შრომის პატარა ბაზრის დიდი გამოწვევები

შრომის პატარა ბაზრის დიდი გამოწვევები

(ავტორი: მირანდა მორჩაძე, EY GEORGIA)

საქართველოს მსგავს განვითარებად ეკონომიკაში, შრომის ბაზარზე ეკონომიკური ცვლილებების მკვეთრად ასახვა გარდაუვალია. მაგალითად, ლარის გაუფასურება უკვე აჩენს ახალ განზომილებებს საკადრო პოლიტიკასა და პრაქტიკაში. აქტუალური ხდება, ხელფასი ადგილობრივ თუ უცხოურ ვალუტაში იყოს დენომინირებული, რა კურსი უნდა გამოიყენო უცხოურ ვალუტაში დაფიქსირებული ხელფასის ჩარიცხვისას, როგორია კონკურენტი დამსაქმებლების მიდგომები. EY Georgia-ს 2014 წლის საქართველოს სახელფასო და შრომის საკომპენსაციო კვლევის შედეგებში, რომელიც ლარის შედარებით მკვეთრ დაცემამდე პერიოდს მოიცავს, უკვე ჩანს ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების გავლენა. მაგალითად, 2015 წლისთვის კომპანიების უფრო მცირე პროცენტს ჰქონდა დაგეგმილი ანაზღაურების ან თანამშრომლების რაოდენობის ზრდა, ვიდრე წინა წელს.

სახელფასო კვლევაში საქართველოს ბაზარზე არსებული 43 კომპანია მონაწილეობდა. ამ კომპანიების უმრავლესობა შესაბამისი სექტორის ერთ-ერთი მსხვილი წარმომადგენელია და ბაზარზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. გამოკითხული კომპანიების წილი სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება: საბანკო – 24%, ფართო მოხმარების საგნები – 24%, ვაჭრობა – 11%, ენერგეტიკა – 8%, მძიმე მრეწველობა – 8%, ფარმაცევტიკა – 5%, სადაზღვევო – 3%.

აღმოჩნდა, რომ კომპანიების 77%-ს ხელფასები ადგილობრივ ვალუტაში აქვს დენომინირებული, ხოლო დანარჩენ 23%-ს – აშშ დოლარში (ნაწილობრივ მაინც). საბანკო სექტორში სახელფასო პოლიტიკის დოლარიზაცია უფრო გავრცელებულია (სექტორის კომპანიების 33%-ს აქვს დოლარში დენომინირებული ხელფასები), ვიდრე, მაგალითად, ფართო მოხმარების საგნების სექტორში (აქ იგივე მაჩვენებელი 9%-ია). ალბათ მოულოდნელი არაა, რომ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ძირითადად ტოპ-მენეჯმენტის ანაზღაურებაა, რაც ნიშნავს, რომ ისინი დაცული არიან სავალუტო რისკებისაგან. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 5 ივნისამდე ლარი 32%-ით გაუფასურდა, მსგავსი რისკების დაზღვევა კარგი ბენეფიტია.

კომპანიების უმეტესობა (70%) კონვერტირებისთვის ეროვნული ბანკის გაცვლით კურსს იყენებს.

ვალუტის გაცვლითი კურსების გარდა, ხელფასის ცვლილებების პოლიტიკაზე გავლენას ახდენს ინფლაციაც (ამ ფაქტორს ხელფასის გადახედვისას კომპანიების 53% ითვალისწინებს). 2014 წელს ინფლაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 3.1% იყო. ხშირად დასაქმებულების მხრიდან ლარის მსყიდველუნარიანობის აღქმა სტატისტიკურისგან განსხვებულია და მათ ინფლაციის გაანგარიშების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდებათ.

შენელებული ზრდა, მეტი ცვალებადობა

გაზრდილია კომპანიების მიერ ხელფასის გადახედვის სიხშირე. თუ 2013 წელს კომპანიების 45% ხელფასების გადახედვას წელიწადში ერთხელ, ხოლო 45% უფრო იშვიათად ახორციელებდა, წელს კომპანიების 55%-მა აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ცვლის ხელფასებს. ეს პროცესი ძირითადად იანვარში მიმდინარეობს. კვლევაში მონაწილე კომპანიების 68%-მა 2014 წელს თანამშრომლებს ხელფასი საშუალოდ 10%-ით გაუზარდა, ხოლო დანარჩენ 32%–ს საერთოდ არ გაუზრდია. ეს მაჩვენებელი შემცირებულია 2013 წელთან შედარებით (76%), მაგრამ მნიშვნელოვნად აღემატება 2015-ისთვის დაგეგმილს: წელს ხელფასის ცვლილება კომპანიების სულ 55%-ს ჰქონდა დაგეგმილი. EY Georgia დაინტერესდა, რამდენად იმოქმედა გარე ფაქტორებმა ამ მაჩვენებელზე და ამის გასარკვევად ექსპრესგამოკითხვა ჩაატარა. შედეგებმა აჩვენა, რომ კომპანიებმა ხელფასები წლის დასაწყისში ძირითადად წინასწარ არსებული გეგმის მიხედვით გაზარდეს, თუმცა გამოკითხული კომპანიების რაოდენობიდან გამომდინარე, ეს შედეგი მთლიან ბაზარზე განზოგადებადი არაა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უმუშევრობის დონე 12.4%-ია, რაც წინა წელთან შედარებით 2.2%-ით ნაკლებია. EY Georgia-ს კვლევის მიხედვით, 2014 წელს კომპანიების 42% აპირებდა თანამშრომელთა რაოდენობის ზრდას, ხოლო 55% – უცვლელად შენარჩუნებას. 2015 წლისთვის კომპანიების მხოლოდ 27% აპირებს დაქირავებულების რაოდენობის გაზრდას, ხოლო 70% უცვლელად შენარჩუნებას გეგმავს. ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, არაა გამორიცხული, რეალური სურათი დაგეგმილ მაჩვენებლებთან მიახლოებული აღმოჩნდეს, რადგან ძირითადად ქვედა რგოლის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა იგეგმებოდა. ეს სამუშაო ძალა ტოპ-მენეჯმენტთან შედარებით დაბალანაზღაურებადია და სახელფასო ბიუჯეტზე ნაკლებად ახდენს გავლენას.

კომპენსაციის მთლიან სტრუქტურაში გაიზარდა ცვლადი ანაზღაურების წილი. მიზეზები მარტივია. მაგალითად, დეველოპერების გაყიდვები ბოლო თვეების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა. ანაზღაურების ცვლად ფაქტორებზე მიბმა ნიშნავს, ერთი მხრივ, თანამშრომლის ეფექტიანობის ზრდას, მეორე მხრივ – კომპანიის მხრიდან ნაკლებ ვალდებულებებს დაქირავებულების მიმართ ბიზნესის ზრდის ტემპების შეჩერების პირობებში. მთლიან ანაზღაურებაში ცვლადი კომპონენტის პროცენტულობის ზრდის მიუხედავად, რეგიონში საქართველო მაინც ფიქსირებული ანაზღაურების მაღალი (შესაბამისად, ცვლადის დაბალი) წილით გამოირჩევა.

ტექნიკური შიმშილის ტყვეობაში

მნიშვნელოვანი ინდიკატორია ასევე თანამშრომელთა დენადობა, რაც 2014 წლის განმავლობაში 7%-ს შეადგენდა. ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პარამეტრის ოპტიმალური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს. მაგალითად, ცნობილია, რომ საცალო გაყიდვები და ქოლ- ცენტრები გამოირჩევა დენადობის მაღალი მაჩვენებლით. თუმცა მაღალი დენადობა ისეთ წარმოებაში, სადაც სპეციფიკური ტექნიკური ცოდნაა საჭირო, ნაკლებად სასურველია. მით უმეტეს, როდესაც ქვეყანაში ისედაც არის ტექნიკური განათლების მქონე კვალიფიციური კადრების დეფიციტი. საქართველოში წარმოებაში დასაქმებულთა საშუალო ასაკი 40 წელს აღემატება, რაც ურბანიზაციის საჭიროების მქონე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ახალგაზრდებს შორის ტექნიკური განათლების ნაკლები პოპულარულობა შესაძლოა განპირობებული იყოს მათი წარმოდგენით პროფესიული ანაზღაურების დონის შესახებ. იმ პირობებში, როდესაც კომპანიები დამოკიდებულია საკმაოდ ასაკოვან სპეციალისტებზე, რომლებიც რიგ შემთხვევაში ახალ ძვირად ღირებულ დანადგარებს ვერ ეუფლებიან, დიდი ფინანსური ზარალის მომტანი ტექნიკური შეცდომებია მოსალოდნელი. შესაბამისად, კომპანიებს სპეციალისტების უცხოეთიდან მოწვევა უწევთ, რაც ტრანსპორტირების, განთავსებისა და სხვა დამატებით ხარჯებს გულისხმობს. ამ ფონზე, მოთხოვნა- მიწოდების საბაზისო პრინციპის მიხედვით, ტექნიკური სპეციალისტების ხელფასების ზრდა გარდაუვალია. კვლევის შედეგებიდან უკვე ჩანს, რომ ტექნიკური დირექტორების ხელფასები არ ჩამოუვარდება ახალგაზრდებს შორის ბევრად პოპულარული პოზიციის, ფინანსური დირექტორის ანაზღაურებას.

ბოლოდროინდელი პროცესების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, 2015 წლის სახელფასო კვლევის შედეგებმა, რომელთაც EY Georgia მომავალში ასევე გააცნობს Forbes Georgia-ს მკითხველებს, კიდევ უფრო მკვეთრი ტენდენციები აჩვენოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *