მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული

მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული

ალბათ უცნაური იქნებოდა, რომ Forbes-ის ამ გამოშვებაში მსოფლიო საბანკო ბაზარზე არსებული მდგომარეობისთვის ყურადღება არ მიგვექცია და უკანასკნელი ტენდენციები გამოგვრჩენოდა. რა თქმა უნდა, ეს ასე არ მოხდა და Forbes Banker-ი, უკვე ტრადიციულად,  მსოფლიოს ათი ყველაზე მსხვილი ბანკის ჩამონათვალს მორიგ ჯერზე გთავაზობთ. გასულ წელთან შედარებით, ბევრი ცვლილება არ შეინიშნება, თუმცა სიაში გარკვეული კორექტირება მაინც განხორციელდა. მაგალითად, წელს ათეულს მიღმა აღმოჩნდა შარშანდელ ჩამონათვალში მეათე ადგილზე მყოფი Wells Fargo, რომელიც ფრანგული Credit Agricole-ით ჩანაცვლდა. ცხრილში პოზიციები გაცვალეს ჩინეთის ბანკმა და მიცუბიში ჯგუფმა. ხოლო სხვა ძირითადი მონაცემები თავად შეგიძლიათ იხილოთ.

 მაშ ასე, ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

1. Industrial and Commercial Bank of China (ICBC)

ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი უკვე დიდი ხანია, რაც მსოფლოს ყველაზე დიდი ბანკების ჩამონათვალში ლიდერობს. ბოლო მონაცემების მიხედვით, ბანკის აქტივები 4 ტრილიონი დოლარია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია $310 მილიარდზე მეტია. 

ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი 1984 წელს დაფუძნდა და დღეისთვის 460 ათას თანამშრომელს აერთიანებს. მთავარი ოფისი პეკინში მდებარეობს. ბანკის უდიდეს ნაწილს  ჩინეთის მთავრობა ფლობს. 

2. China Consturcion Bank Corporation

რიგით მეორე ჩინური ბანკის აქტივების რაოდენობა $3.4 ტრილიონია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია – $238 მილიარდი. ბანკი 1954 წელს დაარსდა და თავდაპირველად სახელმწიფო ოპერაციების განსახორციელებლად გამოიყენებოდა. მოგვიანებით კომერციული ხასიათის საქმიანობით დაკავდა.

დღეისთვის  ორგანიზაციაში 372 ათასი თანამშრომელი მუშაობს.

3. Agricultural Bank of China

კიდევ ერთი ჩინური ბანკი  1951 წელს მაო ძედუნის ინიციატივით, ფერმერებისა და კოლმეურნეობების დასახმარებლად შეიქმნა. მოგვიანებით ბანკმა კომერციული საქმიანობა დაიწყო და დღეისთვის მისი აქტივების ჯამური ღირებულება $3.2 ტრილიონს შეადგენს, საბანკო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი კი $183 მილიარდს უტოლდება.

ჩინეთის მასშტაბით ბანკს 24 ათასი მომსახურების ოფისი აქვს, ხოლო კლიენტების რაოდენობა 320 მილიონ ადამიანს შეადგენს. 2007 წელს ბანკის ანგარიშებიდან 6.7 მილიონი დოლარი მოიპარეს, რაშიც შემდგომში შიდა მენეჯმენტის მაღალი პირები დაადანაშაულეს. აღნიშნული მოვლენა ჩინური ბანკების ისტორიაში დღემდე ყველაზე დიდ ქურდობად არის მიჩნეული.  

4. Mitsubishi UFJ Financial Group

ორი უმსხვილესი იაპონური ბანკის გაერთიანების შედეგად დაარსებული ფინანსური ინსტიტუტის აქტივები დღეისთვის $2.7  ტრილიონია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია 78 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს.   

ბანკის მთავარი ოფისი იაპონიის ქალაქ ოსაკაში მდებარეობს, წარმომადგენლობა კი 40 ქვეყანაში აქვს.

5. Bank of China

1912 წელს შექმნილი ბანკი ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კორპორაციის სტატუსს დღემდე ინარჩუნებს. აქტივების რაოდენობა $2.9 ტრილიონზე  მეტია, ხოლო  საბაზრო კაპიტალიზაცია $162 მილიარდს შეადგენს.

ბანკის საკონტროლო ნაწილის მფლობელი ჩინეთის მთავრობაა.

6. JPMorgan Chase

აშშ-ის ყველაზე ძლიერი და პოპულარული ბანკი, რომელიც 2000 წელს, სხვადადასხვა ბანკის გაერთიანების შედეგად დაფუძნდა. დღევანდელი მდგომარეობით, JPMorgan-ის აქტივები $2.5 ტრილიონს, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია  $374 მილიარდს შეადგენს. 

ბანკის მთავარი ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. 

7. HSBC Holdings plc

HSBC ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკია, რომლის აქტივებიც $2.5 ტრილიონს აჭარბებს, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი $187 მილიარდია. თავის დროზე ბანკის შექმნის  მთავარ მიზანს ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ოპერაციების განხორციელება წარმოადგენდა.

გასათვალისწინებელია, რომ HSBC-ს 10-ზე მეტი შვილობილი კომპანია აქვს. ყველა მათგანი საბანკო და საფინანსო სექტორში ოპერირებს.

8. BNP Paribas

ფრანგული ბანკის ოფისს მსოფლიოს ყველა წერტილში მიაგნებთ, რაც პირველ რიგში სწორედ ამ ორგანიზაციის სიდიდესა და სიძლიერეზე მეტყველებს.  თავის მხრივ, მთავარი ოფისები ევროპის სამ ქალაქში – ჟენევაში, პარიზსა და ლონდონშია განთავსებული.

BNP Paribas-ის აქტივები დღეისთვის $2.2 მილიარდია, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის $100 მილიარდს უდრის.

9. Bank of America

ათეულში მოხვედრილი კიდევ ერთი ამერიკული ბანკი,  რომელიც სიდიდით საკუთარ ქვეყანაში  მეორე ადგილს იკავებს.

ამერიკის ბანკის აქტივები $2.2 ტრილიონით განისაზღვრა, საბაზრო კაპიტალიზაცია კი $295 მილიარდს შეადგენს.

მთავარი ოფისი ჩრდილო კაროლინის შტატში, ქალაქ შარლოტში მდებარეობს.

10. Credit Agricole

ყველაზე დიდი ბანკების ათეული რიგით მეორე ფრანგულმა გიგანტმა დაასრულა. 1984 წელს დაფუძნებული კორპორაციის ჯამური საბაზრო აქტივების ღირებულება $2.1 ტრილიონზე მეტია, საბაზრო კაპიტალიზაცია კი $87 მილიარდს აღემატება. მიმდინარე საუკუნის დასაწყისამდე ბანკმა ბევრი ცვლილება და გამოწვევა გაიარა და  მსოფლიო საბანკო ბაზრის ერთ-ერთი დომინანტი კომპანიის სტატუსს სრულიად დამსახურებულად ატარებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *