რუსეთის ეკონომიკური აპოკალიფსის ოთხი მხედარი

ყველა რუსი არაა აღფრთოვანებული ნავთობის ფასების ვარდნით, გაშმაგებული ინფლაციითა და ვლადიმირ პუტინის გრანდიოზული უკრაინული სტრატეგიით.

2013 წლის მარტში Deutsche Bank-ის ფრანკფურტის ოფისებში ბანკირებისა და იურისტების ჯგუფი შეიკრიბა. მათი მიზანი: სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული რუსული სანავთობო გიგანტის, Rosneft-ის ერთ- ერთი ანგარიშიდან ოთხი რუსი მილიარდერი მაგნატის, მიხაილ ფრიდმანის, ვიქტორ ვექსელბერგის, ლენ ბლავატნიკისა და გერმან ხანის კონტროლირებულ ანგარიშზე თითქმის 28 მილიარდი აშშ დოლარის გადატანის მონიტორინგი.

რუსეთის სიდიდით მესამე ნავთობკომპანიის, TNK-BP-ის გაყიდვა (რომლის 50%-საც British Petroleum-ი, 50%-საც რუსი მილიარდერები ფლობდნენ) პუტინის მორიგი ნაბიჯი იყო ძალაუფლების ცენტრალიზაციისკენ. გარიგების უკან ცენტრალური ფიგურა, Rosneft-ის აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი იდგა, რომელსაც ხშირად პუტინის შემდეგ რუსეთის ყველაზე გავლენიან ადამიანად მოიხსენიებენ და დართ ვეიდერსაც უწოდებენ. გარიგების პროცესში შეიძლება მოგჩვენებოდა, რომ სეჩინს სხვა ოლიგარქებისთვის “ადგილის მიჩენა” სურდა: ის თავის კოლეგებს მოსკოვურ შეხვედრებზე დაგვიანებებით ტანჯავდა ხოლმე.

ჯეიმს ბონდის ტრილერების სტილში, გარიგების დასასრულებლად ნეიტრალური მდებარეობა შეირჩა: გერმანული ფრანკფურტი – კონტინენტური ევროპის ფინანსური დედაქალაქი. მოვლენებში ჩახედული ერთ- ერთი პირის თქმით, მეწილეთა წარმომადგენლებმა დაიჟინეს, დაუყოვნებლივ, რეალურ დროში შეძლებოდათ ნაღდი ფულისა და საფონდო სერტიფიკატების მილიარდერების სპეციალურ ანგარიშზე გადაყვანის გადამოწმება. ტრანზაქცია დასრულებულად მაშინ ჩაითვალა, როდესაც $27,778,900,132.16-იანი ბალანსის ამსახველი სქრინშოთი გადაიღეს.

პუტინი აღფრთოვანებული იყო. გარიგების ანონსირებისას, მან ასეთი კომენტარი გააკეთა: “ეს კარგი, დიდი გარიგებაა, რომელიც არა მხოლოდ რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის, არამედ რუსეთის მთელი ეკონომიკისთვისაა მნიშვნელოვანი”. Rosneft-ის მიერ TNK-BP-ის $55 მილიარდად შეძენამ ის მსოფლიოში უდიდეს საჯარო სააქციო ნავთობკომპანიად აქცია. სეჩინს, რომელსაც, სავარაუდოდ, პუტინი მართავს, მსოფლიო ენერგეტიკული “ცარის” პოზიცია განუმტკიცდა.

რუსეთისთვის სეჩინისა და პუტინის ენერგეტიკული მეგაგარიგება შესაძლოა მართლაც “კარგ” სტრატეგიულ სვლად ჩანდა. თუმცა ფრიდმანისთვის, ვექსელბერგისთვის, ბლავატნიკისა და ხანისთვის, რომელთა ჯამური სიმდიდრე ამჟამად $55 მილიარდს აჭარბებს, ეს ალბათ ათწლეულის ერთ- ერთ ყველაზე გასაოცრად დროულ, მოგებიან გარიგებად დარჩება. მათ რუსეთის ერთ- ერთი ყველაზე ნავთობდამოკიდებული კომპანიის აქტივები ნაღდ ფულად 2013 წელს აქციეს, როდესაც დასავლეთტეხასური ნედლი ნავთობის ბარელი ჯერ კიდევ $92 ღირდა და დასავლური ბანკები რუსეთის მიმართულებით სესხებს უკანგაუხედავად ტუმბავდნენ. ეს გარიგება ასევე შესაძლოა ყოფილიყო პირველი რგოლი მოვლენათა ჯაჭვში, რომელმაც ხელი შეუწყო რუსეთის ვალუტის კოლაფსს. 2014-ში რუსული ვალუტა დოლართან მიმართებით 40%-ით დაეცა. პუტინის სახელმწიფო რეცესიაში აღმოჩნდა.

BRITISH PETROLEUM-მა ფრიდმანთან, მის სხვა მილიარდერ პარტნიორებთან და მათ ნავთობკომპანია TNK-სთან მუშაობა 2003 წელს დაიწყო. შედეგად, შეიქმნა TNK-BP, ბრიტანული და რუსული მხარეების 50/50-ზე მფლობელობით. მან $60 მილიარდის წლიურ მოგებას მიაღწია და ათწლეულის განმავლობაში მფლობელებს ათეულობით მილიარდის დივიდენდები მოუტანა. ოთხი რუსი მაგნატი TNK-BP-ის დახმარებით მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის აღმოჩნდა, BP-მ კი ნავთობის გიგანტებს შორის გაინაღდა პოზიციები. TNK-ზე ბრიტანული ნავთობკომპანიის რეზერვების 27% მოდიოდა.

თუმცა ამ თანამშრომლობას პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია: რუსი მილიარდერები გრძნობდნენ, რომ BP-ი TNK-BP-ს უცხოურ ფილიალად განიხილავდა, სადაც ძირითადი დანახარჯები რეზერვების გამყარებაზე იყო ორიენტირებული, და არა, მაგალითად, დამატებითი დივიდენდების გაცემაზე. ამავდროულად, BP-ის თანამშრომლებს რუსეთში პოლიციასთან შეექმნათ პრობლემები და მათ ვიზების განახლებაზე უთხრეს უარი. იყო პერიოდი, როდესაც რუსული განყოფილების მაშინდელ უფროსს, რობერტ დადლის, ქვეყნის დატოვება და TNKBP- ის მართვა გასაიდუმლოებული მდებარეობიდან მოუწია. ამჟამად დადლი მთელი BP-ის აღმასრულებელი დირექტორია.

კიდევ რამდენიმე დაბრკოლების შემდეგ, რომელთა შორისაც 2011 წელს კარის ზღვაში ბურღვის ნებართვისთვის ბრძოლაში Exxon Mobil-თან წაგებაც იყო, BP-მ სეჩინთან მოლაპარაკებები დაიწყო. შედგა გარიგება, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ TNK-BP-ის თავისი წილი Rosneft-ს მიყიდა. სანაცვლოდ BP-მ $12.5 მილიარდი და Rosneft-ის 19.75%-იანი წილი მიიღო, რაც ბრიტანელებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც სტრუქტურა აძლევდა საშუალებას, გაეგრძელებინათ რუსული კომპანიის რეზერვების ნაწილის საკუთარ მენიუში დამატება.

BP-ის მილიარდერი პარტნიორებისთვის საუკეთესო ვარიანტi მთელი თავისი 50%-იანი წილის პუტინის მოკავშირისა და ყოფილი ვიცე-პრემიერისთვის, ეროვნული მეგანავთობკომპანიის მშენებელი სეჩინისთვის მიყიდვა იყო. ნაღდი ფულით გამოსყიდვა არსებითი ნიუანსი იყო, რადგანაც რუს მილიარდერებს არ სურდათ, სეჩინის Rosneft-ის უმნიშვნელო მეწილეები გამხდარიყვნენ. თავის მხრივ, სეჩინსაც არ სურდა ინვესტორთა ამ გამჭრიახი ოთხეულისთვის წილების გადაცემით საკუთარი კონტროლის მოდუნება. სეჩინის უდიდესი პრობლემა ის გახლდათ, რომ მას რეალურად არ გააჩნდა ფული მათი აქტივების გამოსასყიდად. იმისთვის, რომ გარიგება შემდგარიყო, მან დაახლოებით $40 მილიარდი ნაღდი ფული აიღო – ნაწილობრივ მოკლევადიანი, უცხოურ ვალუტაში გაფორმებული “ბრიჯ-სესხების” სახით. გარიგების დაფინანსებაში მონაწილეობდნენ ბანკები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, JPMorgan Chase-ის, Barclays-ის, BNP Paribas-ისა და Unicredit-ის ჩათვლით.

ერთი წელიც არ იყო გასული, რომ 2014 წლის შემოდგომაზე Rosneft-ი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. კომპანიას მოკლევადიანი ვალების დაფარვა დასჭირდა, მაგრამ პუტინის მიერ ყირიმის ანექსიას შემბოჭავი ეკონომიკური სანქციები მოჰყვა. ამავდროულად, საუდის არაბეთმა, ამერიკელ ფიქლის მომპოვებლებთან კონკურენციისთვის, თუ ოპეკის წევრებისთვის – როგორიცაა ირანი – და სხვა მწარმოებლებისთვის, როგორიცაა რუსეთი, ჭკუის სასწავლებლად, ნავთობის ბაზარზე გააქტიურება გადაწყვიტა. ყოველივე ამან ნავთობის ფასების თავისუფალი ვარდნა გამოიწვია. სეჩინსა და Rosneft-ს, ფაქტობრივად, დასავლური ბანკების წვდომა გადაეკეტათ. იოლი გზა უცხოურ ვალუტაში $7-მილიარდიანი სესხების დასაფარად, რისი ვადაც დეკემბერში იწურებოდა, არ ჩანდა. ფასიანი ქაღალდების მყიდველების ვინაობა ან მოპოვებული ფულის ოდენობა დღემდე არ გარკვეულა. Rosneft-ს ჯერაც გასამჟღავნებელი აქვს მნიშვნელოვანი ინფორმაცია – სეჩინის პოზიცია ამჟამად ასე ჟღერს: “რუბლებში ობლიგაციები არ გაგვიცია”.

ობლიგაციების ბურუსით მოცული საკითხი ბაზრის მოთამაშეებისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. გაჩნდა სპეკულაციები, რომ ვალების დასაფარ აშშ დოლარებს Rosneft-ი თავისუფალ ბაზარზე მოპოვებული რუბლებით იყიდდა. საპასუხოდ, რუბლის ფასმა რეკორდულად დაბალ ნიშნულებს მიაღწია, იმის მიუხედავად, რომ ნავთობის ფასებმა სტაბილიზება დაიწყო.

მოსკოვში Metallinvestbank-ის ფორექსის ხელმძღვანელის, სერგეი რომანჩუკის თქმით, “იყო ეჭვი, რომ ეს რუბლები უცხოურ გაცვლით ბაზარზე გავიდოდა... ასეთი ვაჭრობა თოფის გასროლასავით იყო, რადგანაც ადამიანებს გაუჩნდათ შიში, რომ ეს ახალი ინსტრუმენტია, რომელსაც სხვა კომპანიებსაც მიუსადაგებდნენ”.

პუტინის კრიტიკოსებმა Rosneft-ის ფასიანი ქაღალდების ოპერაციას სამაშველო უწოდეს. სეჩინის აზრით კი ეს შეფასებები პროვოკაციული იყო. Rosneft-ის წარმომადგენლებმა პრესას განუცხადეს, რომ ობლიგაციების გაყიდვიდან შემოსული არც ერთი რუბლი არ დაიხარჯება უცხოური ვალუტის საყიდლად. კომპანიას შემოსავლები ძირითადად უცხოურ ვალუტაში, ექსპორტიდან აქვს. Rosneft-ის განცხადებით, კომპანიაში “ნაღდი ფული უცხოური ვალუტით საკმარისი რაოდენობით შემოედინება, რომ ვალის დაფარვის ვალდებულება შესრულდეს”. მაშ სად მიდიოდა რუბლები? Rosneft-ის მტკიცებით, მხოლოდ “რუსეთის ფედერაციაში საკუთარი პროექტების დაფინანსებაზე”.

ცოტა თუ ეჭვობს, რომ Rosneft-ს დიდი წვლილი მიუძღვის რუბლების ისედაც არასტაბილური გლობალური ბაზრის ამღვრევაში. რუსეთის ორტრილიონიანი მშპ-ის 19%-ით, ქვეყანაში ფულის ყველაზე დიდი მეწველი ძროხა ნავთობია. ნავთობის ექსპორტზე მაღალი გადასახადებია დაწესებული. ბარელზე $100-ის პირობებში, მთავრობას $70 შეუვიდოდა. $50-ის პირობებში – მხოლოდ $22. სავარაუდოდ, Rosneft-ი ვალების გადასახდელ უცხოურ ვალუტას შემოდგომაზე იმარაგებდა. დარგის ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ კომპანია სავალუტო ბაზრიდან იმ დოლარებს დააკავებდა, რომელთაც ნორმალურ მდგომარეობაში საგადასახადო ვალდებულებების დასაფარი რუბლების შესაძენად გამოიყენებდა. Rosneft-ს ასევე რუბლებით დაფინანსებული კაპიტალური ხარჯების დიდი პროგრამა აქვს. BCS Financial-ის ანალიტიკოსის, კირილ ტაჩენიკოვის თქმით, “ისინი ობლიგაციებიდან მიღებულ თანხებს რუბლებში ხარჯების დასაფარად იყენებდნენ”.

Rosneft-მა თავისი $7-მილიარდიანი ვალი გვიან დეკემბერში დაფარა. რამდენიმე დღის შემდეგ რუსეთის მთავრობამ ქვეყნის დიდ ექსპორტიორებს მისცა დირექტივა, გაამაგრონ რუბლის პოზიციები სავალუტო ბაზარზე. Rosneft-ი შესაძლოა დამორჩილებოდა ამ მითითებას, მაგრამ 2015 წელს დასაფარი კიდევ $20-მილიარდიანი ვალისა (ძირითადად დოლარებსა და ევროებში) და ასეთივე მოცულობის კაპიტალური ხარჯების პირობებში, კომპანიას $40-მილიარდიანი თავის ტკივილი აქვს, რომელიც ნავთობის ფასის ყოველ კლებასთან ერთად ძლიერდება. ნავთობგიგანტის ფინანსური განცხადებების მიხედვით, მას ამჟამად დაახლოებით $20 მილიარდი აქვს. შესაბამისად, კომპანია თვითონ სთხოვს რუსეთის მთავრობას, ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან დაეხმაროს. სეჩინს სჭირდება პუტინის დახმარება, მაგრამ ფასიანი ქაღალდებით Rosneft-ის გადარჩენის კიდევ ერთი ოპერაცია რუბლისთვის დამღუპველი იქნებოდა.

რუსეთის ეკონომიკა კრიზისში ეფლობა, მაგრამ ისეთი მილიარდერები, როგორებიც ფრიდმანი, ხანი, ვექსელბერგი და ბლავატნიკი არიან, დედარუსეთის დასახმარებლად განსაკუთრებულ მოწადინებას არ ამჟღავნებენ. პუტინის მოწოდებების მიუხედავად, მათგან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ან კაპიტალური ხარჯები ჯერ არ ჩანს.

რუსეთის სიმდიდრით მესამე ადამიანმა, 50 წლის ფრიდმანმა, TNK-BP-ის გარიგებიდან $5.1 მილიარდით იხეირა; მისმა უნივერსიტეტის მეგობარმა, 53 წლის ხანმა – $3.3 მილიარდით. დუეტმა ამ თანხებით ლუქსემბურგში LetterOne-ი დააარსა, რომლის მეშვეობითაც ისინი ერთ- ერთი გერმანული კომპანიის ნავთობისა და გაზის სფეროში მომუშავე $6-მილიარდიანი დანაყოფის შეძენას გეგმავენ. LetterOne-ის წარმომადგენლის განცხადებით, “ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილის რეინვესტირება რუსეთში მოხდეს, და ახლო მომავალში მიმზიდველი შესაძლებლობების გამოვლენის იმედს ვიტოვებთ”.

უკრაინაში დაბადებულმა ბლავატნიკმა, რომელიც 1984 წლიდან აშშ- ის მოქალაქეა და $18 მილიარდს ფლობს, TNK-BP-ის გაყიდვიდან $7 მილიარდი მოიგო. მისი უდიდესი აქტივებია წილები ჰიუსტონურ ქიმიკატების მწარმოებელ LyondellBasell-სა და Warner Music-ში. 2014-ში მან Rosneft-თან ტრიუმფალური გარიგება დემიენ ჰერსტის მამონტის მოოქრულბეწვიანი ქანდაკების $14 მილიონად შეძენით აღნიშნა. ბლავატნიკმა კომენტარზე უარი თქვა.

57 წლის ვექსელბერგი თავისი ხელოვნების კოლექციით, მათ შორის, სანქტ- პეტერბურგში მდებარე ახალი მუზეუმით არის ცნობილი, სადაც მის მიერ შეძენილი ფაბერჟეს კვერცხებია წარმოდგენილი. ვექსელბერგმა გარიგებიდან $7 მილიარდი მიიღო, მისი კაპიტალი $14 მილიარდს შეადგენს და იგი ამჟამად რუსეთში სიმდიდრით მეორე ადამიანია . TNK-BP-ის გაყიდვის შემდეგ ვექსელბერგმა ფოლადის შვეიცარიული კომპანიის, Schmolz+Bickenbach- ის წილი იყიდა. მისი წარმომადგენლის, ანდრეი შტორხის მტკიცებით, “გარიგებიდან მიღებული ფულის უდიდესი ნაწილი Renova-მ [ვექსელბერგი] რუსეთში დააბანდა”.

პუტინი თავის კაცს, სეჩინს მხარში უდგას, იმის მიუხედავად, რომ Rosneft-ის აქციების ფასი დოლარებში 2014 წლის განმავლობაში 50%-ით დაეცა. ის “კარგი მენეჯერია”, აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. BP-ში, რომელიც ჯერაც ფლობს Rosneft-ის 20%-ს, დაძაბულები ემზადებიან მეოთხე კვარტალის მოგების სანახავად – შესაძლოა ბრიტანელებს რუსულ კომპანიაში თავიანთი წილების ჩამოწერა მოუხდეთ.

“TNK-BP-ის გარიგება [რუსეთს] ძვირად დაუჯდა, – ამბობს 2013 წელს საფრანგეთში გაქცეული რუსი ეკონომისტი, სერგეი გურიევი. – TNK-ს მფლობელებისთვის ეს ძალიან კარგი გარიგება იყო”.

წინა სტატია

მიმოქცევაში არსებული ლარის რაოდენობა მცირდება
28 მაისი, 2015

შემდეგი სტატია

სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი 11.6 პროცენტამდე გაიზარდა
29 მაისი, 2015
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა