საქართველო კონკურენტუნარიანობის ინდექსში ჩამოქვეითდა

2019 წლის 8 ოქტომბერს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გლობალური კონკურენტუნარიანობის 2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე კონკურენტუნარიანი ქვეყანა არის სინგაპური. მას სიაში ჰონკონგი და აშშ მოჰყვებიან. საქართველომ კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით გასული წლის განმავლობაში მკვეთრი უკუსვლა განიცადა. ქვეყანამ რვა ადგილი დაკარგა და მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით 74-ე პოზიცია დაიკავა.

საქართველოსა და სიის სათავეში მყოფ სინგაპურს შორის მანძილი 6,000 კილომეტრს აღემატება. ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური თვალსაზრისით, ამ ორ ქვეყანას შორის სივრცე ალბათ კიდევ უფრო დიდია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ მომზადებული ანგარიში კი არის დოკუმენტი, რომელიც გაზომვად შეფასებებზე დაყრდნობით ცდილობს,– პასუხი გასცეს კითხვას, თუ რა ფაქტორები განსაზღვრავენ კონკრეტული ქვეყნის წარმატებას.

თავად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი კონკურენტუნარიანობას ასე განმარტავს:

"კონკურენტუნარიანობა წარმოადგენს ინსტიტუტების, პოლიტიკისა და სხვა ფაქტორების ერთობლიობას, რომლებიც ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს განსაზღვრავენ.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ყოველწლიური ანგარიში არის ინსტრუმენტი, რომელიც მთავრობებს, კერძო ბიზნესსა თუ სამოქალაქო საზოგადოებას პროდუქტიულობის ზრდისკენ მიმართული ნაბიჯების იდენტიფიცირებაში ეხმარება".

კონკურენტუნარიანობისა და, შესაბამისად, პროდუქტიულობის ზრდისკენ მიმავალი ნაბიჯები ქვეყნებისგან სტრუქტურული რეფორმების ჩატარებას მოითხოვენ. რეფორმები უმეტესად არსებული წესრიგის შეცვლასთან არის დაკავშირებული – მტკივნეული და არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმას კი მთავრობები ხშირად თავს არიდებენ.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის შედეგები იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყნის წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევების საპასუხოდ გასული წლის განმავლობაში არცთუ ისე დიდი ძალისხმევა გასწია.

2019 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა მცირედით (0.4 ქულით), 60.6-მდე გაუარესდა, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებმა რეფორმების გზით პოზიციები გაიუმჯობესეს.

ამის დანახვა წლიდან წლამდე ინდექსის საშუალო ქულაზე დაკვირვებითაც არის შესაძლებელი. თუ 2018 წელს გლობალური საშუალო 60 ქულა იყო, 2019 წელს ის 0.63-ით გაიზარდა და 60.63 შეადგინა.

კიდევ უფრო შესამჩნევია მედიანური ქულის ზრდა, რაც 2018 წელს – 59.7 ქულას, 2019 წლის ანგარიშით კი 60.9 ქულას შეადგენდა.

საქართველოს პოზიცია ინდექსის არაერთ კრიტერიუმში გაუარესდა, მათ შორისაა ინსტიტუციების კომპონენტი, რაზეც გავლენა მედიის თავისუფლების მაჩვენებლის გაუარესებამ და ქვეყანაში კრიმინალის დონის მატებამ იქონია. გაუარესდა საქართველოს შეფასება მაკროეკონომიკური სტაბილურობის კომპონენტში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებით, კლება ინფლაციის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას უკავშირდება. ჯანდაცვის ნაწილში ვითარება ასევე გაუარესებულია, რაც მოქალაქეთა სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანგრძლივობის კლებას უკავშირდება.

რიგი მიმართულებით საქართველოს მდგომარეობა უცვლელია. მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობის კომპონენტში ქვეყანა კვლავ მეოთხმოცე ადგილზეა. დავების გადაწყვეტის მიმართულებით არსებული კანონმდებლობის ეფექტიანობით 141 ქვეყანას შორის საქართველო ისევ ოთხმოცდამეათეა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მხრივ არსებული ვითარების კრიტერიუმში საქართველო უცვლელად 94-ე ადგილს იკავებს. სწავლებაში კრიტიკული აზროვნების დანერგვის კუთხითაც უძრაობაა, საქართველო ამ კომპონენტში 98-ე ადგილს იკავებს. არსებული სამუშაო ძალის უნარებისა და პროდუქტიულობის კუთხითაც მდგომარეობა უცვლელია და ის კვლავ 125-ე ადგილით ფასდება. უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა პროფესიული კვალიფიკაციის განხრით კი ქვეყანა ასევე 125-ე ადგილს იკავებს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველო მის ხელთ არსებული სხვა მრავალი რესურსის მსგავსად ვერც ზღვაზე გასასვლელის ქონას იყენებს ეფექტიანად. საპორტო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოს პოზიცია წინა წელთან მიმართებით უცვლელია და ისევ 85-ე ადგილით განისაზღვება.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში მოპოვებულ მაღალ შეფასებასა და ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას შორის მჭიდრო დამოკიდებულებაა.

თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაცემებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობასა და გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში მოპოვებულ ქულას შორის კორელაციის კოეფიციენტი 0.8-ს აღემატება, ეს კი მაღალ ურთიერთკავშირზე მეტყველებს. შესაბამისად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ იდენტიფიცირებული ფაქტორები მართლაც მაღალი სიზუსტით ასახავს იმ მოთხოვნების ერთობლიობას, რომელთა მიღწევაც ქვეყნებს საკუთარი პროდუქტიულობის ზრდისა და მუდმივად ცვალებად მსოფლიოში საკუთარი კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებისთვის სჭირდებათ.

15-მდე ქვეყნის მშპ-ის კონკურენტუნარიანობის ქულასთან დამოკიდებულება ძირითად ტრენდს აცდენილია. ეს ქვეყნები ძირითადად ახლო აღმოსავლეთის, ნავთობით მდიდარ ქვეყნებს წარმოადგენენ, რომელთა მაღალი პროდუქტიულობაც ბუნებრივი რესურსებით არის განპირობებული.

ქვეყნები, რომლებმაც ინდექსში ყველაზე მეტი პოზიცია დაკარგეს

საქართველოზე მეტად, 10-10 ქულით რეიტინგში მხოლოდ ორმა ქვეყანამ, ინდოეთმა და ირანმა დაკარგეს პოზიციები. საქართველოს მსგავსად 8 ქულით კი რეგრესი ბურკინა- ფასომ, ლიბანმა და ფილიპინებმა განიცადეს.

ჩვენ გირჩევთ

რატომ წავედი პოლიტიკაში

თურქული დილემა

რატომ წავედი პოლიტიკაში

რატომ წავედი პოლიტიკაში

წინა სტატია

თიბისიმ და მთის კურორტების განვითარების კომპანიამ პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს
08 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Georgia Capital-ი უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს
08 ნოემბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა