საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში დაწინაურდა

ფრეიზერის ინსტიტუტის “მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების” 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2017 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო მეთორმეტე ადგილზე იმყოფება 162 ქვეყანას შორის “უმეტესად თავისუფალი” სტატუსით. წინა წელთან შედარებით, საქართველო ერთი საფეხურით დაწინაურდა, თუმცა კვლავ ჩამორჩება 2014 წლის მონაცემს, როდესაც მერვე ადგილი გვეკავა 8,01 სარეიტინგო ქულით.

2019 წლის კვლევა მომზადებულია 2017 წლის მონაცემების საფუძველზე და ზომავს ეკონომიკურ თავისუფლების ხარისხს როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ისე მსოფლიოს მასშტაბით, აფასებს პირადი არჩევანის ხარისხს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას, კერძო საკუთრების დაცულობას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს ვალუტის სტაბილურობას, ინფლაციას, ბიუროკრატიის წნეხს და სხვა მახასიათებლებს.
საქართველოს სარეიტინგო ქულა 10–დან 7.94–ია.

საუკეთესო შედეგი ქვეყანას თავისუფალი ვაჭრობის კრიტერიუმში აქვს, – მსოფლიოში მესამე პოზიცია. ამ კრიტერიუმში საქართველოს სარეიტინგო ქულა 8.74–ია.

ყველაზე ცუდი პოზიცია ქვეყანას ფულადი პოლიტიკის კრიტერიუმში აქვს – 76–ე ადგილი. ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა საქართველომ სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის კრიტერიუმში მიიღო – 6.34 – რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ კანონის უზენაესობა რჩება.

სასამართლო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ქვეკრიტერიუმში ქვეყნის სარეიტინგო ქულა 10–დან 4.27–ია, რაც 2015 წელთან შედარებით 0.8 ქულით გაუარესებული მაჩვენებელია. 2015 წელთან შედარებით, გაუარესებულია საქართველოს პოზიცია მიუკერძოებელი მოსამართლეების კრიტერიუმშიც. ამ შემთხვევაში საქართველომ 4.1 ქულა მიიღო, მაშინ როდესაც 2015 წელს 4.7 ქულა გვქონდა.

გაუარესებულია სარეიტინგო ქულა საკუთრების დაცვის კრიტერიუმშიც, რომელშიც 6.19 ქულა გვაქვს, ნაცვლად 2015 წელს 6.29 ქულისა.
მცირედით გაუარესდა საქართველოს ქულა პოლიციის სანდოობის კრიტერიუმშიც და 10–დან ქვეყანას 7.02 ქულა აქვს. შედარებისთვის, ამ კრიტერიუმში 2015 წელს საქართველოს 7.19 ქულა ჰქონდა.

2019 წლის კვლევით მოწინავე ათეულის ქვეყნებია: ჰონგ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია, აშშ, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, კანადა, ავსტრალია.

ბოლო ათეულში კი არიან: ერაყი, კონგოს რესპუბლიკა, ეგვიპტე, სირია, ანგოლა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ანგოლა ალჟირი, სუდანი და ლიბია.
კვლევის მონაცემებით რუსეთი 85-ე, ხოლო ჩინეთი 113-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური თავისუფლების საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი 1950 წლიდან 2017 წლამდე გაიზარდა 4.96-დან 6.90-მდე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *