დრაივი, კაიფი და კარიერა

დრაივი, კაიფი და კარიერა

აპრილის ბოლოს Forbes Women Club-ის ორგანიზებით თბილისში ირინა ჰაკამადას მასტერკლასი ჩატარდა. ქართული აუდიტორიისთვის მისი მრავალფეროვანი ბიოგრაფიის მხოლოდ პოლიტიკური ნაწილია მეტ-ნაკლებად ცნობილი, თუმცა ცოტამ თუ იცის, რა დაბრკოლებების გადალახვა მოუხდა, რათა ნახევრად იაპონელ ქალს, ეროვნული და გენდერული ნიშნით სეგრეგაციულ პოსტსაბჭოეთში, წარმატებისთვის მიეღწია. იაპონელი სამურაის შვილის “ბუსიდოს გზა”, პოლიტიკაში და მის მიღმა, შთამაგონებელია. ამიტომ, ვფიქრობთ, პოსტსაბჭოთა თავისებურებებით ჯერ კიდევ გადაჯერებულ ჩვენს ქვეყანაში, მას ახლოდან მხოლოდ ექსკლუზიური Forbes Women Club-ის წევრები არ უნდა იცნობდნენ.

“სამ წლამდე სოციალური აუტისტი ვიყავი,თითქმის არ ვლაპარაკობდი. ერთ პატარა ოთახში ოთხი ადამიანი ვცხოვრობდით. როგორც ყველა ინტროვერტს, ძალიან მიყვარდა კითხვა, ძილი და ძილის წინ ოცნება – მოვიკუნტებოდი ჩემთვის კუთხეში და ვოცნებობდი…”.

– ანუ, თქვენი ეს კომუნიკაბელურობა იმიტაციაა? – ვეკითხები გაკვირვებული, რადგან მასზე სასიამოვნო ქალი და ენაწყლიანი რესპონდენტი იშვიათად შემხვედრია.

– კი, იცით, მე ახლაც ინტროვერტი ვარ, მაგრამ ამავე დროს თვითნასწავლი ექსტრავერტი.

სიტყვები “თვითნასწავლი”, “ჩემით მივაღწიე”, “არავინ მეხმარებოდა” იმ დღეს არაერთხელ მოვისმინე. დღე მართლაც მშვენიერი გამოდგა – პროგნოზის მიუხედავად, კახეთში არაჩვეულებრივი – ოდნავ გრილი და მზიანი ამინდი იდგა. ქართველი მასპინძლების მიერ ირინა ჰაკამადასთვის მოწყობილ კახურ ექსკურსიაში მეც მოვხვდი და მთელი დღის მასთან გატარების საშუალება მქონდა.

ყველაზე შთამბეჭდავი ირინა ჰაკამადა რიცხვებშია: სიმაღლე – 175 სანტიმეტრი, წონა – 60 კილოგრამი, ასაკი – 60 წლის, 4 ქორწინება და 3 განქორწინება, 2 შვილი, 4 შვილიშვილი, 15 წელი პოლიტიკაში და 8 წელი საჯარო ცხოვრება პოლიტიკის მიღმა, 3 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, 1 მინისტრის პორტფელი, 1 საპრეზიდენტო კამპანია, 8 წიგნი და, როგორც თვითონ ამბობს, 3 სრულიად განსხვავებული ცხოვრება.

საქართველოში ჰაკამადას იცნობენ როგორც პოლიტიკოსს, რომელიც თავისუფალი НТВ-ს შორეულ ეპოქაში, ბორის ნემცოვთან და ანატოლი ჩუბაისთან ერთად, იმპერიალისტურად მოაზროვნე რუს პოლიტიკოსებს ლიბერალური ღირებულებებით უპირისპირდებოდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა – ჩვენ აღარ ვართ მიჯაჭვული რუსულ არხებს, ბევრს არც “ორი რუსეთის” გვჯერა; ან კიდევ სადღაა თავისუფალი НТВ და ჰაკამადა- ნემცოვი რუსულ პოლიტიკაში!

ოფიციალური განცხადება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ირინა ჰაკამადამ 2008 წელს გააკეთა და 53 წლის ასაკში ახალი ცხოვრება დაიწყო. პუტინის ყოფილი პოლიტიკური ოპონენტი, რომელიც 2004 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კონკურენტი იყო, დღეს წიგნებს წერს, ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი აქვს და რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა ქალაქში მასტერკლასებს ატარებს: როგორ გავხდეთ ლიდერი, როგორ გამოვიყურებოდეთ 50 წლის ასაკში 38 წლისად, როგორ შევათავსოთ ოჯახი და კარიერა და ასე შემდეგ.

თბილისშიც ამ მიზნით ჩამოვიდა. მასტერკლასს “დრაივი, კაიფი და კარიერა”, რომელიც Forbes-ის ქალთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა, მხოლოდ ქალები ექსკლუზიური Forbes Women Club-ის წევრები – ესწრებოდნენ. ასეთი იყო თავად ჰაკამადას მოთხოვნა.

“თქვენ წინაშეა ქალი, რომელიც მთლიანად კორექტირებულია. საკუთარი თავის კორექტირება თქვენც შეგიძლიათ, მე რამდენიმე რჩევას მოგცემთ”, – დაიწყო ირინა ჰაკამადამ და Tbilisi Marriott-ის წვეულებათა დარბაზში მსხდომებმა სასწრაფოდ ფურცელი და კალამი მოვიმარჯვეთ.

საკუთარი ბრენდის – HAKAMA-ს კრემისფერ ელეგანტურ კაბასა და მაღალქუსლიან საბოებში გამოწყობილმა ჰაკამადამ წითელი ხალიჩით დაფარული გრძელი დერეფანი მშვიდი, ოდნავ ზარმაცი ნაბიჯებით გაიარა და სცენაზე ავიდა.

– იცით, კაცებისთვის პირველ ადგილზე რა არის? – იკითხა მან.

 – სექსი, – დაუფიქრებლად უპასუხეს დარბაზიდან.

– ცდებით, და ამაშია ჩვენი პრობლემა! პირველზეა თვითრეალიზაციის სურვილი, მეორეზე – ჰობი და მხოლოდ მესამეზე ვართ ჩვენ – ქალები, ოჯახი და სექსი. თუ ამას დაიმახსოვრებთ, თქვენი ცხოვრება ხვალვე შეიცვლება.

ჰაკამადა თავიდანმე აფრთხილებს აუდიტორიას, რომ მისი მასტერკლასები მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა და სუბიექტურია.

ხმის მშვიდი, დაბალი ტემბრით, ხშირად უხეში რუსული ჟარგონით გაზავებული წინადადებებით, ჰაკამადა საკუთარი ცხოვრების იმ ისტორიებს ჰყვება, რომელთაც ის შეცვალეს. ორსაათ- ნახევრის განმავლობაში მსმენელები ბევრს იგებენ მისი ბიოგრაფიიდან – არა მარტო სახალისო, არამედ საკმაოდ დრამატულ დეტალებს.

“2003 წელს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ვემზადებოდი, ჩემი 5 წლის შვილს, მაშას, სისხლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ცხადია, არჩევნებზე უარი უნდა მეთქვა, თუმცა ქმარმა აზრი შემაცვლევინა: “შენ ამაზე ყოველთვის ოცნებობდი, – მითხრა მან. – თუ თვითრეალიზაციას ვერ შეძლებ, ენერგია არ გექნება. ბავშვს კი ახლა სწორედ ენერგიული დედა სჭირდება”. ასე დაიწყო ყველაზე რთული პერიოდი მის ცხოვრებაში. დღისით ამომრჩევლებს ხვდებოდა, ღამე საავადმყოფოში მორიგეობდა. “15 მარტს, როდესაც მე ჩემი საპრეზიდენტო პროცენტები ავიღე, მაშას დაავადების რემისია დადგა. არასოდეს უნდა “დაუწვე” პრობლემას, არ უნდა დაგავიწყდეს საკუთარი თავი. პრობლემას მხოლოდ ენერგიით უნდა გაუმკლავდე”.

ირინას ორი შვილი ჰყავს – 36 წლის დანიილი პირველი ქორწინებიდან და 18 წლის მაშა – ბოლო, მეოთხე ქორწინებიდან, რომელიც 20 წელია გრძელდება. “ბავშვები არაჩვეულებრივები არიან, ისინი უნდა გიყვარდეს, მაგრამ არ არის საჭირო, მათი ცხოვრებით იცხოვრო. მათ ეს არ სჭირდებათ”, – ამბობს ირინა. მისი მდიდარი, 15-წლიანი პოლიტიკური გამოცდილებაც უკვე მასტერკლასების დამხმარე მასალად იქცა. სახელმწიფო დუმისა თუ თეთრი სახლის დახურულ კაბინეტებსა და დერეფნებში მიღებულ შთაბეჭდილებებს ჰაკამადა ეფექტიანად იყენებს თავის ახალ საქმიანობაში.

“…და როცა მე უკვე ძალიან გავბრაზდი, დერეფანში დაველოდე ტოლიას (ანატოლი ჩუბაისი), კედელთან მივაყენე, როგორც ბანდიტმა, ახლოს მივედი, თვალებში ჩავხედე და ძალიან დაბალი ხმით ვუთხარი: “ტოლია, მომისმინე, ასე ვეღარ გაგრძელდება, მე მივდივარ… და მან მოულოდნელობისგან სრულიად გაოცებულმა მითხრა: ‘ირა, დამშვიდდი, დავილაპარაკოთ’…” – ირინას ჯიბეებში ხელები ძველბიჭურად აქვს ჩაწყობილი და ამ სცენას განასახიერებს.

ანატოლი ჩუბაისთან, ბორის ნემცოვსა და სერგეი კირიენკოსთან ერთად ირინა ჰაკამადა 5 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა “მემარჯვენე ძალთა კავშირს” (Союз Правых Сил). 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ახალმა ლიბერალურმა კოალიციამ 9 პროცენტი აიღო და სახელმწიფო დუმაში ფრაქცია შექმნა. ბლოკი მაშინ ღიად უჭერდა მხარს ხანდაზმული და უუნარო ელცინის ახალგაზრდა და ენერგიულ “პრიემნიკს” – ვლადიმირ პუტინს. “პუტინი – პრეზიდენტად, კირიენკო – დუმაში. ახალგაზრდები მოდიან” – ეს СПС-ის საარჩევნო სლოგანი იყო.

მომდევნო – 2003 წლის არჩევნებზე ლიბერალურმა ოპოზიციამ ტოტალური მარცხი განიცადა. ჰაკამადა და მისი თანაგუნდელები პარლამენტს მიღმა აღმოჩნდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩეჩნეთის მეორე ომის გმირი, “ტერორისტებთან მებრძოლი” ვლადიმირ პუტინი ერის ლიდერად საბოლოოდ ჩამოყალიბდა, ხოლო ერთ დროს მის მიმართ კეთილგანწყობილმა ლიბერალებმა მისი მწვავე კრიტიკა დაიწყეს.

პირადად ჰაკამადა პუტინთან ღია და რადიკალურ დაპირისპირებას ყოველთვის ერიდებოდა. მეგობარ და ყოფილ თანამებრძოლ ბორის ნემცოვთან წლინახევრის წინ ურთიერთობა სწორედ ამ მიზეზით გაწყვიტა. “ბუნებრივად მოხდა ყველაფერი. მისი რადიკალიზაცია, პრეზიდენტის გინება არ მომწონდა. არ მომწონს ამ ბოტოქსებით და რაღაცებით ოპონირება. არ მიყვარს, როდესაც ადამიანებს პირად შეურაცხყოფას აყენებენ. თუ შენ სერიოზული პოლიტიკოსი ხარ, სისტემას უნდა ებრძოლო. ამიტომ მე განზე გავდექი. დღეს ოპოზიციის ყველა მიტინგზე დავდივარ, მაგრამ სადღაც ბოლოში ვდგავარ, ხალხთან, როგორც რიგითი მოქალაქე და არა ლიდერებთან”.

შესაძლოა, ირინა ჰაკამადას მართლაც სჯერა, რომ “სისტემა” და პუტინი დღეს ორი სხვადასხვა რამეა, ან იქნებ ამ შემთხვევაშიც მისი აღმოსავლური სიბრძნე მოქმედებს: ოპონენტებს მხოლოდ იშვიათ, გამოუვალ სიტუაციებში ესხმის თავს. საქმიან თუ პირად ურთიერთობებში მისი სტილი აიკიდოა. ამ იაპონური ორთაბრძოლის მთავარი ფილოსოფიაა, არასოდეს დაესხა თავს მოწინააღმდეგეს პირველი – დაელოდე მის დარტყმას და შემდეგ მისი აგრესია მისსავე წინააღმდეგ გამოიყენე.

“შეიძლება, მართალი ხარ, – ჰაკამადა ამბობს, რომ ეს ჯადოსნური ფრაზაა, რომელსაც მაშინაც კი იყენებს, როდესაც ზუსტად იცის, რომ ქმარი, შვილი, ბოსი თუ ოპონენტი ცდება. – მოწინააღმდეგეს ესმის მხოლოდ ფრაზის მეორე ნაწილი – “მართალი ხარ” და იგი მშვიდდება. შენ იგებ დროს და აკეთებ ყველაფერს ისე, როგორც გინდა. და რაც მთავარია, ხმის დაწევა არ დაგავიწყდეთ. თუ იყვირებთ, ეგრევე წააგებთ”.

“ერთხელ მითხრეს, რომ კარგი იქნებოდა, ჩემი ზედმეტად მკივანა ხმის ტემბრისთვის მიმეხედა. გადავწვიტე, მეცადინეობა იმავე დღეს დამეწყო – Эхо Москвы-სთან მქონდა ინტერვიუ – მკითხეს, რას ვფიქრობდი ამერიკა-რუსეთის გადატვირთვაზე. ჰოდა, დავიწყე საუბარი ნახევარტონალობაში. რაც უფრო მწვავე რამეს ვამბობდი, ხმის ტემბრს უფრო დაბლა ვუწევდი. რომ გამოვედი, მეგობარმა დამირეკა – ირა, “ეხოზე” გისმინე. – მერე? – ვკითხე მე. – იცი, რა, გა დატვირთვაზე ვერაფერი გავიგე, მაგრამ გავათავე. ამიტომ, როდესაც თქვენ ნერვიულობთ, როდესაც რამე გინდათ – დაუწიეთ ხმას. ეს მოქმედებს, განსაკუთრებით – კაცებზე”.

ბევრს და ღიად საუბრობს ჰაკამადა თავის ოთხ ქორწინებასა და ოთხივე ქმარზე, როგორც მისი ცხოვრების მნიშვნელოვან და გარდაუვალ ეტაპებზე. “მე გამიმართლა. ოთხივე ქმარი გადასარევი შემხვდა. თუმცა იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრების ყველა მონაკვეთის, თუნდაც დრამატულისა და წარუმატებლის, მომავალ წარმატებაში კონვერტირება შეიძლება”.

პირველი ქორწინება – 18 წლის ასაკში – კომპლექსების მოხსნის მცდელობა იყო. “როცა განსხვავებული ხარ, ირგვლივ ყველა “იაპოშკასა” და “კიტაიოზას” გეძახის, რას აკეთებ შენ? პირველ შემხვედრს მიჰყვები ცოლად. მას გენიოსი ვეგონე. მაწანწალა კატის ფოტო მაჩუქა და მეც დავდნი – იხსენებს ჰაკამადა თავის ახალგაზრდობას. – ვიყავი ელამი, შეუხედავი და არავის ვუყვარდი”.

მამამისი, იაპონელი სოციალისტი მუცუო ჰაკამადა სამურაების ცნობილი გვარის წარმომადგენელი, იაპონიაში იერარქიული წყობის ნგრევისა და გაკოტრების შემდეგ საბჭოთა კავშირში გადმოსახლდა. როგორც ირინა ამბობს, არქივში თავად უნახავს წერილი, რომელიც მამამისმა პირადად სტალინს მისწერა და საბჭოთა კავშირში თავშესაფარი სთხოვა. ცხოვრების ბოლომდე მუცუო ჰაკამადა გულმხურვალე სტალინისტი იყო, რუსული ვერ ისწავლა, რუსი ცოლი ვერ შეიყვარა და შვილისთვისაც ცივ, მიუწვდომელ, თუმცა ამავე დროს პატივსაცემ იაპონელ სამურაიდ დარჩა. მამა-შვილის ურთიერთობა რომ წარმოიდგინოთ, ერთი დეტალი კმარა – მამამ რუსული არ იცოდა, შვილმა – იაპონური.

მეორედ, როგორც თვითონ ამბობს, გენიოსს გაჰყვა ცოლად. თავდავიწყებით შეუყვარდა სიმპათიური, ქვრივი მეცნიერი, ოთხი წლის შვილით, “რომელსაც, როგორც ყველა მეცნიერს, არაფერი ებადა”.

“თუმცა მე არასოდეს მაინტერესებდა ქმრების ქონება. თუ კაცი კეთილია, სიმპათიური, ახალგაზრდა და საინტერესო, მეტი რაღა მინდა? ფულს ჩემითაც ვიშოვი”. ამ ქორწინებამ 12 წელს გასტანა. ყველანი ჰაკამადას დედის კომუნალურ ბინაში ცხოვრობდნენ.

პოლიტიკური კარიერა ჰაკამადამ მესამე ქორწინების პერიოდში დაიწყო. იმ დროისთვის მას უკვე ჰქონდა პოლიტიკური ეკონომიკის დოცენტის ხარისხი, კერძო კოოპერატივის მართვისა და ასევე სასაქონლო ბირჟაზე მუშაობის გამოცდილება. “როდესაც 1993 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე, ჩემმა მესამე ქმარმა – მილიონერმა, მითხრა: ‘ჩაიხედე სარკეში და მოეშვი. შენნაირებს რუსეთში არავინ აირჩევს. ხალხი შენი გვარის სწორად წარმოთქმასაც ვერ ისწავლის’”. ამის შემდეგ ისტორია ასე ვითარდება – მილიონერი ქმარი არჩევნებში ჰაკამადას კონკურენტს აფინანსებს, ირინა კი მიდის, როგორც თავად ამბობს, “ვიღაც ბანდიტებთან”, ართმევს მათ საარჩევნო კამპანიისთვის ფულს და “რა გგონიათ, რა მოხდა? მე მოვიგე არჩევნები, ჩემმა კონკურენტმა კი წააგო”.

 ეს მისი პირველი მოგებული არჩევნები იყო. შემდეგ მას კიდევ ორჯერ აირჩევენ დუმაში. 1997 წელს კი ჰაკამადა მცირე ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა. ეს თანამდებობა მაშინ, ფაქტობრივად, მინისტრის პორტფელს ნიშნავდა.

2003 წელს ჟურნალმა Time- მა ჰაკამადა “მეოცე საუკუნის პოლიტიკოსად” დაასახელა. იმდროინდელ რუსეთში იგი მართლაც გამოირჩეოდა. პრინციპში, ამდროინდელშიც. ვალენტინა მატვიენკოსა და ლიუბოვ სლისკას ქვეყანაში არაპომპეზურად და გემოვნებით ჩაცმული ქალი, თამამი ვარცხნილობითა და ლიბერალური იდეებით, ნამდვილად თვალში საცემია. რუსული გლამურული ჟურნალები დღემდე წერენ, რომ ჰაკამადა რუსეთის ყველაზე გემოვნებიანი ქალია. “თუ ვინმეს რჩება შთაბეჭდილება, რომ მდიდრულად ვიცვამ, ცდება. ეს უბრალოდ სტილია – კარგად ჩაცმის ხელოვნება. რეალურად მე 35 წელი მოვანდომე საკუთარი სტილის პოვნას”, – ამბობს ირინა.

2008 წელს ის – ქარიზმატული, პოპულარული და ახალგაზრდა – პოლიტიკიდან მიდის და ახალ ცხოვრებას იწყებს. “რატომ? მომწყინდა და ყელში ამომივიდა. როგორც კარგი სპორტსმენი, ზუსტად მივხვდი, როდის უნდა წავსულიყავი. მე არ მაინტერესებს იმ საქმის კეთება, რომელსაც შედეგი არ მოაქვს, – ამბობს იგი და თავის თანაშემწეს – კონსტანტინს მიმართავს:

– კოსტია, გთხოვთ, შეამოწმეთ Twitter-ი, ხდება რამე ახალი? კონსტანტინი ტვიტერიდან ნიუსებს კითხულობს:

– რუსლან გერემეევი ნემცოვის საქმის ახალ ფიგურანტად იქცა.

– ასეც ვიცოდი, რომ ამ ამბავში კიდევ რაღაც იქნებოდა. სხვა არაფერი?

– წერენ, რომ ჩეჩნეთში ახალი ომის საფრთხე არსებობს…

– ჰოდა, პუტინი მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის…

მსგავსი დიალოგები კონსტანტინსა და ირინას შორის კახეთში მოგზაურობის დროს არაერთხელ გამეორდა. “პოლიტიკიდან წასვლა ვაკუუმში ყოფნას არ ნიშნავს. მე ყველაფრის საქმის კურსში უნდა ვიყო. ეს უკვე ჩვევაა”, – მიხსნის იგი.

კონსტანტინი უკვე 13 წელია, ჰაკამადასთან მუშაობს, ეხმარება მას მასტერკლასების ორგანიზებაში, პრესასთან მის ურთიერთობას აგვარებს. ისინი ერთმანეთს თქვენობით მიმართავენ. “ხელმძღვანელსა და ქვეშევრდომს შორის დისტანცია აუცილებელია. კოსტიასთან დიდი ხანია, ვმუშაობ, მაგრამ მე ცოტა ბოსი ვარ და ის ცოტა არ არის ბოსი, ამიტომ ჩვენ მცირე დისტანციას ვიცავთ”.

ჰაკამადას დღეს ხშირად ნახავთ რუსეთის ფედერალურ არხებზე, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელებისთვის წვდომა შეზღუდულია. იგი საუბრობს თავის მასტერკლასებზე, პირად ცხოვრებაზე; როგორც ექსპერტი, აფასებს მიმდინარე მოვლენებს. მისთვის კარი ღიაა ასევე შედარებით ლიბერალურ რუსულ მედიაშიც – მისი კომენტარები ხშირია Эхо Москвы-ზე, Дождь-ზე.

რამდენიმე დღის წინ, ვლადიმირ პუტინის ტრადიციული პირდაპირი ეთერის დროს, ჰაკამადამ რუსეთის პრეზიდენტს ბორის ნემცოვზე დაუსვა კითხვა. პუტინის პირდაპირ ეთერზე იგი გასულ წელსაც დაპატიჟეს და მან კითხვა ყირიმის შესახებ დასვა. მისი კითხვები აქტუალურია, თუმცა ფორმულირებები ფრთხილი, რის გამოც ის ხშირად ბლოგერებისა და კომენტატორების კრიტიკას იმსახურებს. ჰაკამადა ზომიერი და სისტემური ოპონირების მომხრეა. “მე ყოველთვის სისტემა მაინტერესებდა, პიროვნებებზე არასოდეს არ გადავდიოდი. და რა მოვიგე? არაფერი. ბორის ნემცოვი პიროვნებებზე გადადიოდა. და მან რა მოიგო? არც არაფერი. რუსეთში დღეს, ვინც გინდა, ის იყავი, აზრი არაფერს აქვს”, – ამბობს ჰაკამადა.

პუტინს იგი პირდაპირი ეთერების მიღმაც, წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც ხვდება. 2012 წლიდან ჰაკამადა “რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების საბჭოს” წევრი ხდება. საბჭო ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრმა დატოვა პროტესტის ნიშნად, თუმცა მათ შორის ჰაკამადა არ ყოფილა. რაოდენ ცინიკურადაც უნდა ჟღერდეს ამ საკონსულტაციო ორგანოს სახელწოდება, ჰაკამადა ირწმუნება, რომ საბჭო ქმედითია და მისი წევრობა დისკომფორტს არ უქმნის: “ხმაურიანი აქციები არ გვაქვს, მაგრამ მნიშვნელოვან საქმეებს ვაგვარებთ. მაგალითად, ნადეჟდა სავჩენკოსთან (რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი მფრინავი) ექიმის ვიზიტი საბჭოს დამსახურებაა. ვითხოვთ ნემცოვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მოწმეებთან შეხვედრას… “

გუგლში ჰაკამადას სახელს თუ აკრეფთ, საძიებო სისტემა მეორე ვარიანტად “ხაკამადა, ნემცოვს” შემოგთავაზებთ. ერთ დროს ახლო პოლიტიკური თანამებრძოლები პოლიტიკის მიღმაც მეგობრობდნენ, თუმცა ბოლოს სულ უფრო იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს: “ბორია სულ დადიოდა ჩემს დაბადების დღეებზე. ბოლო დაბადების დღეზე ველოსიპედი მაჩუქა და მეუბნება: ‘ირა, იცი, ახლა ძალიან მოდურია ველოსიპედი, შენ ხომ მოდური ქალი ხარ’. მე ვეუბნები: “ბორია, შენ რა, გაგიჟდი? აქ ისეთი მოძრაობაა, დავიმტვრევი…”

ნემცოვის მკვლელობაზე იგი ამბობს: “პუტინი უკვე ვეღარ მართავს იმ აგრესიას, რომელიც საზოგადოებაში თავად დათესა… ვნახოთ, როგორ წავა გამოძიება”. როგორ წავა გამოძიება, ამის შესახებ ჰაკამადა ალბათ კონსტანტინის მიერ ამოკითხული ტვიტებიდან შეიტყობს, როდესაც მორიგი მასტერკლასის ჩასატარებლად რუსეთის რომელიმე ქალაქში ან პოსტსაბჭოთა ქვეყანაში იმოგზაურებს.

ჰაკამადას პოლიტიკური წარსული, რომელიც მის ახალ საქმიანობაში ასე მოხერხებულად კონვერტირდა, ყოფილი პოლიტიკოსისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. “მდიდარი ვარ თუ არა? – არა. მე ვარ ადამიანი, რომელიც კარგად შოულობს ფულს, მაგრამ ჯერ მდიდარი არ ეთქმის. ძალიან ბევრი ფული არც მინდა. ბევრ ფულს მართვა უნდა – უამრავი დრო და ნერვები. მე კი თავისუფლება და კომფორტი მირჩევნია”, – ამბობს ირინა.

“გინდათ, გითხრათ, როგორ არ დაბერდეთ არასდროს? – კითხულობს ჰაკამადა ქალებით სავსე დარბაზში და ისევ ფურცლებისა და კალმისტრების შრიალი იწყება. – აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ენერგია მოდის მაშინ, როცა ქალს ბევრი რამ უნდა. ერთი რაღაც კი არა, ბევრი. ყველაფერი. ასეთი ქალები არასოდეს ბერდებიან. არ არის საჭირო არჩევანის გაკეთება – კარიერა თუ ოჯახი. 21-ე საუკუნის ქალი ორივეზე იღებს პასუხისმგებლობას”.

“ძალიან ჭკვიანი ქალია”, “რა ვიდზეა!”, “რა მაგარ რამეებს ამბობდა”, “მოიცა, მართლა კიდია, ქმარი თუ უღალატებს?”, “არაჩვეულებრივი ორატორია”, “ჩვეულებრივი შარლატანია”, “არ მჯერა, რომ სამოცისაა!”, “ნე პარიტსა რა არის?”, “რუსებისა და მათი ღირებულებების აღარ მესმის”, – Tbilisi Marriott-ის დერეფნებში ქალები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს კარგა ხანს უზიარებდნენ. დარბაზიდან გულგრილი არავინ გამოსულა. მე კი იმ დღის შემდეგ მოუთმენლად ველი ხელსაყრელ მომენტს, როდესაც ქმარს აიკიდოს ჩავუტარებ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *