TBC, 16.7 მილიონი და ანაკლია - რას ედავებიან მამუკა ხაზარაძეს? საქმის ქრონოლოგია

დღეს, 24 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი“ ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

როგორც ცნობილია, საქმე ეხება ჯერ კიდევ 2008 წლის ტრანზაქციას. განვითარებული მოვლენები არაერთ კითხვას უჩენს როგორც საზოგადოებას, ასევე არასამთავრობო სექტორს.

ხაზარაძის ირგვლივ მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა:

2018 წლის 12 ივლისი

პრესაში იწერება, რომ “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას გეგმავენ. პროკურატურამ ბანკის ბოლო 15 წლის საქმიანობა უნდა შეისწავლოს. “თიბისი ბანკმა” პრესაში გავრცელბული ეს ინფორმაცია უარყო.

2018 წლის 13 ივლისი

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “თიბისი ბანკის” წინააღმდეგ სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, უარყოფს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

2018 წლის 17 ივლისი

პრემიერ მინისტრს დაქვემდებარებულმა სსიპ-მა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა “თიბისი ბანკიდან” კონკრეტულ ტრანზაქციებში ჩართული პირების შესახებ ინფორმაცია (საბანკო ამონაწერების ჩათლით) გამოითხოვა.

2018 წლის 24 ივლისი

ბიძინა ივანიშვილის განცხადება პირველი არხის ეთერში, სადაც კვირიკაშვილის შეცვლის მიზეზებზე ისაუბრა: “ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური.”

2018 წლის 2 აგვისტო

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 11 წლის წინანდელ საქმეზე დაიწყო გამოძიება “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სავარაუდო ფაქტზე. პროკურატურის განცხადების თანხმად: “გამოძიებით დადგენილია, რომ  2008 წლის აპრილში და მაისში, შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M”-მა, ,,თიბისი ბანკი”-სგან, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც ,,თიბისი ბანკმა” საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს.  2008 წლის ბოლოს, თიბისი ბანკმა, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას.”

2018 წლის 9 აგვისტო

9 აგვისტოდან 23 აგვისტომდე ეროვნული ბანკმა ჩაატარა “თიბის ბანკის” მიზნობრივი შემოწმება “სამგორი M-ის” და “სამგორი თრეიდის” ტრანზაქციებთან დაკავშირებით. “სამგორი M”-ის და “სამგორი თრეიდის” სოლიდური წილის მფლობელი ვახტანგ წერეთელი ტელეკომპანია “TV პირველის” მფლობელიც არის.

2018 წლის 4 სექტემბერი

“სამგორი თრეიდისა” და “სამგორი M”-ის ტრანზაქციებთან დაკავშირებით, მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის ხელშეკრულების წარუდგენლობის გამო ეროვნულმა ბანკმა გამოსცა განკარგულება თიბისი ბანკის 10 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე, რაც თიბისი ბანკმა გაასაჩივრა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულება შეაჩერა.

2018 წლის 14 სექტემბერი

14 სექტემბრიდან 19 ოქტომბრამდე ეროვნულმა ბანკმა ჩაატარა თიბისი ბანკის მეორე, კონკრეტულად თემატური შემოწმება.

2018 წლის 19 ნოემბერი

ეროვნულმა ბანკმა გამოსცა განკარგულება ტრანზაქციების დროს მოქმედი ინტერესთა კონფლიქტის რეგულაციის დარღვევისთვის თიბისი ბანკის 1.1 მილიონი ლარით დაჯარიმების თაობაზე და თიბისი ბანკს აეკრძალა ახალი სესხების და გარანტიების გაცემა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, ასევე მათთან დაკავშირებულ პირებზე. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს მიეცათ 2 თვის ვადა, რათა წარმოედგინა თავიანთი პოზიცია ბანკის ადმინისტრატორების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებთან დაკავშირებით.

2018 წლის 26 და 31 დეკემბერი

პროკურატურის შუამდგომლობით მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისცეს შესაბამისი ჩვენებები. საქმე იყო გრიფით საიდუმლო და ამასთან, ანაკლიის პროექტის არ დაზიანების გამო, ხაზარაძემ ითხოვა, რომ 16 იანვრამდე არ გასაჯაროებულიყო დაწყებული გამოძიება.

2019 წლის 9 იანვარი

პროკურატურა ასაჯაროებს, რომ  2 აგვისტოს, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე. პროკურატურამ ასევე გაასაჯაროვა, რომ დაკითხა მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი. პროკურატურამ არ დაკითხა ავთანდილ წერეთელის შვილი ვახტანგ წერეთელი, რომელიც “სამგორი M”-ის და “სამგორი თრეიდის” სოლიდური წილის მფლობელია.

2019 წლის 5 თებერვალი

საერთაშორისო იურდიულმა კომპანიამ “დენტონსმა” მოამზადა დასკვნა, რომლის მიხედვით “თიბისი ბნაკის” სანქცირებისთვის იურიდიული საფუძვლები არ არსებობს. ასევე არ დაეთანხმა, ფულის გათეთრების სქემის არსებობას.

2019 წლის 14 თებერვალი

“თიბისი ბანკმა” ეროვნული ბანკისგან მიიღო წერილი, რომელშიც მოთხოვნილია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა (მამუკა ხაზარაძის) და თავმჯდომარის მოადგილის (ბადრი ჯაფარიძის) მიერ საბჭოს წევრობის დატოვება მომდევნო ორი თვისგანმავლობაში. რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. საუბარია იმ ტრანზაქზიებზე, რასაც პროკურატურაც იძიებს.

2019 წლის 21 თებერვალი

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიდიან “თიბისი ბანკიდან”. ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის და ჯარიმის თანხის - 1.1 მილიონი ლარის გადახდის გადაწყვეტილება მიიღო. ხაზარაძე და ჯაფარიძე კერძო დავას გააგრძელებენ.

2019 წლის 24 ივნისი

მამუკა ხაზარაძე TBCBANK Group PLC-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს.

“ლონდონში ახლახანს დამთავრდა TBCBANK Group PLC აქციონერთა კრება. აქციონერთა 97 პროცენტმა ხმა მისცა დირექტორთა საბჭოში ჩემი, როგორც თავმჯდომარის და ბადრი ჯაფარიძის, როგორც თავმჯდომარის მოადგილის ხელახალ არჩევას. თიბისი ბანკის ჯგუფის აქციონერთა შორის 105 ინსტიტუციონალური ინვესტორია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და კონტინენტური ევროპიდან.” - აცხადება ხაზარაძე.

2019 წლის 9 ივლისი

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ სექტემბრიდან სამოქალაქო საზოგადოებას აფუძნებს.

საქმესთან დაკავშირებულ კითხვებს თავი არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომაც მოუყარა, ჯერ კიდევ გაზაფხულზე.

კერძოდ, გაურკვეველია თუ:

1. რატომ დაინტერესდა ფინანსური მონიტორინგის სამსახური “თიბისი” ბანკის 2008 წლის აპრილის ტრანზაქციით და დაიწყო მისი შესწავლა მხოლოდ 10 წლის თავზე, 2018 წლის მაისში?

2. როგორ გაჟონა მედიაში ინფორმაციამ მონიტორინგის დაწყების შესახებ  2018 წლის ივნისში?

3. რატომ უძღოდა წინ “თიბისი” ბანკის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე ინფორმაციის მედიაში გავრცელება პროკურატურის ოფიციალურ განცხადებას? 

4. რა მიზანს ემსახურებოდა პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, მმართველი  პარტია “ქართული ოცნების” საჯარო განცხადება?

5. ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული სანქცია: “თიბისი” ბანკის ზედიზედ ორჯერ დაჯარიმება და მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის - ხაზარაძე/ჯაფარიძის ბანკის მმართველობიდან გაწვევა, არის თუ არა პროპორციული პასუხისმგებლობა და ხომ არ შეიძლებოდა ამ შემთხვევაში სხვა უფრო მსუბუქი ზომის გამოყენება?

6. რატომ არ დაინტერესდა პროკურატურა მამუკა ხაზარაძის პარლამენტში გაკეთებული განცხადებით, როდესაც მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მისი მოადგილე სავარაუდო ზეწოლაში დაადანაშაულა?

კონკრეტული დანაშაულის ნიშნების შემცველი ამ საჯარო განცხადების შემდეგ, პროკურატურა ვალდებული იყო სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაეწყო და შეესრულებინა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოქმედებები.

7. სადავო ტრანზაქცია რამდენად შეიძლება შეიცავდეს ფულის გათეთრების ნიშნებს?

არსებობს ეჭვი, რომ სავარაუდო დანაშაულის ასეთი კვალიფიკაცია შესაძლოა დაკავშირებული იყოს მისი გამოძიების 30 წლიან ხანდაზმულობის ვადასთან.

8. რატომ არ დაიწყო გამოძიება ხაზარაძის მიერ პროკურატურისათვის გამოძიების ეტაპზე მიწოდებული იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მისივე თქმით, შსს მინისტრის მიერ მასზე მუქარას უკავშირდებოდა? რატომ არ დაიკითხნენ შინაგან საქმეთა მინისტრი და მოცემული საქმის სხვა ფიგურანტები?

მაშინ როდესაც მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხულმა ხაზარაძემ შს მინისტრის მხრიდან მიღებულ მუქარის შემცველ წერილზე ისაუბრა, გაუგებარია რატომ არ დაიწყო პროკურატურამ სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. მოგვიანებით პროკურატურამ ხსენებული წერილიგაასაჯაროვა.

9. რატომ ვერ/არ იძიებს დროულად პროკურატურა “თიბისი” ბანკზე განხორციელებულ კიბერშეტევას?

ხაზარაძის განაცხადებით, “თიბისის” თანამშრომლების მიერ დადგენილია IP მისამართი, საიდანაც განხორციელდა კიბერშეტევა, ასევე შესაძლო დამნაშავე პირების სავარაუდო ვინაობა.  ამასთან, “თიბისი” ბანკმა გამოძიების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ 2018 წლის ივლისში მისწერა  და ყველა მასალა გადასცა. შს მინისტრის მოადგილის 21 მარტის  განცხადების მიხედვით,  რუსთაველის 12-ში მდებარე ოფისიდან,  საიდანაც “თიბისი” ბანკზე კიბერთავდასხმა განხორციელდა, კომპიუტერები ამოიღეს. მიუხედავად იმისა, რომ კიბერშეტევის გარემოებების დადგენის ქმედებათა უდიდესი ნაწილი “თიბისი” ბანკის მიერ უკვე შესრულებულია, შს მინისტრის მოადგილის განმარტებით საქმის გაჭიანურებას ადგილი არ აქვს და რთული საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი.

10. რატომ არ დაიწყო პროკურატურამ გამოძიება ხაზარაძის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა სავარაუდო ზეწოლას წინასაარჩევნოდ ვალების ჩამოწერის პროგრამაში “თიბისი” ბანკის მონაწილეობასთან დაკავშირებით?

ხაზარაძის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ, “ვალების ჩამოწერის” შესახებ “ქართული ოცნების” დაპირების შესასრულებლად,  ბანკის 120 მილიონიანი ლარის სესხების  “ქართუ ფონდისთვის” 3 მილიონ ლარად გადაცემა (დათმობა) არა ნებაყოფლობით, არამედ გარკვეული ზეწოლის შედეგად მოხდა. აღსანიშნავია, რომ ხაზარაძისვე ცნობით, ბანკებთან მოლაპარაკებებს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები უძღვებოდნენ, როცა ოფიციალურად ფინანსთა სამინისტრო ამ პროცესში ჩართული არ იყო.

ჩვენ გირჩევთ

თბილისმა EBRD-სგან 15 მლნ ევრო მიიღო

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა

თბილისმა EBRD-სგან 15 მლნ ევრო მიიღო

თბილისმა EBRD-სგან 15 მლნ ევრო მიიღო

წინა სტატია

The first rail flight from Turkey to Georgia was carried out
23 ივლისი, 2019

შემდეგი სტატია

Türkiyeden Gürcistana, yeni açılan tren seferi ile ilk yük taşımacılığı yapılmıştır
23 ივლისი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა