TBC 2019 წელს FDI-ის 30%-ით შემცირებას პროგნოზირებს

TBC 2019 წელს FDI-ის 30%-ით შემცირებას პროგნოზირებს

TBC Research-ის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დოლარში 30%–ით, ლარში კი 20%–ით შემცირდება. ამასთან, TBC ვარაუდობს, რომ FDI მესამე კვარტალშიც შემცირდება, წლის ბოლოს კი შედარებით დადებითი დინამიკა შეიქმნება.

ანგარიშში, რომელიც TBC-იმ მოამზადა ვკითხულობთ, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურების შემდეგ, ისეთების როგორიცაა ანაკლიის პორტი და ნამახვანჰესი და ნენსკრაჰესი FDI-ის წილი ქვეყნის მშპ–ში 5–6%–ს გადააჭარბებს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 187 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 54%-ით (217 მლნ დოლარით) ნაკლებია 2018 წლის მეორე კვარტლის მონაცემებზე. პირველი ორი კვარტლის ჯამში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით (254 მლნ დოლარით) შემცირდა. 2019 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ნიდერლანდები (58 მლნ დოლარი), თურქეთი (36 მლნ დოლარი) და აშშ (28 მლნ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად ჩეხეთიდან და აზერბაიჯანიდან შემცირდა (66 და 64 მლნ დოლარით), ხოლო ყველაზე მეტად ყაზახეთიდან გაიზარდა – 46 მილიარდი დოლარით.

ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ენერგეტიკაში (64 მლნ), მრეწველობაში (38 მლნ) და სასტუმროებში (28 მლნ), ხოლო ყველაზე ცოტა მშენებლობაში (4 მლნ) და სოფლის მეურნეობაში (3 მლნ). ინვესტიციების წმინდა გადინება დაფიქსირდა საფინანსო სექტორში, 34 მლნ დოლარით შემცირდა ამ სექტორში ინვესტიციები. ასევე, ინვესტიციები შემცირდა კავშირგაბმულობაში და ჯანმრთელობის დაცვის სექტორებში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *