საქართველოს რკინიგზამ, ლარის გაუფასურების გამო, 6 თვეში 85.6 მლნ იზარალა

საქართველოს რკინიგზამ, ლარის გაუფასურების გამო, 6 თვეში 85.6 მლნ იზარალა

ნედლი ნავთობის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი 90%–ზე მეტადაა შემცირებული.

საქართველოს რკინიგზამ წლის პირველ ნახევარში 230.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.9%–ით აღემატება.

რკინიგზის ფინანსურ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლარის კურსი, რადგან ტარიფების უმეტესობა გადაზიდვებში დოლარშია ნომინირებული. ამასთან რკინიგზის ვალის ნაწილიც დოლარშია ფიქსირებული.

სახელმწიფო კომპანიამ წლის 6 თვეში ლარის გაუფასურების გამო, 85.6 მლნ ლარი იზარალა. რკინიგზის წმინდა ფინანსური დანაკარგი 102.7 მლნ ლარი იყო, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სახელმწიფო კომპანიის წმინდა ფინანსური შემოსავალი 59.9 მლნ ლარი იყო.

რკინიგზის შემოსავლის ყველაზე დიდი წილი ტრადიციულად სატვირთო გადაზიდვებზე მოდის. ამ გზით რკინიგზამ 6 თვეში 146.1 მლნ ლარი მიიღო. წლიური ზრდა 26.6%–ია და ჯამში შემოსავლების 63% სწორედ სატვირთო გადაზიდვებს უკავია.

მგზავრთა გადაყვანით მიღებული შემოსავალი 19.8%–ით არის გაზრდილი და მან წლის პირველ 6 თვეში 11.3 მლნ ლარი შეადგინა.

სატვირთო გადაზიდვებში ყველაზე დიდი წილი ნავთობპროდუქტებზე მოდის. ნავთობპროდუქტების გადაზიდვით რკინიგზამ 59.1 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ზრდა 31.2%–ია.

წელს ფაქტიურად არ მომხდარა ნედლი ნავთობის გადაზიდვა. ამ გზით მიღებული შემოსავალი წლიურად 90%–ზე მეტადაა შემცირებული და მხოლოდ 222 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება მშრალ ტვირთებს, 51.2%–ით შემცირდა მარცვლეულის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი და მან 2.3 მლნ ლარი შეადგინა, ნაცვლად გასული წლის 4.8 მლნ ლარისა.

ყველაზე დიდი ზრდა შაქრის გადაზიდვით მიღებულმა შემოსავალმა აჩვენა (+90.6%). ამ პროდუქტის ტრანსპორტირებით რკინიგზამ 9.5 მლნ ლარი დააგენერირა.

ნავთობპროდუქტების გადაზიდვა საქართველოს დერეფანში ძირითადად აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან და თურქმენეთიდან მომავალი ტვირთებით ხდება. წელს აღნიშნული ქვეყნების წილები მთლიან გადაზიდვაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, ყაზახეთის წილი 16%–დან 13%–მდე შემცირდა; 20%–დან 13%–მდე შემცირდა თურქმენეთის წილი; 18%–დან 24%–მდე გაიზარდა რუსეთის წილი; აზერბაიჯანს კვლავ 26% უკავია.

რაც შეეხება ნედლ ნავთობს, მისი გადაზიდვა მხოლოდ აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ხდებოდა. გადაზიდული ნედლი ნავთობის 70% აზერბაიჯანზე მოდიოდა, 30% კი საქართველოზე. 90%–ზე მეტად შემცირება კი აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის გადაზიდვის შემცირებას უკავშირდება. შედარებისთვის გასულ წელს გადაზიდული ნედლი ნავთობის 96% აზერბაიჯანზე მოდიოდა.

საქართველოს რკინიგზის შემოსავლები 2012 – 2018 წლები:

2012 – 469.8 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 350 მლნ ლარი

2013 – 481.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 364 მლნ ლარი

2014 – 511.5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 382.7 მლნ ლარი

2015 – 574.7 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 440 მლნ ლარი

2016 – 439,9 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 292.6 მლნ ლარი

2017 – 434,5 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 312,9 მლნ ლარი.

2018 – 424.6 მლნ ლარი; ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი – 292,9 მლნ ლარი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *