მსოფლიოს 10 უბედნიერესი ქვეყნის რეიტინგი

მოდი, ერთი წუთით დავფიქრდეთ: რას ნიშნავს ბედნიერება?
ადამიანთა უმრავლესობისათვის ბედნიერება გულისხმობს საკმარის ფულს, რათა შევიძინოთ ის, რაც გვსურს: ლამაზი სახლი, საკვები, ტანსაცმელი, ავტომობილი, ფუფუნების საგნები, შეგვეძლოს გართობა, დასვენება... ერთი სიტყვით, ყველაფერი. რა თქმა უნდა, საღი აზრის ფარგლებში.
მაგრამ ბედნიერება ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ფული. იგი გულისხმობს ჯანმრთელობას, ტკივილის გარეშე ცხოვრებას, ადამიანის უნარს, იზრუნოს საკუთარ თავზე. ბედნიერებაა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნოდ დასვენების შესაძლებლობაც.
მეტიც, ბედნიერება მოიცავს საკუთარი აზრისა და შეხედულებების უშიშრად გამოხატვის შესაძლებლობას, რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას, უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განცდას.
ბედნიერება გულისხმობს კარგი განათლების მიღების, საკუთარი სამეწარმეო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობას. რა უნდა იყოს იმაზე კარგი, როდესაც შეგიძლია შენი იდეები წარმატებულ ბიზნესად აქციო; როდესაც იცი, რომ რაც უფრო მეტი გულმოდგინებით შრომობ, მით უფრო დაგიფასდება.
სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ხუთი წლის წინ ლონდონის ლეგატუმის ინსტიტუტის (Legatum Institute) მკვლევარებმა დაიწყეს მსოფლიოს უბედნიერესი ქვეყნების რეიტინგის დადგენა და გამოქვეყნება. მაგრამ ვინაიდან სიტყვა „ბედნიერება" ზედმეტად პოეტურად მოეჩვენათ, იგი „კეთილდღეობით" შეცვალეს.

1.ნორვეგია
ნორვეგია პირველ ადგილზეა მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ მოსახლეზე (წელიწადში $53 ათასი), ჯანდაცვისთვის გაღებული ხარჯით კი მხოლოდ აშშ-ს ჩამორჩება და, მაშასადამე, მეორე ადგილს იკავებს. ნორვეგიელების 74%-ს შეურყეველი ნდობა აქვს თანამოქალაქეებისადმი, 94% კმაყოფილია გარემოთი, რომელშიც ცხოვრობს და 93%-ს სჯერა, რომ გულითადი მუშაობა მათ სოციალურ დაწინაურებას განაპირობებს. ნავთობისა და გაზის დიდი რეზერვებიც თავის საქმეს შვება.

2.დანია
მსოფლიოში საუკეთესო გარემო სტარტ-აპისთვის, სრულყოფილი განათლების სისტემა, სამოქალაქო თავისუფლებების სიჭარბე. დანიაში განსაცვიფრებელია ნდობა სახელმწიფოსა და თანამოქალაქეების მიმართ. ცხოვრების სტანდარტით, დანიელები პირველ ადგილზე არიან მსოფლიოში.

3.ფინეთი
საუკეთესო განათლება, უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა, პირადი თავისუფლებების სიუხვე, ნდობით აღჭურვილი სახელმწიფო, სიმშვიდე. კვლევა-განვითარებაზე კონცენტრირება და ბიზნესის დაწყების კარგი შესაძლებლობა ფინეთის ეკონომიკის სიძლიერეს განაპირობებს. თუმცა, როგორც მოსალოდნელია სიმდიდრის გადანაწილების მომხრე ქვეყნების შემთხვევაში, ფინელების მხოლოდ 75%-ს სჯერა, რომ შრომის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული სიბეჯითე მკვეთრი სოციალური დაწინაურების გარანტი იქნება.

4.ავსტრალია
საუკეთესო განათლება, პირად თავისუფლებათა შეუვალობა,შეკრული საზოგადობა. ავსტრალიის ეკონომიკა ძლიერია. შემოსავლების უდიდესი წილი ნედლეულის ექსპორტზე მოდის. ეს ქვეყანა კარგი ადგილია ბიზნესის დასაწყებად და მოსახლეობაც ენდობა სახელმწიფოს.

5.ახალი ზელანდია
ახალი ზელანდია პირველ ადგილზეა განათლების რეიტინგში. ამ ქვეყნის მოქალაქეები ენდობიან და ეხმარებიან ერთმანეთს. ახალი ზელანდია სამოქალაქო თავისუფლებების თვალსაზრისითაც პირველ ადგილს იკავებს. მოსახლეობის 94% ფიქრობს, რომ ისინი მშვენიერ გარემოში ცხოვრობენ (დანარჩენი 6% ალბათ ბრმაა).

6.შვედეთი
შვედეთი მეორე ადგილზეა ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობით. სახელმწიფო ბევრს ხარჯავს კვლევა-განვითარებისთვის. თუმცა, სიმდიდრის გადანაწილების სისტემა შვედებს აიძულებს იფიქროს, რომ ბევრი შრომა არ არის მილიარდერობის საწინდარი. სამოქალაქო თავისუფლებები დაცულია.

7.კანადა
კანადა გამოირჩევა პირადი თავისუფლებების სიუხვით და კეთილგანწყობით ემიგრანტების მიმართ. კორუფციის დონე დაბალია, სოციალური კაპიტალი კი მაღალი. კანადელები მგზნებარე სოლიდარობას ავლენენ და ყოველთვის მზად არიან შეწირულობების გასაღებად. მოსახლეობის სამ მეოთხედს სჯერა, რომ მათი ქალაქები მშვენიერ პირობებს სთავაზობს ახალბედა ბიზნესმენებს.

8.შვეიცარია
კორუფციის უმნიშვნელო დონე, წესრიგი და საუკეთესო შესაძლებლობა განათლების მისაღებად შვეიცარიელებს სახელმწიფოსადმი რწმენას უმყარებს. ფინანსური ინსტიტუტები ძლიერი და სანდოა, დაუფარავი სესხების მაჩვენებელი 0,5%-საც ვერ აჭარბებს, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მეწარმეობისთვის შვეიცარია საუკეთესო კლიმატს გვთავაზობს.

9.ნიდერლანდების სამეფო
ნიდერლანდების სამეფოში ძალიან მაღალია პირადი თავისუფლებების მაჩვენებელი. მოსახლეობის 88% კმაყოფილია შესაძლებლობით აირჩიონ საკუთარი ცხოვრების წესი. ჰოლანდიელები ნდობით არიან გამსჭვალულები თანამოქალაქეებისა და სახელმწიფოს მიმართ.

10.აშშ
ჯანდაცვის კუთხით ერთ სულ მოსახლეზე სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხებით აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში. გარდა ამისა, აშშ მეწარმეების ქვეყანაა, რომელიც სალიცენზიო გადასახადებითაა უზრუნველყოფილი წელიწადში 90 მილიარდიანი შემოსავალით. ამერიკელების თითქმის 90% ფიქრობს, რომ თუკი შრომას არ დაიზარებენ, ყველაფერი მიღწევადია.

 

წინა სტატია

Apple – ხელგაშლილი მხარჯველი
01 თებერვალი, 2012

შემდეგი სტატია

მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული ფეშენებელური სასტუმროები
02 თებერვალი, 2012
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა