნავს, რომ საქართველოში კრიმინალის დონე დაბალია, თუმცა აქვე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ყოფილა უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაყაჩაღების ფაქტები.

ბრიტანეთი თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ყოფილა სექსუალური და ეთნიკური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის ფაქტები. "ქვეყანაში ადგილი ჰქონია სექსუალური და რასობრივი ნიშნით შევიწროებასა და თავდასხმას“.

აშშ-ს მსგავსად ბრიტანეთიც მოუწოდებს თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ ქუჩაში გაჩერებული ტაქსით მგზავრობისგან.

"მთავარი ქუჩებისგან მოშორებით ტერიტორიები შესაძლოა არ დაგხვდეთ განათებული, აქ ბორდიურები შესაძლოა არ იყოს მოწესრიგებული, ისევე როგორც სამანქანო გზა. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ელექტროენერგიის მოკლევადიან გათიშვასაც, ასე რომ თან იქონიეთ ფარანი. თუკი გადაწყვეტთ დავით გარეჯის და უდაბნოს მონახულებას, ფრთხილად იყავით, რათა არ გადაკვეთოთ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი, რომელიც ამ ტერიტორიაზე გამოყოფილი არ არის“.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვხვდებით გაფრთხილებას საქართველოს ზამთრის კურორტებზე მოგზაურობაზეც. კერძოდ, უწყებას კვლავ აქვს მითითებული გასულ წელს გუდაურის საბაგიროზე მომხდარი ფაქტი, როდესაც საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის გამო, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. აქვე უწყება იმასაც წერს, რომ მთაში არსებულ ამინდზე ან ზვავსაშიშროებაზე ინფორმაციის წინასწარ მიღება შესაძლოა რთული იყოს.

"საქართველოს მთავრობა მუშაობს, რათა მთაში უსაფრთხოების სტანდარტები დაცული იყოს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს შესაძლოა ასე არ იყოს“.

აშშ-ს მსგავსად, ბრიტანეთიც წერს, რომ თბილისის გარეთ სამედიცინო პუნქტების რაოდენობა შეზღუდულია.

ჩვენ გირჩევთ

სელექტი - პერსონალიზებული მომსახურება ტერაბანკისგან

სელექტი - პერსონალიზებული მომსახურება ტერაბანკისგან

სელექტი - პერსონალიზებული მომსახურება ტერაბანკისგან

სელექტი - პერსონალიზებული მომსახურება ტერაბანკისგან

წინა სტატია

სელექტი - პერსონალიზებული მომსახურება ტერაბანკისგან
18 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

შემოსავლიანი სექტორები ბანკებისთვის
18 ივლისი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა