LE MÉRIDIEN - ბათუმის ღირსშესანიშნაობა

LE MÉRIDIEN - ბათუმის ღირსშესანიშნაობა

ახალი, დიზაინზე ორიენტირებული სასტუმრო ბრენდი ევროპული პერსპექტივითა და კულტურით, რომელიც მისი ფრანგული ფესვების კვალს ატარებს, გეგმის მიხედვით, ბათუმში 2020 წელს უნდა გაიხსნას.

ბრენდი, რომელიც 2005 წელს აშშ-ში დაფუძნებულმა STARWOOD HOTELS & RESORTS-მა შეისყიდა, 2015-ში კი MARRIOTT INTERNATIONAL-მა, მსოფლიოს 113 სასტუმროს აერთიანებს. ეს საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული სასტუმრო, დროთა განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე სანდო და კლასიკურ ბრენდად ყალიბდება გლობალურ სასტუმრო ინდუსტრიაში. პოპულარული საერთაშორისო ბრენდი, LE MÉRIDIEN-ი საქართველოში REDCO-მ შემოიყვანა და REDCO-ვეა აქ მისი მფლობელი. საინტერესო დეტალები FORBES საქართველოს ახალი სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, ფაბიენ მარტინეზმა გაანდო.

რაში მდგომარეობის ამ ბრენდის ფილოსოფია?

Le Méridien-ის ბრენდის ფილოსოფია ფრანგული კულტურის, ხელოვნების, დიზაინისა და მუსიკის გამორჩეულ კვალს ატარებს. ასევე გვეამაყება, Marriott International-ის ნაწილი რომ ვართ, და რადგანაც ეს ბრწყინვალე სასტუმრო Le Méridien-ისთვის საკულტო სასტუმროს როლს ასრულებს, დარწმუნებული ვართ, რომ დიდ წარმატებას მივაღწევთ. Le Méridien Hotels & Resorts-ი Le Méridien-ის პირველი განსხეულება იქნება საქართველოში და თანამედროვე ცხოვრების წესის ინტეგრირებულ გამოცდილებას შემოგვთავაზებს; ის 105 სასტუმრო ნომერს, საფირმო ფრანგულ-ქართულ რესტორანსა და ელეგანტურ ბარს გააერთიანებს, რომელიც დღისით Illy-ის ყავით გაგვიმასპინძლდება. Le Méridien-ი ამაყობს, რომ აქვს საშუალება, შემოქმედებითი მუხტის მქონე პარტნიორებთან ითანამშრომლოს, რომლებიც დამატებით ღირსებას სძენენ ბრენდს, მის ისტორიულ მემკვიდრეობას, დახვეწილობისადმი სწრაფვას და კარგი ცხოვრების სიყვარულს. ერთ- ერთი ამ პარტნიორთაგან Illy-ია, რომელიც ჩვენს სასტუმროში ნამდვილი ევროპული კაფეს კულტურას აცოცხლებს. სასტუმრო შეხვედრების კომფორტულ, 5,000 კვადრატული ფუტის სივრცეს გვთავაზობს, მათ შორის, 100-ადგილიან დარბაზს დაუვიწყარი ხედით შავ ზღვაზე.

რატომ ბათუმი?

ბათუმი მეორე ყველაზე დიდი ქალაქია საქართველოში, რომელიც სწრაფად იზრდება და ტურისტებში სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. ეს ქალაქი, ერთდროულად, მთების ძირში და სუბტროპიკულ ზონაშია მოქცეული, სადაც ზომიერი ზამთრები და თბილი ზაფხულები იცის. ამის გამო ბათუმი ყოველწლიურად ასიათასობით ტურისტს იზიდავს. 2019-ში საქართველოში 8 მილიონზე მეტი სტუმარი ჩამოვიდა. აჭარა საინტერესო და უნიკალური ადგილია, ის უდავოდ არის ერთ- ერთი აუცილებლად მოსანახულებელი რეგიონი საქართველოში, რომელმაც – თავისი სუბტროპიკული კლიმატით, ზღვისა და მთის ჰაერის მასტიმულირებელი ნაზავით, გამაჯანსაღებელი ზღვით, სპა-წყლებით და კაშკაშა ღამის ცხოვრებით – ბრწყინვალე რეპუტაცია შეიქმნა. ძალიან გვახარებს ბათუმში ჩვენი დებიუტი – ქალაქში, რომელიც იზიარებს Méridien- ის სიყვარულს ხელოვნების, კულტურისა და შემოქმედების მიმართ. თავისი მდიდარი ისტორიითა და თანამედროვე დახვეწილობით, აჭარა იდეალური ადგილია Le Méridien Hotel-ისთვის.

ახლა მესმის, რატომ სჭირდება Le Méridien-ს ბათუმი. და პირიქით რომ ვიკითხოთ? – რატომ სჭირდება ბათუმს Le Méridien Hotel-ი?

Le Méridien Batumi-ში 105 მდიდრული ოთახი იქნება წარმოდგენილი, მათ რიცხვში, საგანგებო ნომრები და საპრეზიდენტო ოთახი. პრესტიჟული საპრეზიდენტო ოთახი, დიდი ალბათობით, გამორჩეული და შთამბეჭდავი იქნება თავისი ანტიკური და თანამედროვე ავეჯის მიქსითა და თვალწარმტაცი ხედებით შავ ზღვაზე. “აღმოაჩინე ახალი ადგილები” – ეს ლოზუნგი ჩვენი ფილოსოფიის ქვაკუთხედია. Le Méridien-ი საკმაოდ განსხვავებული ბრენდია, რადგანაც სტუმრებისთვის მხოლოდ სტანდარტული მომსახურების შეთავაზებით არ შემოიფარგლება; ის მზრუნველი ბრენდია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ იმ ადამიანების მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს, ვისაც ახალი ადგილების აღმოჩენა უყვარს. ბათუმი სწრაფად ვითარდება, ისე რომ თავის ხიბლს არ კარგავს. ფონად ნისლში გახვეული მთებითა და თოვლით მოსილი მწვერვალებით, საქართველოს კურორტებს შორის გამორჩეული ბათუმი ქარიზმატული ადგილია მომხიბლავი ძველი ქალაქითა და ფანტასტიკური სუბტროპიკული კლიმატით.

მომღერალი შადრევნები, ქართული ანბანის კოშკი… ბათუმი ერთ-ერთ იმ იშვიათ ადგილთაგანია, რომელსაც გინდა, კვლავ და კვლავ დაუბრუნდე. ტურისტთა ნაკადის ზრდის კვალდაკვალ, Le Méridien-ის ტიპის სასტუმროს გახსნა სასარგებლო იქნება რეგიონისთვის, ქალაქს კი დამატებით შარმს შესძენს. ეს ქალაქი სავსეა ხელოვნებით… თამარ კვესიტაძის მოძრავი ლითონის სკულპტურა “ქალი და კაცი”, რომელიც “ალის და ნინოს” სახელითაა ცნობილი, მსოფლიოს ათ ყველაზე რომანტიკულ ქანდაკებებს შორის მოხვდა; აჭარის ხელოვნების მუზეუმის ინტერიერი საოცრებაა, გეგონებათ, როტშილდის მე-20 საუკუნის შატოში დასეირნობდეთო, სპირალური კიბეები კი არაჩვეულებრივი შესახედია და არაჩვეულებრივი სასიარულოც; უამრავ ფერწერულ ნამუშევარსაც იხილავთ, რომლებიც სტუმრებს ერთგვარ სამედიტაციო განწყობას უქმნის.

რატომ კონკრეტულად ბათუმის კოშკი?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ის ბულვარში მდებარეობს. მეორე მიზეზი ისაა, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე განლაგებული ეს ტერიტორია ბათუმის ერთ- ერთ ყველაზე თვალწარმტაც ადგილს წარმოადგენს. ამასთან, ბათუმის კოშკი კავკასიაში ყველაზე მაღალი ნაგებობაა.

რით უნდა დაამახსოვრდეს მომხმარებელს Le Méridien-ის გამოცდილება?

Le Méridien-ი 1972 წელს დაარსდა Air France- ის – დიზაინსა და ინოვაციაში იმდროინდელი ლიდერის – მიერ, იმ განზრახვით, რომ ავიახაზების მგზავრებისთვის შეექმნა “სახლი სახლისგან შორს”. Le Méridien Etoile-ი პირველი ნაგებობა იყო პარიზში, რომელიც მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა Le Méridien-ის გლობალურ წარმომადგენლობას როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდ ქალაქებში, ისე ეგზოტიკურ კურორტებზე. დღეს Le Méridien- ის 100-ზე მეტი სასტუმრო თითქმის 40 ქვეყანაში გვხვდება. Le Méridien-ი საუკუნის შუა პერიოდის დიზაინის მქონე სივრცეებს იკავებს, რომელთაც ელეგანტურ საფირმო ატმოსფეროსთან წარმატებით აწყვილებს. თავისი ხალისიანი აქცენტით ხელოვნებაზე, ყავაზე, შუშხუნა კოქტეილებზე, ზაფხულის დაუვიწყარ დასვენებაზე და შემოქმედებითი ბუნების მოგზაურებს შთააგონებს, სამყარო მიმზიდველი რაკურსით დაინახონ.

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ვინ არიან თქვენი მთავარი მომხმარებლები?

ეს პარიზში დაბადებული ბრენდი ცნობისმოყვარე და შემოქმედებით მოგზაურს მოულოდნელ და საინტერესო გამოცდილებებთან აკავშირებს მისი დანიშნულების პუნქტის ფარგლებში. სასტუმრო, რომელიც 700 სტუმარს იტევს, უმასპინძლებს როგორც საქმიანი ვიზიტით ჩამოსულ სტუმრებს, ისე რომანტიკული თუ საოჯახო დასვენების მსურველებს.

როგორ გამოიყურება ეკონომიკური ტრენდები, რაც აქ კარგი ბიზნესის იმედს იძლევა?

ბათუმი წლევანდელი World Travel Awards-ის გამარჯვებულია, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული პუნქტი. პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე გამართულ World Tourism Festival-ზე, ბათუმი წელს გამარჯვებულად გამოცხადდა და ტურიზმის სფეროს “ოსკარით” დაჯილდოვდა. ტურისტთა ნაკადი ყოველწლიურად იზრდება, ხოლო 2019-ის პირველ ოთხ თვეში ვიზიტორთა უმეტესობა – 226,311 – აჭარაში თურქეთიდან ჩამოდის. პირველ ათეულში ასევე არიან: რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი… წელს ძალიან პოზიტიურ და მზარდ რიცხვებს ველით, მით უფრო, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსხვილი კამპანიები ჩაუშვა და ახალი ფრენები დაამატა სხვადასხვა ქალაქიდან. ეს უდავოდ აისახება მსყიდველუნარიანობაზე და, ვიმედოვნებთ, რომ ინტერესი სასტუმროს მიმართ არ დაიკლებს, პირიქით – გაიზრდება.

საქართველოს ბიზნესგარემო დადებითი ფაქტორია საქართველოში ბიზნესის საკეთებლად?

საქართველოში ბიზნესგარემოს განვითარება პოზიტიური ტენდენციით ხასიათდება, რაც, დიდწილად, სამართლებრივი რეფორმებით (გადასახადები, საბაჟო, ლიცენზიები, ნებართვები და სხვ.) არის განპირობებული. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში რეგიონი საგრძნობლად განვითარდა, რაც კარგ საფუძველს იძლევა დადებითი პროგნოზისთვის.

რა სახის კეთილმოწყობილობებს შესთავაზებთ თქვენს სტუმრებს?

Le Méridien-ში წარმოდგენილი იქნება შიდა და გარე საცურაო აუზი, სპა და ფიტნესცენტრი, კერძოდ, ჯამში 1,460 კვ. მ-ზე. ამასთან, გართობისა და აზარტული თამაშების მოყვარულებს კაზინოს შევთავაზებთ; პრივატული და კომფორტული Empire Casino ყველა კლასიკურ და თანამედროვე სამაგიდო თამაშს აერთიანებს. ცოცხალ რეჟიმში მიმდინარე ფართო ასორტიმენტის სამაგიდო თამაშები და ფსონების ლიმიტები ყოველდღე, 24 საათის მანძილზე იქნება ხელმისაწვდომი. ჩამოსვლისთანავე სტუმარს ხელოვნებასთან დაკავშირებული დაუვიწყარი გამოცდილება ელის. სასტუმროს წინა კარებსა და/ ან სარეგისტრაციო დახლებთან 40-ზე მეტი ხელოვნების ნიმუშია განთავსებული, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე არაერთმა ცნობილმა და ახალბედა არტისტმა სპეციალურად ბრენდისთვის შექმნა, რათა სტუმარი განიტვირთოს, გარე სამყარო უკან მოიტოვოს და Le Méridien-ის ახალ სამყაროში შედგას ფეხი.  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *