კრისტინ ლაგარდის რჩევა ქალებს: დაკრიჭეთ კბილები და გაიღიმეთ!

თქვენ ყოველდღე გიწევთ საკუთარი თავის გამართლება, დარწმუნება, წინსვლა და გამოწვევების მიღება. ამავროულად თქვენ მუდმივად შეგაქვთ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში”, - ამბობს კრისტინ ლაგარდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მეშვიდე ადგილი დაიკავა Forbes ის მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში. 2011 წელს კრისტინ ლაგარდი დაინიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გენერალურ დირექტორად. წარმოშობით ფრანგი კრისტი ლაგარდი არა მხოლოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერია, არამედ იგი განსაკუთრებული, მისაბაძი მაგალითია როგორც უკვე შემდგარი, ასევე მომავალი ლიდერებისათვის. მართალია, ლაგარდის კარიერა ერთნაირი წარმატებით ვითარდებოდა კერძო და სახელმწიფო სექტორში, მაგრამ მის მიერ დაკავებული თანამდებობები ყოველთვის სტრესსა და დიდ წნეხთან იყო დაკავშირებული. ლაგარდს მუდმივად უხდებოდა გენდერული ბარიერების დამსხვრევა ტრადიციულად მამაკაცების მიერ დომინირებულ სასამართლო, პოლიტიკურ და ფინანსურ სამყაროში. მისი ამჟამინდელი თანამდებობაც არ არის გამონაკლისი.

კრისტინ ლაგარდი პირველი ქალია, რომელიც სათავეში ჩაუდგა 188 წევრ ქვეყნისაგან შემდგარ ფინანსურ ორგანიზაციას. ლაგარდის ამ თანამდებობაზე დანიშვნა დაემთხვა გლობალურ ფინანსურ კრიზისს და მისი წინამორბედის – დომინიკ სტროს-კანის ირგვლივ ატეხილ სკანდალს. ასეთი რთული დაბრკოლებების ფონზე კრისტინ ლაგარდი მაინც ახერხებს იყოს ნაწილობრივ ბანკირი და ასევე ექიმი – იგი მუდმივად ახორციელებს მსოფლიოს პრობლემური ქვეყნების ფინანსური მდგომარეობისა და სტაბილურობის დიაგნოსტიკასა და მონიტორინგს იმ მიზნით, რომ დაეხმაროს მათ ფინანსურად ფეხზე წამოდგომაში.

ცოტა ხნის წინ მე მომეცა შესაძლებლობა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველთან მესაუბრა მის შესანიშნავ და საკმაოდ არატრადიციულ კარიერულ გზაზე, მამაკაც და ქალ ლიდერებს შორის განსხვავებებსა და ყველაზე რთულ გამოწვევებზე, რომლებსაც ლაგარდი წააწყდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალის ტიტულის მოპოვებამდე.

ამას არავითარი კავშირი არა აქვს ბიჭების კადრს მიღმა დატოვებასთან

მთელი თავისი კარიერის მანძილზე ლაგარდი ქალთა უფლებების დაუღალავი დამცველი იყო. იგი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ქალებისათვის ახალი შესაძლებლობების გახსნა სულაც არ გულისხმობდა ნულოვანი ჯამის მქონე განტოლებას – ანუ ქალების მიღწევები არ უტოლდებოდა მამაკაცების დაკარგულ შესაძლებლობებს. მას მაგალითად მოჰყავს იაპონია – ქვეყანა, რომელიც განთქმულია თავისი პატრიარქალური კულტურით. ლაგარდის აზრით, იაპონიის ეკონომიკური სტაგნაცია მჭიდროდ არის დაკავშირებული იქ გაბატონებულ პატრიარქალურ სისტემასთან. ფართოდ გავრცელებული გენდერული დისკრიმინაცია და შრომით ბაზარზე ქალებისათვის კონსტრუქციული მხარდაჭერის ნაკლებობა იაპონიის ეკონომიკაზე დესტრუქციულად მოქმედებს. იაპონია ვერ იყენებს თავისი ინტელექტუალური, ნიჭიერი და უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობის ნახევრის შესაძლებლობებს, რაც უარყოფითად მოქმედებს მის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

„ამას არავითარი კავშირი არა აქვს ბიჭების კადრს მიღმა დატოვებასთან, – ამბობს ლაგარდი. – ჩვენთვის მთავარია, ჩარჩო ისე გავაფართოოთ, რომ ქალებსაც და კაცებსაც თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი შრომით ბაზარზე, შეეძლოთ თავიანთი წვლილის შეტანა ეკონომიკის განვითარებასა და ზრდაში, ჰქონდეთ სამუშაო და ა.შ.”

თქვენი ბავშვობა მთელი ცხოვრების მანძილზე თქვენთან რჩება

ლაგარდი აღიარებს, რომ, მიუხედავად მისი საოცრად წარმატებული კარიერისა ძირითადად მამაკაცების მიერ დომინირებულ პროფესიებში, იგი მაინც აწყდება გენდერულ დისკრიმინაციას. ამ დაბრკოლებების გადალახვაში ლაგარდს თავისი ბავშვობა ეხმარება. „მე წილად მხვდა ბედნიერება, მეცხოვრა არაჩვეულებრივ ქალბატონებთან ერთად, იქნება ეს ჩემი ბებია თუ დედა, – ამბობს ლაგარდი. – 16 წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა... მე ვარ მოწმე იმისა, თუ როგორ უძღვებოდა ერთი ქალი მთელ ოჯახს და ყველაფერს დაუხმარებლად, თავად აგვარებდა... იგი მისაბაძი მაგალითია ჩემთვის”.

დაკრიჭეთ კბილები და გაიღიმეთ

როდესაც ლაგარდს ვკითხე, თუ რა რჩევას მისცემდა იგი იმ ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთ კარიერულ აღმასვლას, მან დაუფიქრებლად მიპასუხა: „დაკრიჭეთ კბილები და გაიღიმეთ. თუ უსიამოვნებას წააწყდით, მაშინ ჯობს, წახვიდეთ. ისინი თქვენი ღირსი არ არიან”.

გახსოვდეთ, რომ ცხოვრება საოცარი რამ არის

როგორ უმკლავდება მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ქალბატონი მის პასუხისმგებლობებთან დაკავშირებულ წნეხს? „ასეთია ცხოვრება, – აღიარებს ლაგარდი. – ცხოვრება კი ყოველდღე აღსავსეა საოცარი თავგადასავლებითა და გამოწვევებით... თქვენ ყოველდღე გიწევთ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცება”.

ნუთუ ეს მარტივი და ამავდროულად გასაოცარი მსოფლმხედველობა არის კრისტინ ლაგარდის უპირობო წარმატების საიდუმლო? ვფიქრობ, მე მივიღე პასუხი ჩემს კითხვაზე: „ასე გააგრძელე. ცხოვრება საოცარია. ნუ დაყრი ფარ-ხმალს”

წინა სტატია

ევროკავშირი დასასრულის ზღვარზე
11 მაისი, 2015

შემდეგი სტატია

აქსესუარები: ჯეფ კუნსი PROJECT PERPETUAL-სთვის
11 მაისი, 2015
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა