გსურთ, იყოთ უფრო ბედნიერი?

დგება დრო, როდესაც თითქმის ყოველი ჩვენგანი ამ გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდება ხოლმე: დავთანხმდეთ თუ არა შემოთავაზებას მაღალანაზღაურებიანი სამსახურის თაობაზე, რომელიც შორს არის ჩვენი სახლიდან თუ დავრჩეთ ძველ სამსახურში. რთულია, გაუძლო ცდუნებას და ხელიდან გაუშვა ისეთი შესაძლებლობა, რომელიც წარმატებისა და ბედნიერების გასაღებს გვთავაზობს. მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ სამსახურამდე დიდ მანძილზე მგზავრობის უარყოფითმა მხარეებმა შესაძლოა გადაწონოს მაღალი ანაზღაურების უპირატესობა.

რა კავშირია სახლიდან სამსახურამდე მანძილსა და ცხოვრებით კმაყოფილებას შორის?

კანადის ვატერლოოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სამსახურამდე მგზავრობის ხანგრძლივობასა და კეთილდღეობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. World Leisure Journal-ში დაბეჭდილი კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ისინი, ვინც უფრო მეტ დროს ხარჯავს სამსახურამდე მგზავრობაში, ნაკლებად კმაყოფილნი არიან თავიანთი ცხოვრებით.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სამსახურამდე მგზავრობის ხანგრძლივობა ამძაფრებს დროის შეგრძნების ზეწოლას ადამიანზე. ადამიანები, რომლებიც დიდ დროს ატარებენ მგზავრობაში, უფრო ხშირად განიცდიან სტრესს, რადგან მუდმივად ეჩვენებათ, რომ სადღაც აგვიანდებათ. ასეთი ადამიანების უმეტესობა თავისი დროის დიდ ნაწილს გზაში ატარებს და ამავდროულად მუდმივად შფოთავს იმის გამო, რომ ხანგრძლივი მგზავრობის მიზეზით სხვა საქმეებს ცდება.

საგზაო მოძრაობის გადატვირთვა და საცობები სტრესის გამომწვევი ერთ- ერთი მთავარი მიზეზია. საოცარია, მაგრამ სტრესის გამომწვევი მეორე მიზეზი ფიზიკური დატვირთვისათვის დროის სიმცირე გახლავთ. ის ადამიანები, რომლებიც გზაში დაკარგული დროის მიუხედავად მაინც ახერხებენ სპორტულ დარბაზში სიარულს ან უბრალოდ ფეხით სეირნობას, უფრო ადვილად უმკლავდებიან სტრესს.

განსაკუთრებით დაბალია ცხოვრებით კმაყოფილების დონე სახლიდან შორს მომუშავე იმ ადამიანებს შორის, ვისაც ფიქსირებული სამუშაო საათები და უფრო დაბალი ანაზღაურება აქვთ. სახლიდან შორ მანძილზე სამსახურამდე მგზავრობა განსაკუთრებით ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ქალებზე და ზოგადად მათზე, ვისაც ცხოვრების თანამგზავრი ჰყავს. ქალები განსაკუთრებით განიცდიან სტრესს იმის გამო, რომ ოჯახს მოშორებული არიან.

ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები

სახლიდან სამსახურამდე გრძელ მანძილზე მგზავრობა ასევე უარყოფითად აისახება ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

2012 წელს ამერიკის პრევენციული მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც სახლიდან შორს მომუშავე ადამიანებს აღენიშნებოდათ გულსისხლძარღვთა პრობლემები და ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი ტრანსპორტში, მით უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ მან წონაში მოიმატოს და მაღალი არტერიული წნევა განუვითარდეს – მეტწილად იმიტომ, რომ მას სავარჯიშოდ დრო არ რჩება.

ამ ტიპის კვლევა 2011 წელს შვედეთში ჩატარდა და მისი შედეგები ჟურნალ BMC Public Health-ში დაიბეჭდა. კვლევის შედეგები აქაც მსგავსი იყო. აღნიშნულმა კვლევამ ასევე დაადგინა კავშირი გრძელ მანძილზე მოგზაურობასა და ენერგიის დაქვეითებას, მომატებულ სტრესსა და ხშირ ავადმყოფობებს შორის. შედეგები იყო ერთნაირი მათთვის, ვინც მანქანით გადაადგილდებოდა და მათთვის, ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობდა.

შეზღუდული საზოგადოებრივი საქმიანობა

გამომდინარე იქიდან, რომ დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათია, ადამიანებს, ვინც სახლიდან შორს მუშაობს, უწევთ უარის თქმა სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობაზე. 2008 წელს ამერიკის პრევენციული მედიცინის ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი ნაკლებ დროს ატარებენ თავიანთ მეგობრებთან, ვერ ესწრებიან თავიანთი შვილების სასკოლო ღონისძიებებს და იშვიათად ახერხებენ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად სადილს.

ისინი, ვინც 90 წუთს ან მეტს ხარჯავს გზაში, ნაკლებად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მეგობრებთან და ოჯახთან გატარებული დროის სიმცირე განაპირობებს მომატებულ სტრესსა და ცხოვრებით კმაყოფილების დაბალ მაჩვენებელს.

მაქსიმალურად გამოიყენეთ მგზავრობის დრო

არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფისათვის გრძელ მანძილზე მოგზაურობა შესაძლოა სასარგებლოც იყოს. 2005 წელს Transportation Research-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა: იმისათვის, რომ მგზავრობა სასიამოვნო გახდეს, თქვენ მას უნდა შეხედოთ როგორც შესაძლებლობას დროებით გამოეთიშოთ სამსახურისა და სახლის პრობლემებს. თუ თქვენ სამსახურიდან სახლში მგზავრობისას სამსახურის პრობლემებზე არ იფიქრებთ, სახლში უფრო მოდუნებული და მშვიდი დაბრუნდებით.

2008 წელს Journal of Transport Geography-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ მგზავრობა შესაძლოა სასარგებლოც იყოს, თუკი ადამიანები მას შეხედავენ როგორც თავიანთი პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებებისაგან დროებითი თავის დაღწევის საშუალებას. მგზავრობა შესაძლოა სასიამოვნო დასვენებად გადაიქცეს, თუკი მოუსმენთ მუსიკას, დატკბებით ხედით ან, უბრალოდ, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩებით.

მიუხედავად იმ რისკებისა, რაც თან ახლავს სახლიდან სამსახურამდე შორ მანძილზე მგზავრობას, ბევრს არც სურს, რომ სახლთან ახლოს ან სახლიდან გაუსვლელად კომპიუტერით იმუშაოს. თუ თქვენ არ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ შეამციროთ მანძილი სამსახურამდე, მაშინ მგზავრობის უარყოფითი ზეგავლენის დამარცხებას თქვენი დამოკიდებულებისა და განწყობის შეცვლით ეცადეთ.

წინა სტატია

საქართველოს ეკონომიკური გლობალიზაცია: შანსი საფრთხის ქვეშ
14 მაისი, 2015

შემდეგი სტატია

აპრილში უცხოეთიდან ფულადი გზავნილები 29.4 მილიონი დოლარით შემცირდა
15 მაისი, 2015
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა