ჭკვიანი ქალაქების ბიზნესი

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოს მოსახლეობა 2050 წლისთვის 9 მილიარდს მიაღწევს. აქედან 6 მილიარდი ქალაქებში იცხოვრებს. ეს, უახლოეს 35 წელიწადში, ქალაქებში მცხოვრებთა 2.5 მილიარდით ზრდას ნიშნავს.

ეკამათეთ ამ რიცხვებს, როგორც გნებავთ – მე თვითონაც არ ვარ დარწმუნებული, რომ მსოფლიოს მოსახლეობა ისე სწრაფად გაიზრდება, როგორც გაერო პროგნოზირებს. მაგრამ გავლენა ქალაქებზე გარდაუვალია, თუნდაც ზრდა 2.5 მილიარდის მაგივრად 1.5 მილიარდი იყოს. ქალაქებს გამოწვევები ყველა ძირითადი მიმართულებით ელით: წყალი, საკვები, ენერგია, ტრანსპორტი, ჯანდაცვა, უსაფრთხოება, კრიმინალი, ცხოვრების ხარისხი.

გამოწვევებთან ერთად, შესაძლებლობებიც უზარმაზარი იქნება - ამიტომაც გვიყვარს კაპიტალიზმი. ინოვაციები “ჭკვიანი ქალაქებისთვის” (smart-city innovations) მომავალ ათწლეულებში მრავალტრილიონიანი სეგმენტი იქნება. რომელი კომპანიები და ქვეყნები იხეირებენ ამ სეგმენტში ყველაზე მეტად?

მე სამი ტიპის მოგებულებს ვხედავ. პირველ კატეგორიაში ციფრული ტექნოლოგიების მომწოდებლები არიან - მაღალსიჩქარიანი ტელეკომუნიკაციებიდან ღრუბლის (cloud) სერვისებამდე, ციფრული უსაფრთხოებიდან ინოვაციურ აპლიკაციებამდე, რომლებიც ფიზიკური რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს (მაგალითად, Uber-ი და Airbnb-ი). მაგრამ ამ კატეგორიას თავისი ზღვარი აქვს.

მეორე კატეგორიაში ისინი მოხვდებიან, ვინც ტრადიციულ ინდუსტრიას მეორე სიცოცხლეს მისცემს. მთავარ ხრიკად მასალებში, მშენებლობაში თუ ტრანსპორტში გარღვევების აღმოჩენა იქცევა - იმ ტექნოლოგიებში, რომლების ზურგზეც მეოცე საუკუნის უდიდესი ქალაქების მშენებლობამ გადაიარა. იქნებიან ესენი ცნობილი კომპანიები, როგორიცაა General Electric-ი, Mitsubishi, Tata და Samsung-ი, თუ ახალი მოთამაშეები?

მესამე კატეგორიას თვითონ “ჭკვიანი ქალაქები” შეადგენენ. მოსალოდნელია, ლიდერებმა შექმნან სერვისები, რომლებსაც შემდეგ სხვა ქალაქები გადმოიღებენ. მოწინავე ქალაქის ინოვაციების მოგებიანობა ამავე ქალაქის შიგნით მიღებული სარგებლით არ შემოიფარგლება. გლობალურ ეკონომიკაში ჩართული “ჭკვიანი ქალაქები”, მძაფრი კონკურენციის ფონზე, საუკეთესო ბრენდებსა და ნიჭიერ ადამიანებს მიიზიდავენ.

შარშან ჭკვიანი ერების (smart-nations) კონფერენციას დავესწარი სინგაპურში. პრემიერ-მინისტრმა ლი სიან ლუნმა ღონისძიება საკუთარ რეზიდენციაში მიღებით გახსნა. მან თავის სამ მთავარ პრიორიტეტზე ისაუბრა:

მოსახლეობის დაბერება. აუცილებელია, ასაკოვან სინგაპურელებს ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრება ჰქონდეთ. ცხრიდან ერთი მოქალაქის ასაკი 65 წელს აღემატება. 15 წელიწადში ასეთი ხუთიდან ერთი იქნება - ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენიც უკვე არის იაპონიაში. მცირე ქალაქ-სახელმწიფოში მცხოვრებ სინგაპურელებს არა აქვთ აშშ- სთვის დამახასიათებელი გაქანება, სადაც თქვენმა ბებიამ შესაძლოა სადმე არიზონაში ან ფლორიდაში იპოვოს სასურველი გარემო. აქ მოქალაქეები “ადგილზე უნდა დაბერდნენ” - ისე, რომ ეკონომიკას მძიმე ტვირთად არ დააწვნენ.

ტრანსპორტირება. სინგაპურს ცოტა მიწა აქვს. “ჩვენ არ შეგვიძლია უსასრულობამდე გავაგრძელოთ გზების მშენებლობა და ლოს-ანჯელესს დავემსგავსოთ”. სინგაპურში, დანიის მსგავსად, მანქანებზე დაწესებული გადასახადი მათ შესასყიდ ფასს თითქმის ორჯერ აღემატება, რათა მოქალაქეებს ნაკლებად მოუნდეთ მანქანის შეძენა. რა ხდება შემდეგ? კიდევ უფრო დიდი გადასახადები პასუხი არაა. რაღაც მომენტში ბუშტი გასკდება და ქვეყანაში ნიჭის შემოდინება შეწყდება. გამოსავალი ახალი ტექნოლოგიებისა და მონაცემების გამოყენებით ეფექტიანი გადაწყვეტების ძიებაა (სინგაპურის ტროპიკული ჰავის გამო ფეხით და ველოსიპედით მოსიარულეთა მომრავლება მოსალოდნელი არაა).

ჯანდაცვისა და ტრანსპორტირების გაუმჯობესება - ცხადია, ხომ? ეს ორი მიზანი ყველა ქალაქისა და ქვეყნის მიზნების სიის თავშია.

პრემიერმინისტრ ლის მიერ განხილული მესამე საკითხი უფრო უნიკალურია.

კარს მომდგარი ბაზარი. “გვსურს, გავხდეთ უსაფრთხო, დაცული მონაცემების ბაზარი. ადგილი, სადაც კომპანიებისთვის ადვილი იქნება ტესტირება და ბაზრის კვლევისა და სამომხმარებლო ტენდენციების კუთხით სასარგებლო ინფორმაციის შეგროვება; ადგილი, სადაც მონაცემებს ღიად გააზიარებენ და ამით რეალურ ფასეულობას შესძენენ, მათ ინოვაციურ

პოტენციალს აითვისებენ. სადაც მთავრობა საზოგადოების- თვის ხელმისაწვდომს გახდის მრავალნაირ მონაცემთა ბაზებს, რომლებსაც ახალი აპლიკაციებისა და სერვისების შესაქმნელად გამოიყენებენ”.

ეს უკვე ცოტა განსხვავებული ამბავია, და ბრწყინვალეც. სინგაპური წარმოგვიდგება შვეიცარიისა და სილიკონის ველის ერთგვარ ნაჯვარად. სინგაპურის პრემიერმა ირიბად უპასუხა ზოგიერთი ადამიანის უკმაყოფილებას ჰონკონგის, როგორც “დაცული მონაცემების ბაზრის”, შერყეული სანდოობით. ბატონი ლი მეტისმეტად დიპლომატია, რომ ეს ღიად თქვას, მაგრამ მიზანი ნათელია: სინგაპურს სურს, აზიის მთავარი საბანკო ქალაქი გახდეს.

მოახლოებული რევოლუცია ფინანსურ ტექნოლოგიებში - ეგრეთ წოდებულ ფინტექში - ახლა იწყება. იქნებიან მთავარი მოგებულები სილიკონის ველზე აღმოცენებული სიტუაციის ამრევები? თუ, რადგან საბანკო სფერო ყველა ქვეყანაში რეგულირებულია, სადაც კი არსებობს, ფინტექ- რევოლუციაში ტრადიციული ბანკირებისა და ინოვატორების ალიანსები გაიმარჯვებს? კონფერენციაზე ჩემი ჯგუფი მეორისკენ გადაიხარა. ამ სცენარში, სინგაპურისთვის შვეიცარიისა და სილიკონის ველის ნაჯვარად ქცევა იდეალური არჩევანია.

დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს სოფლის მეურნეობის როლი “ჭკვიანი ქალაქების” განვითარებაში. რა სცენარითაც უნდა განვითარდეს მსოფლიო, საკვები ყველაზე ძირეულ აუცილებლობად დარჩება. როგორ მოხერხდება ქალაქების დამატებითი 2.5 მილიარდი მცხოვრებლის გამოკვება? ამასთან დაკავშირებით, Forbes-ი ივლისის დასაწყისში კალიფორნიაში აგროტექნოლოგიების კონფერენციას გამართავს. მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს Forbes.com/conferences.

წინა სტატია

მუსიკალური ინდუსტრია. ტრიო ტრიუმფის მოლოდინში
12 ივნისი, 2015

შემდეგი სტატია

“შულც გლობალი”-ს ფონდი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
12 ივნისი, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა