ეს წარსული მომავლისკენ არ წაგვიყვანს

ეს წარსული მომავლისკენ არ წაგვიყვანს

ევროპული ეკონომიკის ზრდის ტემპები აშშ ისას ათწლეულებია, ჩამორჩება.

ასე, მაგალითად, 2008-ის კრიზისის შემდეგ ევროკავშირის საშუალო ტემპი 0.9%-ს შეადგენს, მაშინ როცა აშშ- ში ეს მაჩვენებელი თითქმის 2%-ს უტოლდება, ეს 2% კი სტანდარტისთვის შეუფერებლად არის მიჩნეული. ევროკავშირის ამგვარმა სიზანტემ (უკონტროლო იმიგრაციასთან დაკავშირებულ სერიოზულ შეშფოთებებთან ერთად) დასაბამი მისცა არატრადიციულ, “პოპულისტურ” პოლიტიკურ მოძრაობებს. და როგორ რეაგირებენ ამაზე არსებული პარტიები? – იმგვარი პოლიტიკის წაქეზებით, რომელიც გარანტირებულად კიდევ უარეს ეკონომიკურ სტაგნაციას მოიტანს: მეტი გადასახადები კორპორაციებისა და “მდიდრებისთვის”, მეტი ხარჯვა სოციალურ პროგრამებსა და პენსიებზე და მეტი რეგულაციები ბიზნესებს. Wall Street Journal-ის სათაურს რომ დავესესხოთ, “ევროპის პოლიტიკური პარტიები 1970-იანებში დაბრუნებას გვპირდებიან… პოპულისტთა მოსაგერიებლად, გასაჭირში მყოფი პარტიები კიდევ უფრო დიდი მთავრობისკენ მიილტვიან”.

კი, ჩვენმა მეგობრებმა კონტინენტიდან, რონალდ რეიგანისა და მარგარეტ თეტჩერის წყალობით, რაღაცები სწორად აკეთეს: პირველ ყოვლისა, მათ გაყიდეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბიზნესები და ერთგვარად ჩამოაქვეითეს კორპორაციებისთვის დაწესებული ცამდე ავარდნილი საგადასახადო ტარიფები (განსაკუთრებით – ბოლო წლებში). მიუხედავად ამისა, აშშ- ის სტანდარტებს თუ შევადარებთ, ევროკავშირის სადაგადასახადო და რეგულაციური წნეხი მაინც იმედის გამაცრუებელია.

ყოველ ამ ქვეყანას შემაშინებელი ზომის ღირებულებას დამატებული გადასახადი (VAT-ი) აქვს. დანიაში VAT-ი 25%-ს შეადგენს, გაპარტახებულ საბერძნეთში – 24%-ს, დიდ ბრიტანეთში – 20%-ს, გერმანიაში კი 19%-ს. აშშ- ში VAT-ი საერთოდ არაა; შტატების უმეტესობაში ბეგარებია, მაგრამ 10%-ზე მაღალი – არსად.

გაცილებით უარესად გამოიყურება სახელფასო გადასახადები. ამერიკული ვერსია, რომელსაც FICA-ს უწოდებენ, 15.3%-ს გულისხმობს შემოსავლის პირველ $132,900-ზე და 2.9%-ს – ამაზე მაღალ შემოსავალზე. ევროკავშირის ქვეყნებში კი ამ გადასახადის დონე ჩვენსას ორ- სამჯერ აღემატება! საფრანგეთში, რომელიც 1970-იანებიდან მოყოლებული, ეკონომიკურ მაჩანჩალად არის ქცეული, სახელფასო გადასახადი 65%-ია: 45%-ს დამქირავებელი იხდის, 20%-ს – დაქირავებული.

რეგულაციები, განსაკუთრებით კი ის რეგულაციები, რომლებიც შრომას ეხება, დიდი ხანია, უფრო მძიმე და მკაცრია ევროპაში, ვიდრე აშშ- ში. დამკვირვებლები მხოლოდ სანახევროდ თუ ხუმრობენ, როცა ამბობენ, რომ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში უფრო ადვილია, მეუღლეს გაშორდე, ვიდრე თანამშრომელი დაითხოვო სამსახურიდან. ეს წნეხები მხოლოდ მცირედად თუ შემსუბუქდა 1970-იანების შემდეგ.

როგორც ნებისმიერი ფრანგი პრეზიდენტი დაგვემოწმება, სტრუქტურული ცვლილებები სახელმწიფო ბიუროკრატების მიერ დაწესებულ პენსიებსა თუ შრომით კანონებში ულმობელ წინააღმდეგობას აწყდება. გერმანიამ შეძლო გარკვეული რეფორმების განხორციელება 2000-იანების დასაწყისში; ამან ქვეყანა უკეთეს ზრდამდე მიიყვანა, მაგრამ კანცლერს თანამდებობად დაუჯდა ეს რეფორმები, რომლებიც მას მერე სულ უფრო კარგავს ძალას.

ქვეყნები, რომელთაც (შედარებით უფრო ბოლო პერიოდში) ეკონომიკის გასაუმჯობესებლად ოდნავ მაინც დახარჯეს ძალისხმევა, მაგალითად, შვედეთი, დანია და უნგრეთი, ანტირეიგანის/ თეტჩერის მიმართულებით არ წასულან.

ის, რისი მოწმენიც ვხდებით ეტაპობრივად ევროკავშირში, სიგიჟის ერთგვარი ფორმაა – იმის პრაქტიკაში განხორციელება, რაც არ მუშაობს, და კრახის შემდეგ მისი კვლავ და კვლავ გამეორება. ეს რამდენიმე საუკუნის წინანდელ წამალს მოგვაგონებს, ექიმები რომ სისხლდენას იწვევდნენ პაციენტებში: რაც უფრო ცუდად ხდებოდნენ პაციენტები, მით უფრო მეტ სისხლს აღვრევინებდნენ.

ეს ყველაფერი დამატებითი მიზეზია ვაჭრობის/ ტარიფების თანამდევი იმ ბუნდოვანების გასაფანტად, რომელიც კორპორაციულ ინვესტიციას აკავებს. სანამ საქმეში ბოლომდე ჩაერთვებიან, ბიზნესხალხმა უნდა იცოდეს თამაშის წესები. ეს თუ მოხდება, აშშ- ის ეკონომიკა მართლაც გრგვინვას ატეხს… ხოლო ამ დიდმა წარმატებამ შესაძლოა, გაკვეთილის ფუნქცია იკისროს ჩვენი გასაჭირში მყოფი საზღვარგარეთელი მეგობრებისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *