მინისტრი: რ2-ს 28 მილიონის, იმედს 19 მილიონის, მაესტროს კი 8 მილიონზე მეტის დავალიანება აქვს

მინისტრი: რ2-ს 28 მილიონის, იმედს 19 მილიონის, მაესტროს კი 8 მილიონზე მეტის დავალიანება აქვს

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ბიუჯეტის მიმართ ყველაზე მსხვილი საგადასახადო დავალიანება სამ ტელეკომპანიას – რუსთავი 2–ს, ტელეიმედსა და მაესტროს აქვთ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსთავი 2–ის დავალიანება 28 მილიონი ლარის ფარგლებშია, ტელეიმედის 19 მილიონის, ხოლო მაესტროს კი ბიუჯეტის მიმართ 8 მილიონ ლარზე მეტი მართებს.

მინისტრი ტელეკომპანიებს მოუწოდებს უახლოეს პერიოდში სამინისტროს წარუდგინონ გეგმა ვალის დაფარვის შესახებ.

“რამდენიმე ტელევიზიას საკმაოდ მსხვილი დავალიანება აქვს. ყველაზე მსხვილი დავალიანება იმედს, რუსთავსა და მაესტროს აქვთ. კერძოდ, რუსთავი 2–ის დავალიანება 28 მილიონის ფარგლებშია, იმედის 19 მილიონის, ხოლო მაესტროს კი 8 მილიონზე ცოტა მეტი. ეს არის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დაგროვილი დავალიანება.
ისტორიას თუ გადავხედავთ, საქართველოში ეს მანკიერი პრაქტიკა არსებობდა. ტელეკომპანიები იგროვებდნენ ვალს და შემდეგ ხდებოდა მათი ჩამოწერა. მემგონი ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გასწორდეს. არის სხვა ტელევიზიებიც, რომლებსაც არ აქვთ დავალიანება და ისინი იხდიან პატიოსნად თანხას. ეს არ არსი სამართლიანი და მგონი არის უხერხულიც. მაგალითად, TV პირველი პატიოსნად იხდიდა ამ წლების განმავლობაში, ასევე კავკასიაც. ერთ საგადასახადო სივრცეში ვართ და რა დააშავეს მათ? ეს დავალიანებები არის საკმაოდ დიდი. ვიცით რომ ერთიანად მათი გადახდა გაჭირდება და ეს ჩვენს ინტერესში არაა.

ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის სახელით მინდა მოვუწოდო ტელევიზიებს, უახლოეს ვადაში – ერთ ან ორ კვირაში მოვიდნენ და წარმოადგინონ საგადასახადო ტვირთის გადანაწილების, ან ნაწილობრივ შემსუბუქების პროექტი.

პოლიტიკურად ეს ძალიან სენსიტიური სექტორია, თუმცა ესეც არის ბიზნეს სექტორი. ხვალიდანვე და უახლოეს პერიოდშიც უნდა დავინახოთ, რომ გადამხდელი იწყებს გადახდას, ანუ აღარ აგროვებს ვალებს.

აქვე მინდა მზაობა განვაცხადო, რომ ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვიქნებით“, – განაცხადა მინისტრმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *