მუსიკალური ინდუსტრია. ტრიო ტრიუმფის მოლოდინში

აჩიკო გულედანი, ვახო ბაბუნაშვილი, ბექა ჯაფარიძე. სულ ეს იყო – ასე იწყებოდა AlterVision-ი, რომლის ფესტივალებს ამჟამად 1000-მდე ადამიანი ემსახურება. წელს Tbilisi Open Air-ი, 2.7 მილიონიანი ბიუჯეტით, სცენაზე რეგიონისთვის არნახული ვარსკვლავთცვენის მოწყობას ახერხებს. ორგანიზატორები პრეცედენტის ტენდენციად ქცევას აპირებენ.

“ამ საგიჟეთში შევიდეთ?” – მეკითხება აჩიკო გულედანი AlterVision-ის ოფისში მისულს და მითინგ-რუმისკენ მიმიძღვის. მაგიდას, რომელზეც აფიშებისა და ქაღალდების გვერდით, გრძელი სამუშაო დღეების ნიშანდობლივი, სიგარეტის ნამწვით პირთამდე სავსე საფერფლეები და გამოფიტვასთან მინერალური წყლით ბრძოლის მკაფიო “სამხილები” შეინიშნება, კომპანიის თანადამფუძნებლები – ვახო ბაბუნაშვილი და ბექა ჯაფარიძე უსხედან. გარშემო ფუსფუსი და ხმაურია. პლაზმაზე History Channel-ია ჩართული, თუმცა ხმა გათიშულია. საზურგეს მიყრდნობილი და სკამის უკანა ორ ფეხზე სასწაულებრივად მობალანსირე ვახო ბაბუნაშვილი თითებს გიტარის გრიფზე დაასეირნებს და გათიშული მზერით აკვირდება ეკრანზე გაცოცხლებული კოლოსეუმის სამგანზომილებიან რენდერს. მგონი, თვალებს საერთოდ არ ახამხამებს. კოლოსეუმის მაყურებელთა ღელვის გათამაშება სი-ლა-მი-მაჟორების მიმდევრობასავით ელეგანტურად აჯდება ჩვენს სასაუბრო თემას – ყოველწლიურ სანახაობას, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, ხარბად ეწაფება “კულტურას დამშეული” თბილისური პუბლიკა. ოთახში შემოსული მესამე დამფუძნებელი, აჩიკო გულედანი, ჯერ ბოლთას სცემს და მხოლოდ მერე ახსენდება, რომ უნდა დაჯდეს. მისი ნაბიჯების რიტმთან ავტომატურად სინქრონიზდება ლეპტოპის კლავიშებზე ბექა ჯაფარიძის მონოტონური და, ვფიქრობ, აზრს მოკლებული კაკუნი – ბეჭდვას ასეთი ხმა არა აქვს.

თურმე აჩიკო გულედანი არ უტრირებს. “დალაგებული” აქაურობაზე მხოლოდ კომპლიმენტად თუ ითქმის, მაგრამ ეიფორიის ეს გამოვლინება არაფერია იმ მასობრივ ფსიქოზთან შედარებით, რაც სოციალურ ქსელებში ვიხილე, როდესაც 2015 წლის 3-დან 7 ივლისამდე გადაჭიმული Tbilisi Open Air-ის პროგრამა დაიდო. Placebo, Archive, Black Label Society – რომ აღარაფერი ვთქვათ Tiger Lillies-ზე, ზემფირასა და ბეთ ჰარტზე. მიდი და შეინარჩუნე საღი აზრი.

ჰედლაინერების თვალსაზრისით, არც 2013 წლის 5 ივნისის ერთდღიანი Tbilisi Open Air-ი იყო ჯაბანი – Tricky, Deep Purple, Infected Mushroom, The Subways, Blake Strobe, Mode Selector. დინამოს სტადიონს ამხელა პოზიტიური ემოციით დამუხტული ერთი დღე, ალბათ, 80-იანი წლების შემდეგ არ უნახავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბილეთის სიძვირემ ფესტივალის ბრწყინვალებას ჩრდილი მიაყენა. მახსოვს, მაშინ ფასი 40-500 ლარის ფარგლებში მერყეობდა, თუმცა 100 ლარზე იაფ ბილეთს, მინიმუმ, ჭოგრიტი უნდა მოჰყოლოდა კომპლექტში. მართალია, 2009 წლიდან 20-70 ათასი ადამიანის დასწრებით განებივრებული Tbilisi Open Air-ისთვის 2013 წელი, დასწრების თვალსაზრისით, შედარებით წარუმატებელ ექსპერიმენტად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ, მოდი, საკითხს სხვაგვარად შევხედოთ – ეს არა მარტო ბრენდის, არამედ საქართველოს იმიჯის გაძლიერებაში, ანუ გრძელვადიან აქტივში გადახდილი ფასია. ესეც რომ არ იყოს, მოგეხსენებათ, დიდი დროის პერსპექტივაში ექსპერიმენტის ხარვეზიანი შედეგიც კი სასარგებლოა, რადგან ისიც, ვირტუოზი შემსრულებლებივით, შესაძლებლობის საზღვრებს გამოწმებინებს და ამავდროულად სწორი განვითარების მიმართულებას გიჩვენებს.

AlterVision-ის შემთხვევაში მოკლევადიანი არ გახლავთ არც ბიზნესგათვლა და არც გამორჩეული ენთუზიაზმი, რომელიც მხოლოდ შემოქმედებასთან განსაკუთრებულად დაახლოებული პირებისთვისაა სახასიათო. მისი დამფუძნებლები ხომ პირველ რიგში მუსიკოსები არიან და ალბათ სწორედ აქედან იღებს სათავეს ჩვეულებრივი ბიურგერისთვის ხშირად სრულიად უცხო და გაუგებარი ჟინი, რომელიც მათ საუბარში გამოსჭვივის. “გინდა, გითხრა ჩვენი თავდაპირველი, სახუმარო სლოგანი? – მეკითხება ვახო ბაბუნაშვილი. – ‘მუსიკოსი ყოველთვის მართალია’. AlterVision-ის სახით თავიდანვე გვინდოდა შეგვექმნა ის, რაც ჩვენ, მუსიკოსებს, გვჭირდებოდა იმ მომენტში – გარემო!”.

კომპანიის იმ დროიდან უცვლელი მიზანი რამდენადაც მარტივია ჩამოსაყალიბებლად, იმდენად რთულია შესასრულებლად – ქვეყანა გაიხსნას გლობალური მუსიკალური ბაზრისთვის, დაიწყოს მსოფლიოს ცნობილი არტისტების შემოსვლა საქართველოში და, პირიქით, ქართული მუსიკალური პროდუქციის ექსპორტი. ამ მიზნით, ჯერ იყო, ინდი-ლეიბლი Step Records-ი დააარსეს, რასაც ნაბიჯ- ნაბიჯ საფესტივალო ფორმატის გააქტიურება მოჰყვა – “სვანსეტი”, Newcomers-ი, Tbilisi Open Air-ი.

ეს გაუკვალავი ბილიკი იყო. გზა მათ ფეხქვეშ უნდა გაჩენილიყო. “ყველა ინდუსტრიის მექანიზმი რამდენიმე აუცილებელი კომპონენტისგან შედგება, – მიხსნის აჩიკო გულედანი, – მუსიკალური ინდუსტრიისთვის ესენია: ლეიბლი, ფაბლიშერები, პრომოუტერები. ამ აუცილებელ ნაწილთა შესატყვისი არათუ ქართულ სინამდვილეში, ქართულ ენაშიც კი არ არსებობს”.

კომპანიას არ ჰქონდა უნივერსალური ფორმულა, რომელსაც საკუთარ ცვლადებს მოარგებდა. როცა არ არსებობს თეორიული ბაზა, მხოლოდ ემპირიული მაგალითებით ხელმძღვანელობაღა გრჩება: ბიზნესმენებად გარდასახულ მუსიკოსებს თავადვე უნდა ეჩვენებინათ კომერციული სექტორისთვის, რომ ამ ინდუსტრიაში დაბანდებულ კაპიტალს დივიდენდების მოტანა შეუძლია; თავადვე უნდა წაეხალისებინათ სუბკონტრაქტორი კომპანიების გაჩენა, რომელთა მესვეურებიც სპეციფიკურ პროდუქტებსა და სერვისებში მოგების პოტენციალს დაინახავდნენ (მაგალითად, პირველ Tbilisi Open Air-მდე, საქართველოში არ არსებობდა სცენის მომწოდებელი ოფიციალური დოკუმენტით, რომ მის სცენაზე დადგომა შეიძლება); თავადვე უნდა დაენახებინათ სახელმწიფოსთვის – მუსიკალური ინდუსტრიის განვითარების საშუალებით – ქვეყნის ბრენდინგისა და ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობა; თავადვე უნდა დაეტანათ საქართველო უცხოური ჯგუფების პოტენციური ბაზრების რუკაზე; თავადვე უნდა გამოევლინათ ქართული ჯგუფები, რომლებიც უცხოელი მსმენელისთვის საინტერესო იქნებოდა; თავადვე უნდა ჩაერთოთ ისინი პროდაქშენში და აღეჭურვათ აუდიოვიდეომასალით საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისთვის... ამ ჩამონათვალის გაგრძელება უბრალოდ ამოწურავს ტექსტისთვის გამოყოფილ გვერდებს, ამიტომ ფასწარმოებაზე შევჩერდეთ, რომლის ეფექტიანი სისტემის შემუშავებაც ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევაა: “ეს ახალი ტიპის პროდუქტია ჩვენთვისაც, ქვეყნისთვისაც და რეგიონისთვისაც, შესაბამისად, თავიდან ბოლომდე ზუსტი გათვლის გაკეთება არ არის მარტივი, – განმარტავს ვახო ბაბუნაშვილი. – ვიცით, რომ საქართველოში ფესტივალი ევროპული ფასებით ვერ იმუშავებს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ასეთი ლაინ- აფები, ამ ფასად, არც ერთ ქვეყანაში არ არის. გვაქვს ჩვენივე შედეგებზე დაყრდობილი მოლოდინები მსყიდველუნარიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ფასს ჩვენი მოგების მარჟა არ განაპირობებს”.

“ბენდების ჰონორარებშია საქმე?” – ვეკითხები მე.

“არა მარტო. მაგალითად, ზოგი ჯგუფის შემთხვევაში ჰონორარის ორმაგი ოდენობა ტექნიკის ტრანსპორტირების ხარჯებია. ფრენები ერთ- ერთი ყველაზე რთული მომენტია. თბილისი არ არის ვენა, სადაც ბერლინიდან, ლონდონიდან, პარიზიდან ადვილად მოხვდებიან. გარეუბანში ეპატიჟები”.

საუბარში Tbilisi Open Air-ის მუსიკალური პროდაქშენისა და ბუქინგის ხელმძღვანელი დავით ცინცაძე ერთვება: “გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მომენტი. არტისტები და ბენდები ისევე უდგებიან საქმეს, როგორც კომპანიები – ინვესტიციებს. ისინი ითვლიან რისკებს, რომლებიც დახვდებათ ისეთ ქვეყანაში, როგორიც სულ ცოტა ხნის წინ საქართველო იყო. ისინი საკუთარი სახელის ინვესტირებას ახდენენ, რასაც დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. საქართველოში გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რომ მთავარია, ფული გქონდეს და ნებისმიერ არტისტს ჩამოიყვან. ასე არ მუშაობს ეს ბიზნესი. გარდა ფინანსებისა, კომპანიას ისტორია უნდა ჰქონდეს”, – ამბობს იგი.

2013 წელს AlterVision-ი ამ ისტორიის შექმნას შეეცადა. გუნდმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა (გირჩევთ აქ The Doors-ის Break On Through-ი ჩართოთ), ქართული საფესტივალო ინდუსტრიის საერთაშორისო ტონი რამდენიმე ოქტავით აემაღლებინა, მთლიანად გაერღვია აქამდე მხოლოდ ადგილ-ადგილ ამოტეხილი ყინული და, რბილი დაფრენის ურყევი რწმენით, სტეიჯდაივერის ნახტომი გაეკეთებინა. ამ რწმენას 2012 წლის ეპიფანიური შედეგიც ამყარებდა, როდესაც კომპანიამ ერთი ჰედლაინერით, DDT-თი, მოახერხა, ორი დღის განმავლობაში 60,000-მდე ადამიანისთვის მოეყარა თავი მთაწმინდაზე, რომელთაც ბილეთში 10 ლარი გადაიხადეს. 2012 წლის ზაფხულში ბიზნესსექტორისთვის ცხადი გახდა, რომ არასპორტულ ღონისძიებასაც შეუძლია, ადამიანების ამხელა მასის გულისცემა ერთ ტაქტში ჩასვას, ხოლო AlterVision-მა იგრძნო, რომ ახლა უკან დახევა დაემსგავსებოდა სტუდიაში კარგად შეწყობილი იმპროვიზაციის დროს გიტარების გამორთვას დენის დაზოგვის მიზნით. 2013 წლის ლაინ- აფმა ბრენდი მყარი საერთაშორისო იმიჯით დააჯილდოვა, თუმცა ამავდროულად, ნებისყოფის გამოცდაც მოუწყო, რადგან ფესტივალმა გაწეული დანახარჯი ვერ ამოიღო.

მომდევნო წელს უკვე თავად Tbilisi Open Air-მა მოუწყო გამოცდა ბაზარს და მსმენელთა წინაშე ანდერგრაუნდული ლაინ- აფით წარდგა. გასაყიდი ბრენდი არა რომელიმე ჰედლაინერი, არამედ თავად Tbilisi Open Air-ი იყო, რომელიც სტადიონიდან მინდორს დაუბრუნდა და პუბლიკას კვლავ რამდენიმედღიანი ფორმატი აჩუქა. შედეგმა აჩვენა, რომ ფესტივალს 15 ათასი, ლაინ-აფისგან დამოუკიდებელი, ერთგული მომხმარებელი ჰყავს.

2015 წლის Tbilisi Open Air-ი 2013 წლის მცდელობას იმეორებს, მაგრამ უკვე გაორმაგებული ძალისხმევით. წელს ორგანიზატორებმა ხიდები დაწვეს: “აქ გაჩერება არ შეიძლებოდა. გადავწყვიტეთ, რომ თუ რამე გაგვაჩნია, ნებისმიერი აქტივი, პირადი თუ კომპანიის, ამ ფესტივალში ჩაგვედო”, – ამბობს აჩიკო გულედანი.

რიცხვების რაციონალური გადმოსახედიდან შესაძლოა ეს მართლაც გიჟური რისკი იყოს, თუმცა, ვფიქრობ, მათემატიკის მთელი სილამაზე მის ირაციონალურ შემადგენელშია, სახელდობრ იმაში, თუ როგორ იტევს რაციონალურ რიცხვებს შორის მანძილი – უსასრულოდ გრძელ, ირაციონალურ რიცხვებს, რომელთაც ფესვში ვერ ვწვდებით. სწორედ ამ მოუხელთებლობის პირმშოა ოქროს კვეთა – ჰარმონია, რომელსაც მუსიკოსები არა გონებით, არამედ გულით გრძნობენ. “და ყველა, ვინც ცეკვავდა, ეგონათ გიჟი მათ, ვისაც არ ესმოდა მუსიკა”.

გიჟები უკვე ბევრნი არიან. დღეს Tbilisi Open Air-ის მუსიკა მხოლოდ სმენაგამახვილებულებს არ ჩაესმით. იგი არა მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია. თუკი 2013 წლამდე AlterVision-ს თავად უწევდა არტისტებისთვის შეთავაზების კეთება და მათ ცვალებად ხასიათებზე მორგება, 2013 წლის ძვირი ექსპერიმენტის შემდეგ, საქართველომ მსოფლიოს წამყვანი პრომოუტერების ყურადღება დაიმსახურა, გაზრდილმა საინფორმაციო ველმა განაპირობა ჯგუფების მარშრუტში მოხვედრის გაადვილება და, შესაბამისად, ფასების დაწევა. ამან, თავის მხრივ, მოამზადა ნიადაგი წლევანდელი სენსაციისთვის, რომელზე ერთი დღით დასწრება, ბილეთის წინასწარ შეძენის შემთხვევაში, მაქსიმუმ 50 ლარი დაგიჯდებათ, ხოლო სრული 5-დღიანი აბონემენტი – 110 ლარი. რაც მთავარია, AlterVision-მა მოახერხა, ამ ფასად გაეჩინა ლოგიკური და გამართლებული მოლოდინი, რომ ქართულ სცენაზე Glastonburry-ს გამოსხივების მქონე თანავარსკვლავედი აკიაფდება. ბოლოს და ბოლოს, ვინ წარმოიდგენდა თუნდაც ერთი წლის წინ, რომ Placebo-სთვის სცენას ქართული ჯგუფი გაახურებდა? – LOUDspeakers-ი, რომლის აღმოჩენაშიც, სხვათა შორის, AlterVision-ის Newcomers-ის ფესტივალს დიდი წვლილი მიუძღვის.

“საერთო ეროვნულ ოპტიმიზმს” ფესტივალის ღიმილაკებითა და “ლაიკებით” დატბორილი FB-გვერდიც მოწმობს. წლევანდელმა ფესტივალმა 36 საათში გადაუსწრო Tbilisi Open Air 2013-ის მთელ გამოხმაურებას, რომელიც, ასე თუ ისე, იმ წელს ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება იყო. Facebook-ზე ივენთის წვდომამ ნახევარ მილიონზე მეტ უნიკალურ მნახველს გადააჭარბა, ხოლო დასწრების დასტურმა – 21,000-ს, რაც ოდნავ ჩამოუვარდება მოგებიან ნიშნულს... თუმცა წინ მთელი ორი თვეა.

აგრეთვე რეკორდულია წინასწარი გაყიდვების პროპორცია – ოთხჯერ მეტი – და უცხოელებისთვის მიყიდული ბილეთების რაოდენობა – დაგეგმილი გაყიდვების საერთო რაოდენობის 10%. წელს ორგანიზატორები 3-5 ათას ტურისტს ელიან, ბანაკის ტევადობა კი ამ ეტაპისთვის 1500-მდე ადამიანს შეადგენს.

“ქართველი მსმენელი საკმაოდ პრეტენზიულია. მასთან მუშაობა მარტივი არ არის, – სოციალური მედიის ხსენებისთანავე გამოიღვიძა ბექა ჯაფარიძემ, – წელს პირველად მოხდა, რომ 100%-იანი პოზიტივი გვაქვს. ეს ფესტივალისთვის კი არა, ნებისმიერი პროდუქტისთვის უპრეცედენტოა. ფასებთან მიმართებითაც კი სრული თანხმობაა”. ღიმილაკების იეროგლიფური დამწერლობის გაშიფვრას ბიზნესის მხრიდან შამპოლიონის ძალისხმევა არ სჭირდება. მსხვილ და წვრილ კომპანიებს კარგად ესმით ეს ენა და იციან, რომ ათობით ათასი ადამიანის მხიარული დღესასწაული თავიანთი პროდუქტების პოზიციონირებისთვის საუკეთესო არეალია.

AlterVision-ი ცდილობს, 8 ჰექტარზე დიდი მოცულობის ტერიტორიას კომპანიებმა შემოქმედებითი თვალით შეხედონ. აღსანიშნავია, რომ Tbilisi Open Air-ის მინიქალაქს წელს პირველად შეიძლება ეწოდოს “საზღვაო”. ამ სიახლეს ფესტივალი მის წარმდგენ კომპანიას, Hualing Group-ს უმადლის, რომელმაც მუსიკალური დღესასწაული საკუთარი ახალი პროექტის, “თბილისის ზღვის ახალი ქალაქის” ტერიტორიაზე დააბინავა.

“დიდი სხვაობაა, მომხმარებელი სახლშია წამოწოლილი და ტელევიზორში უყურებს რეკლამებს, თუ ფესტივალზე, აბსოლუტურად მოდუნებული იღებს სხვადასხვა კომპანიის კრეატიულ შემოთავაზებებს.

რა თქმა უნდა, ესეც ფესტივალის ე.წ. კონსტიტუციის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს. ვცდილობთ, კომპანიისა და პუბლიკის ინტერესთა შეხების წერტილს მივაგნოთ. კომპანიებს ჩვენი ტერიტორიისა და სერვისების სრულ აღწერილობას ვაძლევთ და ვთავაზობთ, მოიფიქრონ თავის წარდგენის საინტერესო ვერსია, როგორ მოარგონ საკუთარი პროდუქტი ფესტივალს”, – ამბობს აჩიკო გულედანი. წელს ფესტივალის ტრადიციულ პარტნიორებს – დეველოპერულ, საბანკო და კომუნიკაციების სექტორს სათამაშო ბიზნესიც შეუერთდა. გაყიდვის მიმზიდველმა მაჩვენებლებმა გამაგრილებელი სასმელებისა და ლუდის ბრენდთა რაოდენობაც გაზარდა. სასმელთა დიაპაზონის ზრდა ფესტივალის სტუმრებსაც აძლევს ხელს – სიგრილისა და გრადუსის მდიდარი არჩევანი ყოველთვის კარგია. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორებს, რომელთა დათვლასაც ორი ხელის თითები ეყოფა, შეუძლიათ მოდუნდნენ. AlterVision-ის დამფუძნებელ მუსიკოსთა ბიზნესტრიო მთავარ წარმატებად სწორედ პროფესიონალური გუნდის ჩამოყალიბებას მიიჩნევს – მუსიკალური პროდაქშენისა და ბუქინგის ხელმძღვანელის, დათო ცინცაძის, ტექნიკური პროდაქშენის ხელმძღვანელის, სანდრო სულაქველიძის, მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელის, თამთა კობიაშვილისა და პროექტის მენეჯერის, რუსუდან ებრალიძის პროდუქტიულ თანამშრომლობას. “Tbilisi Open Air-ი ისინი არიან”, – საგანგებოდ უსვამს ხაზს აჩიკო გულედანი.

მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ ოთხი ადამიანის მხრებზე არ გადადის. წინასაფესტივალო პერიოდში უშუალოდ საორგანიზაციო საკითხებზე მომუშავეთა რიცხვი 200-მდე იზრდება, აუტსორსინგის ჩათვლით კი ფესტივალისთვის 1000-მდე ადამიანი მუშაობს. ეს არც ისე დიდი რიცხვია საქმისთვის, რომლის ტვირთვაც უწევთ. წარმდგენი Hualing Group-ის ოლიმპიური სოფლის მეზობლად, AlterVision-მა კიდევ ერთი თბილისის ზღვისპირა დასახლება უნდა გააშენოს. სოფლის შენებისთვის კი მხოლოდ კარგი სიმღერა – ცოტაა. ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ ნაწილს რომ შევეშვათ, ქალაქისთვის საჭირო ყველა კომუნიკაციით, აგრეთვე გვერდით გადავდოთ ფინანსური და იურიდიული იპოსტასები, რომელთა გარეშეც არაფერი არსებობს, დაგვრჩება: მარკეტინგის, პრომო- და გაყიდვების დეპარტამენტები, ტურიზმის შიდა მიმართულება, რომელმაც უცხოელ სტუმრებს ყველა საჭირო სერვისი უნდა შესთავაზოს, ვენდორების მიმართულება, რომელმაც კომპანიების სპეციფიკური მოთხოვნები ფესტივალის კონცეფციას უნდა შეუთავსოს, უსაფრთხოება, რომელიც დაცვის მონიტორინგს ახორციელებს (AlterVision-მა ამ საქმისთვის შვილობილი ბრენდიც კი დააარსა – “მინოტავრი”) – ეს მხოლოდ ძირითადი ნაწილია. თითოეულ ხსენებულ მიმართულებასთან იკვეთება ლოგისტიკის დეპარტამენტი “და მთავარი, რაც არც ერთ დეპარტამენტში, მიმართულებასა და ბიუჯეტში არ წერია – ჩვენი გუნდის დრაივი. ეს საწვავია, რომლის გარეშეც არაფერი იმუშავებს არც ფესტივალზე, არც მის მიღმა”, – ამბობს ბექა ჯაფარიძე.

მაგრამ არის რიგი საკითხისა, რომლებიც პირადად მათ მუშაობაზე ან დრაივზე არ არის დამოკიდებული. შემოქმედებითად უკომპრომისო Tbilisi Open Air-ებს, ზოგჯერ AlterVision-ის სხვა, უფრო კომერციული ნიხრის პროექტებისგან სჭირდება სუბსიდირება. კონცერტები ღია ცის ქვეშ – სეზონური სიამოვნებაა, ქვეყანაში კი ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზი – ფილარმონია – მხოლოდ 2200 კაცს იტევს. მიუხედავად იმისა, ჩატარდება თუ არა ანშლაგით ბეთ ჰარტის (2014), ან DDT-ის (2015) კონცერტები (პირველმა მათგანმა რეკორდული შედეგი დადო: ნახევარი დარბაზის ადგილები ერთ საათში გაიყიდა, ხოლო ერთ კვირაში ბილეთი საერთოდ აღარ იშოვებოდა), არის ნიშნული, რომლის იქითაც კომპანია ვერ გაზრდის ფასს, ხოლო დარბაზი – ადამიანების დასაშვებ რაოდენობას. ამის გამო AlterVision-ისა და ამავე დარგში მომუშავე სხვა კომპანიების მოგების პოტენციალი სრულად ვერ რეალიზდება, ქვეყანა კი ტურიზმის ახალი კერის გაჩენის შანსს ანიავებს. ეს ერთადერთი მიმართულებაა, რომლის განვითარებაშიც კომპანიას უნდა, სახელმწიფო მეტად ერეოდეს:

“სამწუხაროდ, გაჩერებულია რიყის “მილების” პროექტი. ამ კონდიციამდე მიყვანილი დარბაზის გაჩერება ძალიან ცუდია. უმნიშვნელოვანესია, ქვეყანაში არსებობდეს მინიმუმ 5000-კაციანი დარბაზი. ტექნიკურ მოცემულობასაც აქვს მნიშვნელობა – რა მახასიათებლები აქვს დარბაზს, რამდენად არასტაციონარულია, რამდენად შეგიძლია გადააკეთო... თანამედროვე დარბაზი არ არის ქვეყანაში, – დანანებით აღნიშნავს ვახო ბაბუნაშვილი. – როგორც კახა ბენდუქიძემ თქვა ერთხელ, დროა, ყანწები გადავდოთ და ხელში კალკულატორები ავიღოთ. დავთვალოთ, შევადაროთ ღონისძიებების მასშტაბი ერთმანეთს. არ ვტრაბახობ, მაგრამ დავინახავთ, რომ მუსიკას აქვს რეალური შესაძლებლობა, ქვეყნის ცნობადობა, ტურიზმის, ინვესტიციების, ზოგადად ეკონომიკის მაჩვენებლები გაზარდოს”.

2006 წელს, როდესაც თავის პირველ, 11 ათასი ლარის ბიუჯეტის მქონე ფესტივალს, “ანაბეჭდი ზღვაზე”, აკეთებდა, ვახო ბაბუნაშვილი ალბათ ვერც იფიქრებდა, რომ ის და მისი მეგობრები, 9 წლის შემდეგ თბილისის ზღვაზე 2.7 მილიონი ლარის ბიუჯეტის მქონე პროექტს ასწევდნენ. თუმცა დღეს საქართველოს მუსიკალური ინდუსტრიისთვის ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება AlterVision- ის ახალი ათვლის წერტილია. “მომდევნო ათწლეულში შევძლებთ, ჩავატაროთ ფესტივალი, რომელსაც საკულტო არტისტები არა მხოლოდ თბილისში, სადღაც მოშორებითაც ესტუმრებიან და 100,000-იანი აუდიტორიის წინაშე დაუკრავენ, რომლის 20,000 მსმენელი უცხოელი იქნება”, – ამბობს აჩიკო გულედანი. “Talin Music Weeks-ზე მითხრეს, რომ უკვე აღმოსავლეთ ევროპის ერთ- ერთ მთავარ ფესტივალად გვთვლიან, – განაგრძობს ვახო ბაბუნაშვილი. – დარწმუნებული ვარ, სულ რაღაც ორ წელიწადში ჩვენ ევროპის მასშტაბზეც გავალთ. ვერ ვიტყვი, რომ მთავარი ფესტივალი ვიქნებით, თუმცა – ერთ- ერთი საუკეთესო. ეს ტრაბახი არ არის – ასეთი აღქმაა, ასეთი დამოკიდებულებაა ჩვენ მიმართ”.

ვახო ბაბუნაშვილი გვტოვებს, მე კი აჩიკო გულედანსა და ბექა ჯაფარიძეს თბილისის ზღვაზე მივყვები, ლოკაციისთვის თვალის შესავლებად. იქ ჯერ არაფერია, გარდა მწვანე მდელოზე ჩარჭობილი, მანძილების აღმნიშვნელი პალოებისა. ა, და კიდევ ერთი მეგობრული ძაღლიცაა, რომელსაც თითქოს გული უგრძნობს, რომ მალე აქ დიდი მხიარულება დაიწყება. აჩიკო გულედანისთვის ყველაფერი ადგილზეა, იგი აქეთ- იქით მიმითითებს და თავის წარმოდგენილ პეიზაჟს დეტალებში აღმიწერს: “აქ მედპუნქტია, აქ – მუნიციპალური ტიპის დაწესებულება, საიდანაც ინფორმაციას გავცემთ და იქით – კარვების ქალაქი, აი, მობილურის დამტენები, ნივთების შემნახველი სათავსოები”. მეც ნელ-ნელა მეხსნება მესამე თვალი და, მგონი, ვხედავ ბავშვების სათამაშო ფლეიგრაუნდებს, ცხოველების დასატოვებელ ზონას... ბექა ჯაფარიძე ბალახზე ზის, შემაღლებას იდაყვებით ეყრდნობა და უკვე შორს გაქცეულ ძაღლს თვალს აყოლებს. ვამჩნევ, რა კარგადაა შერჩეული სცენის მიმართულება. რელიეფის ოდნავი დახრილობა ამფითეატრის ეფექტს იძლევა – წინ ვერავინ მოგეფარება, თუ მაინცადამაინც შაკილ ო’ნილი არაა.

“როგორ მინდა, ერთხელ მაინც Tbilisi Open Air-ს ასე, მხარ-თეძოზე წამოწოლილი დავესწრო. ეგ კი არა, ისეთ დღეში ვართ ხოლმე, მუსიკასაც ვერ აღვიქვამთ”, – ფიქრებიდან გამომარკვია ბექა ჯაფარიძემ. აჩიკო გულედანმა ისე გახედა, მგონი, თავადაც მიხვდა, დასტურის სიტყვიერად გამოთქმა საჭირო არც იყო – აშკარაა, მასაც იგივე აწუხებს.

რამხელა ცხოვრებისეულ ირონიასთან გვაქვს საქმე – იმ ფესტივალის სულისჩამდგმელები, რომლის სლოგანიცაა “მუსიკა ათავისუფლებს” ყველაზე არათავისუფლები ფესტივალზე არიან. ნაღდი, ბებერი ბლუზის მოტივი თუ გინდათ, ეგაა: შენ მიერვე სულშთაბერილ სიცოცხლის ზეიმზე იყო უცხო.

წინა სტატია

გარეთ ბეილი - მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ახალგაზრდა სპორტსმენი
11 ივნისი, 2015

შემდეგი სტატია

ჭკვიანი ქალაქების ბიზნესი
12 ივნისი, 2015
აუდიტის ბაზრის ამომავალი ვარსკვლავი
კომპანიები | აგვ, 14, 2017
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
Golden Fleece Token - პირველი ქართული კრიპტოვალუტა!
ინტერვიუ | აგვ, 15, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა