საზოგადოების ლატარიის გამარჯვებულები

სიტყვებს აქვს მნიშვნელობა. აიღეთ, მაგალითად, ფრაზა “ხომ შეგვიძლია საზოგადოების გამარჯვებულებს ვთხოვოთ ინვესტირება...”. ეს გავრცელებული, ტიპური ამერიკული შესავალია, რომელსაც მქადაგებლები და დაფინანსების მაძიებლები იყენებენ. აშშ არის ქვეყანა, რომელიც ხალისიანად ქმნის “გამარჯვებულების” დიდ რაოდენობას, რომლებიც, თავის მხრივ, ტრადიციულად ბევრ ფულს ხარჯავენ საქველმოქმედო ორგანიზაციებზე, ეკლესიებზე, სკოლებსა თუ არამოგებიან წამოწყებებზე.

ახლა შევცვალოთ ეს მოწოდება ერთი სიტყვის დამატებით: “ხომ შეგვიძლია საზოგადოების ლატარიის გამარჯვებულებს ვთხოვოთ ინვესტირება...”. ტონალობა უცებ შეიცვალა, არა? ეს ერთი სიტყვა, “ლატარია”, მთელ მნიშვნელობას ცვლის. კეთილგანწყობილი მიმართვა საზოგადოების წარმატებული წარმომადგენლებისადმი, მოუხმონ თავიანთ კეთილ ანგელოზებს და მოხვეჭილის ნაწილი თანამოქალაქეებს უწილადონ, “ლატარიის” ჩამატებით სარკასტულ წაკბენად გადაიქცა.

ლატარიაში გამარჯვება ადამიანს პატივისცემის ღირსად არ ხდის. ლატარიის გამარჯვებული წარმატებული ხდება იმპულსური მოქმედებების მიუხედავად. ის იმარჯვებს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვები აგებენ. ამდენად, ლატარიის გამარჯვებული, რომელიც სანაცვლოდ არაფერს გაიღებს, იღბლიანი ნაბიჭვარია.

ნამდვილი წარმატებული ადამიანი პატივისცემას იმსახურებს. მან, წარმატების მისაღწევად, ცოდნა დააგროვა, დააბანდა საკუთარი დრო და ფული, მოერგო ბაზრის მოთხოვნილებებს, ისწავლა შეცდომებზე და, დიდი ალბათობით, მძიმედაც იშრომა.

ეს პატარა მაგალითი, თუ როგორ ცვლის სიტყვა “ლატარია” მთელი წინადადების შინაარსს, ტრივიალური იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტი: “ლატარიაც” და ყველაფერი დანარჩენიც პრეზიდენტმა ობამამ თქვა, წინა თვეში, სიღარიბესთან ბრძოლისადმი მიძღვნილ სხდომაზე.

რა დავასკვნათ აქედან? წარმატებული ამერიკელებისთვის “ლატარიის გამარჯვებულების” წოდება უნებლიე წამოცდენა იყო, თუ კეთილდღეობაზე, სიღარიბესა და უსამართლობაზე პრეზიდენტის ხედვის ანარეკლი? თუ პასუხი მეორეა, ჩვენ ახალ ზონაში შევაბიჯეთ. არ მახსენდება სხვა ამერიკელი პრეზიდენტი, რომელსაც წარმატებაზე ასეთი სარკასტული აზრი ჰქონდა. პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა თავისი ახალი გარიგების (New Deal) მოწინააღმდეგე მსხვილ ბიზნესმენებსა და ბანკირებს “დიდი შეძლების მავნებლები” უწოდა, მაგრამ ის არ მისულა ცინიკურ განზოგადებამდე, რომლითაც ადამიანების წარმატება იღბალზე დაიყვანება. ვუდრო ვილსონს მიაჩნდა, რომ ანტრეპრენიორობა მოძველებული გატაცებაა, რომელიც დიდი ბიზნესისა და დიდი მთავრობის კონსორციუმებმა უნდა ჩაანაცვლონ. მაგრამ მას თომას ედისონისა და ძმებ რაიტებისთვის ლატარიაში გამარჯვებულები არ უწოდებია.

იღბალი თუ მძიმე შრომა?

გამიზნულად თუ არა, პრეზიდენტ ობამას მიერ “გამარჯვებულების” ნაცვლად “ლატარიის გამარჯვებულების” თქმა აშკარად ცუდი გემოვნების ნიმუში იყო. ბილ გეიტსსაც და პოლ ალენსაც ნამდვილად გაუმართლათ, რომ 99.99%-ზე მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი ერგოთ, რაც თვითონ არ აურჩევიათ. მაგრამ ორივე მათგანმა ათეულობით ათასი საათი მიუძღვნა თავისი ინტელექტის პროგრამული უზრუნველყოფის შესასწავლად გამოყენებას. გეიტსმა შესანიშნავი შესაძლებლობები დათმო, როდესაც ელიტურ კოლეჯში სწავლას თავი დაანება. ორივემ გარისკა, გაკვალული კარიერული გზიდან გადავიდა, რომ Microsoft-ი დაეარსებინა.

ლარი პეიჯი მიჩიგანელი ავტოხელოსნის შვილიშვილი, კომპიუტერული მეცნიერებების პროფესორისა და პროგრამირების მასწავლებლის შვილი იყო. მისი ბიზნესპარტნიორი, სერგეი ბრინი, ებრაულ ოჯახში დაიბადა, საბჭოთა კავშირში, ებრაელებისადმი არცთუ კეთილგანწყობილ გარემოში. ორივეს “გაუმართლა”, რომ დაბადებით მაღალი ინტელექტი შეხვდა და გაიზარდა ოჯახებში, სადაც უყვარდათ სწავლა. მაგრამ მსგავსი წინაპირობები მსოფლიოში მილიონობით ბავშვს აქვს და ყველა მათგანი არ აარსებს Google-ის მსგავს კომპანიებს.

WhatsApp-ის თანადამაარსებელი იან კოუმი კალიფორნიაში მარტოხელა მშობლის ოჯახში გაიზარდა, რომელიც ხშირად სოციალური დახმარების იმედად რჩებოდა. Netscape-ის თანადამაარსებელი ჯიმ კლარკი ტექსასში, ნამდვილ სიღარიბეში გაიზარდა და 16 წლის ასაკში სკოლაში სწავლას შეეშვა. მისი ბიზნესპარტნიორი მარკ ენდრისენი ვისკონსინის სოფელში დაიბადა, ოჯახში, სადაც არ იცოდნენ არც უმაღლესი მათემატიკა, არც კომპიუტერული მეცნიერებები ან პროგრამები, და ლოგიკური მსჯელობის უნარსაც ნაკლებლად ფლობდნენ.

როგორც დევიდ მაქქალოუის ახალი შთამბეჭდავი წიგნიდან (“ძმები რაიტები”, Simon & Schuster) ვიგებთ, ვილბურ და ორვილ რაიტების მამა ბავშვების კითხვისა და თავისუფალი აზროვნების სურვილს ახალისებდა, თუმცა ოჰაიოელ ძმებს ველოსიპედებისა და ფრანების ინტერესი მისგან დამოუკიდებლად გაუჩნდათ. 1899 წელს ვილბურმა სმიტსონიანს (ცოდნის გამავრცელებელი ამერიკული საზოგადოება) სთხოვა სტატიები ადამიანისა და მექანიკური ფრენის შესაძლებლობებზე და დაამატა, რომ “გაფრენილი” არ ჰქონდა. სანამ ჩრდილოეთ კაროლინის დიუნებში თვითმფრინავის ფრთების დასახვეწ ექსპერიმენტებს ატარებდნენ, ძმები თითქმის მხოლოდ კვერცხით იკვებებოდნენ და მოსკიტების აპოკალიფსურ თავდასხმებს იტანდნენ. 1905 წლისთვის მათ უკვე 30 წუთისა და მეტი ხანგრძლივობით წრეზე ფრენა შეეძლოთ. 1908 წლისთვის – ჰაერში 90 წუთის მანძილზე გაჩერება და რვიანების მოხაზვა. ორვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, როდესაც მისი თვითმფრინავი პროპელერის მოწყვეტის გამო ჩამოვარდა. მისი მგზავრი, ლეიტენანტი თომას სელფრიჯი გარდაიცვალა.

ვილბურის მიერ სმიტსონიანისგან სტატიების მიღებიდან იმ მომენტამდე, როდესაც საფრანგეთისა და აშშ-ის სამხედრო უწყებებში ირწმუნეს, რომ რაიტებმა კონტროლირებადი საფრენი საშუალებები შექმნეს, ცხრა წელი გავიდა. მთელი ამ დროის მანძილზე რაიტები ცუდ საკვებს, პარაზიტებს, ავარიებსა და მედიის გესლიან, დამცინავ გაშუქებას იტანდნენ. პრეზიდენტ თეოდორ რუზველტს აღმოაჩნდა საკმარისი ტაქტი, რომ ძმები რაიტებისთვის “ლატარიის გამარჯვებულები” არ ეწოდებინა.

წინა სტატია

არამხოლოდ პიანისტი ქალი
16 ივლისი, 2015

შემდეგი სტატია

იანვარ-ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება 26 პროცენტით გაიზარდა
20 ივლისი, 2015
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა