სესხი 6 წუთში

ბანკები ჯერ კიდევ არ აძლევენ მცირე ბიზნესს საკმარის სესხებს, ასე რომ Kabbage-ი სწრაფად ავსებს სიცარიელეს, თანაც ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთებით.

შარშან კალიფორნიულ როკლინში მდებარე შინაური ცხოველების მოვლის სალონისა და მაღაზიის, Posh Puppy Boutique-ის მფლობელ ჯენიფერ კირკს ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა გაუჩნდა. როდესაც მან სესხისთვის თავის ბანკს მიმართა, მას ჯერ სამი კვირა ალოდინეს, შემდეგ კი განაცხადზე უარით უპასუხეს. შემდეგ მან Kabbage-ის შესახებ გაიგო, რომელმაც ონლაინრეჟიმში განაცხადის გაკეთების საშუალება მისცა, ავტომატურად დაუკავშირდა მისი PayPal-ის, ბანკისა და QuickBooks-ის (ასევე, სოციალური ქსელების) ანგარიშებს, სპეციალური პროგრამა აამუშავა და ამ გზით შეაფასა ჯენიფერის საკრედიტო სანდოობა.

ექვს წუთში მან პასუხი მიიღო: მას ექვსი თვით $50,000–მდე სესხი დაუმტკიცდა, მთელი თანხის ან მისი ნაწილის ნებისმიერ მომენტში საკუთარ PayPal-ის ანგარიშზე გადატანის შესაძლებლობასთან ერთად. „ფული მყისიერად გახდა ხელმისაწვდომი“, – ამბობს კირკი. მაგრამ ამას თავისი ფასიც გააჩნდა — წელიწადში დაახლოებით 27%–იანი განაკვეთი.

დღესდღეობით Kabbage–ი კლიენტებს $100,000–მდე ღირებულების საკრედიტო ხაზებს სთავაზობს, თითოეულ სესხზე დაფარვის ექვსთვიანი ვადით. საშუალო საკრედიტო ხაზის ღირებულება $25,000–ია, ხოლო საშუალო მსესხებელი წელიწადში 7–8 სესხს იღებს, $50,000–ის ჯამური ღირებულებით. 2009 წლიდან, როდესაც Kabbage–მა აქტიური ფუნქციონირება დაიწყო, მან მცირე ბიზნესს $750 მილიონზე მეტი ასესხა და 2015–ში $1 მილიარდის გაცემას გეგმავს. კომპანია წელს $100 მილიონზე მეტ მოგებას ელის, რაც 200%–ზე დიდი ზრდაა წინა წელთან შედარებით.

Morgan Stanley-ს ვიცე-პრეზიდენტის, სმიტიპონ სრეთაპრამოტის მტკიცებით, ამ რიცხვებით Kabbage–ი ალტერნატიული გამსესხებლების სულ უფრო გაჯერებული ბაზრის ლიდერებს შორის ექცევა. მან ეს სფერო Kabbage-ის კონკურენტის, OnDeck-ის აქციების გასაჯაროებამდე გამოიკვლია. „კარგადაა ცნობილი, რომ ბანკებმა რეცესიის შემდეგ მცირე ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით უკან დაიხიეს, -ამბობს სრეთაპრამოტი. - Kabbage-ი და სხვა გამსესხებლები ამ სიცარიელეს ავსებენ“. Uber-ისა და Airbnb-ის მსგავსად, მათ შექმნეს დიდწილად არარეგულირებული ინდუსტრია, რომელიც ბევრ ფულს აკეთებს.

2008 წელს დაარსებული, ატლანტაში ბაზირებული Kabbage-ის მარცვლები ინტელექტუალური საკუთრების იურისტმა, რობ ფროვეინმა დათესა. ფროვეინმა, რომელიც ამჟამად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია, შეამჩნია, რამდენად დიდი მოცულობის მონაცემებია ხელმისაწვდომი ე.წ. ციფრულ ღრუბელში. მან ასევე დაინახა ისეთი კომპანიების მიერ შემოთავაზებული აპლიკაციების პროგრამირების ინტერფეისების (API-ების) გამოყენების პოტენციალი, როგორიცაა eBay და PayPal–ი. ეს ინტერფეისები გამსესხებელს შესაძლებლობას აძლევს იოლად, რეალურ დროში მოიპოვოს ინფორმაცია ბიზნესკლიენტის ტრანზაქციების შესახებ. ფროვეინის თქმით, Kabbage-ში ღრუბლისა და API-ების გამოყენების იდეები გაერთიანდა.

სანამ კომპანიას დააარსებდა, მან კეთრინ პეტრალიას დაურეკა, რომელიც ფინანსური მომსახურების კომპანიაში  კრედიტებისა და გადახდების ექსპერტად მუშაობდა.  ფროვეინი ასევე დაუკავშირდა ვენჩურული კაპიტალის სამყაროში კავშირების მქონე სერიულ ანტრეპრენიორ მარკ გორლინს. 2009–ში დამაარსებლების ტრიომ შექმნა Kabbage-ის ვენჩურული კაპიტალით დაფინანსების გეგმა, მაგრამ მის განსახორციელებლად კალიფორნიაში მოგზაურობა უნაყოფო გამოდგა. ამის შემდეგ მათ $500,000 კონვერტირებადი ქაღალდის გამოშვებით მოაგროვეს, ხოლო როდესაც თანამშრომლები აიყვანეს და საოფისე ფართიც იქირავეს, კიდევ $1.5 მილიონი მიიღეს ენჯელ–ინვესტორებისგან. 2010–ში მათ ბიზნესსესხების პირველი ასეული გასცეს. იმავე წლის დეკემბერში, Kabbage-მა თავისი პირველი ვენჩურული რაუნდი დახურა. მას შემდეგ კომპანიამ სესხების გასაცემი ფულის მოსაძიებლად ურთიერთობა დაამყარა Silicon Valley Bank-სა და Victory Park Capital-თან, რომლებსაც ცოტა ხნის წინ Guggenheim Partners-იც დაემატა.

ერთ–ერთი მიზეზი, რატომაც Kabbage-ი კაპიტალის მოზიდვას ახერხებს, მისი სესხების განაკვეთებია. კომპანიას აპლიკანტების რამდენიმე წუთში შეფასება შეუძლია და პირად გარანტიას არასოდეს ითხოვს. ამის მიუხედავად, Kabbage-ის ინფორმაციით, მისი სესხები ისეთივე ალბათობით იფარება, როგორც ტრადიციული ბანკებისა, რომლებიც ხშირად რამდენიმე კვირას ანდომებენ გადაწყვეტილების მიღებას. ფროვეინის თქმით, Kabbage-ის სამიზნე ჯგუფი ჩამოყალიბებული ბიზნესებია, და არა სტარტაპები. კომპანიის ავტომატური მოდელი აპლიკანტის შესაფასებლად სამ ფაქტორს ითვალისწინებს:  სესხის დაფარვის შესაძლებლობა, ხასიათი და ბიზნესის თანმიმდევრულობა ან სტაბილურობა. „ჩვენ გვჯერა, რომ მცირე ბიზნესზე წარმოდგენის შექმნა უკეთ შეიძლება მის შესახებ ინფორმაციის ციფრული წყაროებიდან მოპოვებით, ვიდრე ნებისმიერი საკრედიტო ოფიცრის კლიენტთან ოფისში ურთიერთობით“, - ამბობს ფროვეინი.

მისი თქმით, Kabbage-ი კლიენტის ისტორიაზე წარმოდგენის შესაქმნელად ისეთ არატრადიციულ პარამეტრებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა კომპანიის მიმდევრები Twitter-სა და Facebook-ზე და კლიენტების ონლაინრევიუები. „თქვენ ვერ მიიღებთ სესხს მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ Facebook-ზე თქვენი გვერდი 7,000 ადამიანს მოსწონს, - ამბობს ფროვეინი, - მაგრამ ჩვენ შესაძლოა უფრო დიდი თანხა მოგცეთ, თუ სოციალურ ქსელში აქტიური მიმდევრები გყავთ, რადგანაც ეს კლიენტებთან ურთიერთობაში თქვენი ბიზნესის სანდოობაზე მეტყველებს“.

სანამ Kabbage-ს დაუკავშირდებოდა, ჯენიფერ კირკმა თავის ადგილობრივ ბანკს მიაკითხა, სადაც პირადი დაგროვებისა და ბიზნესჩეკების ანგარიშები ჰქონდა. იქ აპლიკაციის შევსების პროცესზეც კი საათები დაეხარჯა. განაცხადის პირადად შეტანის გარდა, მას სამწლიანი საგადასახადო ისტორიისა (რომლიდანაც ჩანდა, რომ ყოველწლიურად მოგება ჰქონდა) და ქმრის ანაზღაურების შესახებ დოკუმენტების წარდგენაც კი მოუწია. კირკის თქმით, როდესაც ბანკმა საკრედიტო ანგარიში შეადგინა, მისი ქულა 700–ს აჭარბებდა. სამი კვირის შემდეგ ბანკის პასუხი იყო — უარი. „მათ თქვეს, რომ ზედმეტად რისკიანი ვიყავი“, - ამბობს კირკი.

მაგრამ პრობლემა იშვიათად დაიყვანება რისკიანობაზე. მცირე ბიზნესების მსესხებლებთან დამაკავშირებელი ონლაინსერვისის, Lendio-ს აღმასრულებელი დირექტორი, ბროკ ბლეიკი ამბობს, რომ ბანკები მეტ ფულს შოულობენ უფრო დიდი ორგანიზაციებისთვის, უფრო დიდი პერიოდით, უფრო დიდი სესხების გაცემით. ბლეიკის თქმით, შედეგი მცირე ბიზნესის დაფინანსებაში არსებული სიცარიელეა, განსაკუთრებით $25,000–$50,000 დიაპაზონში. სწორედ ამ სიცარიელეს უმიზნებენ Kabbage-ის მსგავსი ალტერნატიული გამსესხებლები. შეიქმნა ახალი, აქტიური ინდუსტრია, სადაც მუდმივად ჩნდებიან ახალი მოთამაშეები: Prosper-ის მსგავსი, უშუამავლო (peer-to-peer) სესხების სტარტაპებიდან, Amazon-ის, PayPal-ისა და Square-ის მსგავსი კომპანიების ნიადაგზე გაჩენილ სერვისებამდე. „ჩვენ ვხუმრობთ, რომ ამერიკის სკაუტი გოგონები მალე შეეშვებიან ნამცხვრების კეთებას და მცირე ბიზნესისთვის სესხების სექტორში გადავლენ“, - ამბობს ფროვეინი.

ამდენი ახალი, იოლად მოსაპოვებელი სესხის პირობებში, ბევრმა ბიზნესმა საკუთარ წონაზე მეტი იტვირთა, რადგანაც მათ ვერ გააცნობიერეს სრული ფასი, რომლის გადახდასაც თანხმდებოდნენ. ის ფაქტი, რომ სესხები მოკლევადიანია, შესაძლოა მათი სიძვირის გააზრებას ართულებდეს.

ფილადელფიასთან ახლოს ბაზირებული საკრედიტო ბროკერული კომპანიის, MultiFunding-ის აღმასრულებელი დირექტორი ემი კასარი ამბობს, რომ ალტერნატიული სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთი ჩვეულებრივ 40–დან 60%–მდეა. კასარის კომპანია ბიზნესებს ალტერნატიული სესხების მოპოვებაში მაშინ ეხმარება, როდესაც ეს საუკეთესო არჩევანია. ჩიკაგოელ ანტრეპრენიორსა და მცირე ბიზნესის ენთუზიასტს, ჯეი გოლცს ამას წინათ ქალაქის სახელით ალტერნატიული გამსესხებლების შეფასება სთხოვეს. ის რამდენიმე კომპანიას დაუკავშირდა, ჰიპოთეტური სცენარები აღუწერა და შოკირებული იყო იმით, რაც მოისმინა. „ზოგიერთი მათგანის ფონზე გამოყენებული მანქანების დილერიც კი კარგ ტიპად გამოჩნდება, - ამბობს გოლცი, რომლის გამოთვლებითაც ერთ–ერთი გამსესხებლის განაკვეთი 150%–ს აღწევდა. - არ ვიცი, როგორ უნდა მოახერხოს რაიმე ბიზნესმა იმდენად სწრაფად გაზრდა, რომ ასეთი სესხი დაფაროს“.

ამის მიუხედავად, გოლცს მიაჩნია, რომ ალტერნატიულ სესხები უაზრობა არაა. „თუ გაქვთ დიდი შანსი და გჭირდებათ მოწყობილობების, ინსტრუმენტების ყიდვა, რომლებიც თქვენს ბიზნესს ზრდასა და პროცენტულად მაღალი მოგების მიღებაში დაეხმარება, ასეთი სესხი შესაძლოა სასარგებლო იყოს“, - ამბობს გოლცი. Morgan Stanley-ის ვიცე-პრეზიდენტ სრეთაპრამოთისთვის მოულოდნელობა იყო იმის აღმოჩენა, რომ მცირე ბიზნესის მფლობელების იმ კატეგორიებს შორის, რომლებიც OnDeck–ს ყველაზე ხშირად მიმართავენ, ექიმები და სტომატოლოგები ჭარბობენ. „ესენი ისეთი პროფესიონალები არიან, რომლებიც მზად არიან დამატებითი ხარჯი გაიღონ სესხის ონლაინრეჟიმში მოთხოვნისა და ერთ ან ორ დღეში პასუხის მიღების კომფორტის სანაცვლოდ“, - ამბობს სრეთაპრამოთი.

ფროვეინის თქმით, Kabbage-ი ამაყობს იმით, რომ მისი სესხების განაკვეთები გამჭვირვალეა. კომპანიის საშუალო წლიური განაკვეთი 40%–ს აღწევს. ფროვეინის ცნობით, იმის მიხედვით, თუ რა რისკ–ფაქტორები არსებობს და რამდენი ხნის მანძილზე რჩება ნაღდი ფული ხელუხლებლად, სესხის პირველ ორ თვეში განაკვეთი 1.5–დან დაახლოებით 20%–მდე მერყეობს. მომდევნო თვეების განაკვეთი 1%–ზეა ფიქსირებული. ფროვეინი ამატებს, რომ Kabbage-ს არა აქვს რაიმე ფარული გადასახადები და კლიენტი ინტერესს მხოლოდ აღებული ფულის მიხედვით იხდის. თანაც, თუ სესხის ადრე დაფარვა მოახერხა, ნაკლებს იხდის.

მას შემდეგ, რაც Kabbage-მა კირკს თანხმობა მისცა, ჯენიფერმა გადაწყვიტა, რომ დაახლოებით $30,000 სჭირდებოდა, რომელიც რამდენიმე გამოტანით აიღო. მან ფული შინაური ცხოველების მოვლის სალონის გასახსნელად გამოიყენა, რომელიც პროდუქტების გაყიდვაშიც უნდა დახმარებოდა. ამისთვის კირკმა ფართი იქირავა, ახალი ხელსაწყოები შეიძინა და ახალი თანამშრომლებიც აიყვანა. Kabbage-ი მას პირველი ორი თვის განმავლობაში თანხის 2%–ს, ხოლო მომდევნო ოთხი თვის მანძილზე თითო–თითო პროცენტს ახდევინებდა, რაც, კომპანიის შეფასებით, წლიურ 27%–იან განაკვეთს შეესაბამება. „მართალია, წლიური განაკვეთი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი კლიენტი მცირე ბიზნესების უმრავლესობა იმ მოგებაზეა ფოკუსირებული, რომელსაც სესხის აღების შედეგად მიიღებს, - ამბობს ფროვეინი. - გარდა ამისა, იმ კლიენტებისთვის, რომლებიც სესხის დაფარვაში დადებითად ავლენენ თავს, დროთა განმავლობაში განაკვეთებსაც ვამცირებთ და საკრედიტო ხაზების ხელმისაწვდომობასაც ვზრდით“.

კირკს ესმის, რომ სესხის აღება საკმაოდ ძვირი დაუჯდა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არც ერთი ბანკი ბიზნესის გასაფართოებლად ფულს არ ასესხებდა, მიღებული გადაწყვეტილება მარტივად ეჩვენება. მისი თქმით, მოგება წელს, ამ დროისთვის, 21%–ითაა გაზრდილი და პირველ თვეებში მიღებული გაყიდვების ზრდა ხარჯების დაფარვას ჰყოფნის. „მე მჭირდებოდა ფული ფულის გასაკეთებლად“, - ამბობს კირკი.

წინა სტატია

29 ივნისი, 2015

შემდეგი სტატია

ბიუჯეტის ცვლილებით კანონით დადგენილი ნორმები ირღვევა
01 ივლისი, 2015
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა