თვალწარმტაცი ლისაბონი

თვალწარმტაცი ლისაბონი

ზაფხულის დადგომისთანავე დიდი დილემის წინაშე აღმოვჩნდით: სად გავატაროთ დასვენების დღეები: ქალაქში თუ სანაპიროზე? ეს შეიძლება ცხარე დებატების მიზეზადაც იქცეს, განსაკუთრებით წყვილებისათვის, რომლებსაც მშვიდი უიკენდის შესახებ განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

სწორედ ამიტომ მე ვწევარ ქვიშაზე, ვგრძნობ მზის სითბოს ჩემს სხეულზე და ღმერთს მადლობას ვუხდი ლისაბონის არსებობისათვის.

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონს მხოლოდ 30 წუთი მატარებლით მგზავრობა აშორებს სანაპირო ქალაქებს – ეშტორილსა და კაშკაიშს. შესაბამისად, ლისაბონს აქვს იდეალური განლაგება მათთვის, ვისაც მზიან მხარეში დასვენება და ამავდროულად ქვეყნის კულტურის გაცნობა სურს. ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის ლისაბონი ნამდვილად ღმერთის საჩუქარია, რადგან ჩვენი შვებულების დაგეგმვა ხშირად ცხარე ომში გადაიზრდება ხოლმე. მეუღლეს მუზეუმებისა და გალერეების მონახულება სურს, მე კი – ზღვის სანაპიროზე განცხრომა.

რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი სხვა მიზეზიც, რის გამოც უნდა ეწვიოთ ამ უდიდეს ქალაქს. ერთ-ერთი ასეთი მიზეზი არის მდინარე ტეჟუ, რომელიც ლისაბონში იღებს სათავეს.

ევროზონის სხვა დედაქალაქებისაგან განსხვავებით, აქ ფული ჯერ კიდევ ფასობს. ლისაბონი მშვენიერი კლიმატითაა ცნობილი: მთელი წლის განმავლობაში უმეტესად თბილა, ხოლო ცა მოწმენდილია.

ეს არის არაჩვეულებრივი ადგილი საექსკურსიოდ – აქ ადვილია ფეხით გადაადგილება, მაგრამ ასევე არის ქმედითი და იაფი სატრანსპორტო სისტემა. ლისაბონი ტურისტებს სთავაზობს მიწისქვეშა მატარებლებს, ნოსტალგიის გამომწვევ ტრამვაის, უცნაურ საბაგიროებსა და ფუნიკულიორებს.

ლისაბონის ცენტრი წარმოადგენს გრანდიოზული გამზირებისა და მჭიდროდ დასახლებული ძველი კვარტალების ერთგვარ ნაზავს, რაც მის ატმოსფეროს მეტად მომხიბვლელს ხდის. კვარტალებს შორის გაშენებული ვიწრო ხეივნები განსაკუთრებით იზიდავს ფეხით მოსიარულე ტურისტებს.

ჩვენ ქალაქის ცენტრიდან ჩრდილოეთით მდებარე სასტუმრო „კორინთეაში” გაჩერება ვარჩიეთ. ამ მაღალი კოშკის ფორმის სასტუმროდან ქალაქის შესანიშნავი ხედი იშლება. 15 წუთი მეტროთი მგზავრობა და ჩვენ უკვე ქალაქის ცენტრში ვართ, სადაც ლანჩისთვის შესაფერის ადგილს ვეძებთ.

ლისაბონი შვიდ მთაზე არის განლაგებული, მაგრამ ყოველდღიური გადაადგილება ძირითადად მდინარე ტეჟოს პირას მდებარე დაბლობში – ბაიშას რაიონში ხდება. ეს არის ქალაქის მთავარი შოპინგ- და ბიზნესცენტრი.

ბაიშას რაიონი შთამბეჭდავი მოედნებისა და საზოგადოებრივი შენობების ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. 1755 წლის 1 ნოემბერს ლისაბონში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ქალაქის 270,000-იანი მოსახლეობიდან 40,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ ტრაგედიის შემდეგ მარკიზ დე პომბალმა, პორტუგალიის დე ფაქტო მმართველმა, ქალაქის აღსადგენად დიდი აღმშენებლობა წამოიწყო.

მარკიზ დე პომბალის ურბანული გეგმა ზედმიწევნით იყო კოორდინირებული და მიზნად ისახავდა ქალაქში წესრიგის აღდგენას. კერძოდ, ყველა ქუჩას თავისი დანიშნულება მიენიჭა ხელობისა და ვაჭრობის დარგის მიხედვით.

ორ-ნახევარი საუკუნის შემდეგაც კი ლისაბონის ქუჩები კვლავ ატარებენ ძველ სახელწოდებებს, რომლებიც გასულ ერას მოგვაგონებენ, თუმცა მათი სახელები აღარ შეესაბამება დღევანდელ რეალობას: მიუხედავად მათი ისტორული დანიშნულებისა Rua da Prata (ოქრომჭედლები) და Rua dos Sapateiros (მეწაღეები) ამჟამად მაღაზიების, კაფეების, რესტორნებისა და ბარების დიდ არჩევანს გვთავაზობს.

ქალაქის დათვალიერებას სამხრეთიდან, კერძოდ the Praca do Comercio-დან ვიწყებთ, რომლის უზარმაზარი თაღი და დახვეწილი არკადები მდინარეს გადაჰყურებს.

აქედან ჩავისეირნებთ ბაიშას ფართო ბულვარებში და ძალიან მალე მადაზეც მოვალთ. Rua dos Portas de Santo Antao შესანიშნავი ადგილია, სადაც უხვად არის რესტორნები. აქ შეგვიძლია მავირთვათ შემწვარი სარდინები და ორიოდე კათხა ცივი ლუდიც მივაყოლოთ.

ლანჩის შემდეგ დროა, ლისაბონის წარსულში გავემგზავროთ. არც კი ვიცი, რას ფიქრობენ ლისაბონის მკვიდრნი იმ ტურისტებზე, რომლებიც მათთან ერთად მგზავრობენ საკმაოდ მოსახერხებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მაგრამ ნამდვილად არის რაღაც მომხიბვლელი და ამავდროულად კომიკური, როდესაც ხედავ ტურისტებისა და ადგილობრივების მცდელობას, ისედაც გადაჭედილ ტრამვაისა და საბაგიროში შეეტიონ.

სამი მოკლე საბაგირო და ერთი მოჩუქურთმებული ქუჩის ლიფტი ტურისტებს ცენტრალური ლისაბონის ერთი დონიდან მეორეზე ფეხით ასვლისაგან იცავს. ტრამვაი ხუთი სხვადასხვა მარშრუტით მოძრობს. მაგალითად, N28 ტრამვაი მიდის ბაიშას რაიონში, ჩაივლის სეს საკათედრო ტაძართან და შემდეგ ციცაბო გორაკით ალფამას ანტიკურ რაიონში ადის.

მიუხედავად იმისა, რომ ლისაბონში ჩასული ტურისტებისათვის ტრამვაით მგზავრობა გარკვეულწილად სავალდებულოც კი გახდა, ნუ იფიქრებთ, რომ ტრამვაი ქალაქის დათვალიერებაში დაგეხმარებათ. შეხედეთ ტრამვაით მგზავრობას როგორც გამოცდილებას და არა საშუალებას, გადაიღოთ სურათები ან უბრალოდ დაჯდეთ და დატკბეთ ქალაქით. აქ თქვენ დაჯდომას ვერ მოახერხებთ.

მეორე მხრივ, ტრამვაი N28 არის ყველაზე იოლი გზა სან-ხოსეს ციხესიმაგრესთან (Castelo de Sao Jorge) მისასვლელად, რომლის კედლები, ბილიკები და ლამაზი ბაღები ლისაბონის ერთ-ერთ ყველაზე ამაღლებულ ადგილას არის განლაგებული.

ციხესიმაგრეს მდიდარი ისტორია აქვს. ეს იყო მავრების სამეფო რეზიდენცია. Castelo de Sao Jorge მე-12 საუკუნეში დიდი ხნის განმავლობაში ჯვაროსნების მიერ ალყაში იყო მოქცეული და 1755 წლის მიწისძვრის დროს ნაწილობრივ დაინგრა. თითქმის ორი საათი ვსეირნობდით ციხესიმაგრესა და მის ბაღებში და ვტკბებოდით სიმაღლიდან გადაშლილი თვალწარმტაცი ხედებით.

რომანტიკული ვოიაჟი ლისაბონის ისტორიაში ალფამას ქუჩებში გავაგრძელეთ, რომლებიც ციხესიმაგრის ქვემოთ, ფერდობებზე არის განლაგებული. გზად სეს ტაძარში შევიარეთ და რამდენიმე მაცდური რესტორანიც შევნიშნეთ, სადაც სადილობა შეიძლება.

ამ რესტორანთა უმეტესობა სტუმრებს სთავაზობს ფადოს ცოცხალ შესრულებას – ლისაბონი ამ სევდიანი და პოეტური მუსიკითაა ცნობილი.

როგორც წესი, მომღერალს აკომპანემენტს უწევს გიტარა (და ზოგჯერ სხვა სიმებიანი საკრავებიც). ჩემს ბრიტანულ სმენას თუ ენდობით, ვიტყვი, რომ ფადო მეზღვაურთა სიმღერებს წააგავს.

თუმცა ლისაბონის ღამის ცხოვრების გასაცნობად თქვენ ქალაქის კიდევ სხვა ამაღლებული ადგილების დალაშქვრა მოგიწევთ. ლისაბონის ძალზე თანამედროვე რაიონი, Bairro Alto, ღამით იღვიძებს. აქ გაუთავებელი ბარებისა და რესტორნების კარები ღიაა ადგილობრივებისა და ტურისტებისათვის. სადილობა შესაძლებელია როგორც იაფ და მხიარულ ადგილებში, ასევე ძვირფას და ექსტრავაგანტურ რესტორნებში. ჩვენ არჩევანი რესტორან Louro & Sal-ზე შევაჩერეთ. რესტორნის ხით და აგურით გაწყობილი დახვეწილი ინტერიერი პასუხობს ამ მოდური რაიონის მოთხოვნებს. აქ უგემრიელესი საკვებით გაგვიმასპინძლდნენ, თანაც, დიდ ბრიტანეთთან შედარებით, ძალზე გონივრული ფასებიც შემოგვთავაზეს.

მენიუში შედის ისეთი კერძები, როგორიცაა, მაგალითად, სარდელი შემწვარი ბოსტნეულით, პირველი და მეორე კერძები, აპერიტივები, ერთი ბოთლი კარგი ღვინო და ყავა – რაც ჯამში 60 ევროზე ოდნავ მეტი დაგვიჯდა.

ამის შემდეგ ქუჩაში მოსეირნე მხიარული ხალხის ნაკადს შევუერთდით და რამდენიმე ბარში საკმაოდ ძლიერი მოხიტო და კაიპირინიას კოქტეილები მივირთვით.

როგორც ყველა დიდი ქალაქი, ლისაბონიც სთავაზობს ტურისტებს სხვადასხვა საექსკურსიო დანიშნულების ადგილების მონახულებას. იქ, სადაც ჩვეულებრივი მატარებლით გამგზავრებაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი ადგილია სინტრა, სადაც განლაგებულია ბოტანიკური ბაღები, ყოფილი საზაფხულო რეზიდენცია და მავრების ეპიკური ციხესიმაგრე. ეს ადგილი ლისაბონიდან მატარებლით 45 წუთის სავალზე მდებარეობს.

თუ თქვენ დროის გატარებას სანაპიროზე გადაწყვეტთ, ესტორილისა და კაშკაიშის პლაჟებს ეწვიეთ – ისინი ქალაქთან ახლოსაა განლაგებული.

ლისაბონის ცენტრში მდებარე ერთ­-ერთი სადგურიდან – Cais do Sodre-დან მატარებლით გავემგზავრეთ ესტორილამდე და იქიდან ფეხით გადავედით კაშკაიშის პლაჟზე.

მართალია, ეს ორი პლაჟი გვერდიგვერდ არის განლაგებული, მაგრამ ისინი მაინც საგრძნობლად განსხვავდებიან ერთმანეთისგან: ესტორილი არის გრძელი ზოლივით სანაპირო, რომლის გასწვრივაც სასტუმროები რივიერას სტილშია განლაგებული. კაშკაიშის პლაჟი კი რამდენიმე ქვიშიანი ყურით გამოირჩევა. მის ცენტრში პატარა მაღაზიები, რესტორნები და ბარებია, რაც პლაჟს უფრო მეტ ავტონომიას ანიჭებს.

პლაჟიდან 20 წუთის სავალზე მდინარე ტეჟო ატლანტის ოკეანეში ჩაედინება. ამ ადგილს Boca do Inferno („ჯოჯოხეთის პირი”) ეწოდება. Boca do Inferno-ს მღვიმეებიდან მიწისქვეშა დინება იქმნება. განსაკუთრებით ენერგიულ დამსვენებლებს შეუძლიათ ველოსიპედის დაქირავება და ხუთი მილის გავლა სერფერების საყვარელ Praia do Guincho-ს სანაპირომდე.

მაგრამ როგორც კი თვალს მოვკრავ კაშკაიშის სანაპიროს, ვხვდები, რომ აქედან არსად წამსვლელი არ ვარ. ვწევარ და ვფიქრობ, რომ ლისაბონი იდეალური ადგილია ხანმოკლე ევროპული დასვენებისათვის, მაგრამ ამ თვალსაზრისით მას ერთი აშკარა ნაკლი აქვს: თქვენ აუცილებლად მოგინდებათ აქ უფრო დიდხანს დარჩენა

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *