თურქული დილემა

თურქული დილემა

წლებია, თურქეთი, უფრო ზუსტად მისი პრეზიდენტი, საკუთარი თამაშის წესებს ამკვიდრებს როგორც რეგიონში, ისე გლობალურად.

მისი აქტივობა ყოველთვის მისაღები ნამდვილად არ არის მისი ნატოელი მოკავშირე ქვეყნების ლიდერებისთვის. თუმცა… არის ბევრი “თუმცა”, რატომაც რეაქციები კეთდება და შემდეგ ქმედებები არ ხდება. მაგალითად, ავიღოთ თუნდაც სირიაში თურქეთის მიერ ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” განხორციელებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის, უფრო ზუსტად თურქეთის დასავლელი პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები და შემდეგ მოქმედებები. ასადის რეჟიმთან მიმართებით არსებულ დამოკიდებულებას, პოზიციების ცვალებადობას ამ ეტაპზე რომ არ ჩავუღრმავდეთ, შემოვიფარგლოთ სუვერენული სახელმწიფოს სირიის ტერიტორიაზე მეზობელი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო ოპერაციის განხორციელებით, თუნდაც ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტით, მაგრამ სუვერენული ქვეყნის თანხმობის გარეშე. ეს არ არის პირველი პრეცედენტი, მაგრამ ნამდვილად არის საგანგაშო, ვინაიდან ჩვენთვის არაკეთილმოსურნე და საერთაშორისოდ არასანდო რეგიონის კიდევ ერთი ქვეყნის – რუსეთისთვის “მშვენიერი” არგუმენტია ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა სამხედრო გზით მეზობელი სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიებზე.

აშშ-ის პრეზიდენტს, არც მეტი არც ნაკლები, ამ კონკრეტული ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებით მწვანე შუქის ანთებაზე აკისრებენ პასუხისმგებლობას. დონალდ ტრამპმა ძალიან “საინტერესო” ტვიტ- აქტივობა ოფიციალური მიმოწერითაც გაამრავალფეროვნა. თან დაემუქრა, თანაც “ძმაბიჭურად” მოეფერა. თან ეკონომიკური განადგურება და თან “გადმოგირეკავ მოგვიანებით” – მოკლედ არც მწვადს წვავს და არც შამფურს. ასე აგრძელებს ამ დრომდეც. რატომ?

ევროკავშირმა, ტრადიციულად ცხარე დებატებისა და მოლაპარაკებების შემდეგ, ტრადიციულად მძაფრი განცხადებები გააკეთა და… თურქეთისთვის შეიარაღების მიყიდვაზე სანქციების დაწესებით შემოიფარგლა. რატომ?

რა დილემის წინაშე დგას ევროატლანტიკური თანამეგობრობა? რა არის თურქული დილემა?

მე ვიტყოდი, პასუხები ევროპელმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, და მათთან ერთად ჩვენც, უნდა ეძებონ თურქეთშიც და საკუთარ ქვეყნებშიც.

ათწლეულებია, თურქეთი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს აწარმოებს. შესაძლოა, რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ევროკავშირს სერიოზული კითხვის ნიშნები ჰქონდეს თურქეთთან, მაგრამ მთავარი მაინც სხვა რამ არის: არავინ ამას ოფიციალურად არ დაადასტურებს, მაგრამ 90-მილიონიანი თურქეთის ევროკავშირის “ფაიფურის მაღაზიაში” შეშვების აშკარად ეშინიათ. მათ (ევროკავშირელების) ნაწილს რომ ჰკითხოთ (პირადულად), (თურქეთი) თან ევროპაა, თან არა. თან მუსულმანურია, თან სეკულარული. თან მნიშვნელოვანია, თან დემოკრატიის კუთხით დამაფიქრებელი. სირიელი დევნილების თემასთან დაკავშირებითაც, თურქეთის პრეზიდენტს კი შეუთანხმდნენ, საფასურიც გადაიხადეს, მაგრამ საკუთარ სტრატეგიაზე ვერ ჩამოყალიბდნენ. შესაბამისად, გარკვეულწილად ამ თემის მძევლებადაც იქცნენ. როგორც კი კრიტიკული განცხადებები გაკეთდა ბრიუსელიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებიდან, თურქეთის პრეზიდენტმაც არ დააყოვნა – გავხსნი ყველა კარიბჭეს და მილიონობით სირიელი დევნილი, დაე, თქვენს ქუჩებში მოვიდესო. დღევანდელობაში მიგრანტების თემა ისეთი ტოქსიკურია, მთელ რიგ სახელმწიფოებში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსების ბედ-იღბალს წყვეტს; რიგ შემთხვევებში – მათ სასარგებლოდ, მაგრამ უფრო მეტად – მათ საბედისწეროდ.

თუ თვალს გადავავლებთ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თურქეთის სამხედრო- პოლიტიკური თანამშრომლობა გამძაფრებისკენ წავიდა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პერიოდში. ვერ აეწყო ვერც სახელმწიფოთაშორისი და ვერც პირადული ურთიერთობები. თურქეთში განთავსებული ინჯირლიკის ამერიკული სამხედრო ბაზა და მისი გამოყენება რეგიონში ოპერაციების ჩასატარებლად არაერთხელ იქცა, რბილად რომ ვთქვათ, მსჯელობის საგნად. ურთიერთობებში დაძაბულობა გაგრძელდა ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებშიც. ამერიკელი პასტორის შინაპატიმრობიდან გათავისუფლება ნამდვილად იყო საეტაპო დაძაბულობის პიკი ორ, ნატო-ს ყველაზე ძლიერ, სამხედრო ქვეყანას შორის ურთიერთობებში. დონალდ ტრამპი სერიოზულად დადგა საკუთარი მოქალაქის ინტერესების სადარაჯოზე, სერიოზულად მოუჭირა მარწუხები სანქციებით თურქულ ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტას და შედეგიც მიიღო. პასტორი სახლში დაბრუნდა, თურქ კოლეგასთან კომუნიკაცია კი აღუდგა. არ გეგონოთ, რომ ამით თურქეთის პრეზიდენტის ამბიციურ გეგმებს ფრთები შეეკვეცა. აშშ-ის მხრიდან ბევრი მცდელობის, შეთავაზებისა და მუქარის მიუხედავად, დღეს რუსული ს-400-ების დიდი ნაწილი, 2.5-მილიარდდოლარიანი კონტრაქტის მიხედვით, უკვე თურქეთის საჰაერო თავდაცვის სისტემაში ინტეგრირდება. ამერიკული ფ-35-ების მიყიდვის, მათთვის ნაწილების თურქეთში წარმოების შეჩერებაზე პასუხად თურქეთის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგასთან მორიგი შეხვედრის დროს ხმამაღლა განაცხადა რუსული სუ-57-ების შესყიდვისადმი ინტერესის თაობაზე.

უფრო მეტიც!!! პარალელურად იმისა, რომ გახმიანდა ინჯირლიკის ამერიკულ ბაზაზე 50 ბირთვული ქობინის არსებობის ინფორმაცია (რომელიც პრინციპში “მთელმა მსოფლიომ” იცოდა, ოღონდ ხმამაღლა არავინ საუბრობდა) და დაიწყო მათი თურქეთიდან გატანის თაობაზე მსჯელობა, თურქეთის პრეზიდენტმა ერთ- ერთი კამპანიური შეხვედრის დროს ღიად განაცხადა, რომ “თუკი მეზობელ სახელმწიფოს (გულისხმობდა ისრაელს) აქვს ბირთვული იარაღი, რატომ არ უნდა ჰქონდეს თურქეთს? რა თქმა უნდა, ბირთვული იარაღის შექმნას წლები, მილიარდები და დიპლომატიურ-პოლიტიკური ბატალიები დასჭირდება, მაგრამ პირველი განაცხადი გაკეთებულია. ღიად არავის უთქვამს, თორემ ასეთივე ამბიციები იკვეთება საუდის არაბეთშიც. საუდის არაბეთში თვლიან, რომ თუ ირანი მაინც მოახერხებს და შექმნის ბირთვულ იარაღს, მათაც უნდა ჰქონდეთ საკუთარი უსაფრთხოების ბირთვული უზრუნველყოფის უფლება.

რეალურად, ერთადერთი და მთავარი, რაც თურქეთის ხელისუფლებას ბოჭავს, არის რთული ეკონომიკური მდგომარეობა. ზემოხსენებულ ამერიკელ პასტორთან დაკავშირებით აშშ ის მხრიდან განხორციელებულმა ქმედებებმა ნათლად აჩვენა, რომ თურქეთის ეკონომიკის “ჯანმრთელობის მდგომარეობა” ფრიად შერყეულია და, მონდომების შემთხვევაში, მის სიცოცხლეს საფრთხეც დაემუქრება. ეს კი აუცილებლად საბედისწერო გავლენას იქონიებს თურქეთის პრეზიდენტის ქვეყნის შიგნით არსებულ პოლიტიკურ წონასა და მის მომავალზე.

გულწრფელად რომ ვთქვათ, თურქეთის პრეზიდენტს არ გაემტყუნება. ბოლო რამდენიმე წელია, თანამედროვე მსოფლიოში აშკარად გლობალური და რეგიონული ლიდერების მკლავჭიდია, უფრო ზუსტად კი “ყოჩების”, “კერკეტი” მეთაურების ჭიდილია. თითოეულ მათგანს აქვს ეროვნული ინტერესები, ამბიციები, სტრატეგიები და ხედვები (აუცილებელია!!!). სრულიად განსხვავებული, ახლებური თამაშის წესების დამკვიდრების მოწმენი ვართ. მთავარია, ეს ყველაფერი სადამდე მიგვიყვანს?!

ფაქტია, თურქეთი და მისი პრეზიდენტი სერიოზული დილემაა აშშ- სა და ევროკავშირისთვის. ვეჭვობ, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია, როგორ იურთიერთონ სამხედრო სიძლიერით ნომერ მეორე ნატო-ს წევრ სახელმწიფოსთან, აღმოსავლეთში უმნიშვნელოვანეს მუსულმანურ ქვეყანასთან, რომელსაც შეუძლია მეზობელ სახელმწიფოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით მსხვილმასშტაბიანი ოპერაციის წარმოებაც და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიმდებარედ თვითნებურად გაზის საბადოებზე ბურღვითი სამუშაოების წარმოებაც. მიუხედავად რთული ეკონომიკური მდგომარეობისა, თურქეთს აქვს საკმაოდ ძლიერი ბერკეტები დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას. კუნთების ჩვენება კი, როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით აშკარად მუშაობს.

თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ერთობლივად ვახორციელებთ რეგიონული და გლობალური მასშტაბის ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს. თურქეთი ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორიცაა და ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების ერთ- ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერიც. მისი ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და რუსეთის ფედერაციასთან სერიოზული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ, ეჭვგარეშეა, თურქული დილემა, სხვებთან ერთად, ჩვენი დილემაც არის. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს თურქეთთან კეთილმეზობლობას, თურქეთში სტაბილურობას და ჩვენს პარტნიორებს შორის სტრატეგიულ ურთიერთგაგებას. ასე რომ, იმედია, ჩვენი პარტნიორები და მეგობრები აუცილებლად გამონახავენ რესურსს, გადაჭრან პრობლემები და განავითარონ ურთიერთობები ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესების გათვალისწინებით (ინშალა, თურქეთის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი ნოემბერში ვაშინგტონში შედგება კიდეც და წარმატებულიც იქნება).

კაცი იმედით ცოცხლობს!

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *