რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი გაეზარდა

რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი გაეზარდა

საქართველოს რკინიგზის მთლიანი შემოსავალი 2018 წელს ქვეყნის მშპ-ს 1%-ის ტოლი იყო, 2015 წელს ეს მაჩვენებელი 1.8% იყო.

“საქართველოს რკინიგზის” 2019 წლის 6 თვის მონაცმებით, სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში შემოსავალი 32,7 მლნ ლარით (23 %) – ით მეტია, ხოლო 2017 წლის იგივე პერიოდის შემოსავალს 20,8 მლნ ლარით (14%)-ით აღემატება.

“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნედლი ნავთობის სარკინიგზო გადაზიდვა საგრძნობლად შემცირდა, ხოლო 2019 წლის განმავლობაში ამ სახეობის ტვირთის გადაზიდვა ნულოვანია, შემოსავლების მატება განპირობებულია მშრალი ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვების მატების ტენდენციით. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დაიწყო ახალი ტვირთების მოზიდვა სარკინიგზო გადაზიდვებისათვის, მათ შორის არის ყაზახური ხორბალი და ნახშირი”, – ნათქვამია რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიამ 2018 წელი 424.6 მლნ ლარის შემოსავლით დაასრულა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.2%-ით ჩამორჩება. საქართველოს რკინიგზის შემოსავლები ბოლო სამი წელია მცირდება.

საქართველოს რკინიგზის შემოსავლები 2012 – 2018 წლები:

2012 – 469.8 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 350 მლნ ლარი
2013 – 481.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 364 მლნ ლარი
2014 – 511.5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 382.7 მლნ ლარი
2015 – 574.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 440 მლნ ლარი
2016 – 439,9 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 292.6 მლნ ლარი
2017 – 434,5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 312,9 მლნ ლარი.
2018 – 424.6 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 292,9 მლნ ლარი.
საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 2018 წელს ქვეყნის მშპ-ს 1%-ის ტოლი იყო, მაშინ როდესაც მაგალითად 2015 წელს ეს მაჩვენებელი 1.8% იყო.

საქართველოს რკინიგზის შემოსავლების ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად ტვირთების გადაზიდვაზე მოდის.

2018 წელს საქართველოს რკინიგზამ 10 005 000 ტონა ტვირთი გადაზიდა, ნაცვლად 2017 წლის 10,672,568 ტონისა.
რაც შეეხება კომპანიის წმინდა მოგებას, რკინიგზის აუდირებული მონაცემებით ის კვლავ ზარალზეა. 2017 წელს რკინიგზას 354 მილიონის ზარალი უფიქსირდებოდა. ამ პერიოდში ეს მაჩვენებელი თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის აქტივების გაუფასურების ზარალში აღიარებას უკავშირდებოდა. ამ ფაქტორის გარეშე კი 2017 წელს რკინიგზის მოგება 29 მილიონი უნდა ყოფილიყო.

2018 წელს კი რკინიგზას 716.5 მლნ ლარის ზარალი უფიქსირდება. მიზეზებს Forbes-თან რკინიგზაში შემდეგნაირად განმარტავენ:

“2018 წელს კომპანიამ IFRS 36- ის შესაბამისად მოახდინა აქტივების გაუფასურება, რის დროსაც იხელმძღვანელა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტვირთბრუნვის შემცირებით, რამაც თავის მხრივ, გამოიწვია ძირითადი საშუალებების საბუღალტრო ღირებულების დაკორექტირების აუცილებლობა, რაც დადასტურებულია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ და აისახა ფინანსურ ანგარიშგებაში ზარალის სახით. რამაც კურსთაშორის სხვაობით მიღებულ ზარალთან ერთად შეადგინა 283 მლნ. აშშ დოლარი”, – ნათქვამია რკინიგზის მიერ Forbes-სთვის მოწოდებულ განცხადებაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *