3 გრაფიკი, რომლებიც ლარის გაუფასურებაში ფულის მასის როლზე მეტყველებს

3 გრაფიკი, რომლებიც ლარის გაუფასურებაში ფულის მასის როლზე მეტყველებს

დღეს საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი – იმაზე უფრო გაუფასურებულია, ვიდრე მისი 23-წლიანი არსებობის განმავლობაში ოდესმე ყოფილა. ამ ვითარებას საქართველოს მთავრობა, როგორც ყოველთვის, არა საკუთარ პოლიტიკას, არამედ მის კონტროლს გარეთ არსებულ საგარეო ფაქტორებს მიაწერს. თუმცა რეალურად კურსზე ერთდროულად მოქმედებენ ფაქტორები, რომლებიც ექცევიან როგორც საქართველოს სახელმწიფოს კონტროლის ფარგლებში, ისე მის გარეთ. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკა აჩვენებს, რომ დღეს ქვეყანაში არსებული ფულის მასა პიკურ ნიშნულზეა.

ე.წ. M0, ანუ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფული დღეს 3.7 მილიარდ ლარს აჭარბებს, როდესაც ის 12 თვის წინ 3.1 მილიარდ ლარს შეადგენდა. თავად მიმოქცევაში არსებული მასის მოცულობის ცვლილებისა და საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს შორის კორელაცია კი გასული წლების განმავლობაში 0,9-ს შეადგენდა. უფრო მარტივად, ეს ნიშნავს, რომ როდესაც იზრდებოდა ფულის მასა, ლარს 10-დან 9 შემთხვევაში გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა, ხოლო როდესაც ფულის მასა მცირდებოდა, ლარს 10-დან 9 შემთხვევაში გამყარების ტენდენცია ჰქონდა.

გრაფიკზე ლურჯი ტეხილი წლების განმავლობაში ფულის მასის მოცულობის ცვლილებას, ხოლო წითელი ტეხილი დოლართან მიმართებით ლარის კურსს ასახავს.

ასეთივე თვალსაჩინო კავშირი შეიმჩნევა ე.წ. სარეზერვო ფულსა (M1) და ლარის გაცვლით კურსს შორის. M1 აერთიანებს როგორც მიმოქცევაში არსებულ ნაღდ ფულს, ასევე კომერციული ბანკების დეპოზიტებს ეროვნულ ბანკში. დღეს სარეზერვო ფულის მოცულობა 7.3 მილიარდ ლარს შეადგენს.

 

ასევეა გაზრდილი ე.წ. ფართო ფულიც (M2), რომელიც მიმოქცევაში არსებულ ეროვნულ ვალუტას და კომერციულ ბანკებში საბანკო და სამთავრობო სექტორების გარდა, ლარის სრულ დეპოზიტებს მოიცავს. M2-ის მოცულობა დღეს 10.7 მილიარდ ლარს შეადგენს და ისიც, ისევე როგორც სხვა მონეტარული აგრეგატები, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში საკმაოდ მაღალი ტემპით არის გაზრდილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *