როდის გახდება საქართველო მდიდარი?

საქართველოში ბოლო პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები უჩვენებს, რომ მოსახლეობას ყველაზე მეტად სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აწუხებს, კერძოდ: უმუშევრობა, სიღარიბე და ინფლაცია (პროდუქციაზე ფასების ზრდა). ამიტომაც ხშირად გვესმის კითხვები: “როდის გვეშველება რამე?”, “როდის ვიცხოვრებთ კარგად?”, “როდის იქნება სამუშაო ადგილები?”, “როდის გავმდიდრდებით?” და ა.შ. ამ კითხვებზე ყველა დადებით, კომპეტენტურ პასუხს ერთი საერთო აქვს - როდესაც საქართველოს ეკონომიკა იქნება მინიმუმ 3-ჯერ დიდი, ვიდრე დღეს არის.

2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 29 მილიარდი ლარი (16.5 მილიარდი დოლარი) იყო. ქვეყნის ეკონომიკა იზომება ერთი წლის განმავლობაში მის ტერიტორიაზე წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულების ჯამით - ე.წ. მთლიანი შიდა პროდუქტით (მშპ). თუ გვინდა გავიგოთ, 29 მილიარდი ლარი რამდენად საკმარისია, რომ ადამიანებმა სასურველ პირობებში იცხოვრონ, ეს თანხა ქვეყნის მოსახლეობის რიცხვზე უნდა გავყოთ. საქართველოში სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 6,500 ლარი (3,680 აშშ დოლარი) გამოდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სტატისტიკის მიხედვით, ამ მაჩვენებლით საქართველოს მსოფლიოს 189 ქვეყანას შორის 114-ე ადგილი უჭირავს და საშუალოზე დაბალშემოსავლიან ქვეყნებს მიეკუთვნება. ამ ჯგუფშია ქვეყნები, სადაც სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 1,046 დოლარიდან 4,125 დოლარამდეა. თუ ქვეყანაში სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი აჭარბებს 12,745 დოლარს, ის მაღალშემოსავლიანად ითვლება. ასეთ ქვეყნებში ცხოვრების პირობები გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში. დღეს ყველაზე “ღარიბი” მაღალშემოსავლიანი ქვეყანა არგენტინაა, სადაც სულ მოსახლეზე შემოსავალი 12,875 დოლარია. ყველაზე მდიდარი კი - ლუქსემბურგი, სადაც ეს მაჩვენებელი 112 ათას დოლარს აღწევს.

არ არსებობს ქვეყანა, სადაც ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი საქართველოს მაჩვენებლის ტოლია ან ნაკლებია და მის მოქალაქეებს არ აწუხებთ უმუშევრობის, სიღარიბის, დაბალი ხელფასების, განათლების დაბალი დონის, ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და სხვა სოციალურ- ეკონომიკური პრობლემები. ერთადერთი გამოსავალი - ეკონომიკის ზრდაა. საქართველოს მოსახლეობის წინაშე არსებულ ყველაზე მწვავე პრობლემებს ეკონომიკის ზრდის გარეშე ვერავინ და ვერაფერი გადაჭრის.

კითხვებზე “როდის გვეშველება?”, “როდის ვიცხოვრებთ კარგად?” პასუხი მით უფრო დამაიმედებელია, რაც უფრო ახლო მომავალზე მიგვითითებს მოპასუხე. “შველისთვის” საჭირო დრო, ბუნებრივია, ეკონომიკის ზრდის ტემპზეა დამოკიდებული. 2013-2014 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა. ასეთი ტემპით, საქართველოს მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში შესასვლელად 32 წელი დასჭირდება.

ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპის მიღწევაში გადამწყვეტი როლი აქვს სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას. თუ რამდენ წელიწადში შეძლებს საქართველო მაღალშემოსავლიან ქვეყნად გადაქცევას, მნიშვნელოვანწილად საქართველოს მთავრობის საქმიანობაზეა დამოკიდებული. იმის შესაფასებლად, თუ რამდენად ეფექტიანად უმკლავდება მთავრობა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე მწვავე პრობლემებს, პირველ რიგში სწორედ ეკონომიკური ზრდის ტემპს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ნათელია, რომ ბოლო 2.5 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა სწრაფად არ ვითარდება, მოსახლეობა პროგრესს თითქმის ვერ გრძნობს.

ზრდის შენელების მთავარი მიზეზიის გახლავთ, რომ ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, შეაჩერა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ მიმართული რეფორმები. ეკონომიკური პოლიტიკა არ არის ორიენტირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაზე. მაგალითად, თუ 2011-2012 წლებში 10 რეფორმა გატარდა, რაც დადებითად აისახა მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების ინდექსში, 2013-2014 წლებში ასეთი მხოლოდ ერთი იყო.

გარეგნულად, ეკონომიკური პოლიტიკა სოციალური საკითხების მოგვარებაზე ორიენტირებული გახდა: სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური დანახარჯების წილი მთლიანი ხარჯების 33%-მდე გაიზარდა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, მოსახლეობას ყველაზე მეტად ისევ სოციალური პრობლემები აწუხებს. NDI-ის 2012 წლის ივნისის კვლევის თანახმად, უმუშევრობა მოსახლეობის 58%-ს აწუხებდა, სიღარიბე - 27%-ს, ინფლაცია - 19%-ს. მიმდინარე წლის აპრილის კვლევის თანახმად, უმუშევრობა 66%-ს აწუხებს, სიღარიბე - 39%-ს, ინფლაცია კი - 43%-ს. შედეგი ლოგიკურია. როდესაც ღარიბი ქვეყანა სტრატეგიად, შემოსავლების ზრდის ნაცვლად, შემოსავლების გადანაწილებას ირჩევს, ცხოვრების ზოგადი დონე, მინიმუმ, არ უმჯობესდება.

2015 წელს საქართველოს მთავრობა 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, ხოლო 2016 წელს - 5.5%-ს. თუმცა მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ზრდამ 3.2% შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის 2015 წლის პროგნოზი 2%-მდე შეამცირა, ხოლო 2016 წლისთვის 3%-იან ზრდას მოელის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზიც მსგავსია: 2015 წელს - 2.3%, 2016 წელს - 2.6%.

საქართველოს მთავრობამ მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, რეალური ნაბიჯების გადადგმის ნაცვლად, დაბალი ზრდის ტემპის გამართლების სტრატეგია აირჩია. მინისტრები, პარლამენტარები ციფრებით მანიპულირებენ, საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებს ადარებენ მწვავე პოლიტიკური პრობლემების წინაშე მყოფი ქვეყნების (უკრაინა, რუსეთი) მაჩვენებლებს ან არასწორად არჩევენ შესადარის ქვეყნებს და გვეუბნებიან, თუ რამდენად წარმატებულია საქართველო მათი დამსახურების წყალობით. საუბარი აღარ არის შეცდომების დანახვაზე, აღიარებასა და გამოსწორებაზე: ხელისუფლება დროსა და რესურსს წარუმატებლობის წარმატებად წარმოჩენაზე ხარჯავს. მათ ავიწყდებათ, რომ მოსახლეობა თავის სოციალურ-ეკონომიკურ ყოფას სტატისტიკის სამთავრობო ინტერპრეტაციებით არ აფასებს. ასე რომ იყოს, დღეს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერნი ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები იქნებოდნენ.

ხშირ შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს ადარებენ ევროპის განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს, რაც შეცდომაში შეყვანაა. ეკონომიკაში არსებობს ეკონომიკური ზრდის მარჟინალური ეფექტის ცნება: რაც უფრო დიდია ქვეყნის ეკონომიკა, მით უფრო რთულია პროცენტულად მაღალი ზრდის ტემპის მიღწევა. მაგალითად, გერმანიის ეკონომიკა 3.8 ტრილიონი დოლარია. თუ გერმანიის ეკონომიკა გაიზრდება 1.6 მილიარდი დოლარით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0.04% იქნება. ხოლო საქართველოს ეკონომიკის 1.6 მილიარდი დოლარით ზრდა დაახლოებით 10%-იან ზრდას მოგვცემს.

განვითარებული ქვეყნების ბაზრები გაჯერებულია კაპიტალით. მაღალი კონკურენციის გამო, მოგების მარჟა გაცილებით დაბალია, ვიდრე განვითარებად ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, თუ სხვა პირობები თანაბარია, განვითარებადი ქვეყნები ინვესტიციისთვის უფრო მიმზიდველია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მდიდარ ქვეყნებს აქვთ ფუფუნება, აღარ იყვნენ ორიენტირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიღწევაზე და მეტი ძალისხმევა დაუთმონ შემოსავლების გადანაწილებას, რასაც აკეთებენ კიდეც.

ბოლო პერიოდში აგრეთვე ხშირად ისმის შედარებები რეგიონის ქვეყნებთან. საკითხავია, ხელისუფლების წარმომადგენლები კონკრეტულად რომელ ქვეყნებს აერთიანებენ “რეგიონში”, როდესაც აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკა რეგიონში ყველაზე სწრაფად იზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) რეგიონთან ერთად განიხილავს, ხოლო მსოფლიო ბანკი ცენტრალური აზიისა და განვითარებადი ევროპის რეგიონში აერთიანებს.

სავალუტო ფონდის სტატისტიკით (ცხრილი 1), ეკონომიკური ზრდის ტემპით, 2011 წელს საქართველო მე-5 იყო რეგიონში, 2012 წელსაც მე-5, 2013 წელს - მე-9, 2014 წელს - მე-4, ხოლო 2015-2016 წლების პროგნოზით, შესაბამისად, მე-5-6 ადგილებს იკავებს.


აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს თუ განვიხილავთ, 2011-ში საქართველოზე მაღალი ზრდის ტემპი ჰქონდა მხოლოდ თურქეთს. 2012-ში არც ერთი ქვეყანა არ გვისწრებდა. 2013-ში გვისწრებდა თურქეთი, მონტენეგრო და რუმინეთი. 2014-ში - კვლავ არც ერთი, ხოლო 2015 წლის პროგნოზით, საქართველოზე მაღალი ზრდის ტემპი აღმოსავლეთ ევროპის 12 ქვეყნიდან 9-ს ექნება. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აღმოსავლეთ ევროპის განვითარებადი ქვეყნები უკვე არიან საქართველოზე მდიდრები. ამ ქვეყნებიდან სულ მოსახლეზე ყველაზე დაბალი წლიური შემოსავალი ბოსნია- ჰერცეგოვინას აქვს - 4,643 აშშ დოლარი, რაც ჩვენს მაჩვენებელს 26%–ით აღემატება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგნოზით, 2015 წელს საქართველოს ეკონომიკაზე სწრაფად გაიზრდება ალბანეთის (2.5%), ბოსნია- ჰერცეგოვინას (2.5%), მაკედონიის (3.5%), მონტენეგროს (3.0%), რუმინეთის (3.0%), თურქეთის (3.0%), ყირგიზეთის (3.0%), ტაჯიკეთის (3.8%), თურქმენეთის (9.5%) და უზბეკეთის (7.0%) ეკონომიკა.

წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 3.2%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში, რეგიონის ქვეყნებიდან, უფრო მაღალი ზრდის ტემპი დაფიქსირდა ყირგიზეთში (7%), ტაჯიკეთში (5.3%), აზერბაიჯანში (5.3%), სომხეთსა (4.1%) და რუმინეთში (4.2%).

ფაქტია, რომ ეკონომიკური ზრდით საქართველო რეგიონში ლიდერი არ არის და მომავალი წლების პერსპექტივაში კიდევ უფრო დათმობს პოზიციებს. ეს იმ ფონზე, როდესაც ბიზნესგარემოს შემფასებელი სხვადასხვა რეიტინგით საქართველო ნამდვილად რეგიონული ლიდერია. მაგალითად, ბიზნესის კეთების ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-15 ადგილზეა და რეგიონის ქვეყნებიდან ყველაზე ახლოს არის მონტენეგრო (36-ე). ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო მსოფლიოში 22-ეა და რეგიონში მოსდევს სომხეთი (52-ე). კორუფციის დაბალი დონის ინდექსში საქართველო მსოფლიოში 50-ეა და რეგიონის ქვეყნებიდან მოსდევს თურქეთი (64-ე).

თუ სახარბიელო ბიზნესგარემოს გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას აფერხებს ეროვნული ვალუტის არასტაბილური კურსი, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის ზრდა, გამკაცრებული რეგულაციები (განსაკუთრებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით), ფაქტობრივად შეჩერებული პრივატიზაცია, გარკვეულ სექტორებში კერძო ბიზნესის შევიწროება (კერძო უნივერსიტეტები, სადაზღვევო კომპანიები, სტამბები, საქართველოს ფოსტის მონოპოლიზების მცდელობა), საგადასახადო განაკვეთების დაპირებული კლების განუხორციელებლობა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში გადასახადების განაკვეთების მატებას რეფერენდუმის ჩატარება სჭირდება, ანუ ეს პროცესი გართულებულია. რეფერენდუმი არ სჭირდება მხოლოდ აქციზის განაკვეთის ზრდას, რაც ბოლო ორ წელიწადში, გარკვეულ პროდუქტებთან მიმართებით, ხელისუფლებამ უკვე რამდენიმეჯერ გააკეთა.

რომ შევაჯამოთ, ასეთი სურათი გვაქვს: მდიდარი ქვეყნის დღევანდელი განმარტებითა და ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის ტემპით (4%), საქართველოს 32 წელი დასჭირდება გამდიდრებისთვის. საკმარისია, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი რამდენიმე პროცენტით გაიზარდოს და გაცილებით მალე შევალთ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში. მაგალითად, თუ ეკონომიკა ყოველწლიურად 5%-ით გაიზრდება, ამ მიზნის მისაღწევად 25 წელი დაგვჭირდება, ეკონომიკის ზრდის 7%-იანი ტემპის შემთხვევაში - 18 წელი, ხოლო 10%-იანი ზრდის შემთვევაში - 13 წელი. ეს მაჩვენებლები მიუღწეველი არაა: 2004-2007 წლებში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 9.4%-ით იზრდებოდა, ხოლო 2010-2012 წლებში - 6.6%-ით.

დამაიმედებელია, რომ არსებული ბიზნესგარემოსა და ევროპული არჩევანის პირობებში, საქართველო ჯერ კიდევ ინარჩუნებს კარგი ეკონომიკური ზრდის პოტენციალს. თუმცა, თუ ეკონომიკური ზრდის საწინააღმდეგო პოლიტიკა არ შეიცვლება, აუცილებლად გადავალთ იმ ქვეყნების ჯგუფში, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში განვითარებად ქვეყნებად რჩებიან და ვერ ახერხებენ ეკონომიკური წარმატების მიღწევას.

წინა სტატია

აშშ-ის 50 ყველაზე წარმატებული, სელფმეიდი ქალის რეიტინგი
19 ივნისი, 2015

შემდეგი სტატია

2015 წლის საუკეთესო CEO-ები
22 ივნისი, 2015
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა