რა შემოსავალს იღებენ თბილისელები Airbnb-დან და როგორ შეიცვალა ფასები ბოლო 3 წელში

რა შემოსავალს იღებენ თბილისელები Airbnb-დან და როგორ შეიცვალა ფასები ბოლო 3 წელში

თბილისში Airbnb-ზე განთავსებული სახლების საშუალო ფასები შემცირების ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, Cushman&Wakefield-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუკი 2016 წლის მესამე კვარტალში მთლიანი საცხოვრებლის ერთი დღით დაქირავების საშუალო ფასი 43 დოლარი იყო, 2019 წლის პირველი კვარტლისთვის ფასი 32 დოლარამდე შემცირდა.

ნაკლები ცვალებადობით ხასიათდება მაგალითად ერთი ოთახის დაქირავების ფასი, რომელიც მხოლოდ სეზონურობიდან გამომდინარე იცვლება და საშუალოდ 25 დოლარი ღირს.

რაც შეეხება პორტალზე ბინის გაქირავებით მიღებულ შემოსავალს, კვლევის მიხედვით, 2019 წლის მაისში საშუალოდ მიღებული შემოსავალი 457 დოლარი იყო. ამასთან, დაახლოებით 25%–ზე ნაკლებმა მიიღო 778 დოლარზე მეტის შემოსავალი, ხოლო დაახლოებით 10%–ზე ნაკლებმა მინიმუმ 1209 დოლარის შემოსავალი.

მიღებული საშუალო შემოსავალი ყველაზე მაღალი 2017 წლის მესამე კვარტალში იყო, როდესაც მთლიანი სახლის გაქირავებით მიღებულმა საშუალო შემოსავალმა თვეში 573 დოლარი შეადგინა. 2016 წლის მეოთხე კვარტალი კი ყველაზე ნაკლებად მოგებიანი იყო – 325 დოლარი.

კვლევის მიხედვით, რომელშიც ჯამში 35 თვის მონაცემია გაანალიზებული, ყველაზე მოგებიანი 2018 წლის აგვისტოს თვე იყო. ჯამში კი საანგარიშო პერიოდში მიღებულმა შემოსავალმა 95.5 მილიონი დოლარი შეადგინა.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ დღეს მხოლოდ თბილისში Airbnb-ს პორტალზე 14 ათასზე მეტი საცხოვრებელია განთავსებული. მათგან უმეტესობა მთლიანი საცხოვრებელია, მხოლოდ მცირე წილი უკავია ერთი ოთახის ან საერთო ოთახის გაქირავებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *