მსოფლიოს უდიდესი ქველმოქმედები

Forbes-ში დიდ დროს ვანდომებთ კონკრეტული ადამიანების მიერ დაგროვილი მილიარდების დათვლას. ასევე ვაკვირდებით, რამდენს გასცემენ ისინი. ბოლოდროინდელ ანალიზებზე დაყრდნობით გამოიკვეთა ელიტური კლუბი: 19 ადამიანი, რომელთაგან თითოეულს $1 მილიარდზე მეტი აქვს გადარიცხული სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციასა და ფონდში. ეს ხუთჯერ აღემატება ორი წლის წინანდელ მაჩვენებელს. ამ ფილანტროპთა ორ-მესამედზე მეტი(უფრო ზუსტად, 13 მათგანი)ამერიკელია და, გარდა ერთისა, ყველას საკუთარი ბიზნესი აქვს.

სიის სათავეში, როგორც მოსალოდნელი იყო, მოექცა Microsoft-ის (nasdaq: MSFT) თანადამფუძნებელი ბილ გეითსი - იგი, მის მიერ გაღებული თანხის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ხელგაშლილი ადამიანია. მას ბილ და მელინდა გეითსების ფონდში (Bill & Melinda Gates Foundation), რომელიც მსოფლიოს გამორჩეულ საქველმოქმედო ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, $28 მილიარდი აქვს გადარიცხული. გეითსს სამჯერ მეტი თანხა აქვს გაცემული, ვიდრე მის მეგობარ უორენ ბაფეტს, რომელმაც ორი საფეხურით აიწია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა. მან სიაში ჯორჯ სოროსს ($8 მილიარდი) და Intel-ის თანადამფუძნებელ გორდონ მურს გადაუსწრო ($6.8 მილიარდი).

ბაფეტი ირწმუნებოდა, რომ სიკვდილამდე არ გასცემდა თავის ფულს. თუმცა, 2006 წელს მან გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადა, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში გეითსის ფონდს $30 მლრდ. ღირებულების აქციებს გადასცემს. მას შემდეგ ბაფეტმა $8.3 მილიარდი გაიღო, გასულ წელს გაცემული $1.9 მილიარდის ჩათვლით.

ამჟამად ბაფეტი და გეითსი ცდილობენ სხვებიც აიყოლიონ. გასულ წელს მათ წამოიწყეს საქველმოქმედო კამპანიაThe Giving Pledge, რომელიც ამერიკის უმდიდრეს ადამიანებსა და ოჯახებს მოუწოდებს ქონების უდიდესი ნაწილი ქველმოქმედებისათვის გასცენ(სიცოცხლის განმავლობაში ან სიკვდილის შემდეგ).

ამჟამად The Giving Pledge -ის სიაში 69 ადამიანია. მათ შორის არიან Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკენბერგი და ჰეჯ ფონდის მაგნატი რეი დალიო. თუმცა ბევრი მათგანი თანხების გაცემის ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე იმყოფება. The Giving Pledge-ს წევრთა შორის, გეითსისა და ბაფეტის ჩათვლით, მხოლოდ 10 ადამიანი აღმოვაჩინეთ, რომლებმაც $1 მილიარდი ან მეტი გაიღეს.(ეს არ უნდა აგვერიოს მათი ფონდების მოცულობაში. ჩვენ ვითვლით მათ მიერ პერსონალურად გადარიცხულ თანხას და ამას ინფლაციის შესაბამისად არ ვასწორებთ.)

The Giving Pledge -ის სიაში არიან აგრეთვე: ნიუ-იორკის მერი მაიკლ ბლუმბერგი, ტედ ტერნერი, ჯეიმს სტოუერსი და ჯონ ჰანტსმენი. ამ ჯგუფიდან სტოუერსი სავარაუდოდ ყველაზე ნაკლებად ცნობილი ფიგურაა, თუმცა პროცენტული გაანგარიშებით, იგი ყველაზე ხელგაშლილი ადამიანია. ერთობლივი ფონდის მაგნატმა, რომელიც 2000 წლის შემდეგ Forbes 400 მილიარდერთა სიაში აღარ მოხვედრილა, თავისი ქონების დაახლოებით 95% შესწირა კანზას-სიტის სტოუერსის სამედიცინო კვლევით ინსტიტუტს (Stowers Institute for Medical Research), რომელიც სიმსივნის, დიაბეტის, გულის დაავადებებისა და სხვა სნეულებების შესწავლაზეა ორიენტირებული.

1992 წელს დასმულმა პროსტატის სიმსივნის დიაგნოზმა ქიმიური პროდუქტების მაგნატი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ხელგაშლილ ფილანტროპად აქცია. პირველ სამედიცინო პროცედურაზე მიმავლმა სამი რამ გააკეთა: $1 მილიონი უსახლკაროთა თავშესაფარს გადაურიცხა, $1 მილიონი - უფასო სასადილოებს, 500,000 კი იმ კლინიკას, სადაც სიმსივნე აღმოუჩინეს. დაახლოებით ოცი წლის განმავლობაში მას უკვე $1.2 მილიარდი აქვს გადარიცხული, უმეტესწილად თავის სიმსივნის ფონდში. „ფულის გაცემის დრო მაშინაა, როდესაც მას იშოვი" - განუცხადა ჰანტსმენმა ჩემს კოლეგას, დევიდ უელანს, რომელიც ცოტა ხნის წინ მილიარდერს მის ქველმოქმედებაზე სასაუბროდ ეწვია.

ბოლოდროინდელმა შეწირულობებმა - მათ შორის, $26 მილიონის გადაცემამ ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის (Washington State University) ცხოველთა გლობალური ჯანმრთელობის სკოლის (School of Global Animal Health) დასასრულებლად - პოლ ალენი „მილიარდდოლარიანი დონორების" რეიტინგში მოახვედრა. უელანს, რომელმაც ამერიკელთა ქველმოქმედების კალკულაციების უმრავლესობა შეადგინა, Microsoft-ის თანადამფუძნებელმა განუცხადა, რომ მისი ქველმოქმედების პრიორიტეტი მეცნიერებაა. მისი ფონდი გრანტებს ნეირომეცნიერებით დაინტერესებულ მეცნიერებს აძლევს. მისმა Brain Institute-მა ახლახან გამოუშვა $55 მილიონიანი ტვინის ციფრული ატლასი. ის აგრეთვე აგრძელებს წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთის საქველმოქმედო ორგანიზაციების მხარდაჭერას და ამას შემდეგნაირად ხსნის: „მნიშვნელოვანია,იხარჯებოდე საკუთარი სახლისათვის."

2010 წლის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი აუთსორსინგული ფირმის, Wipro-ს ხელმძღვანელი, ინდოელი აზიმ პრემჯი გახლდათ. პრემჯიმ საკუთარი ფონდის დაფუძნება 2001 წელს $125 მლნ ღირებულების აქციებით დაიწყო. შარშან მან საკრედიტო ორგანიზაციას გადასცა $2 მილიარდის ღირებულების აქციები, ეს აქციები შემდეგ იმ ფონდს გადაეცემა, რომელიც ცენტრალური ინდოეთის სახელმწიფო სკოლებს მასწავლებლების გადამზადებასა და სასწავლო პროგრამის გაუმჯობესებაში დაეხმარება.ივლისში იხსნება მისი ახალი Azim Premji University, სადაც მასწავლებლები ტრენინგებს გაივლიან.

ამ ელიტური ჯგუფის ყველაზე მოულოდნელი წევრი, ალბათ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, კარლოს სლიმ ჰელუა. გასულ წელს სიდნეიში ჩატარებულ Global CEO კონფერენციაზე სლიმმა ირონიით მოიხსენია ქველმოქმედებას მოხმარებული „ტრილიონობით დოლარი" რომლებსაც ჯერჯერობით „მსოფლიოს არც ერთი პრობლემა არ გადაუჭრია." რამდენიმე კვირის შემდეგ ამერიკაში გამართულ კონფერენციაზე მან ეჭვქვეშ დააყენა გეითსისა და ბაფეტის გადაწყვეტილება პირადი ქონების გაცემის შესახებ, განაცხადა რა, რომ ეს „საინტერესო იდეაა...თუმცა პრობლემებს ვერ გადაჭრის."

ამის მიუხედავად, მან გადარიცხა $4 მილიარდი დოლარი - ძირითადად დივიდენდებიდან მიღებული თანხის სახით - თავისივე ფონდში და მუშაობს ისეთ ცნობილ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად, როგორებიცაა Clinton Initiative და Gates Foundation.

ამ სიის გაკეთება სულაც არ აღმოჩნდა ადვილი საქმე. Forbes-მა განიხილა არა დიდი და მრავალრიცხოვანი ოჯახები, არამედ ცალკეული ადამიანები. აღირიცხა პიროვნებების მიერ ცხოვრების განმავლობაში რეალურად გაღებული შეწირულებები და არა დაპირებები. ასე რომ, Blackstone-ის თანადამფუძნებელი პიტერ პიტერსონი, რომელმაც საკუთარი ქონებიდან $1 მილიარდის გაცემის პირობა დადო, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ $450 მილიონი აქვს გაღებული, სიაში ჯერ-ჯერობით ვერ მოხვდა.

Forbes-მა შეწირულებები შეაფასა მათი განხორციელების პერიოდის მდგომარეობით და ინფლაციის ფაქტორი მხედველობაში არ მიუღია, ამის გამო სიაში ვერ მოხვდა ზოგიერთი ფილანტროპი, რომელთა მიერ გაღებული თანხებიც, ინფლაციის გათვალისწინებით, $1 მილიარდს აღემატება. ვალუტის კურსიც შენაწირების გაკეთების პერიოდის მიხედვით დაანგარიშდა. SAP-ის თანადამფუძნებელი ჰასო პლატნერი, რომელმაც 1998 წელს $900 მილიონის შემოწირულება გაიღო, ამ სიაში ვერ მოხვდა, მიუხევად იმისა, რომ ეს თანხა დღევანდელი ექვივალენტით $1 მილიარდზე მეტს შეადგენს.

 

ამ ანგარიშისათვის კვლევა ჩაატარეს დევიდ უელანმა, კერი დოლანმა, ნააზნენ კარმალიმ, ლუიზა კროლმა და კრისტინა ფონ ზეპელინმა

 

წინა სტატია

ინტროვერტების საიდუმლო ძალა
17 თებერვალი, 2012

შემდეგი სტატია

კინონოსტალგია
25 თებერვალი, 2012
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა