ბიზნესანალიტიკა შტერებისთვის

ბოდიში მომითხოვია დოქტორის ხარისხიანებთან. დინ სტოეკერის ანალიტიკურ პროგრამას, ALTERYX-ს, თითქმის ნებისმიერი ადამიანის მონაცემთა მეცნიერად გადაქცევა შეუძლია. და ეს მას მილიარდერად აქცევს.

ქალაქის ცენტრში, Denver’s Crawford Hotel-ში იატაკები მარმარილოს ნამსხვრევებითაა მოკირწყლული. ოქროთი მოვარაყებული შანდლები თვალში საცემია. შუა აგვისტოში, მონაცემთა მეცნიერების ფირმის, Alteryx-ის დირექტორი, დინ სტოეკერი კი თავის აღმასრულებლებს უხმობს ყოველწლიურ სტრატეგიულ სესიაზე, რომელსაც ის Bing Fa-ს უწოდებს - მანდარინზე “ომის ხელოვნების” სათაურის მიხედვით. “სუნ ძის მთელი ფილოსოფია რესურსების შენახვაა, – ამბობს 62 წლის სტოეკერი. – ბრძოლაში წაუსვლელად ომს როგორ მოიგებ?”

სტოეკერს რესურსების შენახვის გაეგება. Alteryx-ი 1997 წელს დააფუძნა, როდესაც მონაცემთა მეცნიერება ჯერ კიდევ არც არსებობდა და პირველი ათწლეული კომპანიის ყოველწლიური შემოსავლის $10-მილიონიან ნიშნულამდე მიყვანას მოანდომა. “ველოდებოდით, რომ ბაზარი წამოგვწეოდა”, – ამბობს ის. ამ მოლოდინში, ბიზნესის გაფართოებას არ ცდილობდა, იშვიათად აჰყავდა ახალი კადრი და 2011 წლამდე გარე ინვესტიციებს თავს არიდებდა. შემდეგ, როგორც კი “დიდმა მონაცემებმა” მსოფლიოს შთანთქმა დაიწყო, $163 მილიონი მოიზიდა, სანამ 2017 წელს Alteryx-ს გაასაჯაროებდა. მას შემდეგ მისი ღირებულება 900%-ით გაიზარდა და სტოეკერის სავარაუდო ღირებულება $1.2 მილიარდია.

“ხალხი მეკითხება ‘ოდესმე გიფიქრია, რომ ამ სიმაღლეების მიღწევას შეძლებდი?’ – ამბობს ის. – და მე ვეუბნები, ‘კი, უბრალოდ არ მეგონა, ამდენი ხანი თუ დასჭირდებოდა’”.

Alteryx-ი მონაცემთა მეცნიერებას ამარტივებს. მისი მარტივი, დააკლიკე-და-ჩააგდე დიზაინი ყველას, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებით დაწყებული, ყოფილი პროფესორების ჩათვლით, საშუალებას აძლევს, ნედლი მონაცემები გრაფიკებად და ცხრილებად გარდაქმნან. Excel-ზე ბევრად შორს მიდის. შეიყვან რიცხვებს, აირჩევ სასურველ ოპერაციას - ვთქვათ, მონაცემების გასუფთავებას ან წრფივ რეგრესიას - და ალე, ჰოპ!

მისი გამოყენება ყველა ინდუსტრიაში შეიძლება. Coca-Cola Alteryx-ით ეხმარება რესტორნებს იმის გათვლაში, თუ რა რაოდენობის სასმლის შეკვეთა იქნება საჭირო. ავიახაზები მას თვითმფრინავის საწვავის ღირებულების განსასაზღვრად იყენებენ. ბანკები კი - წარმოებულების მოდელირებისთვის. მონაცემთა ანალიზი “ის უნარია, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, თუკი მომავალ თაობაში გადარჩენა სურს, – ამბობს სტოეკერი. – ჩეკის წიგნაკის დაბალანსებაზე მეტად საჭიროა”.

ამ ვარაუდს Alteryx-ის რიცხვები ადასტურებს. ირვინში, კალიფორნიაში არსებულმა კომპანიამ 2018 წელს შემოსული $254 მილიონიდან $28 მილიონის მოგება ნახა და სტოეკერი, ყოველწლიური გაყიდვებით, $1 მილიარდამდე მიღწევას 2022 წლისთვის მოელის.

სტოეკერი ხელოსნის შვილია. მამამისი NASA-სთვის თხევადი აზოტის ავზებს აკეთებდა, სანამ სამუშაოს მიატოვებდა და კოლორადოში წინასწარ გამზადებული დასასვენებელი სახლების გაყიდვას დაიწყებდა. ამ სახლებს ის თავად ამზადებდა. “პირდაპირი გაგებით, მთელ ცხრა თვეს მარტო ატარებდა და 50 სახლისთვის ხეს ჭრიდა”, – იხსენებს სტოეკერი. ტინეიჯერობისას მამამისს შეუერთდა მუშაობაში და იმ დროისთვის, როდესაც Colorado Boulder-ის უნივერსიტეტში ეკონომიკას სწავლობდა, თავად შეეძლო გადასახადის დაფარვა. 1979 წელს უნივერსიტეტი რომ დაამთავრა, სტოეკერმა M.B.A. Pepperdine-დან მიიღო, შემდეგ კი, 1990 წელს, კონექტიკუტში არსებულ მონაცემთა კომპანიაში, Donnelley Marketing Information Services-ში, გაყიდვებზე დაიწყო მუშაობა. აქ გაიცნო ლიბი დუეინ ადამსი, რომელიც კომპანიის სტენფორდის ოფისში მუშაობდა. შვიდი წლის შემდეგ ამ წყვილმა მონაცემების თავიანთი კომპანია დააფუძნა, რომელსაც უხეირო სახელი შეურჩია - Spatial Re-Engineering Consultants-ი. (მესამე თანადამფუძნებელი, ნედ ჰარდინგი, დაახლოებით იმავე პერიოდში შემოუერთდათ; სტოეკერმა, რომელსაც ეს იდეა მოუვიდა, აქციების ლომის წილი წაიღო.)

SRC-ის პირველმა მომხმარებელმა, ორენჯ-ქაუნთიში არსებულმა რეკლამების საფოსტო კომპანიამ, $125,000 გადაიხადა, რათა კუპონებისთვის უკეთ აერჩიათ სამიზნე აუდიტორია. “ჩვენ ჯერ კიდევ 1998 წელს ვქმნიდით ღრუბლებში არსებული დიდი მონაცემების ანალიტიკას”, – ამბობს სტოეკერი, მაშინ როცა ბევრი ბიზნესი ინტერნეტში ძლივს იყო ჩართული და “ღრუბლებში გამოთვლის” მსგავსი ტერმინები წლების შემდეგ უნდა გამოჩენილიყო.

SRC-ი დასაწყისშივე მოგებიანი იყო. “ჩვენ შემოსავლის მიღებამდე ფულს არ ვხარჯავდით. არც ახალი თანამშრომლები აგვყავდა, – ამბობს ადამსი, რომელიც Alteryx-ის სათავო ოფისში, 1962 წლის გადაკეთებულ Volkswagen-ში ზის, რაც თეორიულად კომპანიის მოგზაურობას განასახიერებს. – ჩვენ ყოველთვიურ ხარჯებს არ ვითვლიდით. მთელ ამ დოტ-კომის ერაში, ეგ მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ჩვენ ბიზნესს დოტ-კომის მსგავსად არ ვმართავდით”.

2006 წელს, როგორც კომპანიის პროფილის შეცვლის ნაწილი, როცა ის ერთჯერად საკონსულტაციო საქმიანობის შეცვლას იწყებდა, SRC-მ პროგრამა გამოუშვა, რათა მომხმარებლებს რიცხვებზე მუშაობა თავად შესძლებოდათ. მათ პროგრამას Alteryx-ი უწოდეს - ნერდული ხუმრობა ორი ცვლადის ერთდროული ცვალებადობის შესახებ: “Alter (შეცვალე) Y, X.” 2010 წელს სტოეკერმა Alteryx-ი კომპანიასაც დაარქვა.

ბაზარი ისევ პატარა იყო. შემოსავლის გასაზრდელად, “ჩვენი პლატფორმის საფასურს ვზრდიდით”, – ამბობს სტოეკერი. დასაწყისში Alteryx-ი გამოწერაზე დაფუძებულ პროგრამას თითო მომხმარებლისთვის $7,500-ად ყიდდა; 2013 წლისთვის $55,000 ღირდა. მომდევნო წელს, როგორც კი სტოეკერმა მოთხოვნის ზრდა შენიშნა, საფასური $4,000-მდე შეკვეცა. რაოდენობა დაბალ ფასებს აბალანსებდა. დღეს Alteryx-ს 5,300 მომხმარებელი ჰყავს. “მალევე, ყოველკვარტალურად საშუალოდ რვა, ცხრა ან ათი [ახალი მომხმარებლიდან] 250-ზე და უფრო მეტზე ავედით”, – ამბობს ის.

მართალია, მონაცემთა მაინინგი და მონაცემთა ანალიზი დიდი ხნის ისტორიის მქონე დარგია, რომელიც უამრავ სტარტაპსა და Oracle-ისა და IBM-ის მსგავს გიგანტებსაც მოიცავს, “ჩვენ, ფაქტობრივად, პირდაპირ კონკურენტს ვერ ვხედავთ”, – ირწმუნება სტოეკერი.

“ძალიან თავისუფალი სივრცეა, – ამბობს მარშალ სენკი, Compass Point Research & Trading-ის უფროსი მკვლევარ-ანალიტიკოსი. – შენი არჩევანია, Alteryx-ის კრებულს იყიდი თუ 15 სხვადასხვა პროდუქტს და მერე გაარკვევ, რანაირად დაუკავშირო ისინი ერთმანეთს, რომ იმუშაოს”.

Alteryx-ის ოფისებში, სტოეკერი დროის ხაზის წინ ჩერდება, რომელიც მისი ბიზნესის პირველ 22 წელს ასახავს. “კარგი რაღაცები ჯერ კიდევ წინაა, – ამბობს ის. – ამაზე ბევრად უფრო დიდი კედელი მჭირდება”.

ჩვენ გირჩევთ

ნავთობის 40-წლიანი იმპერია

საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი

ნავთობის 40-წლიანი იმპერია

ნავთობის 40-წლიანი იმპერია

წინა სტატია

Prospects for Overcoming the Problem of Unemployment
28 ოქტომბერი, 2019

შემდეგი სტატია

თმაგრძელი
28 ოქტომბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა