საქართველოს ნომერ პირველი პრობლემის - უმუშევრობის დაძლევის პერსპექტივა

საქართველოს მოსახლეობა ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს. მოსახლეობის დაახლოებით 60% თავს უმუშევრად თვლის. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით კი უმუშევრობის დონე 12.7%-ია. ადამიანები უფრო მარტივად თვლიან თავს უმუშევრად, ვიდრე ამას  საქსტატის ოფიციალური მეთოდოლოგია ადგენს.

ოფიციალური მეთოდოლოგიის მიხედვით, უმუშევრად ითვლება 15 წლისა და უფროსი ასაკის პირი, რომელიც არ მუშაობდა (ერთ საათსაც კი) გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში და აქტიურად  ეძებდა სამუშაოს ბოლო ერთი თვის განმავლობაში. შესაბამისად, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები და ა.შ. თუ გამოკითხვის მომენტის წინა შვიდი დღის განმავლობაში ერთ საათს მაინც მუშაობდნენ შემოსავლის (ხელფასის, ნატურალური შემოსავლის, მოგებისა და ა.შ.) მიღების მიზნით, საქსტატის მეთოდოლოგიის თანახმად, დასაქმებულად ითვლებიან.

შესაძლოა ადამიანს ერთი საათიც არ უმუშავია ბოლო ერთ კვირაში, მაგრამ მაინც არ ჩაითვალოს უმუშევრად, რადგან სამსახურს არ ეძებს. თუ სახლში ზის და ელოდება, როდის დაასაქმებს ვინმე, ან ფული ისედაც აქვს და მუშაობა არ უნდა - ამ კატეგორიის ადამიანები უმუშევრად არ ითვლებიან.

ამიტომ არის, რომ გამოკითხული 1000 ადამიანიდან დაახლოებით 600 ამბობს, უმუშევარი ვარო, ხოლო საქსტატის მონაცემებით,  ამ 600-დან რეალურად 127 ადამიანია უმუშევარი.

2018 წლის ბოლოს საქართველოში 3.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. მათგან 15 წლის და მეტი ასაკის იყო დაახლოებით 3 მილიონი. ამ 3 მილიონიდან 1.7 მილიონი დასაქმებული იყო, ხოლო 246 ათასი - უმუშევარი. დარჩა კიდევ მილიონ კაცზე მეტი, რომელთაც 15 და მეტი წელი შეუსრულდათ, ანუ სამუშაო ასაკს მიაღწიეს, მაგრამ არც დასაქმებულები არიან და არც უმუშევრები. ეს მილიონი კაცი მოიცავს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის ან სხვა გარემოების გამო არ შეუძლიათ მუშაობა (მაგალითად, პატიმრები) ან თავიანთი ნებით არ ეძებენ სამსახურს. მათ შორის, ნახევარი მილიონი 15-19 წლისა და საპენსიო ასაკის ადამიანები არიან, რომლებიც ობიექტური მიზეზების გამო არ არიან დაინტერესებული მუშაობით. მეორე ნახევარი მილიონი კი ან დიასახლისია და ე.წ. ოჯახის საქმეებით არის დაკავებული, ან აღარ აქვს იმედი, რომ სამსახურს იშოვის, აღარც ეძებს ან უბრალოდ, არ უნდა მუშაობა, საიდანღაც ისედაც აქვს ფული.

ახლა დავუბრუნდეთ დასაქმებულ 1.7 მილიონ ადამიანს. მათ შორის ორი კატეგორიის დასაქმებულებია: დაქირავებით დასაქმებულები და თვითდასაქმებულები. სწორედ თვითდასაქმებულების ნაწილია ის ხალხი, ვინც ამბობს, რომ უმუშევარია. 2018 წლის ბოლოს 860 ათასი ადამიანი იყო დაქირავებით დასაქმებული, ანუ იღებდა შრომის ანაზღაურებას და 833 ათასი იყო თვითდასაქმებული, სამსახური არ ჰქონდათ, მაგრამ ინდივიდუალურად შრომობდნენ. ასეთი ტიპის დასაქმებულებს მიეკუთვნებიან ზემოთ ნახსენები სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები, საცალო ვაჭრობით დაკავებული ფიზიკური პირები და ა.შ. ეს ადამიანები სასურველი სამსახურის პოვნამდე სხვადასხვა გზით ცდილობენ შემოსავლის მიღებას.

შესაბამისად, როდესაც საქართველოში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები (ე.წ. ხელფასიანი სამსახური), არ ნიშნავს, რომ ამ ადგილებს აუცილებლად ოფიციალური გაგებით უმუშევრები დაიკავებენ. თეორიულად შესაძლოა, ახალი სამუშაო ადგილები თვითდასაქმებულებმა სრულად შეავსონ და უმუშევართა რაოდენობა არ შემცირდეს.

2012 წელთან შედარებით 2018 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 35 ათასით არის გაზრდილი, რაც 6-წლიანი პერიოდისთვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. თუმცა, თუ ვნახავთ რეალურად , ანუ დაქირავებით დასაქმებულებს, მათი რაოდენობა 144 ათასით არის გაზრდილი, ხოლო თვითდასაქმებულების რაოდენობა 103 ათასით არის შემცირებული. უმუშევართა რაოდენობა 99 ათასით შემცირდა, მაგრამ ამავე დროს, 42 ათასით გაიზარდა სამუშაო ძალის გარეთ მოსახლეობის რაოდენობა ანუ მაღალი ალბათობით, უმუშევართა ნაწილმა მუშაობა კი არ დაიწყო, სამსახურის ძებნას თავი დაანება, სამუშაო ძალიდან გავიდა.

საქსტატის ოფიციალური სტატისტიკა რომ გადავთარგმნოთ რიგითი მოქალაქის აღქმის მიხედვით, მივიღებთ, რომ საქართველოში გვყავს დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი, რომელთაც სამსახური უნდათ. 2014-2018 წლებში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად საშუალოდ 33 ათასით იზრდებოდა. პრობლემაც სწორედ ამაშია: ყოველწლიურად 33 ათასი კაცის დასაქმებით, 1.5 მილიონი ადამიანის დასაქმებას 45 წელი დასჭირდება.

უმუშევრობა სამი გზით შეიძლება შემცირდეს: 1. ეკონომიკის ზრდა. საქონლისა და მომსახურების გაზრდილ წარმოებას დასჭირდება მეტი სამუშაო ძალა; 2. სამუშაო ძალის ექსპორტი. საქართველოს მოქალაქეებმა მუშაობა დაიწყონ სხვა ქვეყნებში; 3. შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია. დამსაქმებელს მოეხსნას ბარიერები.

საქართველოს შრომის ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია: არ არის დაწესებული მინიმალური ხელფასის სავალდებულო ზღვარი, იოლია სამუშაოზე აყვანა, არ არის უმუშევრების დახმარება, სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია, მაგრამ არ კონტროლდება. ეს სიტუაცია ბევრჯერ გამხდარა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის საგანი, მაგრამ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით და დასაქმების მაჩვენებლის ამაღლებისათვის რეგულაციებისგან თავისუფალი შრომის ბაზარი უკეთესია. ბევრი ევროპული ქვეყნისთვის შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია ერთ-ერთი გზაა უმუშევრობის შესამცირებლად, საქართველოში კი მეტი ლიბერალიზება ფაქტობრივად შეუძლებელია და დასაქმების ამაღლების მხრივ მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.

საქართველოში უმუშევრობას ორი მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს: მცირე ეკონომიკა და სამუშაო ძალის არასასურველი კვალიფიკაცია. დღეისათვის ფიზიკურად არ არსებობს საქართველოში იმდენი სამუშაო ადგილი, რამდენი სამუშაოს მსურველიც არის გარკვეული ხელფასის სანაცვლოდ. შესაბამისად, მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერიოდში, უმუშევრობის შემცირების ერთადერთი გზა საქართველოს ეკონომიკის ზრდა და, აქედან გამომდინარე, სამუშაო ადგილების მატებაა. საქართველოში საშუალო და უმაღლესი განათლების არასასურველი ხარისხის გამო პრობლემაა საშუალო და მაღალკვალიფიციური კადრების მოძიება. ასიათასობით უმუშევარს არა აქვს ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რაც ხშირად ამა თუ იმ ვაკანსიის დასაკავებლადაა საჭირო.

მთავრობას არ შეუძლია უმუშევრობის პრობლემა საჯარო სექტორში დასაქმების ზრდით გადაჭრას, ეს მხოლოდ ბიუროკრატიული ხარჯების ზრდას გამოიწვევს და ისევ ეკონომიკას დააწვება ტვირთად, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო სექტორში დასაქმების ზრდის გამო კერძო სექტორში დასაქმებულები სამუშაო ადგილებს დაკარგავენ.

პოლიტიკოსების დაპირება უმუშევრობის შემცირებასთან დაკავშირებით, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევას გულისხმობს მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში. უმუშევრობის პრობლემის სრულად გადაჭრა შეუძლებელია, ხოლო მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია, ოღონდ არა მყისიერად ან 1-2 წელიწადში. მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებშიც კი (მაგალითად, იაპონია, სინგაპური, გერმანია) მოსახლეობის 2-3% უმუშევარია. ეს მოსახლეობის ის ნაწილია, რომელიც უკეთ ანაზღაურებად სამსახურს ან მისი პროფესიის შესაფერის სამსახურს ეძებს.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს უმუშევრობის შემცირებას გარკვეულწილად ტექნოლოგიური პროგრესიც ანელებს. ხელით შრომა სულ უფრო ნაცვლდება ტექნიკით, კომპიუტერებით. მაგალითად, ფულის ჩასარიცხმა აპარატებმა გააქრო ათასობით მოლარისა და ოპერატორის სამუშაო ადგილი. დიდ ქარხნებსაც კი აღარ ჭირდებათ ათიათასობით თანამშრომელი. თავის მხრივ, ახალი ტექნოლოგიების შექმნა აჩენს ახალ სამუშაო ადგილებს, მაგრამ ეს ხდება თანამედროვე ტექნიკა-ტექნოლოგიების მწარმოებელ და არა მომხმარებელ ქვეყნებში.

თუ ვნახავთ შრომის პროდუქტიულობას, ასეთი სურათია: 2010 წელს ერთი დასაქმებული საქართველოს ეკონომიკაში ქმნიდა 12 700 ლარის დამატებულ ღირებულებას, 2018 წელის კი 17 500 ლარისას (2010 წლის ფასებში, ანუ ინფლაციის ეფექტის გარეშე). ეს ნიშნავს, რომ შრომის პროდუქტიულობა 38%-ით გაიზარდა, რომ არ გაზრდილიყო, 2018 წელს ეკონომიკას 2010 წელთან შედარებით 38%-ით მეტი დასაქმებული დასჭირდებოდა, რეალურად კი 4.1%-ით მეტი დასჭირდა. თუ დასაქმებულებს თვითდასაქმებულებს გამოვაკლებთ, გამოვა, რომ ამავე პერიოდში დაქირავებით დასაქმებულების რაოდენობა 29%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ახალი სამუშაო ადგილები გარკვეულ კვალიფიკაციასა და ცოდნას მოითხოვს და ამცირებს თვითდასაქმებულების საჭიროებას.

2018 წელს დაქირავებით დასაქმებულის ერთი ერთეული ზრდაზე საქართველოს მშპ-ის ზრდიდან დაახლოებით 37 ათასი ლარი მოდის. ამ თანაფარდობით 2019 წლისთვის მოსალოდნელი 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 36 ათას სამუშაო ადგილს შექმნის, რაც ცოტა არ არის, მაგრამ თუ გავიხსნებთ, რომ 1.5 მილიონი ადამიანი ელოდება რეალურ სამსახურს, დასაქმების ზრდის გაცილებით სწრაფი ტემპი გვჭირდება. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ტექნოლოგიური პროგრესისა და შრომის პროდუქტიულობის ზრდის გავლენა. აღნიშნული შემაკავებელი ეფექტების გათვალისწინებით, საქართველოს მინიმუმ 7%-იანი ეკონომიკური ზრდა სჭირდება, რომ ყოველწლიურად დამატებითი 50 ათასი სამუშაო ადგილი შექმნას და მოსახლეობამ უმუშევრობის დაძლევის რეალური შედეგები დაინახოს.

ჩვენ გირჩევთ

3 გრაფიკი, რომლებიც ლარის გაუფასურებაში ფულის მასის როლზე მეტყველებს

ეს წარსული მომავლისკენ არ წაგვიყვანს

3 გრაფიკი, რომლებიც ლარის გაუფასურებაში ფულის მასის როლზე მეტყველებს

3 გრაფიკი, რომლებიც ლარის გაუფასურებაში ფულის მასის როლზე მეტყველებს

წინა სტატია

დონალდ ტრამპი და 25 დემოკრატი
20 აგვისტო, 2019

შემდეგი სტატია

როგორ უნდა დაიცვათ თავი ჰაკერული შეტევისგან? - რეკომენდაციები
15 აგვისტო, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა