სადაზღვევო კომპანიების მოგება იზრდება - ყველაზე მსხვილი კომპანიები ქართულ ბაზარზე

სადაზღვევო კომპანიების მოგება იზრდება - ყველაზე მსხვილი კომპანიები ქართულ ბაზარზე

ქართული სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება იზრდება. წლის პირველ ნახევარში კომპანიებმა 19.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 3.2 მლნ ლარით აღემატება. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, იზრდება კომპანიების მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობაც და მან წლის პირველ 6 თვეში 345 მლნ ლარი შეადგინა.

საქართველოში 17 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული. მათგან 16 ფლობს როგორც სიცოცხლის, ასევე არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე იმედი L ლიდერობს, მას მოსდევს ჯიპიაი და ალდაგი.

წლის პირველ 6 თვეში ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანიამ უნისონი აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზეა ჯიპიაი, მესამეზე კი იმედი L.

სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიიის მიხედვით, ბაზარზე იმედი L ლიდერობს. კომპანიამ 6 თვეში დაზღვევის ამ სახეობიდან 52.1 მლნ ლარი მოიზიდა და ბაზრდის 36% დაიკავა. მეორე ადგილზეა ჯიპიაი 31.3 მლნ ლარით და ბაზრის მთლიანი წილის 22%–ით. მესამე ადგილზე კომპანია არდია, რომელმაც 6 თვეში 19.3 მლნ ლარი მოიზიდა და ბაზრის 13% დაიკავა. სხვა კომპანიებზე კი ბაზრის 29% მოდის.

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით თიბისი ლიდერობს, მას მთლიანი წილის 25% უკავია. მეორე ადგილზე ალდაგია 19%–ით, ხოლო მესამეზე კი ჯიპიაი 16%–ით.

ქონების დაზღვევის სახეობაში ლიდერი ალდაგია. მასზე მოზიდული პრემიის 37% მოდის. ალდაგს მოსდევს თიბისი 17%–იანი წილით და ჯიპიაი 15%–ით.

სიცოცხლის დაზღვევის ბაზრის 45% თიბისიზე მოდის; 26% ალდაგზე; 16% იმედი L-ზე. დარჩენილი წილი კი სხვა კომპანიებზე ნაწილდება.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში ლიდერი ალდაგია, რომელსაც მთლიანი ნაზრის 54% უკავია. მას მოსდევს ჯიპიაი 11%–ით და უნისონი ასევე 11%–ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *