7 მიზეზი, რატომ უნდა მივუდგეთ კარიერას როგორც „სტარტაპ“-ს

7 მიზეზი, რატომ უნდა მივუდგეთ კარიერას როგორც  „სტარტაპ“-ს

ის დრო, როდესაც საკუთარი კარიერის ბედს სკოლაშივე წყვეტდით და შემდეგ ამ ვიწრო გზას მთელი ცხოვრების განმავლობაში მიუყვებოდით, სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა. დღეს კარიერული წარმატების მისაღწევად ისევე უნდა მოქმედებდეთ, როგორც მეწარმე, რომელიც ბიზნესს იწყებს. უნდა გახდეთ მოქნილი და ძლიერი, გამოიყენოთ მრავალმხრივი მიდგომა და ამავდროულად იყოთ ზემგრძნობიარე მოთხოვნისა და მიწოდების საბაზრო რეალობის მიმართ.

მეწარმეებისა და „სტარტაპების” მენტორის რანგში გატარებული წლების განმავლობაში ხშირად შემიმჩნევია მსგავსება კარიერულ წინსვლაზე მზრუნველ წარმატებულ პროფესიონალებსა და საკუთარი ბიზნესის აწყობით დაკავებულ წარმატებულ მეწარმეებს შორის. LinKedIn-ის თანადამფუძნებლის, რეიდ ჰოფმანის ახალი ბესტსელერი „საკუთარი თავის სტარტაპი” (The Start-up of You) ამ მსგავსებათა უკეთ ჩამოყალიბებაში დამეხმარა. გთავაზობთ იმ საკვანძო უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელია ორივე ზემოხსენებული მიმართულების წარმატებისათვის:

1. გამოიმუშავეთ მუდმივად ტესტირების პროცესში მყოფი აზროვნება

“დასრულებული” ჩვენთვის მიუღებელი სიტყვა უნდა გახდეს. თითოეული ჩვენგანი მუდმივი განვითარების პროცესში იმყოფება. ყოველი დღე გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მეტი ვისწავლოთ, მეტი გავაკეთოთ და ცხოვრებისეულ და კარიერულ ზრდას მივაღწიოთ. მუდმივად განვითარებადი კარიერა საკუთარი ხარვეზების აღქმაში დაგეხმარებათ და წინსვლისაკენ გიბიძგებთ.

2. რეგულარულად შეაფასეთ და გააუმჯობესეთ თქვენი კონკურენტუნარიანობა

თქვენი კუნკურენტუნარიანობა სამი განსხვავებული, მუდმივად ცვლადი ძალის სინთეზია – თქვენი აქტივები; მისწრაფებები და ფასეულობები; და მოთხოვნისა და მიწოდების საბაზრო რეალობა. გონიერი პროფესიონალები მუდმივად აფასებენ ბაზარს, ამყარებენ და ამრავალფეროვნებენ საკუთარ უნარებს.

3. სწავლის პროცესში დაგეგმეთ მრავალმხრივი მიდგომა

ამ სამყაროში ერთადერთი რამ, რაც მუდმივია – ცვლილებაა. ნებისმიერი ცვლილება კი სწავლის საშუალებას იძლევა. ისწავლეთ ადაპტაცია და გამოიყენეთ ის ყოველდღიურად, ჩვეული საქმიანობის პარალელურად. ნუ დაელოდებით წარუმატებლობას იმისათვის, რომ რაიმე ისწავლოთ ან რაიმეს შეცვლა გადაწყვიტოთ. საუკეთესო საყრდენი წერტილები გათვლილია აღმასვლაზე და არა დაღმასვლის თავიდან აცილებაზე.

4. შექმენით და გამოიყენეთ თქვენი ქსელი

მსოფლიო დონის პროფესიონალები საქმეს მარტო არ ეჭიდებიან. მარტოხელა მოთამაშე ყოველთვის მარცხდება გუნდთან. წარმატებული მეწარმე ის არის, ვინც საუკეთესო გუნდს ქმნის. მოიზიდეთ ქსელში თქვენზე ჭკვიანი ადამიანები და ქსელის ეფექტიანი ორგანიზების წყალობით, გეცოდინებათ ყველაფერი ის, რაც მათ იციან.

5. გამოიყენეთ უეცარი შესაძლებლობები

წარმატება იწყება შესაძლებლობიდან, თუმცა ის არაფერს წარმოადგენს გამოყენების გარეშე. სხვათა მიერ რეალიზებული შესაძლებლობები შეიძლება იღბალს მივაწეროთ, თუმცა სათანადო დროს სათანადო ადგილას აღმოჩენა ძირითადად მათი შრომისა და სათანადო აზროვნების შედეგია. იყავით ცნობისმოყვარე, თავდაჯერებული და გახსნილი სწავლისათვის.

6. გარისკეთ გონივრულად

თითოეული ჩვენგანი რისკავს, თუმცა ამას ყველა ერთნაირად გონივრულად არ აკეთებს. ცვალებად სამყაროში რისკების მინიმალიზაცია ყველაზე სარისკო საქმეა. ყველაზე გონივრულია რისკი, რომლის უარყოფითი შედეგები შეზღუდულია, პოზიტიური შედეგები კი თითქმის შეუზღუდავი. ასეთ რისკებს ნებისმიერი ბიზნესი ეძებს.

7. გამოიმუშავეთ გადაუდებელი აუცილებლობის გააზრების უნარი

მეწარმეებმა იციან, რომ ბიზნეს-სამყაროში ცვლილებები უმსხვილეს კომპანიებზეც კი აისახება. ამიტომ დამწყებმა კომპანიებმაც უნდა გამოიმუშაონ გადაუდებელი აუცილებლობის გააზრების უნარი, რათა მოწინავე პოზიციაზე დარჩნენ. ნებისმიერი პროფესიონალისათვის შესაძლებლობები დიდი სისწრაფით ჩნდება და ქრება და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის გააზრებას შეუძლია თქვენი ბრძოლისუნარიანობის უზრუნველყოფა.

თქვენსა და თქვენ გარშემო შექმნილ ქსელს მიღმა არსებობს უფრო ფართო გარემო, რომელიც თქვენს კარიერულ პოტენციალზე მოქმედებს – ეს არის ადგილობრივი კულტურა და საზოგადოება. ასე რომ, ყურადღებით აირჩიეთ თქვენი საცხოვრებელი,სამუშაო ან ბიზნეს-საქმიანობის ადგილი. შესაძლოა თქვენი მაქსიმალური პოტენციალი გლობალური გარემოს სხვა ადგილას ან სხვა როლში გამოვლინდეს.
რომ განვაზოგადოთ, ჩემი აზრით,ჩვენ მეწარმეებად დავიბადეთ და გვაქვს ყველა ზემოჩამოთვლილი ინსტიქტი,რომლებიც გადარჩენის, ზრდისა და წარმატებისათვისაა საჭირო.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *