ბავშვებისთვის უკეთესია, თუკი დედა დასაქმებულია

ამ სტატიაში წარმოდგენილი ინფორმაცია გაამხნევებს იმ დასაქმებულ დედებს, რომლებიც საკუთარი შვილების მომავალზე ღელავენ.

ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქალბატონებს შორის, რომელთა დედებიც სახლს გარეთ მუშაობდნენ, უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ თავადაც იმუშავებენ, ხელმძღვანელ თანამდებობებს დაიკავებენ და უფრო მაღალი ანაზღაურება ექნებათ, ვიდრე იმ ქალბატონებს, რომელთა დედებიც დიასახლისები იყვნენ. ხოლო მამაკაცები, რომელთა დედებიც ასევე მუშაობდნენ, უფრო მეტ დროს უთმობენ საკუთარ ოჯახზე ზრუნვას და აქტიურ მონაწილეობას იღებენ ოჯახურ საქმეებში.

კვლევა ჩატარდა 24 ქვეყნის მასშტაბით და მისი შედეგები რეალურ მდგომარეობას ასახავს.

“მომუშავე დედის მიერ აღზრდა მიეკუთვნება იმ ძალზე მცირე რაოდენობის ფაქტორებს, როდესაც ასეთი აშკარა ზეგავლენა თანაბრად მოქმედებს სქესის მიუხედავად”, – ამბობს ჰარვარდის ბიზნესადმინისტრირების სკოლის პროფესორი კეტლინ მაკგინი, რომელმაც აღნიშნული კვლევა HBS-ის მკვლევარ მაირა რუიზ კასტროსა და ჰოლიოკის კოლეჯის პრაქტიკოს ელიზაბეტ ლონგ ლინგოსთან ერთად ჩაატარა.

მაკგინის ადრინდელმა კვლევამ, რომელიც მან უორტონის ბიზნესსკოლის პროფესორ კეტრინ მილკმენთან ერთად ჩაატარა, აჩვენა, რომ ქალ ადვოკატებს უფრო მეტი შანსი აქვთ თავიანთ კომპანიაში დაწინაურების (და ნაკლები ალბათობა სამსახურიდან დთხოვნის), როდესაც მათი მენტორები და მისაბაძი მაგალითები მდედრობითი სქესის არიან. მაკგინს, კასტროსა და ლიგოს აინტერესებდათ, რა ზეგავლენას ახდენდნენ არატრადიციული მისაბაძი მაგალითები გენდერულ უთანასწორობაზე სახლში – როგორც პროფესიული შესაძლებლობების, ასევე ოჯახური პასუხისმგებლობების თვალსაზრისით.

“კავშირი სახლსა და სამუშაო ადგილს შორის უფრო და უფრო კრიტიკული ხდება, როდესაც საქმე გვაქვს ე.წ. ორშემოსავლიან ოჯახთან (ანუ როდესაც ორივე მეუღლე მუშაობს), – ამბობს მაკგინი. – ჩვენ უფრო მეტს ვსაუბრობთ სამსახურში არსებულ უთანასწორობაზე და გვავიწყდება, რამდენად უფრო აქტუალურია უთანასწორობა სახლში”.

მკვლევართა მტკიცებით, განვითარებულ ქვეყნებში დასაქმებული ქალბატონები კვირაში საშუალოდ 17.7 საათს უთმობენ ოჯახის წევრებზე ზრუნვას, ხოლო დასაქმებული მამაკაცები – დაახლოებით 9 საათს. ამავე დროს, დასაქმებული ქალბატონები კვირაში საშუალოდ 17.8 საათს ანდომებენ საოჯახო საქმეებს, ხოლო მამაკაცები – მხოლოდ 8 საათს.

დასაქმებული დედების გლობალური ზეგავლენა

დასაქმებული დედების გლობალური ზეგავლენის განსაზღვრის მიზნით, მკვლევარებმა შეისწავლეს საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის მონაცემები. აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს იმ ორგანიზაციების გლობალურ კონსორციუმს, რომლებიც ატარებენ კვლევებს სოციალური მეცნიერებების სფეროში და 2002- დან 2012 წლის ჩათვლით ჩაატარეს გამოკითხვა თემაზე “ოჯახი და გენდერული როლების შეცვლა”. პროგრამის ფარგლებში მოპოვებულ მონაცემებს მკვლევრებმა დაამატეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყანაში სამუშაო შესაძლებლობებისა და გენდერული უთანასწორობის შესახებ.

რამდენიმეგვერდიანი გამოკითხვა მოიცავდა კითხვებს გენდერულ დამოკიდებულებასთან, ოჯახურ ცხოვრებასა და კარიერულ სვლასთან დაკავშირებით. მკვლევრებს აინტერესებდათ პასუხი ერთ მთავარ კითხვაზე: მას შემდეგ, რაც თქვენ გაჩნდით და ვიდრე 14 წელი შეგისრულდებოდათ, ჰქონდა თუ არა თქვენს დედას ანაზღაურებიანი სამსახური?

“ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, კვირაში 60 საათს მუშაობდა იგი თუ წელიწადში მხოლოდ რამდენიმე თვეს, – ამბობს მაკგინი. – არც მისი პროფესიონალიზმის დონე იყო ჩვენთვის გადამწყვეტი. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო იყო, ჰყავდათ თუ არა გამოკითხვაში მონაწილე ქალბატონებს ბავშვობაში მისაბაძი მაგალითი (დედის სახით), რომელმაც დაანახათ, რომ ქალები შრომობენ როგორც სახლში, ასევე მის ფარგლებს გარეთ”.

მკვლევართა გუნდის ამოცანა იყო დაედგინათ, თუ რა ზეგავლენას ახდენს დასაქმებული დედის მიერ აღზრდა ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის: დასაქმება, ხელმძღვანელი თანამდებობა, შემოსავალი, საოჯახო საქმეების გადანაწილება და ოჯახის წევრებზე ზრუნვა.

გამოკითხვაში მონაწილეობა 24 განვითარებული ქვეყნის მოქალაქეებმა – 13,326 ქალბატონმა და 18,152 მამაკაცმა – მიიღეს. კვლევის შედეგებს საფუძვლად უდევს 2002-დან 2012 წლამდე ჩატარებული გამოკითხვების პასუხები. მკვლევრებმა კატეგორიებად დაყვეს ქვეყნები, სახლსა და სამსახურში გენდერული თანასწორობის მიმართ მათი დამოკიდებულების მიხედვით.

“თანასწორობის ლიბერალიზაცია” – ასეთი დახასიათება მიეცა იმ ქვეყნებს, რომლებიც 2002 წლისათვის უკვე ეგალიტარულად ითვლებოდნენ, ხოლო მომდევნო ათწლეულის მანძილზე ეს დამოკიდებულება უფრო გამძაფრდა (დანია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და სლოვენია).

“სტაგნაციურად ზომიერი” – უწოდეს იმ ქვეყნებს, რომლებიც 2002 წლისათვის თანასწორობისკენ იყვნენ გადახრილი, მაგრამ მომდევნო ათწლეულის მანძილზე ამ კუთხით ძვრა არ განუცდიათ (ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ავსტრალია, ჩეხეთი,

პოლონეთი, სლოვაკეთი, შვეიცარია, ავსტრია, იაპონია და ტაივანი). “სტაგნაციურად კონსერვატიული” – ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც 2002 წელს გენდერული როლების მიმართ კონსერვატიული პოზიცია დაიკავეს და მომდევნო ათწლეულის მანძილზე მათი დამოკიდებულება ამ კუთხით არ შეცვლილა (ჩილე, ლატვია, მექსიკა, ფილიპინები და რუსეთი).

მამაკაცებს უფრო კონსერვატიული დამოკიდებულება აქვთ გენდერული თანასწორობის მიმართ, ვიდრე ქალებს. გამონაკლისს წარმოადგენს მექსიკა, სადაც, მაკგინის თქმით, ქალები უფრო კონსერვატიული არიან, ვიდრე მამაკაცები.

მკვლევრებმა მხედველობაში არ მიიღეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, საცხოვრებელი ადგილი (ქალაქი თუ სოფელი), რესპონდენტების სამშობლოში ქალების შრომითი აქტიურობა, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოკითხვის წარმოების წელს, რესპონდენტთა სამშობლოში გენდერული უთანასწორობის ინდექსი და მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი. მათ მთელი ყურადღება გადაიტანეს იმ ზეგავლენის შესწავლაზე, რომელსაც ადამიანზე დასაქმებული დედის მიერ აღზრდა ახდენს. “პირდაპირი ზეგავლენა ყველა ასპექტში ძალზე მნიშვნელოვანია”, – ამბობს მაკგინი.

მონაცემებმა ცხადყო, რომ მამაკაცების მიერ ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების ალბათობა უფრო მაღალია, იმისდა მიუხედავად, მუშაობდნენ მათი დედები თუ არა. რაც შეეხება დასაქმებული დედების მიერ აღზრდილ გოგონებს, მათ ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფრო მეტი შანსი აქვთ.

ზეგავლენა შემოსავალზე

კვლევის შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ დასაქმებული დედის ფაქტორს რაიმე აშკარა ზეგავლენა არ მოუხდენია მამაკაცების საშუალო შემოსავალზე. ქალების შემთხვევაში კი დასაქმებული დედის ფაქტორმა განაპირობა ის, რომ მათი შემოსავალი ბევრად აღემატება იმ ქალების შემოსავალს, რომელთა დედებიც არ მუშაობდნენ. გამონაკლისს წარმოადგენენ ის ქალბატონები, რომლებსაც გენდერული თანასწორობის მიმართ კონსერვატიული დამოკიდებულება ჰქონდათ. “კონსერვატიული დამოკიდებულება გენდერული თანასწორობის მიმართ განაპირობებს დასაქმებული დედის ფაქტორის ნაწილობრივ შემცირებას, ისიც მხოლოდ ხელფასთან მიმართებით, – ამბობს მაკგინი. – რაც შეეხება დანარჩენ ასპექტებს, არატრადიციული მისაბაძი მაგალითი სახლში მათზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს, გენდერული თანასწორობისადმი მათი დამოკიდებულების მიუხედავად”.

რაც შეეხება მამაკაცებს, რომელთა დედებიც მუშაობდნენ, მათი აქტივობა სახლში მეტია: “ასეთი მამაკაცები იზრდებოდნენ გარემოში, სადაც სახლში გასაკეთებელი სამუშაო თანაბრად ნაწილდებოდა ოჯახის წევრებზე”, – ამბობს მაკგინი.

დასაქმებული დედის მიერ აღზრდილი ქალები დაახლოებით იმავე რაოდენობის დროს უთმობენ ოჯახის წევრებზე ზრუნვას, რამდენსაც დიასახლისი დედების მიერ გაზრდილი ქალბატონები. თუმცა, “როდესაც ჩვენ გამოვყავით მხოლოდ ის ქალები, რომელთაც შვილები ჰყავთ, აღმოჩნდა, რომ დასაქმებული დედის მიერ გაზრდილი ქალბატონები უფრო მეტ დროს ატარებენ თავიანთ შვილებთან”, – ამბობს მაკგინი და ამატებს, რომ მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ქალები, რომლებიც თავად გახდნენ მომუშავე დედები.

“დიდია დანაშაულის გრძნობა იმ მშობლებში, რომელთა ოჯახებშიც ორივე მეუღლე მუშაობს, – ამბობს მაკგინი. – მაგრამ ამ კვლევამ გვაჩვენა, რომ თქვენ, გარდა იმისა, რომ ფინანსურად ეხმარებით საკუთარ ოჯახს, ასევე პროფესიულად და ემოციურად ეხმარებით საკუთარ თავს, როდესაც საყვარელ საქმეს აკეთებთ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ ამით ეხმარებით თქვენს შვილებს. ასე რომ, ვფიქრობ, დედებიც და მამებიც, რომლებიც მუშაობენ როგორც სახლში, ასევე სახლს გარეთ, ძალიან კარგ მაგალითს აძლევენ საკუთარ შვილებს. თავიანთი ქცევით ისინი შვილებს ასწავლიან, რომ სახლსა და სამსახურში გაწეული შრომა თანაბრად ღირებულია როგორც მამაკაცებისათვის, ასევე ქალებისათვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს სასარგებლოა თქვენი შვილებისათვის”.

წინა სტატია

შრომის პატარა ბაზრის დიდი გამოწვევები
10 ივლისი, 2015

შემდეგი სტატია

10 ივლისი, 2015
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა