ზინგერის მანქანები საქართველოში

მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, ამერიკული საკერავი მანქანა “ზინგერი” ასევე ფართოდ იყო ცნობილი საქართველოში XIX-XX სს-ის მიჯნაზე. “ზინგერის” ქართული ისტორია დღემდე უცნობია - ამ თემაზე მართლაც ცოტა რამ არის დაწერილი.

ცნობილი საკერავი მანქანების კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში ისააკ მერიტ ზინგერის (1811-1875 წწ) მიერ დააარსდა.

ზინგერი ნიუ- იორკში, 1811 წლის 27 ოქტომბერს დაიბადა, გერმანიიდან აშშ- ში გადახვეწილი იმიგრანტი ებრაელების ოჯახში. ისააკ ზინგერმა უკვე 10 წლის ასაკიდან დაიწყო ფულის შოვნა. მისი პირველი შემოსავლის წყარო მექანიკოს- სტაჟიორად მუშაობა იყო. შემდეგ ზინგერმა თეატრის სცენაზე სცადა კარიერის გაკეთება, თუმცა შესაშური ფიზიკური მონაცემები წარმატების მისაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა... ამავე დროს, ოჯახში პრობლემების გამო (ისააკის მამამ, ადამმა, მეორეჯერ შეირთო ცოლი) პატარა ისააკმა მიატოვა მშობლების სახლი და საცხოვრებლად ქალაქ როჩესტერში, უფროს ძმასთან გადავიდა. ეს გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა მის კარიერაში, რადგან ამის შემდეგ ზინგერი მცირე, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით მიდიოდა სამკერვალო ტექნოლოგიებში ახალი იდეების დანერგვისკენ.

ზინგერის პირველი გამოგონება საბურღო მოწყობილობა გახლდათ. 1839 წელს მოპოვებული პატენტი საბურღო მოწყობილობაზე მან 2000 ამერიკულ დოლარად გაყიდა. იმ დროისთვის ეს თანხა იმდენად დიდი იყო, რომ ზინგერმა გარკვეული დროით სამსახიობო კარიერის განახლება შეძლო.

ზინგერმა 1851 წელს თავისი შემოქმედების პირველი გამოფენა მოაწყო, სადაც წარმოდგენილი იყო ახალი ტიპის საკერავი მანქანა, რომელსაც მსოფლიო მომავალში “ზინგერის” სახელით გაიცნობს.

აღსანიშნავია, რომ “ზინგერის” პირველი მოდელი 100 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც პირველი პროდუქტის ნიმუშმა არა მხოლოდ წინასწარი განვითარების ყველა ხარჯის დაფარვა შეძლო, არამედ მოგების მომტანიც აღმოჩნდა. ასე, ზინგერის სამანქანო ბიზნესმა სწრაფი განვითარება პოვა, რადგან მის პროდუქციაში აღმოფხვრილი იყო მანამდე არსებული საკერავი მანქანების ყველა კონსტრუქციული ხარვეზი. ის, რაც ზინგერის მანქანებს მათი წინამორბედებისგან განასხვავებდა, უკეთესი ხარისხი და სისწრაფე გახლდათ.

ისააკ ზინგერის სახელთან, უფრო სწორად მის ბიზნესთან, ასევე არის დაკავშირებული ის, რასაც დღეს ბიზნესში “ფოკუს-ჯგუფს” და direct marketing-ს უწოდებენ. ის პირველი იყო, ვისი მანქანების წარმოება ორიენტირებული იყო მოსახლეობის ერთ განსაზღვრულ ჯგუფზე - დიასახლისებზე. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ქალების აბსოლუტური უმრავლესობა დიასახლისი იყო. ზინგერის სწრაფი წარმატების ფორმულა მარტივი გახლდათ: კომპანიის კომივოიაჟერები ადვილად არწმუნებდნენ დიასახლისებს, რომ “ზინგერის” საკერავი მანქანა საჭირო ნივთსაც წარმოადგენდა და სხვა მოდელებს შორის საუკეთესოც იყო.

ზინგერის სახელთან არის დაკავშირებული კიდევ ერთი რევოლუციური მარკეტინგული ნაბიჯი: უკვე 1854 წელს მან საკერავი მანქანების გაყიდვა ლიზინგის სქემით დაიწყო.

მსოფლიო წარმატებამ არ დააყოვნა და 1880-იან წლებში კომპანიამ მთელი კონტინენტური ევროპა “დაიპყრო”. სამკერვალო მანქანების გიგანტმა 1897 წელს რუსეთის იმპერიის დედაქალაქ პეტერბურგშიც გახსნა პირველი ოფისი. ორი წლის შემდეგ კომპანიის კიდევ ერთი წარმომადგენლობა გაიხსნა, ამჯერად მოსკოვთან ახლოს და მომდევნო გაფართოების შემდეგ “ზინგერის” ოფისები უკვე თბილისისა და ბაქოს მომხმარებლებს ემსახურებოდა.

საინტერესოა, რომ თბილისში “ზინგერის” წარმომადგენლობა გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) გამზირის #9-ში მდებარეობდა, - იქ, სადაც დღეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი დგას.

რუსეთის იმპერიაში, კერძოდ კი მის პერიფერიაში შეღწევა პირველ რიგში საზღვარგარეთიდან შემოტანით გამოწვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, რაც, ბუნებრივია, ფასების ზრდას იწვევდა, ამიტომაც, ზინგერის გათვლით, ადგილობრივი წარმომადგენლობების გახსნა უფრო ეფექტიანი იქნებოდა. ამასთან ერთად, საჭირო გახდა რუსეთში ადგილობრივი ქარხნის გახსნა და ასე არჩევანი პატარა ქალაქ პოდოლსკზე შეჩერდა. პოდოლსკი იმ დროს პროვინციული ქალაქი იყო, რომელიც ხუთი ათასზე მეტ მცხოვრებელს ითვლიდა.

“ზინგერი” იყო ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოური საწარმო, რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა: ამ რაოდენობის მუშები თუ აგენტები არც ერთ სხვა კომპანიას არ ჰყავდა დაქირავებული. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე (1914 წ.) შედგენილი სტატისტიკის მიხედვით, მაშინ როდესაც ქარხანამ თავისი წარმოების პიკს მიაღწია, მთელი იმპერიის მასშტაბით “ზინგერის” საწარმოებსა და ოფისებში 30,328 მუშა იყო დასაქმებული, მათგან 388 – საქართველოში.

“ზინგერის” საკერავმა მანქანამ სწრაფად მოიხვეჭა პოპულარობა საქართველოში. მანქანის ფასი ასტრონომიული იყო - 75-83 მანეთი. ეს მაშინ, როდესაც რიგითი მუშის ხელფასი თვეში რამდენიმე მანეთს შეადგენდა. 1905 წელს ცნობილი გახდა პირველი სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვითაც სამხრეთ კავკასიაში 586,317 მანეთის ჯამური ღირებულების 8,344 საკერავი დანადგარი გაიყიდა. 1912 წლისთვის გაყიდვები სამხრეთ კავკასიაში თითქმის გაორმაგდა და 1.38 მილიონი მანეთის საერთო ღირებულებით 15,675 სამკერვალო მანქანას შეადგენდა.

საქართველოში “ზინგერის” პოპულარობის პიკი დიდ ისტორიულ მოვლენას - პირველ მსოფლიო ომს დაემთხვა. იმპერიის მთელი საქარხნო სექტორი რუსეთის ჯარების მომარაგებაზე გადაერთო. გამონაკლისს არც “ზინგერი” წარმოადგენდა. სხვადასხვა ტანსაცმლისა და სხვა ნივთების ქარხანა აქტიურად ყიდულობდა “ზინგერის” მანქანებს, რომ იმპერიის ჯარების შეკვეთები შეესრულებინა. ასე, ცნობილია 83 “ზინგერის” სამკერვალო მანქანა, რომლებიც რაიონულ დირექტორატში გაიგზავნა; სასურსათო მაღაზიებში - ათი მანქანა; სამხედრო სარემონტო საამქროში - რვა მანქანა. უმეტესობა შეიძინა ადელხანოვის გაერთიანებულმა სააქციო საზოგადოებამ, რომელსაც 200 მანქანა გაეგზავნა.

ამავე დროს რუსეთის იმპერიაში სოციალურმა დაძაბულობამ იფეთქა, რამაც რევოლუციური გამოსვლების მატება გამოიწვია ასე, მაგალითად, 1906 წლიდან დაიწყო ტიფლისის (თბილისის) “ზინგერის” მუშებს შორის რევოლუციური შეხედულებების ფართოდ ფეხის მოკიდებამ. “ზინგერის” კომპანიის რამდენიმე მაღალჩინოსანს საქართველოს დატოვებაც კი მოუწია, ხოლო ერთი აღმასრულებელი დირექტორი 1906 წლის 12 დეკემბერს მოკლეს. აღნიშნულმა პრობლემებმა ჰამბურგის ცენტრალური “ზინგერის” ოფისი აიძულა, თბილისის განყოფილება პირდაპირ კონტროლზე აეყვანა. სოციალურ დაუმორჩილებლობას შედეგად 1917 წლის რევოლუცია მოჰყვა, რამაც საგრძნობი დარტყმა მიაყენა ზინგერის აყვავებულ ბიზნესს.

იგივე ბედი ეწია კომპანიის სხვა ოფისებს თუ ქარხნებს. 1918 წელს კომპანია “ზინგერის” პოდოლსკის ქარხანა ბოლშევიკების მიერ ნაციონალიზებულ იქნა და 1923 წლამდე პრაქტიკულად არ მუშაობდა. მოგვიანო პერიოდში საბჭოელებმა პოდოლსკში განაახლეს საკერავი მანქანების წარმოება, რომლის მოდელებიც საბჭოური იყო და განსაკუთრებული უპირატესობებით არ გამოირჩეოდა.

ასეთი იყო კომპანია “ზინგერის” საქართველოში არსებობის მოკლე ისტორია.

ჩვენ გირჩევთ

შესასრულებელი მისია

ქართული ღვინის თავგადასავალი შვეიცარიაში

შესასრულებელი მისია

შესასრულებელი მისია

წინა სტატია

10 ქვეყანა, რომელთა ეკონომიკაში ტურიზმს ყველაზე დიდი წილი უჭირავს
05 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

აგვისტოში უცხოური ვალუტის რეზერვები 26 მილიონი დოლარით გაიზარდა
06 სექტემბერი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა