საწვავი ნულოვანი დაბინძურებით

საწვავი ნულოვანი დაბინძურებით

წყალბადის მანქანების გაყიდვები ეცემა, მაგრამ ანტრეპრენიორი ტრევორ მილტონი ფიქრობს, რომ საბოლოოდ შეძლებს მათ გასაღებას.

ტრევორ მილტონი თავისი 2,000-კაციანი აუდიტორიისკენ უახლესი მწვანე ენერგიის მანქანით მიგრუხუნებს – ეს ლუდის წითელი ვაგონია, რომელსაც რვა Budweiser Clydesdale-ი ექაჩება. “აი, როგორ იქმნებოდა ამერიკა”, – მასიური ცხენების შესახებ ამბობს. აუდიტორია, რომელიც სატვირთო კომპანიების დირექტორებისგან, გადამზიდველებისგან, ჟურნალისტებისა და Anheuser-Busch InBev-ის წარმომადგენლებისგან შედგება, საკუთარ დასტურს ხმაურით გამოხატავს სკოტსდეილის (არიზონის) შეხვედრების ფართო ცენტრში, რომელიც აპრილში Nikola Motor Co-ის დაწყების აღსანიშნავ წვეულებას მასპინძლობს. შემდეგ კი მილტონის ჯერია. ისევე როგორც დიზელმა ჩაანაცვლა კლაიდსდეილის ცხენები, ნავთობი უსარგებლო გახდება ახალი საწვავის წყაროს – წყალბადის გამო.

სამყაროში ყველაზე გავრცელებული ელემენტი ნულოვანი დაბინძურების საწვავია. გარდაქმენი ის ელექტროენერგიად და ერთადერთი ნარჩენი პროდუქტი წყალი და სითბო იქნება. Nikola-ს დამფუძნებლისა და დირექტორის თქმით, წყალბადს აქტიურად მომუშავე სატვირთოების ამუშავება შეუძლია. ის საწვავის ბატარეაში შედის და იქიდან ელექტროდენის სახით გამოდის ელექტროძრავის ასამუშავებლად.

წყალბადის ენერგია ექვსი ათწლეულია, მომხიბვლელი მირაჟია. General Motors-მა წყალბადის ელექტროვენის პროტოტიპი 1966 წელს წარადგინა, მაგრამ ბიზნესად აღარ გადააქცია. საწვავის ბატარეის პიონერის, Ballard Power-ის წილები 2000 წელს $140-მდე ავიდა, მაგრამ ახლა $5-ზე დაბლა დაეცა.

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გადასახადების გადამხდელების მნიშვნელოვანი თანხა წყალბადით მოძრავი მანქანის კვლევებში ჩადო, მაგრამ დღეს შეერთებული შტატების გზებზე წყალბადის ბატარეის მქონე 7,500 მანქანაზე ნაკლები დადის.

Phoenix-ის სათავო ოფისიდან, რომელიც ასევე ნახევარმისაბმელების პროტოტიპებს შექმნის, მილტონმა $265 მილიონი მოიზიდა ისეთი ინვესტორებისგან, როგორიცაა ჰეჯ ფონდი ValueAct-ი, ნორვეგიული ენერგოკომპანია Nel Hydrogen-ი და მეტალების მწარმოებელი Worthington Industries-ი. თუმცა მას, სულ მცირე, $1 მილიარდი სჭირდება, რათა ქულიჯში, არიზონაში, ქარხანა ააშენოს, პირველი სატვირთოები გზაზე გაუშვას და კალიფორნიასა და არიზონაში საწვავის ათი სადგური გახსნას.

“საქმე მარტო ერთი ნაწილის შექმნა არაა. მთავარია, ისეთი პროდუქცია შექმნა მთლიანობაში, რომელიც დიზელს კონკურენციას გაუწევს და აჯობებს კიდეც”, – ამბობს მილტონი.

ილონ მასკი, რომლის ბატარეაზე მომუშავე Tesla-ს მანქანებმა ბევრ ამერიკელ მძღოლს ბენზინზე უარი ათქმევინა (და ვინც სამომავლოდ ელექტრობატარეაზე მომუშავე სატვირთოების გაყიდვას გეგმავს), “სასაცილო ბატარეებს” დასცინის და წყალბადს “სისულელეს” უწოდებს. მაგრამ წყალბადი დღეს ამდენად სასაცილოდ აღარ გამოიყურება.

ერთი მხრივ, სამხრეთ-დასავლეთში, მზის ენერგიის მზარდი მარაგი შესაძლებლობას აჩენს, რომ შუადღისით ჭარბი ენერგია მოიზიდოს, რათა წყალბადის საწვავი წყლიდან მარტივად წარმოიქმნას. მეორე მხრივ, ბატარეები ხანგრძლივი გადაზიდვებისთვის შეუფერებელია. მათ დატენას დიდი დრო სჭირდება და ისინი მძიმეა.

Nikola-ს სატვირთო კაბინა – 1,000 ცხენის ძალის მქონე სისტემა, რომელიც კარბონის ბოჭკოვანი ავზისგან, წყალბადის საწვავისა და საწვავის ბატარეის დასტისგან შედგება – 20,000-ფუნტიან 18-ბორბლიანს 750 მილზე გაქაჩავს. იგივე საწვავი ლითიუმის იონის ბატარეას მოითხოვდა, რომელიც სატვირთოს წონას იმავე მანძილზე, სულ ცოტა, 5,000 ფუნტით გაზრდიდა, ამბობს Nikola.

ის ფაქტი, რომ AB InBev-მა Nikola-ს 800 ნახევარმისაბმელიანი შვიდი წლის იჯარით, თითოეული $1 მილიონად შეუკვეთა (საწვავის ჩათვლით), მეტ-ნაკლებად, წყალბადის წარმატების სასარგებლოდ მეტყველებს. თუკი Nikola სატვირთოებით მოამარაგებს, ლუდსახარში მათ დასავლეთ სანაპიროდან ასობით მილის დაშორებით მდებარე სადისტრიბუციო ცენტრებში Budweiser-ის გადასაზიდად გამოიყენებს. იგივე “თუკი” ითქმის იმ პირობაზე, წინასწარი შეკვეთებით მოაგროვებს თუ არა Nikola $10 მილიარდს ისეთი გადამზიდი ოპერატორისგან, როგორიც U.S. Xpress-ია.

მილტონი ერთადერთი არაა, ვინც წყალბადში პოტენციალს ხედავს. Hyundai Group-ი წყალბადის პროექტებში $6.7 მილიარდს დებს.ძრავების დამამზადებელმა კომპანია Cummins-მა ივლისში $290 მილიონად Hydrogenics-ი იყიდა, რომელიც საწვავის ბატარეებს ამზადებს. მომდევნო წელს GM-ი და Honda $85-მილიონიან საწვავის ბატარეის ქარხანას მიჩიგანში გახსნიან, Toyota კი Port of Long Beach-ში გადამმუშავებელ ქარხანას ხსნის, რათა ძროხის სასუქი წყალბადად გარდაქმნას, რომელიც Kenworth-ის წარმოებულ სატვირთოებს მოამარაგებს.

მილტონი, მთელი ცხოვრება რომ ფარეხში თავისთვის მუშაობდა, 6 წლის ასაკში, მატარებლით მგზავრობის დროს შეპყრობილივით დაინტერესდა, თუ როგორ მუშაობს რაღაცები. ეს მგზავრობა მამამისმა, Union Pacific-ის ყოფილმა მენეჯერმა, დაგეგმა. მან იუტის კოლეჯში სწავლა გადაწყვიტა, მაგრამ ექვსი თვეც კი არ იყო გასული, რომ მიატოვა. ბრაზილიის ფაველაში მორმონების მისიით მივლენის დროს უფრო დიდი პრობლემებით დაინტერესდა, განსაკუთრებით – გარემო პრობლემებით. “ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მეტად ამან ამიხილა თვალი”, – ამბობს ის.

2010 წელს მან dHybrid Systems-ი დააფუძნა – Salt Lake City-ში მდებარე კომპანია, რომელიც სატვირთოების ბუნებრივი აირით მომუშავე სისტემების დაგეგმარებაზე მუშაობს. 2014 წელს მან ეს კომპანია Nikola-ს სანაცვლოდ დატოვა და Worthington-იდან მისი ყოფილი მენტორი, მარკ რასელი მოიწვია სტარტაპის დირექტორის პოსტზე.

მილტონი, მომდევნო წლისთვის, 25 სატვირთოს შექმნას გეგმავს, 2021 წლისთვის კი – 400-ის. თუ ყველაფერი კარგად წავა, 2022 წლისთვის ის თითოეული სადგურის განახლებადი ელექტროენერგიიდან რვა ტონა წყალბადს მიიღებს ყოველდღიურად, რაც 250 სატვირთოს ასამუშავებლად საკმარისია. მისი აზრით, ერთი კილოგრამი კომპრესირებული წყალბადის გაზის საფასური, რომელიც იმავე ენერგიას გამოიმუშავებს, რასაც ერთი გალონი ბენზინი, $2.50-მდე შეუძლია დაიყვანოს – კალიფორნიის გასაყიდ ფასზე, $14-ზე ბევრად უფრო დაბალი ფასი. მას მისი საწვავის შესაძლებლობების გაზრდა, 2028 წლისთვის, დასავლეთიდან ქვეყნის მასშტაბით შვიდას სადგურზე სურს.

ცვლილებები ახლოვდება, ალბათ უფრო სწრაფად, ვიდრე ამას ბენზინზე მომუშავე სატვირთოების მწარმოებლები მოელიან. ევროკავშირმა გამონაბოლქვთან საბრძოლველად კანონი გამოსცა, რომელმაც 2030 წლისთვის, შესაძლოა, ბენზინზე მომუშავე სატვირთოები აკრძალოს; კალიფორნიაც მსგავსი მანდატისკენ იხრება. მილტონის მტკიცებით, Nikola თავის კონკურენტებს სამი-ხუთი წლით წინ უსწრებს.

“რესპუბლიკელი ხარ, დემოკრატი თუ დამოუკიდებელი, არავის უნდა გზაზე დარბოდეს და თან ბენზინს სუნთქავდეს”, – ამბობს ის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *