Le Meridien Batumi ტურისტულ რუკაზე

Le Meridien Batumi ტურისტულ რუკაზე

პროექტის დეტალებზე LE MERIDIEN BATUMI-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს, კატია აბსანძეს ვესაუბრეთ.

მსოფლიოში ცნობილი და ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი Le Meridien საქართველოში პირველ სასტუმროს ხსნის. 105 ნომერზე გათვლილი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო დეველოპერული კომპანია “რედკოს” მიერ განხორციელებული “ბათუმი თაუერის” პროექტის ნაწილია, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. Le Meridien “მერიოტის” ბრენდის ქვეშ მოქმედი სასტუმროთა ქსელია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 35 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ბრენდი მომხმარებლისადმი განსაკუთრებული ლოიალურობით გამოირჩევა და, მაღალი დონის მომსახურებასთან ერთად, მას დასვენების მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობას სთავაზობს. პროექტის დეტალებზე LE MERIDIEN BATUMI-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს, კატია აბსანძეს ვესაუბრეთ.

როგორი იქნება “რედკოს” პროექტი ბათუმში?

“რედკო” უკვე რამდენიმე წელია, ბაზარზე აქტიურად მოღვაწეობს და ბევრ პროექტშია ჩართული. ჩვენი ძირითადი მიმართულება რეგიონალური ტურიზმის განვითარებაა, რომლის ფარგლებშიც დიდი წვლილი შევიტანეთ ახალი გუდაურის განვითარებაში და ამჯერად ვასრულებთ სრულიად გამორჩეულ პროექტს ბათუმში. ეს არის “ბათუმი თაუერი” – 205 მეტრი სიმაღლის, ყველაზე მაღალი შენობა კავკასიაში, რომელიც გამორჩეულად კარგ ლოკაციაზე მდებარეობს.

საერთაშორისო ბრენდული სასტუმროს მფლობელი კომპანიის, Starwood Hotels & Resorts Worldwide-ის მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპლექსში სივრცეების დამატება გადაწყდა და არსებულ კოშკს, სადაც რეზიდენციები განთავსდა, უფრო დაბალი სასტუმროს კოშკი დაემატა. “ბათუმი თაუერი” 91 აპარტამენტისგან შედგება და ყოველი მათგანიდან ულამაზესი ხედი იშლება, შენობის 26-ე სართულზე კი იმუშავებს ეშმაკის ბორბალი, სადაც მსურველებს რომანტიკული ვახშმის მოწყობის საშუალება ექნებათ და, რაღა თქმა უნდა, მათ მფლობელებს ექნებათ უფლება, ყველა იმ ინფრასტრუქტურით ისარგებლონ, რაც სასტუმროში იარსებებს.

რაც შეეხება თავად სასტუმროს, ის 1972 წელს პარიზში დაარსდა. “მერიოტის” ბრენდის ქვეშ გაერთიანებული სასტუმრო ზედმიწევნით ზრუნავს თავის მომხმარებელზე და სხვადასხვა  ტიპის საკმაოდ დატვირთულ პროგრამებს სთავაზობს სტუმრებს.

რა ინფრასტრუქტურა განთავსდება სასტუმროში?

პირველი ოთხი სართული დაეთმობა ღია და დახურულ აუზს, სპას და ფიტნესცენტრს, რესტორანსა და ღია ტერასის მქონე ლაუნჯს. ასევე, საკონფერენციო და სადღესასწაულო დარბაზებს – ანუ სასტუმროში იქნება ყველაფერი, რაც მაღალი კლასის ცხოვრების სტილზე მიუთითებს და ზღვისპირა ქალაქში კომფორტულ დასვენებას უზრუნველყოფს.

დღეისთვის ბათუმი, შეიძლება ითქვას, გაჯერებულია მაღალი კლასის სასტუმროებით. როგორ ფიქრობთ, რა ნიშის დაკავებას შეძლებს Le Meridien Batumi და რაში მდგომარეობს თქვენ მიერ ზემოთ ხსენებული “მომხმარებელზე ზრუნვა”?

გეთანხმებით, ბათუმში საკმაოდ მაღალია კონკურენციაა, თუმცა თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ Le Meridien Batumi გამორჩეულია იმით, რომ ეს არ არის სტან დარტული სასტუმრო. სერვისი იქნება მაქსიმალურად მაღალი დონის, იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის ზღვაზე გასასვლელი კერძო ზოლი. ამ ბრენდის შემთხვევაში საკუთარ მომხმარებელზე ზრუნვაა უმნიშვნელოვანესი. ბრენდის სლოგანია “აღმოაჩინე ახალი ლოკაცია” და მისი შეთავაზებებიც სწორედ ამაზეა მორგებული.

უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ხელოვნების მიმართულება. სასტუმროს ნომრის გასაღები, შეიძლება ითქვას, ყველა არტდაწესებულების კარს აღებს. ბათუმში ამ მიმართულებით სხვადასხვა არტსივრცის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. კომპანიას ასევე განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს დღესასწაულების მიმართ, იქნება ეს ახალი წელი, შობა თუ ვალენტინობა. ამას გარდა, ძალიან ბევრი განსაკუთრებულად გამორჩეული ხაზი აქვს იმავე ყავასთან მიმართებით: იმ დახვეწილ გარემოში, რომელსაც მათ ბრენდი სთავაზობს, ჩვენს სტუმრებს ყავის სმის კულტურის სრულად შეგრძნობის შესაძლებლობა ეძლევათ. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვების მიმართულებას, საუზმე კი სასტუმროს შეფ- მზარეულის განსაკუთრებული ხელწერით გამოირჩევა.

ვინ იმუშავა პროექტზე?

როგორც Le Meridien Batumi-ს კონცეფციაზე, ასევე “ბათუმი თაუერის” რეზიდენციების ინტერიერისა და ავეჯის დიზაინზე იმუშავა ქართულმა კომპანია Rooms-მა, რაც ამ პროექტს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.

ვინ დასაქმდება სასტუმროში და მათ გადამზადებას ვინ უზრუნველყოფს?

“მერიოტი” ატარებს ძალიან კარგ ტრენინგ-კურსს, რომელსაც უკვე არჩეული კადრები გადიან. დასაქმდება 100-ზე მეტი ადამიანი და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ისინი ადგილობრივები იქნებიან.

როდის მიიღებს სასტუმრო პირველ სტუმრებს?

სასტუმროს გახსნას იანვარში ვგეგმავთ. ამ პროექტში 80 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. კომპანია მომავალშიც მუდმივად იზრუნებს ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნაზე, რომლითაც მაქსიმუმს მიიღებს როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *