ახალი მილიარდერები. კალიფორნიელი მეოცნებე

ახალი მილიარდერები. კალიფორნიელი მეოცნებე

ინდიანის შტატის პატარა ქალაქ საუს ბენდში, მუშების ოჯახში დაბადებული კონრად პრებისისთვის ცხოვრების ყველაზე რეალური პერსპექტივა Studebaker-ის ან Bendix-ის ადგილობრივ ქარხანაში მუშაობა იყო. მაგრამ ფიზიკური შრომისგან რვა წლის ასაკში განვითარებულმა გულის პრობლემამ იხსნა. ინდიანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ამჟამად 81 წლისაა და – მილიარდერი, რომელმაც ქონება სან-დიეგოს ამბიციური საშუალო ფენისთვის ბინების მიქირავებით იშოვა.

პრებისი სან-დიეგოში 1965 წელს გადავიდა, სადაც ქალაქის სამშენებლო ბუმში ჩასართავად შექმნილი კომპანიის, Progress Construction-ის თანადამაარსებელი გახდა. 1980-ში მან თავისი პარტნიორის წილი იყიდა და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში გაიაზრა, რომ გაქირავებით მეტი ფულის შოვნა შეეძლო, ვიდრე მშენებლობით. ამჟამად ის სან-დიეგოსა და შემოგარენში 7,099 ბინას ფლობს, 81 ნაგებობაში, რაც, ვალების გამოკლებითაც, მინიმუმ $1 მილიარდის ღირებულების ქონებაა.

პრებისი ფასებს ზომიერ ფარგლებში ინარჩუნებს — $1,845 სანაპიროდან რამდენიმე კვარტალში მდებარე ორსაძინებლიან ბინაში; არაუმეტეს $1,150-ისა სან-დიეგოს აღმოსავლეთ შემოგარენში მდებარე ასეთივე ბინაში. კომუნალური ხარჯებიც მცირეა და კლიენტების გარეშე დარჩენილი ბინების პროცენტიც. მისი ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ ამ ქონებას ყოველთვიურად დაახლოებით $4 მილიონი ნაღდი ფული მოაქვს. პრებისი, რომელმაც Forbes-ს განუცხადა, რომ „სამყაროში უბედნიერესი კაცია“, მოკრძალებულად ცხოვრობს — იახტებსა და კერძო თვითმფრინავებს ერიდება და მცირე ადგილობრივ დაწესებულებებში სადილობს.

მისი მთავარი სიამოვნება: ფილანთროპია და ხელოვნება. ამჟამად პრებისი „ექიმ ჟივაგოს“ დადგმას აფინანსებს, რომლის პრემიერაც ბროდვეიზე 21 აპრილს შედგა. წლების მანძილზე ის უხვად სწირავდა სან-დიეგოს ორგანიზაციებს: $45 მილიონი Scripps Health-ის საავადმყოფოებს, $20 მილიონი სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, $15 მილიონი ქალაქის ცნობილ ზოოპარკს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *