ნუცა აბრამიშვილი. საქმე, რომელიც აბედნიერებს

ნუცა აბრამიშვილი, Schuchmann Wines-ის გენერალური დირექტორი, ერთი წლის წინ გავიცანი, ჟურნალ “ფორბსისთვის” კომპანიის დამფუძნებელთან ბურკჰარდ შუხმანთან ინტერვიუს ჩასაწერად სოფელ კისისხევში რომ ჩავედით – იქ, სადაც კომპანიის გული, შატო “შუხმანი” მდებარეობს. მაშინ ნუცა ეზოში გამოგვეგება და ინტერვიუს დეტალებზე სწორედ მასთან შევთანხმდით. ჩემთვის მაშინვე ცხადი გახდა, რომ ნუცასთვის კომპანია “შუხმან ვაინს ჯორჯია” მხოლოდ საქმე არ იყო. ასეთი თავდადება და ინტერესი უბრალოდ საქმემ არა, საყვარელმა საქმემ იცის. ის ჩვენი გამორჩეული თანამშრომელიაო, ასე გამაცნო ჩემმა რესპონდენტმა ნუცა, რომელიც ჩვენს ინტერვიუს ესწრებოდა და რომელსაც ბურკჰარდ შუხმანი საუბრისას ხშირად იმოწმებდა ან კითხვას უსვამდა. ნუცას კომპანიის საქმიანობის ისეთი დეტალების შესახებ ჰქონდა ამომწურავი პასუხები, რომ შუხმანის სიტყვებში, ნუცა გამორჩეული თანამშრომელიაო, მალევე დავრწმუნდი. 33 წლის ნუცას ამჯერად თბილისში, ჟურნალ “ფორბსის” ოფისში ვხვდები. სწორედ იქ მიმდინარეობს ფოტოსესია, სადაც ნუცას “ფორბს ვუმენისთვის” ფოტოებს უღებენ. მხიარული და ენერგიულია. ხალისით ასრულებს ფოტოგრაფის მითითებებს და ერთსაათიანი ფოტოსესიის შემდეგ ოდნავადაც არ ეტყობა, რომ დაიღალა. მწვანე ჭიქიდან ყავას სვამს და ინტერვიუსთვის ემზადება.

ქართული ტრადიციებითა და ევროპული განვითარებით

გერმანელმა ლოკომოტივების წარმოების ინდუსტრიულმა მენეჯერმა, ბურკჰარდ შუხმანმა, რომელიც ამასთანავე ღვინის გამორჩეული მოყვარულიცაა, 2006 წელს, მორიგი მოგზაურობის დროს, საქართველო და ქართული ღვინის დაყენების ტრადიცია აღმოაჩინა. 2010 წელს კი საქართველოზე, ქართულ ტრადიციებსა და ღვინოზე შეყვარებულმა გერმანელმა კომპანია დააარსა, შეიძინა ვენახები, გააშენა შატო და ღვინის მოყვარულთათვის დღეს უკვე კარგად ნაცნობი ღვინის ჩამოსხმა დაიწყო.

შატო “შუხმანი” ქართულ ბაზარზე პირველი შატოა, რომელიც ღვინის ტურიზმის სერვისს აწვდის მომხმარებელს და სეზონზე 20 000-ზე მეტ დამთვალიერებელს მასპინძლობს. გასულ წელს ორჯერ გაიზარდა ღვინის წარმოება, აშენდა ახალი ქარხანა და შენდება ახალი სასტუმრო. დღეს კომპანია 1,5 მილიონ ბოთლ ღვინოს ასხამს.

კომპანიის წარმატების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქართული ტრადიციები და დასავლური მარკეტინგი სახელდება. მართლაც, დღეს კომპანია 120 ჰექტარ ვენახს, მაღალტექნოლოგიურ საწარმოსა და შატოს ტიპის დასასვენებელ კომპლექსს ფლობს. აწარმოებს ათზე მეტი დასახელების ღვინოს, რომლებიც ძირითადად საექსპორტო ბაზრებზეა ორიენტირებული და 15-ზე მეტ ქვეყანაში გადის. ნუცა აბრამიშვილი კი ამ წარმატების ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. ის კომპანიას 2012 წლიდან შეუერთდა და მას მერე დაუღალავად შრომობს “შუხმან ვაინს ჯორჯიას” განვითარებასა და პოპულარიზაციაზე.

ოჯახური ტრადიციის კვალდაკვალ

მიუხედავად იმისა, რომ ნუცა აბრამიშვილის პროფესიული განათლება ბიზნესი და ეკონომიკაა და კარიერის დასაწყისში ის თბილისის მერიაში სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტში მუშაობდა მოგვანებით კი დელოიტში, ტურიზმის განვითარების მენეჯერი იყო, ღვინის სფერო მისთვის არც ისე შორეული ყოფილა. როგორც ნუცა მიყვება, ის მეღვინის ოჯახიდანაა. მისი ბაბუა მეღვინე იყო და, შეიძლება ითქვას, რომ ნუცამ ბაბუის ტრადიციების გაგრძელება დაისახა მიზნად. კომპანიაში თავდაპირველად ბიზნესგანვითარების მენეჯერად დაიწყო მუშაობა, ორ წელიწადში კი გენერალური დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა. კომპანია “შუხმან ვაინს ჯორჯიას” კონცეფცია ნუცასთვის განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა: “კონცეფცია აერთიანებდა და აერთიანებს მეღვინეობას, ღვინის ტურიზმსა და სოფლის მეურნეობას. თავიდანვე მივხვდი, რომ შატო, რომელიც თავის თავში მოიცავს სასტუმრო-რესტორანს, ვენახებს, უახლესი ტექნოლოგიებით გამართულ წარმოებას, ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელი იქნებოდა”, – ამბობს ნუცა აბრამიშვილი, რომელმაც კომპანიაში მისვლისთანავე ჩაიფიქრა, რომ “შუხმან ვაინს ჯორჯია” შეძლებისდაგვარად მოკლე დროში წაეწია წინ და, რაც მთავარია, საერთაშორისო ბაზრების ათვისება დაეწყო. ბიზნესში დრო არ იცდისო, მეუბნება ნუცა: “უქმად გატარებული ყოველი დღე დაკარგულია. საბედნიეროდ, კომპანიაში ნამდვილი პროფესიონალების გუნდი ჩამოყალიბდა. უსიტყვოდ გავუგეთ ერთმანეთს და სწორედ ამ გუნდის დამსახურებაა ის, რომ დღეს მსოფლიოს წამყვანი ტურ-ოპერატორები თუ საინფორმაციო საიტები “შუხმან ვაინს ჯორჯიაზე” მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესოს წერენ. ჩვენს პროდუქციას 15-ზე მეტ ქვეყანაში ვყიდით. საქართველოს ეროვნული პროდუქტის, საუკეთესო ხარისხის ღვინის ექსპორტი ამაღლებს საქართველოს იმიჯს. ჩემთვის კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არასოდეს მომწონდა საქმიანობა, რომელიც ლოკალურია და მხოლოდ მოკლევადიან გეგმებთან და ეფექტებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ჩემი სურვილი იყო, ეროვნული საქმე მეკეთებინა და ჩემი პირადი წვლილი შემეტანა საერთო საქმეში, ამ შემთხვევაში - მეღვინეობაში და ძალიან მიხარია, რომ კომპანიამ ჩემთან ერთად შეძლო ამ წარმატების მიღწევა”, – ამბობს ნუცა აბრამიშვილი, რომელიც იმასაც აღიარებს, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული ღვინის ბრენდებისთვის კონკურენციის გაწევა ნამდვილად არ იყო ადვილი საქმე. ამისათვის კი კომპანიამ, ნუცას თქმით, ის უპირატესობა გამოიყენა, რაც ქართული ტრადიციული ღვინისა და დასავლური პრინციპების ნაზავი იყო: “კომპანიაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება დასავლური მენეჯმენტის კრიტერიუმებს და ბიზნეს მიდგომებს, რაც გულისხმობს ხარისხის კონტროლს – ვენახების მოვლით დაწყებული, ღვინის ბოთლში ჩამოსხმით დამთავრებული. გერმანული სიზუსტე და ქართული საუკეთესო რეალობა ერთმანეთს მივუსადაგეთ. ანუ ჩვენ ვმუშაობთ გერმანულად, თუმცა ვაწარმოებთ ქართულ ღვინოს. ამაში დიდი წვლილი ბურკჰარდ შუხმანს მიუძღვის. მან გვასწავლა ის მიდგომები, რომლებიც არც ერთ წიგნში არ წერია, არსად არ იკითხება. ეს არის ჩვენი პრაქტიკული ცოდნა, რომელიც მან ყველას გაგვინაწილა და ალბათ მე ვიყავი ის ერთ-ერთი, ვისაც არ შეეშინდა გამოწვევების და პირიქით, მივყევი ამ გამოწვევებს, მივყევი დროს და ვიპოვე საკუთარ თავში ძალა, მოკლე დროში მიგვეღწია წარმატებისთვის”, – ამბობს ნუცა.

კომპანიის წარმატების ერთ-ერთ მიზეზად ნუცა ასევე ასახელებს ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ სტუმართან თუ პარტნიორთან: “ჩვენ ვართ ბუტიკის ტიპის მაღალი კლასის მწარმოებელი კომპანია, რომლისთვისაც დიდ ღირებულებებს წარმოადგენს ადამიანური ურთიერთობა და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინდივიდუალიზმს”, – მეუბნება ის და კომპანიის კიდევ ერთ პლუსზე საუბრობს: “ეს ინოვაციურობაა. ჩვენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილები ვართ არა მარტო მეღვინეობით, არამედ ქართული გასტრონომიითა და ტურიზმით”.

ქართული სამზარეულო ევროპული ელფერით

დიახ, გასტრონომია, ეს არის სიახლე, რომელზეც ნუცა აბრამიშვილი განსაკუთრებული აღტაცებით საუბრობს. თითქმის ერთი წლის წინ ძველ თბილისში, “ქარვასლაში”, კომპანია შუხმანმა ღვინის ბარი გახსნა. სწორედ აქ გააერთიანა “შუხმანმა” ქართული ტრადიციული სამზარეულო და ღვინო. ეს იდეა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც კომპანიამ დაგროვილი გამოცდილებისა და შედეგების მიხედვით გააცნობიერა, რომ გასტრონომიული ტურიზმი ეს იქნებოდა მიმართულება, რომელიც კომპანიას კიდევ უფრო მეტ წარმატებას მოუტანდა: “ჩვენ ვართ პირველები, ვინც შემოიტანა ღვინის ტურიზმის კულტურა საქართველოში, ამაში ვგულისხმობ ღვინის დეგუსტაციას, გასტრონომიულ ტურებს და სხვადასხვა საინტერესო პროდუქტს. აქედან გამომდინარე, ვიფიქრეთ, რომ იმდენად მზარდია ტურისტთა რაოდენობა, სტუმრების ინტერესი ჩვენი სერვისებისადმი, რომ გასტრონომიული მიმართულება ჩვენს ცალკე კომპონენტად უნდა გვექცია. ჩვენი ღვინის ბარი თბილისში გათვლილია როგორც ადგილობრივ სტუმრებზე, ისე უცხოელ ტურისტებზე”, – ამბობს ნუცა.

ღვინის ბარის ერთ-ერთი კონცეფცია ქალაქის სტუმრებისათვის ნამდვილი ქართული გარემოს შექმნაცაა. ესაა ბარი ქართული ტრადიციული დიზაინის ელემენტებით. როგორც ნუცა გვიხსნის, ბარში ყველაფერი ხელნაკეთია, ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს. აი, მაგალითად, მაგიდას ქვევრის დიზაინი აქვს. ძველი ქართული ორნამენტებით მორთული სკამები სამასწლიანი მუხისგან არის დამზადებული. რაც შეეხება სამზარეულოს, ნუცას თქმით, ღვინის ბარში ქართულ ტრადიციულ კერძებს სულ სხვა ელფერი დაჰკრავს: “ასეც შეიძლება დავახასიათოთ, ევროპულად მიწოდებული ქართული სამზარეულო, რაც ძალიან დიდ ინტერესს იწვევს სტუმრებში. ჩვენი სამზარეულო განსხვავებულია სხვა ქართული სამზარეულოსგან.თუნდაც ჩაქაფული ან ოჯახური ავიღოთ. ჩვენს ბარში ეს კერძები ვიზუალურად სულაც არ ტოვებს ოჯახურისა და ჩაქაფულის შთაბეჭდილებას, თუმცა გემოთი ტრადიციული კერძების იდენტურია, თანაც უფრო მსუბუქად მისართმევი. ჩვენი მიზანია, გრძელვადიან პერსპექტივაში, განვავითაროთ ქართული სამზარეულო და მივიღოთ ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯილდო, მიშლენის ვარსკვლავი”, – გეგმავს ნუცა.

მისივე თქმით, ღვინის ბარს გამოარჩევს ისიც, რომ იქ მისულ სტუმარს საშუალება აქვს, თავად მიიღოს მონაწილეობა მისთვის სასურველი კერძის დამზადებაში: “ამ პროექტმა ძალიან კარგი შედეგი მოგვცა. ჩამოგვიყალიბდა მუდმივი სტუმრების წრე, რომლებიც ნამდვილი გურმანები არიან და ჩვენი საქმიანობა მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებს. სულ ვამბობთ ხოლმე, ჩვენ იმ საქმეს ვაკეთებთ, რომელიც, როგორც თავად ჩვენ, ასევე სხვებს აბედნიერებს. ჩვენი მიზანიც ესაა – ადამიანებს ბედნიერება მივანიჭოთ, ყოველდღიური სტრესი მოვუხსნათ და ცოტა ხნით მაინც დავავიწყოთ რუტინა გემრიელი კერძებისა და ღვინის საშუალებით”.

ღვინის ბარის მენიუში თითქმის ყველა ქართული კერძი შედის – ცხელი კერძებით დაწყებული, ცივით დამთავრებული. ბარი 30-35 ადამიანზეა გათვლილი, სადაც ასევე შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია და სომელიეების რეკომენდაციების გაზიარება: “ეს ჩვენთვისაც ექსპერიმენტული პროექტია. ყოველი კერძის მომზადება, ყოველი ინგრედიენტის შეცვლა და ყოველი სახეცვლილება გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომ პირველ ეტაპზე ვაპირებთ მაქსიმალურად დავხვეწოთ ეს პროექტი, მომავალში კი სარესტორნო პროექტის ექსპორტზე გატანას ვგეგმავთ. უკვე ვსაუბრობთ პარტნიორებთან. მართალია, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, სად გავხსნით მეორე რესტორანს, მაგრამ ვიცით, რომ ეს იქნება ორ-სამ წელიწადში და აუცილებლად სხვა ქვეყანაში”, – ამბობს ნუცა, რომელიც, როგორც ყველა გურმანი და ქართული სამზარეულოს მოყვარული, დარწმუნებულია, რომ თუკი ქართულ ტრადიციულ კერძებს თანამედროვე გასტრონომიული ტენდენციების გათვალისწინებით მოამზადებენ, ისინი აუცილებლად მოიპოვებენ საერთაშორისო სიყვარულს: “როდესაც კომპანია “შუხმანი” შეიქმნა, თავიდანვე ითქვა, რომ წლების მერე, როდესაც ქართულ ღვინოზე იქნებოდა საუბარი, ადამიანებს სწორედ შუხმანის ღვინო უნდა გახსენებოდა და ის მოეყვანა მაგალითად, როგორც ერთ-ერთი მაღალხარისხიანი პროდუქტი. ჩვენ ამას მივაღწიეთ. ახლა ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ იმასაც, რომ თუკი საუბარი ჩამოვარდება ქართულ გასტრონომიაზე, ადამიანების ასოციაციები აუცილებლად შუხმანის ღვინის ბარსა და მის სამზარეულოს დაუკავშირდეს”.

“შუხმანი” ტურიზმის სამსახურში

კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც კომპანია “შუხმან ვაინს ჯორჯიას” ყურადღების ცენტრში მოექცა, ეს ტურიზმის განვითარებაა. როგორც ნუცა აბრამიშვილი ამბობს, კომპანიას წლების მანძილზე დაუგროვდა გამოცდილება და რესურსი იმისა, რომ ჩამოეყალიბებინა ტურისტული კომპანია “შუხმან თრეველი”. ნუცას თქმით, სწორედ ტურისტია ყველაზე კარგი მარკეტინგული საშუალება ქვეყნისა და კომპანიისთვის, რომ ქვეყნის ცნობადობა გაიზარდოს, ბიზნესი განვითარდეს და ამით ხელი შეეწყოს ქვეყანაში ეკონომიკის გაძლიერებას: “ისინი არიან ჩვენი ელჩები, ისინი ამ გამოცდილებას აუცილებლად გადასცემენ ახლობლებს. შესაბამისად, ეს არის ყველაზე ეფექტიანი კამპანია, რაც კი შეიძლება არებობდეს. ყოველი რეკლამა, ყოველი სტატია, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ ეს ყველაფერი იძლევა მოკლევადიან ეფექტს, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით ტურისტებზე. ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქით ხდება”, – ამბობს “შუხმან ვაინს ჯორჯიას” გენერალური დირექტორი.

კომპანიამ ბოლო თვეების განმავლობაში იმუშავა მსოფლიოს წამყვან ტურ-ოპერატორებთან, რათა, ერთი მხრივ, გამხდარიყვნენ მათი პარტნიორები და, მეორე მხრივ, შეექმნათ ის პროდუქტები, რომლებიც საინტერესო იქნებოდა უცხოური ტურ-ოპერატორებისთვის: “შუხმან თრეველის” საქმიანობის დაწყება

ზაფხულის სეზონს დავამთხვიეთ. უკვე მეორე თვეა, ვმუშაობთ და ჩვენი გავლით 100-ზე მეტი ტურისტი შემოვიდა საქართველოში. ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან. დიდი დაინტერესებაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც. დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებულები ვიქნებით და ჩვენს წვლილს შევიტანთ ტურიზმის განვითარებაში”, – ამბობს ნუცა და დასძენს, რომ “შუხმან თრეველის” შესახებ უკვე ბევრს წერენ ტურისტულ საძიებო ინტერნეტქსელებში.

“შუხმან ვაინსი“ ძველი ქართული ენდემური ყურძნის ჯიშების განვითარების კვალდაკვალ

2015 წლიდან კომპანია “შუხმან ვაინსმა” დაიწყო საქართველოში ვაზის ენდემური ჯიშების განვითარება, რაც, მათი აზრით, უფრო საინტერესოს გახდის ქართულ ღვინოს საექსპორტო ბაზრებზე: “როგორ უნდა გავუწიოთ კონკურენცია მსოფლიოს ღვინოებს, მაშინ, როდესაც არის იტალიური, ესპანური ღვინო, ჩილეს ღვინო? სამწუხაროდ, მსოფლიოში ქართული ღვინის ცნობადობა კვლავ დაბალია, მაგრამ რაც უფრო ეგზოტიკურ და ახალ პროდუქტს შესთავაზებ მომხმარებელს, მით უფრო საინტერესო გახდება ქართული ღვინო, მით უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევს ქართული მეღვინეობა”, – ფიქრობს ნუცა, რომლისთვისაც ყოველი ახალი გეგმა, ყოველი პროექტი, მის გუნდთან ერთად დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს კომპანია “შუხმან ვაინს ჯორჯია” შატო “შუხმანის” ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს გახსნას გეგმავს, აუზითა და ღვინის სპა-მომსახურებით...

ნუცა ღვინის მიღმა

ეს არის ის საქმე, რომელიც ნუცას ცხოვრების უდიდეს ნაწილს იკავებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ეს არის მისი ცხოვრება. ნუცას ერთი შვილი და ბევრი მეგობარი ჰყავს. ასე რომ, დრო მათთვისაც უნდა გამონახოს. და, რაც მთავარია, დრო საკუთარი თავისთვის. მისი კრედო კი ასეთია: “თუ გინდა, რომ იყო წარმატებული, პროდუქტიული, ძალიან მნიშვნელოვანია იცხოვრო ისე, რომ მუშაობამ სიამოვნება მოგანიჭოს. მე ჩემი მუშაობით უდიდეს სიამოვნებას ვიღებ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად სხვადასხვა გამოწვევასა და სიძნელესთან გვიწევს გამკლავება”, – მეუბნება ნუცა და აგრძელებს: “საქმეში გამოკეტვა არ შეიძლება. ჩვენ ჩვენი ცხოვრებისთვისაც უნდა მოვიცალოთ. თუ ადამიანი მართავს დროს, მაშინ წარმატებაც ორმაგდება. ვცდილობ შეძლებისდაგვარად მოვახერხო”.

განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ნუცა ცხოვრების ჯანსაღ წესს: “ბოლო დროს მივედი იმ დასკვნამდე, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანია და ვარჯიშს მივყავი ხელი. ვცდილობ, სპორტით დავკავდე და ასე აღვიდგინო დახარჯული ენერგია”.

არის თვისება, რომელსაც ნუცა როგორც კომპანიის, ისე საკუთარ წარმატებასაც უკავშირებს. ეს შრომისმოყვარეობაა. მისთვის არ არსებობს გადადებული საქმე და მიზეზს არა აქვს მნიშვნელობა. გაუმართლა იმაშიც, რომ კარგი ინტუიციის გრძნობა აქვს და არ ეშინია გამოწვევების. თუმცა ამასთანავე ძალიან ფრთხილიცაა და წინდახედულიც.

ეს თვისებებია მიზეზი იმისა, რომ “შუხმან ვაინს ჯორჯიას” დამფუძნებელმა, 74 წლის ბურკჰარდ შუხმანმა სწორედ ნუცას მიანდო კომპანიის მართვა. ნუცა ბურკჰარდ შუხმანისთვის მტკიცე და სანდო პარტნიორად ჩამოყალიბდა. ეს კი, ნუცას თქმით, მისთვის დიდი პატივი და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობაცაა... თუმცა ნუცას ამ პასუხისმგებლობის არ ეშინია. მან იცის თავისი საქმე. იცის თავისი საქმის არომატი.

წინა სტატია

მესაათეების პატარა ამქარი
20 ივლისი, 2015

შემდეგი სტატია

ივნისში საქართველოს პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტი 19.4 პროცენტითით გაიზარდა
21 ივლისი, 2015
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
ახალი საფეხური სამშენებლო დეველოპმენტში
კომპანიები | ნოე, 21, 2017
ხარისხის, მდგრადი განვითარებისა და ფუფუნების სინთეზი
კომპანიები | ნოე, 14, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა