სიმდიდრის ფორმულა

უმდიდრესი ადამიანების რეიტინგების ეპოქაში მართლა საინტერესოა, რას ვგულისხმობთ სიმდიდრეში. თანამედროვე გაგებით, ხაზგასმა, რომ ადამიანი მდიდარია, უკვე არასაკმარისია. ის „ჭეშმარიტად მდიდარი" უნდა იყოს. მაგრამ რას წარმოადგენს ნამდვილი სიმდიდრე?

ჩემი ნაცნობი მაგნატი ამბობს, რომ „თუ ზუსტად იცი, რამდენი ღირხარ, ესეიგი ჭეშმარიტად მდიდარი არ ხარ". გამიგონია, რომ თუ ქონება $ 100 მილიონს შეადგენს, ამ შემთხვევაში ღირს სიმდიდრეზე ლაპარაკი($50 მილიონი არასაკმარისად მიიჩნევა).

ანტიკურ ხანაში არსებობდა გამოთქმა „კრეზივით მდიდარი". კრეზი ლიდიაში მეფობდა, სადაც ოქროსა და ვერცხლის შენადნობით ადრეული ბერძნული მონეტები იჭრებოდა. კრეზის სიმდიდრეს კი სამლოცველოებისთვის მისი ხელგაშლილი შეწირულობებით ზომავდნენ. ანტიკური პერიოდის მეორე მილიარდერი - ჰეროდე დიდი თავის თანამედროვეებს გრანდიოზული საზოგადოებრივი პროექტების დაფინანსებით აოცებდა და სოციალური უსაფრთხოების პროგრამების უზრუნველყოფაში, რითაც ებრაული თემი (რომის იმპერიის მოსახლეობის 10%-ს შეადგენდნენ)იყო განთქმული, მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.

ქველმოქმედება

მდიდარი ხალხი სწორედ ხელგაშლილი შემოწირულობებით ხდება სიმდიდრესთან ასოცირებული. ენდრიუ კარნეგი, რომელმაც თავისი ფოლადის აქტივები მეოცე საუკუნის 20-იან წლებში US Steel Corp-ად ქცეულ კონგლომერატს მიჰყიდა, ფულად გამოსახულებაში ალბათ თავისი დროის უმდიდრესი ადამიანი იყო. კარნეგი არ მიიჩნევდა დასაძრახად, რომ ადამიანს ცხოვრება ქონების დაგროვებაში გაელია, თუმცა იქვე დასძენდა, რომ „მდიდრად სიკვდილი სამარცხვინოა". ამიტომაც კარნეგიმ ქონების უმეტესი ნაწილი - $ 350 მილიონზე მეტი სიცოცხლეშივე გასცა, შემოწირულობის მიმღებთა სია კი სქელტანიან წიგნად ჩამოყალიბდა(მასში, სხვათა შორის,7 689 ეკლესია და 2 811 საჯარო ბიბლიოთეკა იყო).

ასაკში შესულ ჯონ პოლ გეტისაც „ბრიტანეთის უმდიდრეს კაცად" მოიხსენიებდნენ უპირატესად არტგალერეებისა და სხვა საჯარო ინსტიტუტებისთვის უხვი ფინანსური დონაციების გამო. თუმცა დამკვირვებლები ამტკიცებენ, რომ ,,ჭეშმარიტად მდიდარი'' ის ადამიანია, ვინც მედიისაგან თავს შორს იჭერს, მშვიდად ცხოვრობს და არანაირ შემოწირულობას არ გასცემს. ასეთები საკუთარ მარცხად მიიჩნევენ მდიდართა ნებისმიერ სიაში თავიანთი სახელის აღმოჩენას.

ჩემი გამოცდილებით, მდიდრები განსაკუთრებით დაინტერესებულნი არიან სიმდიდრის ოდენობით. ამბობენ, რომ, როდესაც ჯონ დ. როკფელერმა, თავისი დროის უმდიდრესმა კაცმა, გაზეთით შეიტყო, რომ ჯ. პირპონტ მორგანმა მხოლოდ $100 მილიონის ღირებულების ქონება დატოვა, რაც ძლივს გასწვდა მისი ანდერძის ყველა პუნქტის შესრულებას, გაკვირვებით შესძახა: „წარმოგიდგენიათ, ბატონი მორგანი მდიდარიც კი არ ყოფილაო!"
ერთმანეთთან მეტოქეობას მხოლოდ უჭკვიანესი მაგნატები ერიდებიან. დანარჩენები საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით იბრძვიან პირველობისთვის: XV საუკუნის ფლორენციელი ბანკირები ერთმანეთს თავიანთი კარის ეკლესიებისთვის შეკვეთილი ბრწყინვალე საკურთხევლებით ეჯიბრებოდნენ. ანჯელო ტანიმ ჰანს მემლინგს უმშვენიერესი სურათის - „განკითხვის დღის" დახატვა შეუკვეთა, რომელიც დღეს გდანსკის ნაციონალური მუზეულის სიამაყეა. ანჯელო ტანის მეტოქემ, ტომაზო პორტინარიმ მხატვარ ჰუგო ვან დერ გუსს კიდევ უფრო შთამბეჭდავი სურათი - ,,მოგვთა თაყვანისცემა" დაახატვინა, რომელიც სიგანით ცხრა მეტრს აღწევს. ფლორენციის მოქალაქეებს, რომლებსაც არ ასვენებდათ კითხვა, ვინ უფრო მდიდარია, არ დავიწყებიათ აღნიშვნა, რომ „მოგვთა თაყვანისცემის" ტრიპტიქის გადაზიდვას 16 მებარგული დასჭირდა.

თვალსაჩინოდ ხარჯვა

დღეს ლონდონის ან პარიზის კაშკაშა მაგნატი, რომელიც $300 მილიონის მფლობელია, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებით მდიდარ ადამიანად და მას მოქცევაც შესაბამისად შეუძლია. მაგრამ იგივენაირად რომ იგრძნოს თავი ნიუ-იორკის ან პალმ-ბიჩის ფინანსურ ელიტაში, სულ მცირე $1 მილიარდს უნდა ფლობდეს. ამბობენ, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მედიატიტანმა კონრად ბლეკმა პირადი სარგებლობისთვის კომპანიის სახსრები მიითვისა (შედეგად, ბლეკი 78 თვით ფედერალურ ციხეში გამოკეტეს და 6 მილიონ დოლარზე მეტი ჯარიმაც დააკისრეს).

თვალსაჩინოდ ხარჯვის პრინციპი ის გახლავთ, რომ მდიდარი ადამიანი არა მარტო თვითონ გრძნობდეს თავს მდიდრად, არამედ სხვებმაც დაინახონ მისი გამორჩეულად ხარჯვის უნარი. ამბობენ, რომ უმდიდრესი ბერძენი გემთმფლობელის, არისტოტელე ონასისისა და ჟაკლინ კენედის ქორწილი სწორედ ამგვარი მფლანგველობის მაგალითი იყო. გაგონილი მაქვს, რომ ჟურნალისტების მიღებისას თავის იახტა Christina-ზე ონასისს უყვარდა უზარმაზარი ხიზილალის ქოთნის დადგმა და მოწოდება, რომ ხიზილალა კოვზით ეჭამათ. „ნუ მოგერიდებათ, -- ამბობდა ის, -მე შემიძლია, თავს ამის უფლება მივცე".

თუმცა არც ერთი ეს ისტორია არ უპასუხებს კითხვას: როდის არის ადამიანი მდიდარი? ჯეინ ოსტინის დროს, როდესაც საზოგადოება სწრაფად მიიწევდა წინ, თვალყურს ადევნებდნენ სიმდიდრის გარეგნულ ნიშნებს, როგორც ეს დღესაც ხდება ხოლმე. ვაჭარი წარმატებულად მიიჩნეოდა, თუ მას შეეძლო „ეტლის შეკაზმვა", რაც მოითხოვდა საჯინიბოს, ცხენების, მეეტლის, მეჯინიბისა და თვით ეკიპაჟის ყოლას. ეს ყოველივე მიუთითებდა, რომ ოჯახი სოციალურ კიბეზე მაღლა მიიწევდა. ჯეინ ოსტინის რომან „ემას" სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ფონზე ვითარდება. მისტერ პერი, ადგილობრივი საქმოსანი, არისტოკრატად გახდომის მიზნით ფინანსურ ოპერაციას ახორციელებს, რომელსაც მნიშვნელოვანი სოციალური შედეგები მოსდევს. ოსტინის დროს არსებობდა სიმდიდრის შესაფასებელი მკვეთრი ინდიკატორების მთელი წყება. მაგალითად, ჭეშმარიტად მდიდარ ადამიანს უნდა ჰქონოდა წლიურად არანაკლებ 10 ათასი გირვანქა სტერლინგის შემოსავალი. ამ მოთხოვნას აკმაყოფილებდა მისტერ დარსი ოსტინის რომანიდან „სიამაყე და ცრურწმენა". მისტერ ბინგლი კი უბრალოდ მდიდარი იყო, რადგან წელიწადში მხოლოდ 4-5 ათას ფუნტს შოულობდა.

დღეს ასეთი მკაცრი კრიტერიუმები არ არსებობს. იმ დროს, როდესაც მელონები დიდების ზენიტში იყვნენ, საკმარისი აღარ იყო საკუთარ კოლექციაში მხოლოდ ტიციანის სურათის ფლობა - გაცილებით იშვიათი ჯორჯონეს ტილოც უნდა გქონოდათ. დღეს ჭეშმარიტად მდიდარ კაცს კი ვან გოგის, სეზანის ან, უკიდურეს შემთხვევაში, ადრეული პიკასოს ნამუშევარი მაინც უნდა ჰქონდეს.
ჩემი შეფასებით, მდიდარია ან, ყოველ შემთხვევაში, მდიდრად გრძნობს თავს ის, ვისაც ვალი არა აქვს, იპოთეკური სესხი არ აწევს, არა აქვს კრედიტის გადახარჯვა და შეუძლია ყველა გადასახადის დროულად გადახდა. ეს, შესაძლოა, შედარებით მოკრძალებულ ამბიციად მოგეჩვენოთ, მაგრამ დასავლეთში ყველა ამ მდგომარეობაში რომ იყოს, ჩვენ საზოგადოებისთვის დამსახურებულად შეგვეძლო გვეწოდებინა „მდიდარი". მსოფლიოც გაცილებით ბედნიერი იქნებოდა.

 

წინა სტატია

ინტერაქტიული მედიცინის ახალი ერა
07 თებერვალი, 2012

შემდეგი სტატია

ინტროვერტების საიდუმლო ძალა
17 თებერვალი, 2012
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა